ჯანდაცვის რეფორმა ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტს 138 მილიარდით შეამცირებს
ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმამ, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში გადასახადების გადამხდელებს 940 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, იმავე პერიოდში შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 138 მილიარდით შეამციროს. ამის თაობაზე ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს ექსპერტები აცხადებენ – რეფორმის დაწყების შემდეგ, მეორე ათწლეულში ბიუჯეტის დეფიციტი სავარაუდოდ კიდევ 1,2 ტრილიონით შემცირდებაო. მას შემდეგ, რაც ამ დღეებში ჯანდაცვის რეფორმას ამერიკის კონგრესმა დაუჭირა მხარი, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერს მიმართა და მიღებულ გადაწყვეტილებას ამერიკის გამარჯვება უწოდა. ეს ჯანდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა 1965 წლის შემდეგ, როცა პენსიონერებისა და ინვალიდებისთვის სპეციალური „სამედიცინო მზრუნველობის“ სისტემა შეიქმნა. უახლოესი წლების განმავლობაში თანხა დამატებით 31 მილიონამდე ამერიკელის დაზღვევისთვის გამოიყოფა, რომლებსაც აქამდე სამედიცინო დაზღვევა არ გააჩნდათ. შეიქმნება კერძო კომპანიების ალტერნატიული სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა. გარდა ამისა, უფრო მკაცრად მოხდება დაზღვევის სფეროს რეგულირება. რეფორმის შედეგად ამერიკელთა 95 პროცენტს ექნება დაზღვევა, მაშინ, როცა ამჟამად ასეთი მხოლოდ 83 პროცენტია.