მეცნიერებმა ადამიანის მეხსიერების „რედაქტირების“ მეთოდი შეიმუშავეს
მოგონებათა რედაქტირების ახალი მეთოდები იმის იმედს გვაძლევს, რომ ერთხელაც, ადამიანი სხვადასხვა ფობიების მკურნალობას ისწავლის, აგრეთვე ადვილად დაძლევს პოსტტრავმულ სტრესებსა და სხვა სინდრომებს, რომლებიც მომატებულ მღელვარებასთანაა დაკავშირებული.
მკურნალობის პირველ ეტაპზე მოგონებებს „არქივიდან ამოიღებენ“ და აიძულებენ ადამიანს, ხელახლა განიცადოს ის ემოციები, რომელიც იმ მომენტში ჰქონდა – ხშირად ეს არის შიში ანდა სასოწარკვეთა.
მაგალითად, პაციენტს, რომელსაც ბავშვობაში ძაღლმა უკბინა და მათი დღემდე ეშინია, აჩვენებენ უწყინარად მომზირალი ძაღლების ფოტოს და ამით ასწავლიან მოგონებებზე სხვანაირად რეაგირებას. დასკვნით ეტაპზე რედაქტირებული მოგონებები ტვინში ჩამაგრდება.
მკვლევრები მუშაობენ აგრეთვე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეებთან, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ძალადობის მსხვერპლებთან, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები შიში განიცადონ შოკისმომგვრელი მოგონებებისგან.
სწავლულები არ ცდილობენ მოგონებების მთლიანად წაშლას – ეს არაეთიკური იქნებოდა და სხვა მოგონებების ბედზე დაგვაფიქრებდა. „იდეალური სცენარია, შევამციროთ, ან მოვაცილოთ შიში, რომელიც თან სდევს კონკრეტულ მოგონებებს“, – აღნიშნა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის მასწავლებელმა როჯერ პიტმანმა.
სწავლულები მიიჩნევდნენ, რომ მოგონებები ფოტოგრაფიის მსგავსია: ყველა დეტალი მტკიცედ ფიქსირდება „გადაღების“ მომენტისთვის. „უახლესი კვლევები დაფუძნებულია ტვინში მოგონებათა შენახვის რადიკალურად ახალ კონცეფციაზე. მოგონებები ინახება ტვინში, როგორც ფაილები კომპიუტერში. არქივიდან შეიძლება ნებისმიერი ფაილის აღება, მისი შეცვლა საჭიროებისამებრ და შეცვლილი ვარიანტის დამახსოვრება“. ამისთვის პაციენტს სთხოვენ, დეტალურად აღწეროს ქაღალდზე ტრავმული ინციდენტი და თერაპიის ყოველი სეანსის დასაწყისში გადაიკითხოს ის. სანამ მოგონებებს გააცოცხლებდეს, პაციენტი იღებს პროპრანოლოლს – ჰიპერტონიის სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამცირებს გულის ძგერას, ოფლიანობას და შიშის სიმპტომებს.
სწავლულები იმედოვნებენ, რომ ახალი მეთოდები შეასუსტებენ ინსტინქტურ შიშს უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის, ანდა სამუდამოდ.