რა ბიზნესკავშირები ჰქონდა რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს, ვლადიმირ ლისინს, ბიძინა ივანიშვილთან და კახა ბენდუქიძესთან და რომელი აქსესუარის ტარება არ უყვარს მას
ჟურნალმა „ფორბსმა“ 2010 წლის მსოფლიოს მილიარდერთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელთან შედარებით მილიარდერთა მკვეთრი მომატება დაფიქსირდა – მათი რიცხვი 793-დან 1 011-მდე გაიზარდა. ასევე, შეიცვალა პირველი პოზიციის მფლობელი და, ამიერიდან, ბილ გეითსის ნაცვლად, პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად მექსიკელი მედიამაგნატი – კარლოს სლიმ ელუ დასახელდა, რომლის კაპიტალი 53,5 მილიარდი დოლარია. ასევე ცვლილებებია რუს „ოლიგარქებს“ შორის და 2010 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანი რუსი მეტალურგიული მაგნატი ვლადიმირ ლისინია, რომელსაც 15,8 მილიარდი ამერიკული დოლარის კაპიტალით 32-ე ადგილი უკავია რეიტინგში.
ვლადიმირ ლისინი 1956 წლის 7 მაისს ქალაქ ივანოვოში დაიბადა და თავისი შრომითი საქმიანობა 1975 წელს „იუჟკუზბასუგლში“ ელექტრომექანიკოსობით დაიწყო. 1979 წელს ლისინმა ციმბირის მეტალურგიული ინსტიტუტი დაამთავრა ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო „ტულაჩერმეტში“, სადაც 1985 წლამდე იმუშავა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი თანამდებობა შეიცვალა – იყო ფოლადის მდნობელი, ფოლადის ჩამოსხმის აპარატის ოპერატორი, მორიგეობის უფროსი და ქარხნის დირექტორის მოადგილე. 1984 წელს მან უკრაინის მეტალურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა და დღეისათვის ვლადიმირ ლისინი ითვლება ნამდვილ მეტალურგად ოლიგარქებს შორის, რომელსაც ზურგს პროფესიული განათლება უმაგრებს. მის მსგავსად, სპეციალობით კიდევ ერთი ოლიგარქი მუშაობდა – ესაა, კონცერნ „მაგნიტკოს“ მფლობელი ვიქტორ რაშნიკოვი. სხვათა შორის, რაშნიკოვი ერთ-ერთია იმათგან, ვისთანაც ლისინმა საერთო ენის გამონახვა მოახერხა და რამდენიმე ერთობლივი პროექტი განახორციელა. 1985 წელს ლისინი სამუშაოდ ყაზახეთში, ყარაგანდის მეტალურგიულ კომბინატში მიიწვიეს, რომელიც საბჭოთა კავშირის 4 ყველაზე მსხვილ მეტალურგიულ კომბინატებს შორის ფიგურირებდა. 1989 წელს ლისინი კომბინატის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო მისი უფროსი ოლეგ სოსკოვეცი იყო – ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ლისინის ბიზნესმენად ქცევაში. 1991 წელს ყარაგანდის კომბინატის დირექტორი სოსკოვეცი საბჭოთა კავშირის მეტალურგიის ბოლო მინისტრად დაინიშნა, ხოლო 1992 წელს მან უკვე რუსეთის ფედერაციის მთავრობაში მოახერხა შესვლა და მოსკოვში თავისთან წაიყვანა ვლადიმირ ლისინი. სწორედ მოსკოვში გააცნო სოსკოვეცმა ლისინს თავისი ერთ-ერთი პირველი ბიზნესპარტნიორი, საბჭოთა წარმოშობის, ოდესის ცენტრალური გასტრონომის ყოფილი ხელმძღვანელი, იმჟამად უკვე ამერიკელი ბიზნესმენი სემ (სემიონ) კისლინი. კისლინის კომპანია „ტრანს კომოდიტის“ აწარმოებდა გარკვეული ნედლეულის იმპორტს მეტალურგიული ქარხნებისთვის რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ერთ მომენტში კისლინის ბიზნესმა „დაამუხრუჭა“, რადგან ქარხნების უმეტესობა უარს აცხადებდა ფულის გადახდაზე და, ასევე, ნედლეულის დაბრუნებაზე. შეიქმნა იმის საშიშროება, რომ კომპანიას დაეკარგა 30 მილიონ დოლარამდე და სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით გააცნო სოსკოვეცმა ყოფილ ოდესელ ებრაელს ლისინი, რომელმაც დღემდე უცნობი გზებით მოახერხა ქარხნებიდან ფულის ამოღება. ამბობენ, რომ უკვე მაშინ, ლისინი უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა რუსეთის პოლიტელიტის მაღალ ეშელონებში. ლისინთან ერთად, კისლინის კომპანიასთან ტაშკენტელი მეწარმე – მიხაილ ჩერნოი და რუსეთის „იდუმალ ოლიგარქად“ წოდებული ისკანდერ მაჰმუდოვი თანამშრომლობდნენ. ამ სამეულმა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები განახორციელა და 1992 წელს სწორედ მათი მონაწილეობით მოხდა საქმიდან კისლინის „მოტეხვა“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და ახალ ბიზნესპარტნიორთან, ბრიტანელ დევიდ რუბენთან მოახერხა საქმის დაჭერა. მათი ინტერესის სფეროში კი უკვე ფერადი ლითონების ბიზნესიც ფიგურირებდა. აღსანიშნავია, რომ ლისინი მხოლოდ პარტნიორის სახელით იყო დაკავშირებული რუბენ-ჩერნოის კომპანიასთან – „ტრანს უორლდ გრუპთან“ და არანაირ აქციებს ან ფასიან ქაღალდებს არ ფლობდა. სამთავრობო დონეზე კომპანიის ლობისტად კი ვიცე-პრემიერის სავარძელში მჯდარი ოლეგ სოსკოვეცი ითვლებოდა.
