ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-12(482)
გადამწყვეტ ბრძოლაში მახვილი არ დაგჭირდება. არც ფარი და არც შუბი, არც აბჯარი და სხვა საომარი აღჭურვილობა. თუ ბედისწერამ შენი გამარჯვება ინება, შიშველი ხელებითაც გაუმკლავდები მოწინააღმდეგეს. მით უფრო, თუკი შენი მოწინააღმდეგე თავად ბედია... და, არასდროს თქვა, რომ, იმაში, რაც ხდება, ბრალი არ მიგიძღვის. დაფიქრდი და, იქნებ, გაგახსენდეს კიდეც, რის გამო შეგაქცია ფორტუნამ ზურგი გადამწყვეტ წამს... აა, გაგახსენდა?! მაშინ ნუღარ იწუწუნებ და მადლობა უთხარი ბედისწერას, თუკი ის მოწყალებას გაიღებს და მოგცემს კიდევ ერთ შანსს ისე, ყოველი შემთხვევისთვის...
***
ლევანი სავარძელში ჩაეშვა და თავი ხელისგულებში ჩარგო. თინიკო მოშორებით დადგა და ქმარს გამომცდელი მზერა მიაპყრო. ლევანმა იგრძნო და იფეთქა:
– რას მომჩერებიხარ? გაინტერესებს, ვნერვიულობ თუ არა? ვნერვიულობ, ჰო, ძალიან ვნერვიულობ! ისედაც განვიცდი ამ ამბავს და, ლამის ჭკუიდან გადავიდე, როცა შენს მშვიდ, გასხივოსნებულ სახეს ვხედავ. არც მალავ, რომ ეს ახალი ამბავი ოდნავაც არ გაღელვებს. პირიქით, გიხარია კიდეც.
– ჰო, – წყნარად თქვა ქალმა.
ლევანმა თავი ასწია და ხელი ხელს შემოჰკრა:
– ხომ გეუბნები, არ ხარ სრულ ჭკუაზე! მითხარი მაინც, რა გიხარია?
– შენ თვითონ ვერ ხვდები? აუცილებლად მე უნდა აგიხსნა და განგიმარტო?
– ჰო, უნდა ამიხსნა და განმიმარტო, თორემ, ამ ბოლო დროს, ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება, ინტუიციაც აშკარად მღალატობს.
– ლევან, როგორც იქნა, მე მარტო აღარ ვარ და, ეს არის ჩემთვის მთავარი, – თინიკომ ქმარს გაუღიმა და ლევანი საბოლოოდ გამოიყვანა მოთმინებიდან.
– რა?! რა თქვი? ესე იგი, აქამდე მარტო იყავი? თინიკო, დაფიქრდი, რას ამბობ!
– დავფიქრდი და იმიტომაც ვთქვი, რაც ვთქვი. მოულოდნელად, სრულიად მოულოდნელად ამისრულდა დიდი ხნის ნატვრა. შენ ეს არ გესმის და, ვიცი, ვერც ვერასოდეს გამიგებ. მე ამას არც გთხოვ, უბრალოდ, შეეცადე, ასეთი გაბრაზებული მაინც არ იყო.
– არ შემიძლია! შოკში ვარ და კიდევ კარგა ხანს ვერ გამოვალ ამ შოკიდან. დედაშენისგან მაინც საერთოდ არ ველოდი ამას. მაგრამ ქალები ყველანი ერთნაირები ხართ. თქვენი ნდობა როგორ შეიძლება?! თუმცა, ერთში კი გეთანხმებით: მამაშენმა ეს ნამდვილად დაიმსახურა და რა სამწუხაროა, რომ მისთვის ამის თქმა არ შემიძლია!
თინიკომ წყენით შეხედა ქმარს:
– დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობა შენ არ გეხება!
ლევანმა ჩაიცინა:
– არ მეხება? ნეტავი არ მეხებოდეს. თინიკო, შენ მართლა ვერ ხვდები, ამით რამდენი რამე შეიცვლება? თუ, მე „მაბოლებ“?
– ვხვდები, მაგრამ, რეალობაც ხომ ერთია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამას უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.
– მე რას განვიცდი, ამას შენთვის მნიშვნელობა არა აქვს? თინიკო, მე შენი ქმარი ვარ, ქმარი და, როცა ამბობ, რომ მთელი ცხოვრება მარტო ვიყავიო, შეურაცხყოფას მაყენებ ამით.
– რატომ? ცოლქმრობა სხვა რამეა, მე ეგ არ მიგულისხმია. შეეცადე, სწორად გამიგო, ძალიან გთხოვ...
– როგორ უნდა გაგიგო, როცა საერთოდ არაფერზე ფიქრობ, საკუთარი შვილების მომავალზეც კი არ ფიქრობ! შენს შვილებს სჭირდებათ ასეთი დომხალი?! ბავშვებს ნორმალური გარემო უნდა ჰქონდეთ. გაუძლებს მათი ფსიქიკა ამ გიჟების ექსპრომტებს? სად არის იმის გარანტია, რომ ხვალ კიდევ რაღაც სიურპრიზს არ მოგვიწყობენ?
– გიჟი – დედაჩემია? – თვალები გაუფართოვდა თიკას.
– დიახ, დედაშენი გიჟია და დღეს დავრწმუნდი ამაში. მამაშენიც რომ არ არის დაწყობილ-დალაგებული, ესეც ხომ ფაქტია.
