გერმანიაში კანონმდებლები მოსახლეობის ჯიბესა და ჯანმრთელობაზე ერთნაირად ზრუნავენ
გერმანიის ტერიტორიაზე არსებულ ყველა აფთიაქში რეცეპტით გამოწერილი წამლები ერთნაირ ფასად იყიდება. ამ ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები აწესებენ, მაგრამ სახელმწიფო საბითუმო მოვაჭრეებსა და აფთიაქებს ფასის დანამატს უზღუდავს. გერმანიის ნებისმიერ მხარეში რეცეპტით გამოწერილი წამალი ერთი და იგივე ფასი ღირს. ამ ქვეყანაში წამლები, ისევე როგორც წიგნები, უკვე დიდი ხანია, ფიქსირებული ფასებით იყიდება. ამის თაობაზე გერმანელმა კანონმდებლებმა იზრუნეს, რომელთა აზრითაც საკითხები, რომელიც გერმანელთა ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს ეხება, ფასწარმოქმნის საბაზრო მექანიზმებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. საყურადღებოა, რომ შეზღუდვები მხოლოდ რეცეპტით გამოწერილ, ანუ იმ წამლებს ეხება, რომლებიც სერიოზული დაავადებების სამკურნალოდაა საჭირო. რაც შეეხება ურეცეპტო მედიკამენტებს, რომელთა შორის თუნდაც გაციების საწინააღმდეგო ურიცხვი წამალია, 2004 წლიდან მათი ფასები აღარ რეგულირდება. ამ მიმართულებით თავისუფალი ფასწარმოქმნა, აფთიაქებს შორის კონკურენციის გაზრდის მიზნით და მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვეს. არსებული მოდელის წყალობით, პატარა ქალაქების აფთიაქებმაც კი შეძლეს, გაეძლოთ მსხვილი სააფთიაქო ქსელების კონკურენციისთვის.