როგორ გაიხსნა ბანკის მოსალოდნელი ძარცვის საქმე რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად
აფეთქება მილიციაში
თეთრი ფერის „მოსკვიჩი“ შუქნიშანთან იდგა და მწვანის ანთებას ელოდა, როდესაც მას ქვიშით დატვირთული „კამაზი“ დაეჯახა უკნიდან და მძღოლი ადგილზევე მოკლა.
ეს ავტოავარია რუსთაველის გამზირზე, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, 1973 წლის 13 მარტს მოხდა. „კამაზი“ ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტის ბალანსზე ირიცხებოდა და ამ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სატვირთო მანქანის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა იყო.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „მოსკვიჩის“ მძღოლის, 40 წლის პეტრე გორდელაშვილის სიკვდილი დააფიქსირა და გვამი პროზექტურაში გადაიტანეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ სიკვდილის მიზეზად კეფის არეში მიყენებული ტრავმა აღნიშნა, რაც დაჯახების შედეგი იყო.
ნაავარიები მანქანა მილიციის ეზოში გადაიტანეს. მანამდე კი იგი ავტოინსპექციის უფროსმა ლეიტენანტმა ზაქრო კობალაძემ დაათვალიერა. იქ აღმოჩენილი ნივთები ამოიღო, შესაბამისი ოქმი შეადგინა და მილიციის გამომძიებელს, მირიან ქორიძეს გადასცა, რომელიც ამ შემთხვევას იძიებდა.
კაპიტანმა ქორიძემ ჯერ ოქმი წაიკითხა. შემდეგ ცელოფნის პარკიდან ნივთების ამოლაგება დაიწყო და მაგიდაზე განათავსა. ნივთებს შორის ორი ცალი მრგვალი ელემენტი იყო, რომლებსაც იმ პერიოდში რადიომიმღების ასამუშავებლად ხმარობდნენ. ქორიძემ ელემენტები სხვა ნივთების გვერდით დაალაგა და ისევ ოქმს მიუბრუნდა, მაგრამ ერთ-ერთი ელემენტი მოულოდნელად ისეთი ძალით აფეთქდა, ქორიძის კაბინეტს ცეცხლი წაეკიდა, თავად კაპიტანი კი ადგილზევე მოკლა...
მოულოდნელი აფეთქების ხმა 800 მეტრის რადიუსში გავრცელდა და ისე ააფორიაქა თბილისის ცენტრში მცხოვრები, მსგავს შემთხვევებს შეუჩვეველი, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომ ასეულობით ადამიანი ქუჩაში გამოეფინა.
მოგვიანებით, მთავრობამ პრესის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომ თითქოს ძლიერი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. სინამდვილეში კი შემთხვევის ადგილზე „კაგებეს“ საგამოძიებო და სპეციალური ოპერატიული ბრიგადა მივიდა. ისინი ყურადღებით სწავლობდნენ იქაურობას, რადგან ასეთი შემთხვევები იმ პერიოდში, მთლიანად უშიშროების კომპეტენცია იყო...
მარტოხელა ისტორიკოსი
„კაგებეს“ მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ, რომელიც უმოკლეს დროში და უმაღლეს დონეზე განხორციელდა, გამაოგნებელი დასკვნა დადო. გაირკვა, რომ ნაავარიები მანქანიდან ამოღებულ ელემენტში ძლიერმოქმედ ასაფეთქებელ ნივთიერებათა კომპონენტები იყო თავმოყრილი და მათი დეტონაცია შემთხვევით მილიციის დაღუპული კაპიტნის, მირიან ქორიძის მიერ მოხდა.