– შენ ამას ვერ გაიგებ, იმიტომ, რომ არ იცი, რას განიცდის ქალი, რომელსაც უღალატეს, თანაც – არაერთხელ.
– კარგი, რა! ნუ ცდილობ, დედაშენი გაამართლო. ჩემთვის ასეთ ქალებს გამართლება არ აქვთ!
– იმიტომ, რომ ქალების არაფერი გესმის, საერთოდ არაფერი. ისიც არ იცი, რას ნიშნავს ჩემთვის ამ სიმართლის გაგება.
– ჰმ! სიმართლე საკუთარ დედაზე, ანუ – ყველაფერი დედაჩემის შესახებ, – ეს უფრო მაგარია. ამდენი წელი ჩუმად იყო და მაინცდამაინც ახლა მოუნდა აღსარების თქმა.
– აბა, რა უნდა ექნა, სიცოცხლის ბოლომდე, სამარემდე მიეტანა თავისი საიდუმლო? – ასლუკუნდა თინიკო.
– არ ვიცი, რა უნდა ექნა ამ თავისი საიდუმლოსთვის, მაგრამ, ფეხებთან რომ აგვიფეთქა ნაღმივით – ფაქტია.
– შენ აგიფეთქა, შენ?!. ვერ ვხვდები, საერთოდ, რა კავშირში ხარ ამ ამბავთან?
– რას ნიშნავს, რა კავშირში ვარ?! – ხმას აუწია ლევანმა, – სრულ ჭკუაზე ხარ? შენ ჩემი ცოლი ხარ. ის კი, ის... აღარც კი ვიცი, იმას რა დავარქვა... ნუ სლუკუნებ, თუ ღმერთი გწამს!
თინიკო ერთბაშად გაჩუმდა. ხელისგულებით ამოიწმინდა ცრემლებით სველი თვალები და ამოისლუკუნა:
– მე ერთს მივხვდი. შენ ყველა ფეხებზე გკიდია, აბსოლუტურად ყველა, საკუთარი თავის გარდა. იმიტომ რომ, საკუთარი თავის გარდა არც არავინ გიყვარს. ვეჭვობ, შვილსაც ვერ შეიყვარებ.
– რატომ ფიქრობ ასე? მე შენც მიყვარხარ, ოღონდ, ჩემებურად.
– ჰმ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გიყვარვარ.
– ეგ შენი ავადმყოფური ეჭვიანობის შედეგია, მაგრამ, მეც დავიღალე იმაზე ლაპარაკით, რომ არავინ მყავს.
– ეგ რა შუაშია? ნამდვილად არ ვეჭვიანობ და საერთოდ, მე ახლა ჩემს ოთახში შევალ, შენ კი, რამდენიმე საათის განმავლობაში არ დამელაპარაკო. მინდა, ეს ყველაფერი გადავხარშო. იქნებ, მართალი ხარ და მე ტყუილუბრალოდ გეკამათები.
ლევანმა ჩაიცინა და ხელები უკმაყოფილოდ აიქნია:
– შენ ყველაფერი გადახარშული გაქვს, უკვე შეგეტყო სახეზე. გიხარია, ასე რომ მოხდა და ცდილობ, მეც შემაგუო მაგ ამბავს, მაგრამ, დაიმახსოვრე, კარგად მომისმინე და მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ: ძალიან მალე დედაშენის სისულელე ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდება. აი, ნახავ!
– ვითომ, რატომ? – გამომწვევად ჰკითხა თინიკომ.
– იმიტომ! – მაგიდის ზედაპირზე ხელი დაარტყა ლევანმა, – იმიტომ! შენ რომ ღრუბლებში დაფრინავ, ასეც არ არის საქმე. როცა შენი ნატვრა-ოცნება მატერიალიზმში განსხეულდება, მაშინ დაიწყება, რაც დაიწყება! დამიჯერე, სამხიარულოდ ნამდვილად აღარ გექნება საქმე!
– ვნახოთ! – გამწარდა თიკა, – ეს ჩემი ცხოვრებაა. ჩემს სისხლზე და ხორცზეა ლაპარაკი. თუმცა, მოვრჩეთ, ტყუილად გელაპარაკები – რისი გაგებაც არ გინდა, მაინც ვერ გაიგებ! – თიკა წამოხტა და სავარძელზე ჩამომჯდარ ქმარს ხელით ძლიერად უბიძგა.
– გაგიჟდი? რა ხელს იკვრევინები?! მგონი, მართლა აჯობებს, შენს ოთახში წამოწვე და დაისვენო. რაც შეეხება დედაშენის თხოვნას, ჩემი იმედი ნუ გექნებათ!
– პირადად მე არც მქონდა. ეგ დედაჩემს ჰგონიხარ ფრთაშესხმული ანგელოზი და საიმედო დასაყრდენი, თორემ, აქამდეც შესანიშნავად ვიცოდი, რაში შეიძლებოდა შენი იმედი გვქონოდა და რაში – არა.
– და, ამ ყველაფრის მერე, შენ ხარ დაჩაგრული მხარე, შენ გაქვს პრეტენზია, რომ ქმარს შენი არ ესმის?!
