კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა


„გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან!“ – ამ სიტყვების მოსმენას ბრალდებულისთვის მაგიური ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხეულის დაზიანებაში ედება ბრალი და მინიმუმ 15 წლამდე პატიმრობა ელის. ასე მოხდა სპარტაკ ჯავახიშვილის შემთხვევაში – სამი მუხლით ბრალდებული 36 წლის ახალგაზრდა რვათვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვარდების რევოლუციამდელ სასამართლოში ყოფილა შემთხვევა, როცა დარბაზიდან სამუდამო პატიმრობამისჯილიც კი გაუთავისუფლებიათ. ასეთი შემთხვევები დღეს თითზე ჩამოსათვლელია, იშვიათად, რომ მოსამართლემ სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია არ გაიზიაროს. ასე რომ, ჯავახიშვილის შემთხვევაც ერთ-ერთი გამონაკლისია, პროკურორის სიმკაცრის მიუხედავად, სასამართლომ ის მძიმე მუხლებში გაამართლა, მაგრამ მძიმეზე მეტად მის საქმეზე კურიოზული უფრო ითქმის.

საქმის მასალების მიხედვით, ვინაიდან დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა სპარტაკ ჯავახიშვილმა სამუშაო ვერსად იშოვა, თბილისში ჩამოვიდა, ბინა იქირავა და ვაჭრობა დაიწყო. თუმცა, როგორც ირკვევა, ქალაქში ჩამოსვლის მიზეზი მხოლოდ უმუშევრობა არ ყოფილა. ასაკში შესული ინვალიდი მშობლები ბიჭს დაქორწინებას სთხოვდნენ, ვიღას არ ურიგებდნენ, მაგრამ სასიძოს არავინ მოსწონდა – ზოგი სიმსუქნის გამო დაიწუნა, ზოგი ასაკით... ერთი სიტყვით, სპარტაკი ნამდვილ სიყვარულს ეძებდა.

როგორც თბილისში ჩამოსული ბედის მაძიებელი ჩვენებაში წერს, ფულის გაჩენისთანავე, პირველი, რაც შეიძინა, მესამე თაობის მობილური ტელეფონი იყო, რომელიც გოგონების გაცნობის მიზნით, მაშინვე ინტერნეტში ჩართო. მოკლედ, ჯავახიშვილი თან ვაჭრობდა, თან ტელეფონით ერთობოდა და, ისე გაიტაცა გოგონებთან მიმოწერამ, ხშირად თავზე ათენდებოდა და დილით ადგომა უჭირდა. ამ გართობა-გართობაში, ერთ დღესაც, ბედმა გაუღიმა. ვინმე ლიკა გაიცნო, რომლის გამოც ყველას შეეშვა და სატელეფონო რომანი მხოლოდ მასთან გააგრძელა. მალე შეიტყო, რომ გოგონა სიღნაღის რაიონიდან იყო და თითქმის ერთთვიანი მესიჯების შემდეგ შეხვედრა დათქვეს – 2009 წლის 3 სექტემბერს სპარტაკ ჯავახიშვილი ლიკას სიღნაღის ცენტრში უნდა შეხვედროდა.

საგანგებო შეხვედრისთვის სპარტაკმა ახალი ტანსაცმლისთვის ფულის ნაწილი ისესხა და დათქმულ დროს სიღნაღში სამარშრუტო ტაქსით გაემგზავრა, მაგრამ, გოგომ დააღალატა – ამხელა გზაზე წასულ კაცთან შეხვედრაზე არ მივიდა და აღარც ტელეფონს პასუხობდა. კაცი მის გამოჩენას საღამომდე ელოდა, მაგრამ, როცა იმედი ამოეწურა, იქვე სასადილოში შევიდა და უცნობებთან ერთად არყით ისე დათვრა, რომ თბილისში წამოსვლა გადაავიწყდა, ხოლო, როცა გაახსენდა, უკვე გვიან იყო, სამარშრუტო ტაქსები აღარ გადიოდნენ. ამის მიუხედავად, ჯავახიშვილი გაჩერებაზე დადგა, ქალაქისკენ გამომვლელ ტრანსპორტს ელოდა. მალე ტაქსიც გამოჩნდა – თბილისში წამოსასვლელად მძღოლს ორი მგზავრი უკვე ჰყავდა და მესამეს ეძებდა...

