ბინის რომელი კუთხე აგებს პასუხს ფინანსებზე და ვის სახლში ვერ ხარობს ქოთნის მცენარეები
წინაპრების მიერ გადმოცემულ წეს-ჩვეულებებსა თუ მისტიკურ ნიშნებში დიდი ეზოთერული სიბრძნე და ცოდნაა ჩადებული. როგორც ჩანს, ისინი ამ საქმეში მეტად განსწავლულები იყვნენ. თავადაც მშვენივრად იყენებდნენ ამას და წარმატებებსა თუ ბედნიერებასაც ასეთი წესით, შედარებით მარტივად აღწევდნენ. როგორც ისინი ამბობდნენ, ადამიანმა საკუთარი იღბალი თავად უნდა მართოს. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი მანანა, ამ საკითხით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია. იკვლევს წინაპართა მისტიკურ და ეზოთერულ ჩანაწერებს და სულ მალე ამ ჩანაწერების წიგნად გამოცემასაც აპირებს, რომლის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ბევრ ჩვენგანს შეეცვლება წარმოდგენა მისტიკაზე, ბევრ გაუცემელ კითხვაზე მივიღებთ პასუხს და ბევრი ისეთი რამის გარკვევასაც შევძლებთ, რომელზეც საზოგადოებაში ღიად არ საუბრობენ.
მანანა: მისტიკური ნიშნები და ზოგი წეს-ჩვეულებები წინაპრებისგან შემონახული დაკვირვებებია და მათი ერთი ხელის მოსმით უარყოფა, ვფიქრობ, არასწორია. პირადად მე, ასეთ მინიშნებებს თუ მისტიკურ წესებს დიდი ხანია, ვიკვლევ, ვიწერ, ვაგროვებ და მინდა, სულ მალე ყველაფერი ეს ერთ დიდ წიგნად გამოვცე. წიგნში დასაბუთებული იქნება ისეთი ფაქტები, რომელზეც პასუხის გაცემა ბევრ ჩვენგანს უჭირს, ერთი უბრალო მიზეზის გამო, კერძოდ, არ ვფლობთ მასზე შესაბამის და სწორ ინფორმაციას. მართალია, ზოგი მინიშნება თუ წესი შესაძლოა, არარეალურად და სულელურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მათში ისეთი სიმართლის მარცვალია ჩადებული, რომლის დათესვის შემდეგ, მალევე მოიმკით შედეგს. როგორც გითხარით, არსებობს ძველი წეს-ჩვეულებები, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლო უბედურებებს აგაცილებთ თავიდან. ასეთი წეს-ჩვეულებები ძალიან ბევრია და მე ისინი, როგორც გითხარით, ჩაწერილი მაქვს.
– შეგიძლიათ, ჩვენც გაგვანდოთ?
– რასაკვირველია, ყველას ვერ გეტყვით, უბრალო მიზეზის გამო, ამისთვის, მთელი ჟურნალი არ იქნება საკმარისი, მაგრამ რამდენიმეს კი გაგანდობთ. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ არ შეიძლება, ნიშნობის ბეჭდის განათხოვრება, გაჩუქება ან გადადნობა. ამას შესაძლოა, განქორწინება ან ღალატი მოჰყვეს. ასევე, არ შეიძლება დანის და საპნის ხელიდან ხელში მიცემა, რადგან ჩხუბი გარდაუვალია მიმცემსა და გამომრთმევს შორის. ასევე, არ ვარგა – ნაგვის ღამით სახლიდან გატანა, მზის ჩასვლის შემდეგ სახლის გამოხვეტა, თუ ძმა გყავს ორშაბას ფრჩხილების დაჭრა და ხუთშაბათს – ბანაობა, რომ მის ჯანმრთელობას არ შეუქმნათ საფრთხე... ერთ ფაქტს მოგიყვებით. ჩემი ბავშვობის მეგობარი რომ გათხოვდა, დედამთილმა ოქროს სამგრამიანი ბეჭედი აჩუქა. მე კი, როგორც მეჯვარემ, ხუთგრამიანი ბეჭედი ვუსახსოვრე. ძალიან მოსიყვარულე და ლამაზი წყვილი იყვნენ. ერთ დღესაც მესტუმრა