– არაფრის პრეტენზია არ მაქვს, გარდა ერთისა: თავი დამანებე! – თინიკო აღარ დალოდებია, რას ეტყოდა ქმარი, ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა. ლევანი ერთხანს კიდევ სცემდა ოთახში ბოლთას, მერე ბართან მივიდა და ვისკის ბოთლი გადმოიღო, ჭიქაში მუჭით ჩაყარა ყინული, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა და სასმელი პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა. „თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად გავლოთდები. ჰმ, ხედავ, სიდედრმა რა გამიჩალიჩა?! ბედი მაქვსო, მე უნდა ვთქვა. ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოვრება გამიმწარონ. თინიკოს ვეჩხუბები და მეც არ ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს ეს ამბავი. პრინციპში, გასახარიც არ მაქვს... ჩემს ცოლს რა ენაღვლება, ახალი ნათესავი იპოვა და უხარია. სულელი... საინტერესოა, ის ვაჟბატონი რას იტყვის, როცა ამ ამბავს გაიგებს... რატომ არის ეს ცხოვრება ასე მოწყობილი? ვერ გაიგებ, სამართლიანია თუ უსამართლო. თავისი მაკრატლით ჭრის და ვერაფრით მიხვდები, მოგიყოლებს ჭრაში თუ არა. რატომ არ მიმართლებს? სად ვუშვებ შეცდომებს, რომ ასეთი სერიოზული დარტყმა მიბრუნდება უკან? ეჭვადაც არ მქონია, რომ ასეთი სერიოზული დარტყმა ისეთი უწყინარი ქალისგან წამოვიდოდა, ერთი შეხედვით, ჭიასაც რომ ვერ გააღვიძებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოვრება გამოცდას გამოცდაზე მიწყობს. ეგ დალოცვილი, ამდენი წელი თუ მალავდა თავის სირცხვილს, ახლა რაღას გამოფინა საჯაროდ, ვის სჭირდებოდა? – ლევანმა ბოთლს დახედა თითქმის ბოლომდე იყო დაცლილი. „რამდენი დამილევია... რა გასაკვირია, ამ მდგომარეობაში რომ ვარ! მგონი, აჯობებს, ყველაფერი დავიკიდო და ჩემს საქმეს მივხედო. სამინისტროში იმდენი ხანია, თითი თითზე არ დამიკარებია... მაგრამ, ისეც ხომ ვერ ვიზამ, არაფერი შევიმჩნიო? ფაქტია, რომ სიმართლე ვიცი, თანაც, როგორი სიმართლე... იქნებ, ეს იმ ჩემი ტყუილის სანაცვლოდ ხდება, რომელსაც მე ვამბობ და შედეგებზე ნაკლებად ვფიქრობ? არადა, უნდა ვიფიქრო... უნდა ვიფიქრო... თუ სიმართლე მაინც ყოველთვის ამოტივტივდება ზედაპირზე, თუ ის მაინც არ იმალება და, ადრე თუ გვიან, თავს აუცილებლად წამოჰყოფს, თანაც, ყველაზე შეუფერებელ მომენტში... ჰმ, რაზე ვფიქრობ... მაგრამ, ესეც ბუნებრივია. სხვა რამეზე, უბრალოდ, ვერ ვიფიქრებ... რა ვქნა? რა ვქნა? რა ვქნა? თითქოს რა მარტივი შეკითხვაა და რა ძნელად პასუხგასაცემი...“
***
... ერთი, ორი, სამი, ოთხი... თუ ასამდე ისე დავითვლი, რომ თვალს არ გავახელ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად და არაფრის აღარ უნდა მეშინოდეს... ბავშვობაში ეს მეთოდი ამართლებდა. ახლაც გაჭრის, აუცილებლად გაჭრის... რა სულელი ვყოფილვარ და, თანაც – ბრმა... რა საინტერესოა: თურმე, შესაძლებელი ყოფილა ბრმა სისულელე... ერთი, ორი, სამი, ოთხი... მერე რა მოდის? ხუთი, ჰო ხუთი... რა ჯანდაბა მემართება, რატომ ვერ ვითვლი? ფიქრები მებნევა ოროსანი პირველკლასელივით... უნდა დავითვალო, აუცილებლად უნდა დავითვალო... თუ ამას შევძლებ, ყველაფერი კარგად იქნება... მენატრები, დედა!..
... ოთახში გამეფებული სამარისებური სიჩუმე კარის მსუბუქმა ჭრიალმა დაარღვია. ნიკუშამ თავი ასწია და ჟანს გახედა. მამინაცვალი არც შერხეულა, ისევ ისე იჯდა, თავი მუხლებზე ედო, ორივე ხელი კეფაზე ჰქონდა შემოწყობილი.
– ჩაი მოგიტანეთ, მესიე... – მოსამსახურე ქალი უხერხულად გაჩერდა შუა ოთახში ხელში შერჩენილი ლანგრით.
– დადეთ მაგიდაზე და გადით... ექიმი ხომ არ გამოსულა ოთახიდან? – თავაუწევლად ჰკითხა ჟანმა.
– არა, მესიე...
– მაშინვე დამიძახეთ, გესმით? მაშინვე...
– დიახ, მესიე... რა თქმა უნდა, – ქალმა ლანგარი საწერი მაგიდის ხავერდგადაკრულ ზედაპირზე დადგა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
ნიკუშამ თვალები დახუჭა და მაშინვე დედის ფერმკრთალი, თითქოს სისხლისგან დაცლილი სახე დაუდგა თვალწინ...
– ჩემი ბრალია, – თქვა ჟანმა.
ნიკუშა შეკრთა. მამინაცვლის ხმაში ისეთი სასოწარკვეთა გაჟღერდა, რომ მისი სიბრალულით გული შეუქანდა.