დაღლილ და ნასვამ ჯავახიშვილს სართიჭალამდე ეძინა. როცა გაეღვიძა, სიგარეტი მოუნდა, მაგრამ აღარ ჰქონდა. მიხვდა, რომ ქეიფისას მაგიდაზე დარჩა და მძღოლს სთხოვა, რომელიმე ჯიხურთან გაეჩერებინა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მძღოლმა მანქანა ჯიხურთან შეაჩერა, ჯავახიშვილმა კი გამყიდველ გოგონებს გამომწვევი ტონით უთხრა: ლამაზებო და კარგებო, ერთი „ვაისროი“ მომეცითო. ამ დროს ჯიხურთან მამაკაცი იდგა და მან შენიშვნა მისცა – ნორმალურად მოიქეცი, იყიდე სიგარეტი და შენი გზა გააგრძელეო.

საქმის მასალებით, მამაკაცი, რომელმაც ჯავახიშვილს შენიშვნა მისცა, პოლიციელი იყო, ამის შესახებ მან ხმამაღლა თქვა კიდეც, მაგრამ უცნობ კაცს ჯავახიშვილმა „ძაღლი” უწოდა, რის გამოც მათ შორის შელაპარაკება, შემდეგ კი ჩხუბი მოხდა და საქმეში ასევე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი ჩაერთო. მეორე პოლიციელმაც იგივე სიტყვები გაუმეორა – ჯობია, შენი გზა გააგრძელოო. ამ სიტყვებზე ნასვამი ჯავახიშვილი გაღიზიანდა – როგორც მინდა, ისე მოვიქცევი, არ ვაპირებ თქვენთქვის ანგარიშების ჩაბარებასო და ცემა-ტყეპაც ატყდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯავახიშვილმა ერთ-ერთს ნახევრად დაკეცილი დანა მხარში, მეორეს კი ხელში დაარტყა. ამასობაში ხალხი შეიკრიბა და დებოშიორი ადგილზე დააკავეს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დანა ნახევრად დაკეცილი იყო, პოლიციელი მაინც დაიჭრა. თუმცა, ჭრილობა ძალიან მსუბუქი, ზედაპირული იყო, დაჭრილს არც ერთი შინაგანი ორგანო არ დაზიანებია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, დაზიანება მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ამის მიუხედავად, საქმის მასალებში წერია, რომ ჯავახიშვილმა განზრახ მკვლელობა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან მეორე პოლიციელმა ამის საშუალება არ მისცა. ამიტომ, გარდა მკვლელობის მცდელობისა (სსკ 108-ე მუხლი), მას ბრალი დასდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხეულის დაზიანებაში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს მინიმუმ 15 წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ სასამართლო პროცესზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

განსასჯელმა სპარტაკ ჯავახიშვილმა წაყენებულ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ: „სოფელში იმიტომ ჩავედი, რომ გოგოსთან მქონდა პაემანი. ლიკა ტელეფონით მყავდა გაცნობილი, მისი მჯეროდა, მაგრამ შეხვედრაზე არ მოვიდა. ვინაიდან მისი გვარი არ ვიცოდი და არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ნამდვილად ლიკა ერქვა, მის მოძებნას აზრი არ ჰქონდა. რამდენიმე გამვლელ გოგონას მაინც გამოველაპარაკე, ვკითხე, რომელიმეს ლიკა ხომ არ ერქვა და სპარტაკს ხომ არ ელოდებოდა. მათაც ავუხსენი რაც მოხდა, მაგრამ სიცილი დაიწყეს და მაშაყირებდნენ – რიჟათმიან ლიკაზე გვეკითხებიო? ძალიან გავბრაზდი. თან, ფეხსაცმლის საყიდლად ფული ვისესხე და არ ვიცოდი როგორ გამესტუმრებინა. განერვიულებულს მთელი დღე არაფერი არ მქონდა ნაჭამი და იქვე სასადილოში შევედი, სადაც უცნობებთან ერთად არაყი დავლიე.

