თეატრალიზებული მკვლელობა
აგათა კრისტი
მღვდელმა, დოქტორმა პანდერმა გაიღიმა, სავარძელში მოხერხებულად მოეწყო, პენსნე მოიხსნა და რბილი ხმით თხრობა დაიწყო.
– რომელიმეს გაქვთ, წარმოდგენა დარტმუტზე? ეს ის ადგილია, სადაც ამბავი მოხდა. ბრწყინვალე ბუნებაა. მამულიც მშვენიერი იყო. ის ჩემმა კოლეჯის ნაცნობმა, სერ რიჩარდ ჰეიდონმა შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ მენახა, როდესაც თავის მამულში დამპატიჟა, სიამოვნებით დავთანხმდი.
წვეულება გრანდიოზული არ ყოფილა. სულ რამდენიმე ადამიანი იყო: რიჩარდის ბიძაშვილი ელიოტ ჰეიდონი, ლედი მანერეინგი ქალიშვილთან, ვიოლეტთან ერთად, კაპიტანი როჯერსი და მისი ცოლი. სტუმრებს შორის იყვნენ, ახალგაზრდა ექიმი საიმონდსი და მის დიანა ეშლი. დიანა ენით აღუწერელი სილამაზის იყო. თან საოცარი ხმა ჰქონდა – ზარივით წკრიალა. თავიდანვე მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი რიჩარდი ამ ქალით ძალიან იყო გატაცებული და მთელი ეს წვეულებაც მისთვის დეკორაციად იყო ჩაფიქრებული. ქალის გრძნობებში დარწმუნებული არ ვიყავი.
დილით მასპინძელმა მამული დაგვათვალიერებინა. სახლის ფანჯრებიდან გორაკებიანი ლანდშაფტის ხედი იშლებოდა. უახლოესი კლდის ფერდი ყორღანი გახლდათ, სადაც ცოტა ხნის წინ გათხრები აწარმოეს და ბრინჯაოს რამდენიმე ნივთიც აღმოაჩინეს. ჰეიდონს სიძველეები ძალიან აინტერესებდა და ჩვენც ამ სამარხის შესახებ დიდი ენთუზიაზმით გვიყვებოდა. სახლიდან დაახლოებით, ას იარდში, ხშირი ტყიანი ადგილი იყო. სწორედ ამ ადგილის გამო დაარქვა მან მამულს „წყნარი ჭალა“.
– შეხედეთ ამ სურათს, – გვითხრა ჰეიდონმა და ხელი ჭალისკენ გაიშვირა, – ზოგი ხე გახმა, ახალი ამოვიდა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ისე დარჩა, როგორიც შეიძლება ფინიკიელი ახალმოსახლეების დროს იყო. წამოდით, გაჩვენებთ.
ტყეში შევედით, თუ არა, უცნაური სისუსტე ვიგრძენი. ალბათ, საოცარი სიჩუმის გამო, ჩიტის ხმაც კი არ ისმოდა. ირგვლივ ყველაფერი შიშით იყო გაჟღენთილი.
– აქ არ მომწონს, – ვთქვი მე.
– ეს სავსებით გასაგებია. აქ თქვენი რწმენის უძველესი მტრების ერთ-ერთი ციტადელი იყო. ეს „ასტარტას ჭალაა“.
– ასტარტას?
– კი ასტარტას. ეს მისი ფინიკიური სახელია. ვფიქრობ, ეს ერთადერთი ადგილია შემოგარენში, რომელიც ასტარტას კულტს უკავშირდება. მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ აქ წმინდა რიტუალები ტარდებოდა. ჭალის ცენტრში ტაძარი უნდა ყოფილიყო. თავს უფლება მივეცი, ჩემი პატარა ფანტაზია განმეხორციელებინა.
ამ ლაპარაკში ჭალის ცენტრში, პატარა მდელოზე გამოვედით. მდელოს შუაგულში ქვის პატარა სახლი იდგა. დიანა ეშლიმ ჰეიდონს კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა.
– მე მას „ასტარტას ტაძარი“ დავარქვი, – განმარტა ჰეიდონმა.