– ჩემი ბრალია, – გაიმეორა ჟანმა, – მე ვაიძულე ამის გაკეთება. მე ვარ დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. ელენეს აქამდე ერთხელაც არ უცდია იმ ცხენზე შეჯდომა ზუსტად იცოდა, რომ გადმოაგდებდა და იმიტომ. ყველა ვაფრთხილებდით.
ნიკუშა ადგა, მამინაცვალთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი:
– თავს ნუ იტანჯავთ მე ვიცნობ დედაჩემს – ის გააკეთა, რაც უნდოდა. ახლა მთავარია, გადარჩეს.
– არა, მე ვაიძულე ამის გაკეთება-მეთქი, – ჟანმა თავი ასწია. თვალები ჩაცვენილი, ჩამუქებული ჰქონდა, შუბლი – დანაოჭებული და, ნიკუშას მოეჩვენა, რომ მამინაცვალი ამ ორიოდე საათში რამდენიმე წლით დაბერდა.
– რამე რომ დაემართოს, თავს არ ვიცოცხლებ, იმ გამომძიებელს კი აუცილებლად მოვკლავ...
– ჟან, აბა, რას ამბობთ, ის რა შუაშია? თავისი ვერსიები ჰქონდა და ვერც გაამტყუნებ. ვერ ეტყვი, შენს საქმეს რატომ აკეთებო.
– ელენეს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, – ჟანმა სახე ხელისგულებში ჩამალა, ნიკუშა მიხვდა, რომ ამხელა კაცი ტიროდა და თავისი ცრემლების დამალვას ცდილობდა.
– ყველაფერი კარგად იქნება, დედაჩემი გაუძლებს.
– მე, მე ვერ გავუძლებ, გავგიჟდები. ვიცი, ეს რატომაც გააკეთა – ამით მაჩვენა, როგორ ვატკინე გული, როცა უნდობლობა გამოვუცხადე. რა უფლება მქონდა, ეჭვი შემპარვოდა მის სიტყვებში? თუ გიყვარს და იცი, რომ მასაც უყვარხარ, ბოლომდე და ბრმად უნდა ენდო. მე ეს დამავიწყდა და მოვთხოვე იმ კითხვებზე გაეცა პასუხი, რაზეც საერთოდ არ უნდოდა ლაპარაკი. ამიტომაც დამსაჯა.
– ნუ ამბობთ ამას, ძალიან გთხოვთ. დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, უბედური შემთხვევა მოხდა. არ გამოვრიცხავ, რომ თქვენთან საუბარმა ელენე ააღელვა და გადაწყვიტა, სტრესი ამ საშუალებით მოეხსნა. სწორედ ამიტომაც მოსინჯა ასე სახიფათოდ ძალები. ეტყობა, ადრენალინის დიდი დოზის მიღება უნდოდა.
– ეს ჩემს საქციელს არ ამართლებს და ტყუილად ცდილობ, დამამშვიდო. საჯინიბოში ის ცხენიც იყო, რომელზეც ელენე ჯდება ხოლმე, მაგრამ მან სპეციალურად აირჩია რეალური ხიფათი. დამსაჯა და მე ეს სასჯელი დავიმსახურე.
– მგონი, ახლა ელენეზე უნდა ვიფიქროთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ცუდი არაფერი მოხდება.
– ჰო, ცუდი არაფერი მოხდება. არა, ღმერთი ასე არ გამწირავს... ექიმი მაინც სად არის ამდენ ხანს?
– საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ.
– ამ მდგომარეობაში ასე ვერ გავრისკავდი. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ტრანსპორტირებას აიტანს.
– მოდი, ავალ. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, – ნიკუშა ადგა.
– მეც წამოვალ, – მხარი აუბა ჟანმაც. ნიკუშამ გამამხნევებლად გაუღიმა მამინაცვალს და გუნებაში გაიფიქრა, რომ ასამდე მაინც ვერ დაითვალა. ამან გუნება მოუშხამა, საკუთარ თავზე გაბრაზდა, ეს როგორ ვერ შევძელიო, მაგრამ, ხმამაღლა არაფერი უთქვამს. თავი ისე გააქნია, თითქოს უსიამოვნო ფიქრებისგან გათავისუფლებას ცდილობდა. ჰოლში გამოსულებმა კიბეზე ჩამომავალი ექიმი დაინახეს და მისკენ გაქანდნენ.
– ექიმო... – ძლივს წარმოთქვა ჟანმა და ექიმის მოღუშულ, დასევდიანებულ სახეს რომ მოჰკრა თვალი, თვითონაც გაფითრდა.
– ექიმო... რით დაგვამშვიდებთ? – გაღიმება სცადა ნიკუშამ.
– ვერ მოგატყუებთ და, სამწუხაროდ, ვერაფრით დაგამშვიდებთ, – ექიმი კიბის მოაჯირს დაეყრდნო და ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო, – დიახ, ვერ დაგამშვიდებთ. მაკვირვებს, გრაფ, თქვენი გაუფრთხილებლობა!
ექიმმა ორივეს დაჟინებული მზერა შეავლო, პასუხის გაცემას აყოვნებდა.
– ღვთის გულისთვის, ჟერარ! – მოთმინების ძაფი გაუწყდა ჟანს.
– ცოცხალია, – თქვა ექიმმა, – ჟანმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ღიმილი სახეზე უშნო გრიმასასავით შერჩა, როცა ექიმის უტყვი ჟესტი შენიშნა, – ჟერარ, რა ხდება?
