როგორ ეძებს უკრაინაში მცხოვრები შვილი მამას, რომელსაც ის მხოლოდ ფოტოთი იცნობს
65 წლის ნიკოლაი გრიგორის ძე კოპიცია ეძებს გრიგორი კოროგოშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს და მის შთამომავლობას, ჩემს ნახევარდას. სამწუხაროდ, მამის შესახებ დიდი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი მხოლოდ, რომ ის ქართველია და ცხოვრობდა საქართველოში. მამაჩემს ერქვა გრიგორი კოროგოშვილი (გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ). დედაჩემი ცოცხალი აღარაა და მე მხოლოდ მამის ძველი ფოტო მაქვს, ომისდროინდელი. ფოტოზე მამაჩემი ხელმარცხნივაა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მისი (თუკი ცოცხალია) ან მისი შთამომავლების მოძებნაში, ეს ჩემი უმთავრესი ოცნებაა.
– როგორ მოხდა, რომ მამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგაჩნიათ, გვიამბეთ ყველაფერი, რაც დაკარგული მშობლის შესახებ იცით.
– დედაჩემმა (დაბადებული 1921 წელს), ევგენია ემილიანის ასულმა კოპიციამ მამაჩემი ომის დამთავრებისას 1944-1945 წლებში გაიცნო. მათი შეხვედრა მოხდა სანიტარულ მატარებელში – ¹171, მოსკოვი-ტაშკენტი. გრიგორი მაშინ ჯარში მსახურობდა, საქართველოდან იყო. ომის შემდეგ დედა დაბრუნდა თავის სამშობლოში, უკრაინაში, პოლტავის რაიონის ქალაქ ზინკოვში. 1945 წლის 11 დეკემბერს დავიბადე მე, მათი შვილი. ომის დასრულების შემდეგ გრიგორი დაბრუნდა თავის სამშობლოში, საქართველოში. ასე დაშორდნენ ჩემი მშობლები ერთმანეთს. მე მამა არასდროს მინახავს. ერთადერთი, იმდროინდელი ფოტოთი ვიცნობ, ფიზიკურად ძალიან ვგავარ მამას. ვიცი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას ქალიშვილი შეეძინა, ანუ მყავს ნახევარდა, რომლის არც სახელი ვიცი და არც გვარი. დედ-მამას დაშორების შემდეგ მიმოწერა საკმაოდ დიდხანს ჰქონდათ. დედამ სწორედ მამის წერილებიდან შეიტყო, რომ მან შექმნა ოჯახი და შეეძინა ქალიშვილი. სამწუხაროდ, დედაჩემი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც გრიგორის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდა. ამჟამად ის ცოცხალი აღარ არის. ჩემი მშობლების წერილებიც არ გამაჩნია, დაახლოებით მაინც რომ ვიცოდე, თუ საქართველოში კონკრეტულად სად ცხოვრობდა მამა. ამიტომ, ერთადერთი იმედი, თქვენი რუბრიკა და თქვენ ხართ. ხომ შეიძლება, ფოტოთი იცნონ მამა მისმა შვილებმა ან შვილიშვილებმა და ჩემი ამდენი წლის მცდელობა, მამა მეპოვა, კარგად დასრულდეს.
– ალბათ, ძალიან რთულია, იცოდე, რომ მამა გყავს და ვერ პოულობ. უძლური ხარ, რადგან ინფორმაციაც კი არ გაგაჩნია. მამის ვინაობა დედისგან შეიტყვეთ?
– დედაჩემს არ დაუმალავს ჩემთვის მამის ვინაობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იცოდა და მეც ვერ ვეუბნებოდი, თუ რა დიდი სურვილი მქონდა, მამა მეპოვა და გამეცნო. ეს ყველაფერი დედაჩემის პირადი ცხოვრება იყო, რომელიც ისედაც ვერ აეწყო და არ მინდოდა მისთვის გულის ტკენა. დაბადების მოწმობაში დედის გვარზე ვარ. მამის სახელი კი ზუსტად წერია. არ ვიცი, დედამ რა მიზეზით გაანადგურა მათი წერილები, მაგრამ მისგან ვიცი, რომ მამა საქართველოში, ეპატიჟებოდა. შემდგომ კი უკვე თავისი ოჯახიც შექმნა. როგორც გითხარით, შეეძინა გოგონა. ის ამჟამად უკვე 60-62 წლის ქალბატონია. დიდი იმედი მაქვს, რომ მას მაინც ვიპოვი.
– თუკი აღმოჩნდა, რომ მამათქვენის ოჯახის წევრებმა არაფერი იციან თქვენი არსებობის შესახებ, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნებათ თქვენს გამოჩენაზე?
– დიდი იმედი მაქვს, რომ მათ ჩემი არსებობის შესახებ იციან. ყოველ შემთხვევაში, მამამ იცოდა. მათ თუ არაფერი იციან ჩემს არსებობაზე, იმედი მაქვს, მაინც ჩვეულებრივად მიიღებენ ამ ამბავს და ერთმანეთს გავიცნობთ, მე პირადად, მათ გარდა, ანუ ჩემი ნახევარდის გარდა, სხვა და-ძმა არ მყოლია. როგორც გითხარით, დედა გარდაცვლილია, მამის ერთადერთი ფოტო მაქვს და ეს არის ყველაფერი, რაც მე მისგან დამრჩა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მამა მეპოვა. არ არის გამორიცხული, რომ დამაგვიანდა კიდეც და მამა ცოცხალი აღარაა, მაგრამ ოჯახი და შვილები ხომ ჰყავს, შეიძლება ისინი გამომეხმაურონ. ყოველ შემთხვევაში, მე ყველანაირად ვეცდები, ვიპოვო ისინი და თუკი მათ არ ექნებათ, ჩემი გაცნობისა და ნახვის სურვილი, ამასაც გაგებით მოვეკიდები. ის მაინც მეცოდინება, რომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, მამა რომ მეპოვა.