20 მარტს უშიშროების სამინისტროში პოლკოვნიკ ანზორ მიქელაძის კაბინეტში, აფეთქების საქმეზე მომუშავე საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელზეც მაიორმა კიტა მჟავიამ კოლეგებს უთხრა:
– უტყუარი დასკვნით ცნობილია, რომ ელემენტში მოთავსებული კომპონენტების მოპოვება საკმაოდ რთულია. აი, იმ უწყებათა სია, სადაც შეიძლება, ეს ნივთიერებები იყოს ხმარებაში. ვფიქრობ, რომ საქმე უნდა გვქონდეს ტერაქტის მზადებასთან. თითქმის დარწმუნებული ვარ, შემთხვევით დაღუპული პეტრე გორდელაშვილი მარტოხელა ტერორისტი იყო, რომელსაც ისე ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი ჩვენი წყობის სიძულვილი, რომ ტერაქტს ამზადებდა.
ანზორ მიქელაძემ გაოცებული მზერა ესროლა მჟავიას და ჰკითხა:
– ძალიან თამამი, კატეგორიული განცხადებაა და ასეთი დასკვნის საფუძველს რის ნიადაგზე აკეთებ?
– ამხანაგო პოლკოვნიკო, – მიმართა მჟავიამ, – ავტოავარიაში დაღუპული პეტრე გორდელაშვილის დოსიე გულდასმით შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ მას მშობლები 1937 წელს დაუხვრიტეს მავნებლობისთვის და ის ბებიამ გაზარდა. პროფესიით ისტორიკოსი იყო, ტექნიკუმში ასწავლიდა სტუდენტებს და აგენტურული მონაცემებით, რომელიც ჩვენმა განყოფილებამ მოგვაწოდა, არაერთხელ იყო შემჩნეული ანტისაბჭოთა გამონათქვამებში. იგივე აღნიშნეს გორდელაშვილის მეზობლებმა, რომლებიც ჩვენზე მუშაობენ. გარდა ამისა, ის მარტოხელა იყო, ცოლ-შვილი არასოდეს ჰყოლია და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ერთი სიტყვით, ყველა არგუმენტი გააჩნდა, რომ მსგავს რამეზე წასულიყო. მით უმეტეს, რომ კიბო სჭირდა. სულ რაღაც 6 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი და ასეთ შემთხვევაში თავზე ხელის აღება არაა ძნელი.
– კიბოს ამბავი საიდან იცით?
– სახლის ჩხრეკისას მის ჩანაწერებში აღმოვაჩინეთ.
– კიდევ რა აღმოაჩინეთ მის სახლში საინტერესო?
– საეჭვო არაფერი.
– კარგი, მაიორო, გასაგებია, – უთხრა მიქელაძემ მჟავიას, – რაც შენ თქვი, ასეთი დასკვნის საფუძველს არ იძლევა. მით უმეტეს, რომ ანტიტერორისტულ განყოფილებას არანაირი მონაცემები არ გააჩნია გორდელაშვილის ტერორისტობისა და საერთოდ, ჩვენს რესპუბლიკაში ტერორისტების არსებობის შესახებ. აქ სხვა რამეშია საქმე და ძიების არეალი გააფართოვე. გორდელაშვილის საახლობლო, სანაცნობო წრე გამოიკვლიე და გამორიცხული არაა, საქმე კრიმინალთან გვქონდეს.