– მძიმე მდგომარეობაა, მე ვიტყოდი – უმძიმესი. არ ვიცი, საერთოდ როგორ გადარჩა. ერთი ძვალიც კი არ დარჩა დაუზიანებელი. ამ ეტაპზე ტრანსპორტირებაზე ფიქრიც კი გაუფრთხილებლობად მიმაჩნია. მე ახლა წავალ და მალე დავბრუნდები. საავადმყოფოში ვერ გადავიყვანთ, მაგრამ, გამოკვლევა აუცილებელია. უნდა ვნახო, თავის ქალა ხომ არ არის დაზიანებული და რამდენად სერიოზულია ტრავმები. რაც შეეხება ხერხემალს...
ჟანმა და ნიკუშამ ერთმანეთს გადახედეს, უბედურების მოლოდინმა ნიკუშას საფეთქლები აუწვა.
– ექიმო, ხერხემალიო, რატომ თქვით? – ნიკუშა სიტყვებს წელავდა, – იმის ახსნა ხომ არ გინდათ, რომ...
– სამწუხაროდ, ჯერ ამასაც ვერ გეტყვით, ხომ გითხარით, აპარატურა მჭირდება... სამწუხაროა, რომ კლინიკაში ვერ გადავიყვანთ, მაგრამ, იმას, ალბათ, შევძლებთ, ყველა საჭირო პირობა აქ მაინც შევუქმნათ. გრაფ, მქონდეს თქვენი იმედი?
– რა თქმა უნდა, მაგრამ... ჟერარ, არ შეიძლება, ვნახო? – ჟანს ატირებას აღარაფერი უკლდა.
– არ გირჩევთ. ჯერ გონებაზე არ მოსულა. თანაც, ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი გავუკეთე, რომ დასძინებოდა და ტკივილებს არ შეეწუხებინა.
– ასეთი ტკივილები აქვს? ღმერთო!..
ექიმმა გაოცებით შეხედა გრაფს.
– თქვენი მეუღლე გადარეულმა ცხენმა გადმოაგდო და რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე გაისროლა. უბრალოდ, გაგიმართლათ, რომ არ გადათელა, ამის რეალური შანსიც იყო და შესაძლებლობაც. პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მე ვიტყოდი, უმძიმესი, მაგრამ... – ექიმი გაჩუმდა და სათვალე მოიხსნა.
ნიკუშამ შეშფოთებით გადახედა მამინაცვალს და ორივემ თითქმის ერთდროულად იკითხა:
– რა – „მაგრამ“?..
– მაგრამ ჯერ ცოცხალია.
– „ჯერ“? რა საშინელი სიტყვა თქვით, ექიმო! – ნიკუშას შეაჟრჟოლა.
– ჰო, ჯერ ცოცხალია, მიუხედავად იმ უამრავი მოტეხილობისა და დაჟეჟილობისა, რომელიც მან მიიღო.
– გადარჩება? – ნიკუშამ იგრძნო, როგორ გაუძნელდა სუნთქვა. ექიმის ერთ სიტყვაზე იყო დამოკიდებული ყველაფერი, შეიძლება, მისი სიცოცხლეც კი...
– გადარჩება?! ჰო, ალბათ, თუმცა, დანამდვილებით ამას მაშინ გეტყვით, როცა თავის ქალის სურათის გადაღებას შევძლებ და დავრწმუნდები, რომ რამე გაუთვალისწინებელი გართულება არ გვემუქრება.
– მაინც, რა გართულების უნდა გვეშინოდეს?
– ტვინის შეშუპების, გრაფო, ტვინის შეშუპების. ეს ის არის, რასაც ვერაფერს ვუშველით. მაშინ თქვენი მეუღლე ან მოკვდება, ან სამუდამოდ ინვალიდი დარჩება.
ამ საშინელი განაჩენის მოსმენის შემდეგ ჟანს თვალებზე თითქოს ბინდი ჩამოეფარა, დაბარბაცდა და აუცილებლად წაიქცეოდა, ნიკუშას დროზე რომ არ შეეშველებინა ხელი.
– ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავთ, – წასჩურჩულა მამინაცვალს და გამამხნევებლად გაუღიმა, მაგრამ, მარტო თვითონ იცოდა, რად უღირდა ეს ღიმილი, რომელიც მის სახეზე უნიჭოდ მიხატულ გრიმასას უფრო ჰგავდა.
– უნდა ვნახო, – დაიკვნესა ჟანმა.
ექიმი შეიჭმუხნა:
– არ გინდათ, ეს უაზრო სიჯიუტე, გრაფ, თქვენ მე ძვირფას დროს მაკარგვინებთ, უნდა ვიჩქარო. პაციენტთან ჩემი თანაშემწე დავტოვე და ის მიხედავს. თუმცა, ვეჭვობ, ჩემს დაბრუნებამდე გაიღვიძოს.
ექიმი წავიდა. ჟანი და ნიკუშა იქვე, კიბეზე ჩამოსხდნენ.
– რა მოხდება, თუ მხოლოდ დავხედავ? ერთს დავხედავ და მაშინვე უკან გამოვბრუნდები.
ნიკუშამ სიბრალულით შეხედა საცოდავად მობუზულ კაცს.
– მგონი, აჯობებს, ექიმს დავუჯეროთ. მით უმეტეს, თუ სძინავს.
– გაიგონე, რა თქვა ექიმმა? – ინვალიდი დარჩებაო.