და მითხრა, მინდა დედამთილისა და შენი ნაჩუქარი ბეჭდები გადავადნო და ერთი დიდი, მასიური ბეჭედი გავაკეთებინო ოქრომჭედელს და ხომ არ გეწყინებაო. ვუთხარი, მე არ მეწყინება, მაგრამ, გამიგია, არ ვარგა ქორწილში მორთმეული სამკაულების გადადნობა, გაჩუქება ან თხოვება-მეთქი. გაეცინა, მითხრა, შენ ბავშვობიდან ასეთი ცრუმორწმუნე იყავი, მე ასეთი რამეების არ მჯერა, საყვარელოო. ისეთი ტონით მითხრა, მივხვდი ახსნას აზრი არ ჰქონდა და გავჩუმდი. თან, ცოტა უცნაური გოგოა, ვინმე რამეს რომ ურჩევდა, ის მაინც თავის ჭკუაზე იმოქმედებდა და წააგებდა. მერე კი გაბრაზებით ამბობდა, იმან გამთვალა თავისი ჭკუის დარიგებითო. ჰოდა, მეც ვიფიქრე, მერე არ მითხრას, შენ გამთვალეო და გავჩუმდი. ხომ გაგიგონიათ, საცა არა ჯობს, გაცლა ჯობსო (იცინის). მოკლედ, არ დამიჯერა, გადაადნო ბეჭდები, გაიკეთა ერთი დიდი ბეჭედი და სულ ატარებდა. ერთი წელიც კი არ გასულა, რომ მეუღლემ მიატოვა და სხვა ქალთან გადავიდა საცხოვრებლად, ეს ჩემი მეგობარი კი დედამისს დაუტოვა სახლში. ისიც როდემდე იცხოვრებდა დედამთილთან? აიკრა ბარგი-ბარხანა და დედ-მამის სახლში წავიდა. ბავშვი არ ჰყავდათ. მის ქმარს იმ გოგოსთან ბიჭი შეეძინა. ამაზე სულ გადაირია ჩემი მეგობარი, დღესაც კი დეპრესიაშია. თხუთმეტი წელი გავიდა მას შემდეგ და დღემდე მსაყვედურობს, როგორ დამრთე ნება, ქორწილში ნაჩუქარი ბეჭდები გადამედნოო. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ამას ვეღარავინ შეცვლის.
– ქალბატონო მანანა, გამიგია ასაკოვანი ადამიანებისგან, რომ ზოგიერთ ქოთნის ყვავილს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და თუ მას ადამიანი კარგად მოუვლის და დააკვირდება, ისიც ადეკვატურად პასუხობსო. ეს მართლაც ასეა?
– მართალია, ქოთნის მცენარები, რომელსაც ადამიანები ბინაში უვლიან, განსაკუთრებულ თვისებებს იჩენს. მაგალითად, ისეთ ბინაში, სადაც ოჯახური სიმშვიდე და სიმყუდროვე არ არის, ვერ ხარობს ქოთნის ია. ბარაქის ხე ჩვენს ფინანსებზე ახდენს გავლენას. ამიტომ, თუ მას სიყვარულით და სითბოთი მოუვლით, მოგცემთ მინიშნებას, როდის გექნებათ ფულის მოზიდვის მეტი შანსი. ამას კი მაშინ მიგანიშნებთ, როცა მცენარის ფოთლები მკვრივია. მისი ფოთლები თუ მოეშვა და მომჩვარდა, ესე იგი, ფულის ხარჯვის დროს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, დიდი შანსია, ფინანსების შემოდინება სახლში შენელდეს. თუ ბარაქის ხეს ფოთოლი დასცვივდა, არ გადაყაროთ სანაგვე ყუთში. აიღეთ მიწიდან, გაახვიეთ ქაღალდში და ჩაიდეთ სამუშაო მაგიდის უჯრაში. ის ხელს შეუწყობს თქვენს ნაყოფიერ კარიერულ და შემოქმედებით მუშაობას. ასე რომ, შეიძინეთ ქოთნის ბარაქის ხე და დადგით ის თქვენს ბინაში, მოუარეთ, დააკვირდით და თავადვე მიხვდით, რა გელით ფინანსების მხრივ – როდის დგება თქვენთვის სასიკეთო პერიოდი და როდის ჯობია ფულის დაზოგვა. სხვათა შორის, მინდა, აქვე გითხრათ, რომ ყველას ბინაში არის ადგილი, რომელიც სწორედ ფინანსებზეა ორიენტირებული და პასუხისმგებელი.