1995 წელს რუსეთში რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობა განხორციელდა. მოკლულები იყვნენ „ტრანს უორლდ გრუპის“ პარტნიორები: საიანის ალუმინის ქარხნის დირექტორი ვალერი ტოკარევი, ბანკ „იუგორსკის“ ხელმძღვანელი ოლეგ კანტორი, მისი მოადგილე – ვადიმ იაფასოვი, მეტალოპროდუქტების მსხვილი იმპორტიორი ფელიქს ლვოვი. ამასთან, ოლეგ სოსკოვეცი სკანდალურად დაითხოვეს სამსახურიდან, რადგან მთავრობის სხვა გავლენიანი წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანატოლი ჩუბაისი და პრემიერი ვიქტორ ჩერნომირდინი, მას არ სწყალობდნენ. ყველაფერ ამას დაემატა განხეთქილება პარტნიორებს შორის და ხანგრძლივი დავისა და ახალი პარტნიორის ვლადიმირ პოტანინის დახმარებით, ვლადიმირ ლისინმა მოახერხა, ხელში ჩაეგდო ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის აქციების საბაზო პაკეტი. 90-იანი წლების ბოლოსკენ კომპანია „ტრანს უორლდ გრუპის“ აქციონერებად ჯორჯ სოროსი, ახალზელანდიელი ბიზნესმენები, ძმები რიჩარდ და კრისტოფერ ჩანდლერები, ითვლებოდნენ, მართვის სათავეები კი აქციების პაკეტის 50 პროცენტის მფლობელებმა ვლადიმირ პოტანინმა და ბორის იორდანმა აიღეს. იმ პერიოდში ლისინი მხოლოდ ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ კომბინატს ხელმძღვანელობდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ლისინმა პარტნიორებისგან განცალკევება გადაწყვიტა და კომბინატის აქციების შეძენა დაიწყო. ამან გამოიწვია დაპირისპირება პოტანინთან, რომელიც თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ლისინის ქმედებებს, მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, 2001 წელს, პოტანინმა საკუთარი ნებით მიჰყიდა ლისინს კომბინატის აქციები. ვრცელდება აზრი, რომ ამ გარიგებაში მონაწილეობას იღებდა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე ხელთ ეპყრა „ოლიგარქებზე“ ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები.
2004 წელს ვლადიმირ ლისინმა ახალი პარტნიორი ბორის (ბიძინა) ივანიშვილის სახით გაიჩინა, რომელმაც ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ კომბინატს სტოილენსკის სამთო-მადნის გამდიდრების კომბინატი მიჰყიდა. გარიგების ღირებულებად 510 მილიონი ამერიკული დოლარი სახელდება და გარდა ამისა, ივანიშვილის ბანკმა – „როსიისკი კრედიტმა“, ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის აქციების 15,5 პროცენტი მიიღო. იმავე წლის ოქტომბერში კახა ბენდუქიძისგან ლისინმა შეიძინა „სევერნაია ნეფტეგაზოვაია კომპანია“, რომლის აქტივში შედიოდა სამარის ნავთობმომპოვებელი მცირე კომპანია „ვოლგანეფტის“ აქციების 62 პროცენტი.
მეტალურგიული ინტერესების გარდა, ვლადიმირ ლისინი ფლობს გრანდიოზულ პროექტს მოსკოვში, ეგრეთ წოდებულ „მოსკვა-სიტის“, რომელიც რუსეთის დედაქალაქის საერთაშორისო საქმიან ცენტრად იქცევა. მშენებლობის ღირებულება 11-12 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას შეადგენს. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია მოსკოვის გორბუნოვის სახელობის კულტურის სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ეგრეთ წოდებული „გორბუშკა“ და ორი პორტი: „ტუაფსეს საზღვაო სავაჭრო პორტი“ და პორტი „სანკტ-პეტერბურგი“, რომელიც უზრუნველყოფს იმპორტს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ახალგაზრდობიდან ვლადიმირ ლისინი გატაცებულია ტყვიის სროლით. იგი აფინანსებს რუსეთის ნაკრებს ტყვიის სროლაში; ასევე, მისი ფინანსებით პროფესიონალი ტყვიის მსროლელებისთვის პოდმოსკოვიეში აშენდა ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი „ლისია ნორა“. ლისინი დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება. თავისუფალ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს მეგობრების წრეში სიგარის მოწევა უყვარს. აღსანიშნავია, რომ ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მფლობელი მაჯის საათს არ ატარებს.