იგი სახლს მიუახლოვდა. შიგნით, პატარა კვარცხლბეკზე უცნაური ქანდაკება იდგა; ლომზე შემომჯდარი ქალი, რომელსაც ნახევარმთვარის რქები ჰქონდა.
– „ასტარტა“ ფინიკიელი მთვარის ღვთაებაა, – წარმოგვიდგინა ჰეიდონმა.
– მთვარის ღვთაება! – წამოიძახა დიანამ, – მოდით, დღეს მის პატივსაცემად ნამდვილი ორგია მოვაწყოთ.
ამ დროს ჩემთან ვიოლეტ მანერეინგი მოვიდა:
– მეშინია, – ზლუქუნებდა იგი, – მეშინია აქ დარჩენის. სწრაფად წავიდეთ.
ჩვენ პირველები წავედით, დანარჩენები ჩვენ მოგვყვნენ. მხოლოდ დიანა ეშლი შეჩერდა. მოვტრიალდი და დავინახე, რომ იგი ტაძრის წინ იდგა და ღმერთქალის გამოსახულებას თვალის მოუშორებლად მიშტერებოდა.
მშვენიერი დღე იყო, ცხელოდა, ამიტომ დიანას წინადადება კოსტიუმირებული კარნავალის შესახებ ყველამ გაიზიარა. როდესაც ვახშამზე ჩამოვედით, ყველა უკვე მზად იყო. როჯერსი და მისი ცოლი ნეადერტალელების ფორმაში გამოეწყვნენ. რიჩარდ ჰეიდონმა თავი ფინიკიელ ოსტატად გამოაცხადა, ხოლო მისმა ბიძაშვილმა – ყაჩაღების ატამანად. ექიმი საიმონდსი შეფ-პოვრად წარმოგვიდგა, ლედი მანერეინგი – საავადმყოფოს მომვლელად, მისი ქალიშვილი – მოსამსახურედ. მე ქურუმად გამომაცხადეს. დიანა ეშლი ვახშამზე შავი კაბით ჩამოვიდა და გამოაცხადა, რომ უცნობი ქალი იყო.
ვახშამის შემდეგ სახლიდან გამოვედით. ვსეირნობდით, ვლაზღანდარობდით. ერთ საათში შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ დიანა ეშლი ჩვენთან ერთად აღარ იყო. ვიოლეტმა გვითხრა, რომ დაინახა, ჭალისკენ როგორ მიდიოდა. ცოტათი დაინტრიგებულები ჭალისკენ გავემართეთ, უკვე ღამდებოდა და ყველას ცოტა გვეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მდელომდე მივაღწიეთ და გაოცებისგან ადგილზე გავქვავდით. ტაძრის ზღურბლთან, გამჭვირვალე ნაჭერში გახვეული, მთვარის შუქით ნახევრად განათებული ფიგურა იდგა. მის თავზე თმების ნაწნავისგან გაკეთებული ორი ნახევარმთვარე აღმართულიყო. დიანამ ნაბიჯი წინ გადმოდგა, ხელი ასწია და სასიამოვნო ხმით წარმოთქვა:
– მე ასტარტას ქურუმი ვარ! მოერიდეთ ჩემთან მოახლოებას, რადგან ჩემს ხელში სიკვდილი ბუდობს.
ჰეიდონი მისკენ გაქანდა:
– ღმერთო ჩემო, დიანა! თქვენ მშვენიერი ხართ!
– ფრთხილად იყავით! – გააფრთხილა ქალმა, – არ მიუახლოვდეთ ღმერთქალს! ყველას ვინც მომეკარება, სიკვდილი ემუქრება.
ჰეიდონს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ქალისკენ სვლას განაგრძობდა. ქალმა უცებ მისკენ ხელი გამოიშვირა და წამოიძახა:
– შეჩერდი! კიდევ ერთი ნაბიჯი და გაგანადგურებ!
რიჩარდ ჰეიდონმა გაიცინა და ნაბიჯს აუჩქარა. ამ დროს რაღაც უცნაური მოხდა: ის შექანდა, შემდეგ თითქოს ფეხი წამოჰკრაო, მთელი ტანით მიწაზე დაენარცხა. დიანამ ისტერიკული სიცილი დაიწყო. ელიოტი წინ გავარდა.