საღამო ხანი იყო, გზაზე დავდექი, სახლში მინდოდა წამოსვლა, მაგრამ, არაფერი ჩანდა. მერე ტაქსი გამოჩნდა და იმით წამოვედი. თბილისს რომ მოვუახლოვდით, მძღოლს ჯიხურთან მანქანის გაჩერება ვთხოვე, რომ სიგარეტი მეყიდა. ხელში პატარა საკეცი დანა მეჭირა. ჯიხურთან ორი ქალი იდგა, იქვე მამაკაციც იყო. გამყიდველ გოგონებს მივმართე – ლამაზებო და კარგებო, თეთრი „ვაისროი“ ხომ არ გაქვთ-მეთქი. კატეგორიულად ვაცხადებ, არანაირ თავხედობას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ერთ-ერთმა გოგონამ მიპასუხა, მაქვსო და მეც ჯიხურისკენ გავემართე. ამ დროს მოულოდნელად მეორე მამაკაცმა მომკიდა ხელი, რომელიც მანამდე არ შემინიშნავს და უხეშად მითხრა – აიღე შენი სიგარეტი და აქედან წაეთრიეო, თან, შემაგინა. ბუნებრივია, შევეპასუხე და გაკვირვებულმა ვკითხე, რა ხდება-მეთქი. არც ერთ მათგანს ჩემთვის არ უთქვამს, რომ პოლიციელები იყვნენ. რაღაც წამებში ჩვენი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. არ უარვყოფ, რომ დაკეცილი დანის ტარი იმ უცნობს ჩავარტყი, მაგრამ მანამდე მას მეორე ბიჭიც მიეხმარა. ორივე მირტყამდა და ამიტომ თავის დასაცავად დანას ვიქნევდი. შესაძლოა, სწორედ ამ დროს დაიჭრა პოლიციელი. როცა დავინახე, რომ დანაზე სისხლი იყო, იქვე, მიწაზე დავაგდე, რადგან არავის მოკვლის განზრახვა არ მქონია.

ტაქსიდან უცნობი მგზავრებიც გადმოვიდნენ, რომლებთან ერთადაც მოვდიოდი. დიდი აყალმაყალი ატყდა, მაგრამ მე არავინ დამხმარებია, ჩხუბში ისინი არ ჩარეულან. შემდეგ პოლიციელებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ფორმა ეცვათ და პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. მოგონილია და სიმართლეს არ შეეფერება ის ფაქტი, რომ მათ „ძაღლები“ ვუწოდე. როგორ ვიტყოდი ამას, როცა არ ვიცოდი, რომ პოლიციელები იყვნენ? არც შემდეგ გამიწევია არანაირი წინააღმდეგობა პოლიციისთვის. პოლიციაში რომ მიმიყვანეს, ისე მცემეს, რომ სხეულზე დაზიანებები დიდხანს მეტყობოდა. მე არც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და არც ვინმეს მკვლელობის მცდელობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ. დანაშაულს ვაღიარებ იმ ნაწილში, რომ იმ პოლიციელს სხეულის დაზიანება მივაყენე, მაგრამ მეც თავს ვიცავდი“.

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართლაც დადასტურდა, რომ სპარტაკ ჯავახიშვილს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული: მას თავის ქალის დახურული ტრავმა, დაჟეჟილობები და კეფის არეში ჰემატომა აღმოაჩნდა. ექსპერტი მიუთითებდა, რომ დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით იყო მიყენებული, მაგრამ დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს მიეკუთვნებოდა.