კამიკაძე
მჟავიამ, როგორც მას მიქელაძემ დაავალა, ძიების არეალი გააფართოვა და სხვა ვერსიებზეც დაიწყო მუშაობა. უშიშროების ოპერმუშაკებმა შეიტყვეს, რომ დაღუპულ გორდელაშვილს ვერაზე ბებიის მიერ დატოვებული ბინა ჰქონდა. ამიტომ, ისინი ვერის ბინას ეწვივნენ. გაჩხრიკეს და უცნაური ჩანაწერები იპოვეს... თორმეტფურცლიან, მოსწავლის რვეულში, ძველი იაპონური, სამურაების ფილოსოფიის ტრაქტატის ფრაგმენტები იყო ჩაწერილი. კლასიკური ფრაზების პარალელურად, გორდელაშვილს საკუთარი აზრებიც ჰქონდა ჩაწერილი და ძველი ქართველი პატრიოტების საგმირო მაგალითები მოჰყავდა. ყველაზე საინტერესო და უშიშროების თანამშრომლებისთვის საგანგებო კი ამ ჩანაწერების ეპილოგი იყო, სადაც ეწერა: „წითელ ჭირს მხოლოდ გმირული თავდადება და უპირობო თავგანწირვა მოსპობს. მე ვარ კამიკაძე, რომელიც ახალ ეპოქას დაუდებს სათავეს და კომუნისტების დასასრულის დაწყებას ამცნობს. მით უმეტეს, რომ სულ ცოტა დამრჩენია ამქვეყნად სიცოცხლე...“
როდესაც ამ ჩანაწერს კიტა მჟავია გაეცნო, მან კმაყოფილება ვერ დამალა და ჩაილაპარაკა: ახლა რაღას იტყვის პოლკოვნიკი მიქელაძეო. შემდეგ, პოლკოვნიკს ეწვია კაბინეტში, ვერის ბინაში აღმოჩენილი რვეული დაუდო წინ და უთხრა:
– ჩემი ვარაუდი გამართლდა, ამხანაგო პოლკოვნიკო. გორდელაშვილი კამიკაძე იყო და ჩვენი წყობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს ამზადებდა.
გამოცდილი მიქელაძე გულდასმით გაეცნო ჩანაწერებს და პატაკს. შემდეგ კვლავ მჟავია გამოიძახა კაბინეტში და უთხრა:
– კიბოს ამბავი გაარკვიე?
– ვერ გავიგე, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მხრები აიჩეჩა მჟავიამ, – რა კიბოს ამბავი გავარკვიო?
– დასაფლავებული გორდელაშვილის ცხედრის ექსჰუმაცია ჩაატარეთ და დაადგინეთ, მართლა სჭირდა თუ არა კიბო. თანაც, ის ექიმი მიპოვეთ, ვინც მას ეს უთხრა. თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მას ვიღაცამ ჩააგონა.
– ჩააგონა? რას ბრძანებთ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – სერიოზული სახით უთხრა მჟავიამ მიქელაძეს. გულში კი დასცინოდა პოლკოვნიკს და ფიქრობდა, „მოხუცი“ გამოშტერდა.
– შეასრულეთ ბრძანება! – მკაცრი სახით გაუმეორა მიქელაძემ მჟავიას და კაბინეტიდან გაისტუმრა.
მოკლული ინჟინერი
მიუხედავად იმისა, რომ მაიორი მჟავია გულში კვლავ დასცინოდა მიქელაძეს და საკუთარი თავი მართალი ეგონა, ექსჰუმაციის შედეგად გაკეთებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხმა რადიკალურად შეცვალა მისი წარმოდგენები. ავტოავარიაში დაღუპულ პეტრე გორდელაშვილს არანაირი კიბო არ აღმოაჩნდა სხეულში და პათანატომებმა მისი ორგანიზმი აბსოლუტურად ჯანმრთელად სცნეს.
მორიგ შეკრებაზე, რომელიც კვლავ ანზორ მიქელაძის კაბინეტში გაიმართა, პოლკოვნიკმა ხელქვეითებს უთხრა:
– გორდელაშვილს კიბო არ აღმოაჩნდა. ესე იგი, მას ეს ვიღაცამ ჩაუნერგა, სავარაუდოდ, ექიმმა. ამიტომ, ეს ინკოგნიტო პიროვნება სასწრაფოდ უნდა გამოვააშკარაოთ. ამით ჩვენ მის ბოროტ ზრახვებს გავიგებთ. ეს ზრახვები კი, აშკარაა, რომ უკიდურესად ბოროტია. ერთი სიტყვით, ამ კუთხით ინტენსიურად იმუშავეთ. ახლა კი სხვა სიახლეები მომახსენეთ.