– არა, ასე არ უთქვამს, მხოლოდ ალბათობა დაუშვა, – ნიკუშამ ოფლით დასველებული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა. შეზარა იმის წარმოდგენამ, რომ, შეიძლებოდა, ექიმის ვარაუდი სინამდვილედ ქცეულიყო.
– მეორე ალბათობაც არსებობს... სიკვდილი, რომელიც ჩემი განაჩენიც იქნება.
– არა, არა, მე ასე არ ვფიქრობ, არ მინდა, ასე ვიფიქრო! ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა ვიპოვე და ღმერთი არ დაუშვებს, რომ ახლა ასე სულელურად დავკარგო – ნიკუშამ მუშტი გამეტებით დაჰკრა მოაჯირს და შეიგინა...
***
გამომძიებელმა სქელი საქაღალდე თაროზე შემოდო და უკვე კაბინეტიდან აპირებდა გასვლას, რომ კარი გაიღო და ზღურბლზე კომისარი გამოჩნდა.
– უკვე მიდიხარ? თუმცა, ჰო, შენი სამუშაო დღე დამთავრდა.
– დიახ, გრაფის მამულში ვაპირებ გამგზავრებას – ერთი საინტერესო დეტალი გავარკვიე და იმის გადამოწმება მინდა გრაფინიასთან.
კომისარმა მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები:
– გრაფინიას ვერ დაელაპარაკები. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუკი საერთოდ მოხერხდა ეს.
გამომძიებელმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– გრაფის მამულის მეზობლად მდებარე მამული ჩემი მეგობრის საკუთრებაა. ერთი საათის წინ დამირეკა და მითხრა, რომ იქ რაღაც მოხდა.
– თქვენი მეგობრის მამულში?
კომისარი გამომძიებლის მიუხვედრელობამ გააღიზიანა:
– არა, რა თქმა უნდა, გრაფის მამულს ვგულისხმობდი. როგორც გავიგე, გრაფინია ცხენმა გადმოაგდო. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს.
– ცოცხალია?
კომისარმა თავი გადააქნია:
– არ ვიცი. შენ მოგიწევს ამის გარკვევა. უნდა შეამოწმო, მართლა უბედური შემთხვევა მოხდა თუ... – კომისარმა წინადადება აღარ დაასრულა, ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი დაამატა, – ძალიან უსიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი საუბრიდან გრაფინიას დამტვრევამდე არც ისე დიდი დრო გავიდა.
– რამე კავშირს ხედავთ ამ ორ მოვლენას შორის?
– არა, არა... ისე ვთქვი, უბრალოდ. ეს მართლაც დამთხვევაა და ამას ვერც ერთი ვერ უარვყოფთ.
– მამულში უნდა გავემგზავროთ?
– მე არა, შენ უნდა გაემგზავრო. მერე კი, დაგირეკავ, რომელი საათიც არ უნდა იყოს.
– გრაფთან ლაპარაკი მძიმე იქნება. წარმომიდგენია, როგორ განიცდის ამ ამბავს. ცოლი ძალიან უყვარს, – ამოიოხრა გამომძიებელმა. ამიტომაც, სიფრთხილე გმართებს. იმ ნახატზე საერთოდ ნურაფერს შეეკითხები.
– და თუ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირშია?
– იმის თქმა გინდა, რომ, ის, ვინც ნახატი მოიპარა, ახლა მისი კანონიერი მფლობელის თავიდან მოშორებას ცდილობს?
– არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ, ფაქტების შეჯერებას ვცდილობ. თუმცა, თქვენც ხვდებით, რომ ეს არც ისე არარეალურია, როგორც, შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს.
– ჰო, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. უკვე გაქვთ ინფორმაცია კოლეგებისგან?
– ჯერ არა, მაგრამ ყველაფერი ძალიან საეჭვოდ ემთხვევა გრაფინიას ვაჟიშვილის დედასთან და მის მეუღლესთან სტუმრობას.
– რა იცით მის შესახებ?
– პრაქტიკულად არაფერი და ჩვენი კოლეგებისგან სწორედ ამ ინფორმაციის მიღებას ვცდილობ.
– თუ გრაფინია მოკვდება, მისი ერთადერთი მემკვიდრე ეს ახალგაზრდა იქნება.
– მარტო გრაფინიას მემკვიდრე კი არა, გრაფის მემკვიდრეც ის იქნება, იმიტომ რომ, გრაფი და გრაფინია დიდი ხანია, კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან. მართალია, გრაფს მეუღლის ვაჟიშვილი ოფიციალურად ჯერ არ უშვილებია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. რადგან გრაფს სხვა შვილი არ ჰყავს, ეს ბიჭი, უკანონოც კი, მისი მემკვიდრე გახდება. როგორ უმართლებს ზოგიერთს...
– უმართლებს? – კომისარმა კეფა მოიქექა, – მდა... თუ ეს მხოლოდ გამართლებაა, მაშინ, არა უშავს, მაგრამ... თუმცა, მოდი, ვარაუდებისგან თავს შევიკავებ. გაემგზავრე მამულში და, როგორც კი რამეს გაიგებ, მაშინვე დამირეკე...