– როგორ მივხვდეთ, სად არის ასეთი ადგილები ჩვენს ბინაში?
– ასეთი ადგილები, იმ ჩანაწერებიდან მაქვს ამოწერილი, რომელიც ერთ-ერთმა ასაკოვანმა ადამიანმა მათხოვა. მას კარგად ჰქონდა გააზრებული ეზოთერული საკითხების ცოდნა და პრაქტიკულ მაგიაშიც საკმაოდ საგულისხმო ინფორმაციას ფლობდა. მაგალითად, ფინანსებზე პასუხისმგებელი ადგილები ჩვენს ბინაში შემოსასვლელი კარიდან მარცხენა კუთხეშია, დიასახლისმა ეს კუთხე განსაკუთრებით უნდა მოაწესრიგოს და მოაწყოს, თუ სურს, რომ ოჯახში სიმშვიდე, გაგება, სიმდიდრე და ბედნიერება იყოს. სასურველი არ არის ამ ადგილას ქურთუკების კარადის დადგმა, ფეხსაცმელების დაწყობა, საწვიმარი ქოლგის აყუდება-დაკიდება, ამა თუ იმ ნივთებისთვის ყუთის დადგმა... შესასვლელი კარის მარცხენა კუთხეში სასურველია, დადგათ ცოცხალი, დეკორატიული, ჯუჯა ხეების ქოთნები. ის ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებს ენერგიით და სიყვარულით აავსებს, ხელს უწყობს ფულის შემოდინებას და აფერხებს ბოროტი ადამიანების ზემოქმედებას მათზე. თუ ბიზნესმენი, საქმიანი, აქტიური და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, გირჩევთ თქვენს საცხოვრებელ ბინაში ჯუჯა მცენარეებისთვის გამონახოთ ადგილი. ასევე, თუ საკუთარი სახლი გაქვთ, ძალიან კარგია – ეზოში დარგოთ ბროწეულის ხე. ის რომანტიკულობის, სიყვარულის უნარს აღვივებს, მზის ენერგიით აგავსებთ, დაგეხმარებათ ცხოვრებისეული პრობლემების ადვილად დაძლევაში, უსიამოვნებებს თავიდან აგარიდებთ, დეპრესიას და შიშებს ებრძვის. მისი დანახვისას, ადამიანი, უბრალოდ, კარგ ხასიათზე დგება. მაგრამ, სასტიკად გეკრძალებათ ეზოში ნაძვის დარგვა. მას უბედურება მოაქვს იქ მცხოვრებლებისთვის. აფერხებს და ანელებს ადამიანების ენერგიულობას, შრომის უნარს, კარიერულ წინსვლას და ხელს უწყობს დეპრესიას, ცუდ განწყობას. ეზოში დარგული ნაძვი ადამიანისგან ისრუტავს დადებით ენერგიას და ის, ამ მხრივ, ნამდვილი ვამპირია. მაგრამ, ნაძვნარში სეირნობა, რომელიც სახლიდან მოშორებითაა, ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნოა – განტვირთვას და ჯანმრთელობის სტაბილურობას უწყობს ხელს. ეს რჩევები მე არ მომიგონია. როგორც გითხარით, ეს სიბრძნე უძველესი დროიდან მოდის და მას თავისი წინაპირობაც აქვს. ალბათ, დამეთანხმებით, მარტივი წესების და რჩევების გათვალისწინებით, ჩვენ, უბრალო ადამიანებს, არაფერი გვაკლდება, მათი მხრიდან მიღებული დახმარება კი, ყოველ ჩვენგანს, ამ დაძაბულ, დღევანდელ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად გვჭირდება.