კიტა მჟავია თავჩაღუნული იჯდა და მიქელაძეს თვალს არიდებდა. სიტყვა კაპიტანმა გეგეშიძემ აიღო, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების კომპონენტების მოძიებით იყო დაკავებული და პოლკოვნიკს მოახსენა:
– ასაფეთქებლის კომპონენტები, რომლებიც ელემენტში იყო მოთავსებული და აფეთქება გამოიწვია, ქიმიურ ქარხანაში მოიპოვება. ჩვენ მათ კვალს გავყევით და დავადგინეთ იმ პირთა წრე, ვისაც ამ ნივთიერებებთან ჰქონდა შეხება. ერთ-ერთი მათგანი ინჟინერი გურამ ლეონიძე ამ დილით მოკლული იპოვეს რუსთავში, თავის საცხოვრებელ ბინაში. ამ წუთას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება და თუ ნებას მომცემთ, შემთხვევის ადგილზე გავემგზავრები და ყველაფერს ადგილზე გავეცნობი.
36 წლის გურამ ლეონიძე რუსთაველი ინჟინერი იყო და ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა. როგორც უშიშროების გამომძიებლებმა შეიტყვეს, მისი პირადი სეიფიდან ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად ვარგისი კომპონენტები იყო დაკარგული და ნათელი გახდა, რომ ელემენტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი, მისი სეიფიდან იყო წაღებული. დადგინდა ისიც, რომ ლეონიძის გარეშე მის სეიფს ვერავინ გააღებდა. ამიტომ, ნათელი იყო, რომ ლეონიძე დანაშაულებრივ საქმეში იყო გარეული. მისი მკვლელობა კი კვალის დაფარვის მიზნით განხორციელდა. გაირკვა ისიც, რომ დაღუპული გორდელაშვილი და ლეონიძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ და გაჩნდა ვერსია, დანაშაულებრივი, ორგანიზებული ჯგუფის შესახებ. ამიტომ, „კაგებემ“ ძიება გააფართოვა და მოულოდნელად, ექიმი-ონკოლოგის, ნოდარ სესიაშვილის პიროვნებაზე გავიდა. სესიაშვილის სახელი მოკლული ინჟინრის საახლობლო წრის შესწავლისას ამოტივტივდა და გაირკვა, რომ სესიაშვილი მოკლულის ცოლის დეიდაშვილი იყო. ამიტომ ქართველმა „ჩეკისტებმა“ სესიაშვილის პიროვნების დამუშავება დაიწყეს და მასზე ფარული თვალთვალი დააწესეს...
განუხორციელებელი საქმე
42 წლის ნოდარ სესიაშვილი უცოლშვილო იყო და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა ექიმად. „ჩეკისტებმა“ გაიგეს, რომ ნოდარს ოროთახიანი, კონსპირაციული ბინა ჰქონდა საბურთალოს ერთ-ერთ ახალაშენებულ სახლში. ამიტომ, ისინი ფარულად ეწვივნენ ბინას, გაჩხრიკეს და იქ ორი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, ერთი გერმანული ავტომატი „შმიზერი“, 4 ხელყუმბარა და მოსე კაციაშვილის სახელზე დამზადებული, ყალბი პასპორტი აღმოაჩინეს. ბინაში აღმოჩნდა მიწისქვეშა კომუნიკაციების გეგმაც და „ჩეკისტებმა“ დაადგინეს, რომ ეს იყო სახელმწიფო ბანკის ქვეშ მოქმედი გვირაბის გეგმა. უშიშროების ოპერმუშაკებმა აღმოჩენილი მასალა ფირზე გადაიღეს. ბინაში არსებული ნივთები ადგილზევე დატოვეს და სესიაშვილზე თვალთვალი განაგრძეს. ოპერმუშაკთა ერთმა ჯგუფმა კი კიროვის ქუჩაზე ბანკის ქვევით არსებული გვირაბი დაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ გვირაბში 30-მეტრიანი ხვრელი იყო გათხრილი, რომელიც ბანკის სანახისკენ მიემართებოდა და ფოლადის დამცავ ფირფიტებამდე, სულ რაღაც, ერთი მეტრი იყო დარჩენილი.