***
მოვლენათა ჯაჭვი რგოლებად ებმება ერთმანეთს, ნელ-ნელა, თანდათან იღებს დასრულებულ ფორმას და წინასწარ ვერავინ იტყვის, ვისი მოქმედების თავისუფლებას შეზღუდავს. არც ისე ადვილია რგოლებს შორის ყველაზე სუსტის მოძებნა და ჯაჭვის გაწყვეტა. ეს რომ გააკეთო, ან ძალიან ჭკვიანი და დაკვირვებული უნდა იყო, ან, უბრალოდ, უნდა გაგიმართლოს. მეორე ვარიანტი უფრო სავარაუდოა, მაგრამ ამას უკვე იღბალი სჭირდება...
იამ ცუდი სიზმარი ნახა, უფრო – უცნაური, თანაც, ცალკეულ ფრაგმენტებად და, ვერაფრით დაუკავშირა ერთმანეთს. საწოლიდან თავატკივებული ადგა. სამსახურში წასვლის არც სურვილი ჰქონდა, არც განწყობა. სამზარეულოში თმადაუვარცხნელი გაფრატუნდა და მაშინვე ყავადანი შემოდგა გაზქურაზე. სანამ კარზე ზარი რამდენჯერმე არ დარეკეს, ვერ გაიგონა, ისე იყო ფიქრებში ჩაფლული. ცდილობდა, როგორმე სიზმრის დეტალები აღედგინა.
ვახო ქარიშხალივით შემოიჭრა და მაგიდაზე პასპორტები და ბილეთები დაყარა:
– მორჩა, ყველაფერი მოვაგვარე, მივდივართ!
იამ არაფრისმთქმელი მზერა მიაპყრო, სახეზე ხელი მოისვა და მხრები აიჩეჩა:
– მივდივართ? სად? რა მოაგვარე?
– მაგიჟებ! ხომ შევთანხმდით?! პარიზში მივფრინავთ, ხვალ, გამთენიისას; თუ გინდა – დღეს. მომზადებას მოასწრებ? ბევრი არაფერი დაგჭირდება. თუმცა, ქალების ამბავი რომ ვიცი, შეიძლება, კარადაც წამოიკიდო მხრებზე, – ვახომ გაიცინა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა, – ყავა გადმოგივიდა? დამწვრის სუნია!
– სულ დამავიწყდა! – ია სამზარეულოსკენ გაიქცა და ვახოც უკან მიჰყვა. ყავადანი ცარიელი იყო, სამაგიეროდ, გაზქურაზე ლაპლაპებდა მუქი გუბე.
– ჯანდაბა! ახლა თავიდან უნდა მოვადუღო, მაგრამ, ჯერ ეს თუ არ გავწმინდე, კიდევ უფრო საშინელი სუნი დადგება, – ნერვები აეშალა იას.
– ცოტაც და, პარიზში ისეთ ყავას დაგალევინებ, გადაირევი. ყოფილხარ პარიზში?
– ვახო, დამშვიდდი და ნორმალურად გამაგებინე, რა ხდება?
ვახომ ხელი ხელს შემოკრა და გაიცინა:
– ვა! ეს ქალები ყველანი გიჟები ხართ, ან, მე მხვდებიან გიჟები. ქალო, რაზე გელაპარაკე ორი დღის წინ? არ მითხრა, რომ დაგავიწყდა, თორემ, გადავირევი!
– ჰო, ვილაპარაკეთ... მერე? – იამ ყავადანში ყავა ჩაყარა და გაზქურა აანთო.
– წყლის ჩასხმა დაგავიწყდა, – შეახსენა ვახომ და ქალი დაკვირვებით შეათვალიერა, – ია, კარგად ხარ?
– მგონი, კი. რა იყო?
– რა ვიცი, უცნაურად იქცევი, სიტყვებს ჰაერზე ფანტავ... აშკარად სხვაგან ხარ ფიქრებით. ნიკუშაზე ფიქრობ? არა უშავს, მალე ნახავ.
– დარწმუნებული ხარ, რომ უნდა წავიდეთ?
– ია, ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ, რა, გეყოფა. ვიზები გვაქვს, ბილეთები აღებულია. მოემზადე.
– ვახო, მოიცადე... ელაპარაკე ნიკუშას?
– სალაპარაკო რა გვაქვს? არ ჯობია, პირდაპირ სიურპრიზი მოვუმზადოთ და გაუფრთხილებლად მივადგეთ?
– გვაქვს კი ამის უფლება? მას თავისი ცხოვრება აქვს და, მეეჭვება, ამ ცხოვრებაში ჩვენი ადგილი იყოს.
– აბა, რას ამბობ? ჩვენ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ. ამიტომ, მორჩი ამ სისულელეებს. მე ახლა წავალ და საღამოს შემოგივლი. თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. თვითმფრინავი დილის ოთხის თხუთმეტ წუთზე მიფრინავს, არ უნდა დაგვაგვიანდეს.
– იქნებ, ლევანისთვის ან დათოსთვის მაინც გვეთქვა? მათაც რომ უნდოდეთ წამოსვლა?!
ვახო დაიღრიჯა:
– აუ, თუ წასვლა უნდათ, წავიდნენ. რომელი მყავს პატარა, გამყოლი რომ სჭირდებოდეს? შენ იმაზე იფიქრე, რომ ნიკუშასთან საბოლოოდ გაქვს ურთიერთობა გასარკვევი და ზედმეტი მოწმეები არაფერში გვჭირდება.
იამ შუბლი შეიკრა, ვახოს უცნაურად შეხედა და წამოიძახა:
– გამახსენდა... გამახსენდა...
– უკვე გვიანია, გადმოვიდა შენი ყავა, – გაიცინა ვახომ, – ეტყობა, ყავას დღეს ვერ დავლევ.
