ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარზე მყოფი. მყავს სტუდენტი ვაჟი და ძალიან მიჭირს სწავლის გადასახადის გადახდა. ჩემმა შვილმა დახმარების თხოვნით, განათლების სამინისტროს მიმართა, მაგრამ ვერანაირი შეღავათი სწავლის გადასახადთან დაკავშირებით, ვერ მიიღო. ჩემი შვილი იღებდა პენსიას მარჩენალის გარდაცვალების გამო, რომელიც სრულწლოვანების გამო შეუწყდა. შეიძლება თუ არა, აღუდგეს აღნიშნული პენსია, როგორც სტუდენტს და როგორც გაჭირვებულს. გთხოვთ, გვიპასუხოთ, ვის მივმართოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით?
პასუხი: მოგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლება აქვს პირს სრულწლოვნების მიღწევამდე. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პენსიის აღდგენა კანონმდებლობის თანახმად შეუძლებელია.
კითხვა: ჩემს ეზოში მაქვს ჯიხური 3 კვადრატული მეტრის ფართობით. ვვაჭრობ ჟურნალ-გაზეთებით, სიგარეტითა და ბავშვის სათამაშოებით. მაქვს აგრეთვე, მობილურ ტელეფონებზე თანხის ჩასარიცხი აპარატი, რომლიდანაც დღიური მოგება 2 ლარია. სულ თვიური ნავაჭრი ექვსას ლარამდეა. მაინტერესებს, რა ნებართვაა საჭირო საგადასახადო ინსპექციიდან, რომ შემეძლოს თავისუფლად ვივაჭრო და არ დამაჯარიმონ? ან შეიძლება, რაიმე გადასახადის გადახდა, როცა ასეთი მცირე შემოსავალი მაქვს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ ახორციელებთ კომერციულ საქმიანობას, ვალდებული ხართ, დარეგისტრირდეთ გადამხდელად. შესაბამისად, გადასახადი, იმ შემთხვევაში თუ აწარმოებთ კომერციულ საქმიანობას კანონმდებლობის დარღვევით, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა სასჯელით.
კითხვა: 1939 წელს მამამ, როგორც კოლმეურნეობის წევრმა, საკუთრებაში დამიტოვა მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებულია საკომლე წიგნში. გთხოვთ მიპასუხოთ, მამის მიერ საკუთრებაში გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამჟამად აღრიცხულია საჯარო რეესტრის ტექაღრიცხვის ბარათში, ვრცელდება თუ არა ამჟამად მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობის მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
კითხვა: მყავს 13 წლის შვილი, რომელიც დაპატიმრებულია მეზობლის ბინიდან სურათის მოპარვისთვის, რომელიც ექსპერტმა შეაფასა 17 000 ლარად. საქალაქო სასამართლომ მას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 5 თვის ვადით. კანონიერია თუ არ აღნიშნული ქმედება?
პასუხი: აღნიშნული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ათ წლამდე ვადით. ვინაიდან თქვენი შვილი 13 წლისაა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის აღნიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა განახევრდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს შვიდ წელს.
კითხვა: ჩემს შვილს, რომელიც 17 წლისაა, მსჯავრი დაედო და მიესაჯა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ მისი გადახდა დაგვაკისრა მე და ჩემს მეუღლეს. კანონიერია სასამართლოს განაჩენი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს.
კითხვა: ჩემს ძმას საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ჩვენ აღნიშნული განაჩენი გავასაჩივრეთ სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ჩვენმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, სადაც ვითხოვდით საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმის ხელახალ დაკითხვას. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კანონიერია თუ არა სასამართლოს მოქმედება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას და ამას კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით ასევე შეიძლება დაიკითხოს სასამართლოს ინიციატივით.
კითხვა: ჩემი არასრულწლოვანი შვილი დაკავებულია და ბრალად ედება ხულიგნობა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. შესაძლებელია თუ არა, რომ მას დანიშნული სასჯელი პირობით სასჯელად ჩაეთვალოს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი და მან პირველად ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მას ჩადენილი არა აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
კითხვა: ვაპირებ სარჩელის შეტანას სასამართლოში ალიმენტის დაკისრების თაობაზე. რამდენს შეადგენს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და რა ვადებში განიხილავს სასამართლო აღნიშნულ სარჩელს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.
სამოქალაქო საქმეს ალიმენტის გადახდევინების თაობაზე სასამართლო განიხილავს, სასარჩელო განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.