„კაგებეს“ მიერ წარმოებული ძიება უშიშროებისთვის დამახასიათებელი გულმოდგინებით და სიზუსტით მიმდინარეობდა. ამიტომ, რუსთაველზე მომხდარი ავტოავარიიდან სულ რაღაც ორი კვირის მერე, ანუ 27 მარტს, ნოდარ სესიაშვილი მთავარი ეჭვმიტანილი იყო და ის 30 მარტს, მას მერე დააპატიმრეს, რაც „ჩეკისტებმა“ ბანკის ქვეშ არსებულ გვირაბში 4 ადამიანი დააკავეს. ისინი გამოტყდნენ, რომ ფოლადის ფირფიტამდე უნდა გაეთხარათ მიწა და შემდეგ კი დაენაღმათ. ასაფეთქებელ ნივთიერებად კი, სწორედ ის კომპონენტები უნდა გამოეყენებინათ, რომლებიც მილიციის შენობაში აფეთქდა. მთხრელებს სწორედ ისეთივე ელემენტები აღმოუჩინეს, რაც დაღუპულ გორდელაშვილს ჰქონდა მანქანაში.
ამის მერე ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სესიაშვილი ბანკის გაძარცვას აპირებდა. თუმცა, ბოლომდე არ იყო ნათელი, თუ როგორ მოახერხებდა ამის გაკეთებას. ამიტომ, ექიმი შუაღამით უჩუმრად აიყვანეს, მიქელაძეს მიუყვანეს დაკითხვაზე და ექიმმა პოლკოვნიკს აღიარებითი ჩვენება მისცა.
სესიაშვილმა სინანულით გააქნია თავი და მიქელაძეს უთხრა:
– რომ არა ის სულელური ავარია, ახლა მე 100 კილო ოქროთი ვიქნებოდი სადმე ჩაყუჩებული. მერე კი, უცხოეთში წავიდოდი და ცხოვრებაში ვერ მიპოვიდით.
– მაინც, როგორ? – მხრები აიჩეჩა მიქელაძემ. გასაგებია, რომ სანახში შესვლას აფეთქების შედეგად აპირებდით და დავუშვათ, ოქროსაც გაიტაცებდით, მაგრამ აფეთქებაზე ხომ იქ დაცვა მოვიდოდა და გაიშიფრებოდით?
– არ გავიშიფრებოდი, – თავი გააქნია სესიაშვილმა, – ყველაფერი მისხალ-მისხალ მქონდა გათვლილი. აფეთქებები ერთდროულად მოხდებოდა, ანუ, ფოლადის ფირფიტასთან ერთად კიროვის ქუჩაზე აფეთქდებოდა ბენზინმზიდი, ხოლო ბანკის შენობაში – ტროტილის ბომბი. ამგვარად, ვერავინ მიხვდებოდა ჩემს ნამდვილ მიზანს და სანამ ზემოთ მომხდარი აფეთქებებით გამოწვეული პანიკა ჩაცხრებოდა, მე ჩემს 100 კილო ოქროს უმტკივნეულოდ წავიღებდი...
ნოდარ სესიაშვილის ჯოჯოხეთურ გეგმას დაახლოებით 100 ადამიანი უნდა შეწირვოდა. გორდელაშვილი კი, რომელიც ექიმმა ფსიქოლოგიურად დაიმორჩილა და ცრუ ეროვნული მოტივები დაუდო ამ ყველაფერს საფუძვლად, ცოცხალ ასაფეთქებლად იყო გამიზნული... უშიშროებამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა და ერთ-ერთი მათგანი ბანკის თანამშრომელი იყო, რომელიც ექიმს ეხმარებოდა...
მიუხედავად იმისა, რომ სესიაშვილს ბანკის ეს ჯოჯოხეთური ძარცვა არ გამოუვიდა, ინჟინრის მკვლელობისთვის ის მაინც სიკვდილით დასაჯეს.