– ადექი, დიკ. ადექი! – იყვირა მან. რიჩარდ ჰეიდონი გაუნძრევლად იწვა. ელიოტმა მასთან მიირბინა, მუხლებზე დაეშვა და რიჩარდი ფრთხილად გადააბრუნა. მისკენ დაიხარა და ბიძაშვილს სახეში ჩახედა. შემდეგ სასწრაფოდ წამოხტა.
– ექიმო! ღვთის გულისათვის მოდით. მე ვფიქრობ, იგი მოკვდა.
საიმონდსი ადგილიდან მოწყდა, ელიოტი კი ჩვენსკენ გამოემართა. ამ დროს დიანამ ველური კივილი ამოუშვა:
– მე მოვკალი იგი! ღმერთო ჩემო, მე ეს არ მინდოდა, მაგრამ მოვკალი!
დიანამ გონება დაკარგა და მიწაზე გაიშხლართა.
ამ დროს ელიოტი ჩემთან მოვარდა და ხელისგული მაჩვენა, ის სისხლიანი იყო.
– დიკი, თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, მას გულში ხანჯალი ჩაარტყეს.
ამ დროს ექიმიც მოვიდა. მან სიკვდილის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ჭრილობა სავარაუდოდ, გრძელი ხანჯლით მიაყენეს, მაგრამ იქ არანაირი ხანჯალი არ ეგდო. ჩვენ გულწასული დიანა სახლში გადავიყვანეთ, მოგვიანებით რიჩარდიც გადმოვასვენეთ. პოლიციაშიც დავრეკეთ. ცოტა ხანში ელიოტ ჰეიდონმა გამოაცხადა, რომ მკვლელობის იარაღი აუცილებლად უნდა მოეძებნა. მას არ სჯეროდა, რომ ამ მკვლელობაში ზებუნებრივი ძალები იყო ჩარეული.
მთელი ღამე თვალი არავის მოუხუჭავს, პოლიციას დიანას დაკითხვა უნდოდა, მაგრამ ექიმმა მათ ამის ნება არ მისცა. ელიოტი მხოლოდ დილის შვიდი საათისთვის გაგვახსენდა. მის მოსაძებნად მე და ექიმი წავედით. იქ, სადაც წუხელ მთვარის შუქზე მამაკაცის გართხმული სხეული დავინახეთ ახლა მზის სხივების ქვეშ იგივე სურათი წამროგვიდგა. ოღონდ ამჯერად იქ ელიოტ ჰეიდონი იწვა. ჩვენ მასთან მივცვივდით. ელიოტი უგონოდ იყო, მაგრამ სუნთქავდა. ჭრილობიდან გრძელი და წვრილი ხანჯალი ამოჩრილიყო.
– რა ბედნიერებაა, რომ მხარში მოხვდა და არა გულში, – თქვა ექიმმა, – არც ვიცი, რა ვიფიქრო. ყოველ შემთხვევისთვის, ის ცოცხალია და შეძლებს მოყვეს რა მოხდა.
თუმცა, ელიოტს ზუსტად ამის გაკეთება არ შეეძლო. მისი მონაყოლი ძალიან ბუნდოვანი იყო. როდესაც ადგილზე მივიდა და გაჩერდა, მოეჩვენა, რომ ხეებიდან ვიღაც უთვალთვალებდა. აქ, მისი სიტყვებით, ძლიერმა ცივმა ქარმა დაუბერა, მაგრამ არა ხეების მხრიდან, არამედ შენობიდან. როდესაც შემობრუნდა და ტაძარში შეიხედა, დაინახა, რომ ღმერთქალის ქანდაკება დიდდებოდა და დიდდებოდა. უცებ მას თითქოს თავში ჩაარტყეს და უკან გადავარდა. როდესაც ვარდებოდა, მარცხენა მხარში მწვავე ტკივილი იგრძნო... ხანჯალი ყორღანის გათხრების დროს ნაპოვნი აღმოჩნდა.
პოლიციას ჰქონდა ვერსია, რომ რიჩარდი წინასწარგანზრახვით მის ეშლიმ მოკლა. თუმცა, ისინი იძულებულნი გახდნენ ბრალდება მოეხსნათ, რადგან ყველამ განვაცხადეთ, რომ ქალი მისგან სამ იარდზე იმყოფებოდა. მკვლელობის საიდუმლო ასევე საიდუმლოდ დარჩა.
