ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად 3 ტრილიონი დოლარია საჭირო
ევროპისა და ცენტრალური აზიის ელექტროენერგეტიკის სფეროში 2030 წლამდე 3 ტრილიონ დოლარზე მეტი უნდა ჩაიდოს იმისთვის, რომ კრიზისის თავიდან აცილება გახდეს შესაძლებელი, – აღნიშნულია ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, – „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკის მომავალი“. როგორც მოხსენებაშია ხაზგასმული, თუ მომავალი 20 წლის განმავლობაში, რეგიონის ენერგეტიკულ სექტორში 3 ტრილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია არ ჩაიდო, რესურსების არსებობა ენერგეტიკული კრიზისის თავიდან აცილების საკმარისი პირობა არ იქნება. მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, 2030 წლისთვის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ენერგომატარებლებზე მოთხოვნილება 50 პროცენტით გაიზრდება, ელექტროენერგიის მოხმარება კი – 90 პროცენტით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დროებით გადაავადა ენერგეტიკული კრიზისი იმის წყალობით, რომ ენერგიის მოხმარება შემცირდა. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა და პაუზა სავარაუდოდ, 5-6 წელიწადი გაგრძელდება. თუ ენერგორესურსების ექსპლუატაციის მიმართ მიდგომა არ შეიცვალა, 2030 წლისთვის ზემოხსენებული რეგიონები შესაძლოა, ენერგიის ექსპორტიორიდან იმპორტიორად იქცნენ.