დაზარალებულის სტატუსით პროცესზე დაჭრილი პოლიციელიც დაიკითხა, რომლის ჩვენებაც ზემოხსენებული ფაბულის იდენტური იყო, კერძოდ, მთვრალი ჯავახიშვილი უხეშად მიმართავდა და აგინებდა ქალებს, მაგრამ ამ დროს პოლიციამ წესრიგის დაცვა მოსთხოვა, რის პასუხადაც ბრალდებულმა სამართალდამცველს შეურაცხყოფა მიაყენა, მას და მის კოლეგას „ძაღლები“ უწოდა და დანა დაარტყა, რის გამოც სიკვდილს ძლივს გადაურჩა. სხვათა შორის, დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მეორე პოლიციელსაც, რადგან სხეულზე მას მცირე სისხლნაჟღენთი აღმოაჩნდა.

ჯავახიშვილი ჯიხურის გამყიდველის ჩვენებამ გადაარჩინა – გოგონამ არ დაადასტურა, რომ ბიჭმა მათ გამომწვევად მიმართა: „ამ კაცს ისეთი არაფერი უთქვამს, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა შენიშვნა მისცა, იყიდე, რაც გინდა და ჩქარა წადიო. უცნობმა იწყინა, უთხრა – რა გინდათ, რატომ მეჩხუბებითო და ამის გამო ჩხუბი ატყდა. ბრალდებული თავიდან არ იგინებოდა, მან გინება ჩხუბის დაწყების შემდეგ დაიწყო და დანას იქნევდა. პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ. ბიჭმა კი, როგორც დაინახა, რომ დანას სისხლი ჰქონდა, იქვე დააგდო. დანა მიწიდან მე ავიღე, შევინახე და იმ პოლიციელებს მივეცი, რომლებმაც ბიჭი წაიყვანეს“, – განაცხადა მოწმემ.

ასეა თუ ისე, სასამართლომ ჯავახიშვილი გაამართლა. როგორც განაჩენში წერია: „სასამართლო მიიჩნევს, რომ განსასჯელს არ ჰქონია ვინმეს მოკვლის განზრახვა, რადგან, დანაზე სისხლის კვალის შემჩნევისას, მან დანა იქვე გადააგდო. მას მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, პირიქით, დანას ხელიდან არ გააგდებდა და კიდევ მიაყენებდა უფრო მძიმე დაზიანებებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში განსასჯელი უნდა გამართლდეს. სასამართლო ასევე არ იზიარებს, რომ მას ბოროტი ხულიგნობა აქვს ჩადენილი. გაურკვეველია, წესრიგის დაცვისთვის რა ფუნქციებს ასრულებდნენ დაზარალებულები. ჯიხურის გამყიდველებს პოლიციელებისთვის დახმარება არ უთხოვიათ, რადგან ამის არანაირი საჭიროება არ იყო. სიგარეტის საყიდლად მისულ ჯავახიშვილს წესრიგი არ დაურღვევია, უხეშად არ მიუმართავს და არც უგინებია. პირიქით, მათი მხრიდან ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას ადგილი. თანაც, პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ და საიდან უნდა სცოდნოდა განსასჯელს, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ?! ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ბოროტი ხულიგნობის ქმედება არ უნდა შეეფარდოს მას“.

აქედან გამომდინარე, საბოლოოდ, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მთვრალმა განსასჯელმა ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბის დროს სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა პოლიციელს. თუმცა, სასჯელის შეფარდებისას, გაითვალისწინა მისი წარსული ცხოვრება, რომ ნასამართლევი არ ყოფილა, ხასიათდება დადებითად, მძიმე ეკონომიკური პირობები აქვს და ჰყავს ინვალიდი მშობლები. დამამძიმებელ გარემოებად სასამართლომ მხოლოდ მისი სიმთვრალე მიიჩნია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ციხეში გატარებული 8 თვე საკმარისად ჩაუთვალა და განსასჯელი დარბაზიდან გაათავისუფლა.


скачать dle 11.3