მღვდელმა თხრობა დაასრულა და სიჩუმე ჩამოვარდა.
ჯოისმა გამოთქვა ვერსია, რომ დიანას მართლა ეგონა თავი ასტარტას ქურუმი და ხანჯალი რიჩარდს შორიდან ესროლა. რაიმონდ უეტსიც მას დაეთანხმა. სერ ჰენრის აზრით, გამორიცხული არ იყო, რომ დანის პროფესიონალი მსროლელი ხეების უკან იმალებოდა და იქიდან ესროლა.
– ყველა ამ თეორიაში, – ჩაახველა მისტერ პეტერიკმა, – ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვავიწყდება: სად გაქრა იარაღი? თუ ვინმემ შორიდან ესროლა ხანჯალი, ის ჭრილობაში უნდა დარჩენილიყო. მასთან ახლოს ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს თვითმკვლელობაა. თავად ჩაირტყა ხანჯალი და მერე სიბნელეში ხეების უკან მოისროლა.
– უდავოა, მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს, რომლითაც რიჩარდ ჰეიდონის მოკვლა შეეძლოთ, – საუბარში მის მარპლი ჩაერია, – მე ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რატომ წაიქცა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ხის ფესვიც შეიძლებოდა გამხდარიყო. არ მგონია, იმ უბედურ ელიოტ ჰეიდონს ამ საშინელი დანაშაულით ბევრი მოეგო.
– ელიოტ ჰეიდონს! – წამოიძახა რეიმონდმა, – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მან ჩაიდინა?!
– სხვას ვერ ვხედავ, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, – მის მარპლმა ხელები გაშალა, – ის პირველი მივიდა ბიძაშვილთან, გადააბრუნა და რა თქმა უნდა, შეეძლო ყველაფერი ექნა, რაც უნდოდა, რადგან სხვებთან ზურგით იმყოფებოდა. ის ხომ ყაჩაღების ატამანის ფორმაში იყო გამოწყობილი, რა თქმა უნდა, ქამარში იარაღიც ექნებოდა გარჭობილი.
ყველა სტუმარმა მზერა დოქტორ პანდერისკენ მიაპყრო.
– მე სიმართლე ხუთი წლის შემდეგ გავიგე, – ჩაილაპარაკა მან, – ის ჩემთან ელიოტ ჰეიდონის წერილის სახით მოვიდა. იგი წერდა, რომ მე ყოველთვის მასზე მქონდა ეჭვი. მასაც უყვარდა დიანა ეშლი, მაგრამ მხოლოდ ღარიბი იურისტი იყო. მას გზაზე რიჩარდი რომ არ გადაღობებოდა, ბიძაშვილის ტიტული და ქონება მას დარჩენოდა, წინ მშვენიერი პერსპექტივა გადაეშლებოდა. როდესაც წაქცეული ბიძაშვილისკენ დაიხარა, ხანჯალი მას ქამრიდან ამოუვარდა. ფიქრის დრო არ იყო. ხანჯალი ჩაარტყა, შემდეგ კი ისევ ქამარში გაიკეთა. ეჭვები, რომ გაეფანტა, მოგვიანებით თავადაც ჩაირტყა. მან ეს წერილი სამხრეთ პოლუსზე გამგზავრებამდე გამომიგზავნა, იმ შემთხვევისთვის, თუ არ დაბრუნდებოდა. ამ დანაშაულს მისთვის მართლაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია. „ხუთი წელი – ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. იმედი მაქვს დანაშაულს ღირსეული სიკვდილით გამოვისყიდი. წერდა იგი.“
– და ის ღირსეულად მოკვდა, – თქვა სერ ჰენრიმ, თქვენ გვარები შეცვალეთ, დოქტორო პანდერ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ მე მივხვდი ვისზეცაა საუბარი.
– და მაინც, – განაგრძო მოხუცმა მღვდელმა, – მე დღემდე მიმაჩნია, რომ საცოდავი ელიოტის მოქმედებებს წარმართული ღვთაების, ასტარტას ბოროტი სული წარმართავდა.
P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.