იას არც გაუხედავს გაზქურისკენ:
– ყავა კი არა, სიზმარი ვნახე და იმას ვგულისხმობდი.
ვახომ წაუსტვინა.
ია მიხვდა, რომ კაცი დასცინოდა.
– რა იყო, სიზმარი არ გინახავს? რას უსტვენ?
– ჩემი სიზმრები, ძირითადად, ეროტიკული ხასიათის არის ხოლმე, ამიტომაც დავუსტვინე. წარმოვიდგინე, შენც თუ ასეთ სიზმრებს ხედავ... ვახომ გაიცინა, მაგრამ ქალის სახეზე აღბეჭდილმა გამომეტყველებამ უკან დაახევინა.
– კარგი, რა... ხომ იცი, რომ ვხუმრობ. კარგი, რა ნახე იმ სიზმარში?
– ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, მგონი, კარგი არაფერი. თითქოს, რაღაც გაფრთხილებასავით იყო.
– ახლა, არ მითხრა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდება, – ვახომ მკერდზე დაიდო ხელი, – ისედაც ცუდად ვიტან ფრენას.
– რაც გათენდა, იმის მერე ვცდილობ, აღვიდგინო ნანახი, მაგრამ არაფერი გამომდის. წეღან მოწმეები რომ ახსენე, მომაგონდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი ვნახე. შეშფოთებული ხალხი.
– ჰო? მაშინ, შეგიძლია, მშვიდად ვიყოთ, – ხელი უდარდელად აიქნია ვახომ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჩვენ ევროპაში მივდივართ, სადაც შეშფოთების მეტი არაფერი იციან, – იხუმრა ვახომ, – შეშფოთდებიან ხოლმე და – მორჩა. ზოგჯერ, ცოტათი აღშფოთდებიან კიდეც, მაგრამ მაშინვე გადაუვლით. გთხოვ, ამაზე აღარ იფიქრო. ძალიან კარგი და სასიამოვნო მგზავრობა გველის. შეგიძლია, სიზმარზე მეტად მე მენდო.
ია ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ კაცმა არაფრის თქმა აღარ აცალა:
– წავედი მე. გამგზავრებამდე იმდენი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. არა მგონია, ლევანმა, ან დათომ დარეკონ მაგრამ, მაინც გაფრთხილებ – არც ერთი სიტყვა. ჩვენი გამგზავრება საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
– ასეთი კონსპირაცია რა საჭიროა? გაიგონ, მერე რა!..
– რადგან ვამბობ, ესე იგი ასეა საჭირო, ამას მერე აგიხსნი, ახლა კი ის გააკეთე, რაც გითხარი.
***
დიდი ფიქრის შემდეგ ლევანმა, მობილური აიღო, აივანზე გავიდა და ნატუკას დაურეკა.
– საყვარელო... – ხმა გაინაზა გოგომ.
– რამდენჯერ გითხარი, ასე არ მომმართო-მეთქი! – გაბრაზდა ლევანი.
– რა მოხდა, ხომ არავინ გვისმენს? თუ, სახლში ხარ, საყვარელ ცოლთან?
– გეყოფა, საქმეზე ვრეკავ!
– რა თქმა უნდა, შენ ხომ ასეთი საქმიანი ხარ! მითხარი, ამჯერად ვინ უნდა შევაბა? ხომ არ გადაიფიქრე და ჩემი ორსულობის სხვა, უფრო სარფიან საქმეში გამოყენებას ხომ არ აპირებ?
– ენა დაიმოკლე და მითხარი, ელაპარაკე ნიკუშას?
– ჰმ, ეგ შენი ნიკუშა დედიკოს ბიჭია, მისი მზრუნველი კალთის ქვეშ შემძვრალი და, ეჭვი მეპარება, იქიდან ოდესმე გამოვიდეს. ვერ ველაპარაკე, სახლში არ იყო, მამულში გაემგზავრა მამინაცვალთან ერთადო.
– ეგ ელენემ გითხრა?
– დედამისს თუ ელენე ჰქვია, მაშინ, ჰო. საშინელი ქალი იქნება. გატყლარჭული მელაპარაკებოდა, ეტყობა, თავი დიდი ვინმე ჰგონია.
– არის კიდეც. ყველას კი არ შეუძლია, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი გვარის შთამომავალს შეაყვაროს თავი და გრაფინია გახდეს, მაგრამ შენ ეს ნაკლებად გეხება. ისეთი შტერი ხარ, იმასაც ვერ მოახერხებ, ელენეს მოაწონო თავი. დაიმახსოვრე, მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მით უმეტეს, შენი და ნიკუშას ერთად ყოფნა.
– და, თუ მე გადავიფიქრე?
– რაა?! – ლევანს გონება აემღვრა, – რას ნიშნავს – გადაიფიქრე?!
– ჰო, იქნებ მე ჩემი შვილის ნამდვილ მამასთან მინდა ყოფნა – ასეთ ალბათობას გამორიცხავ? თუ ასეა, ძალიან ცდები... – ლევანმა გაიგონა, როგორ ჩაიცინა გოგომ.
– ნატა, მოთმინებიდან არ გამომიყვანო!..
– თორემ, რა, მომკლავ? – სიცილს განაგრძობდა ნატა, – აი, დღეს მოვალ შენს ცოლთან და ყველაფერს გულახდილად მოვუყვები...
გაგრძელება შემდეგ ნომერში