როგორ აჯობა ალექსანდრე ჩიგირინსკიმ უფროს ძმას და გაუსტუმრებს თუ არა ძმას ვალს – 340 მილიონ დოლარს
ალექსანდრე ჩიგირინსკი რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ბიზნესმენია. საქართველოში და რუსეთშიც, სადაც ის უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს, მას უფროს ძმაზე, შალვაზე ნაკლებად იცნობენ. თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია მრავალმილიონიანი ქონება დაეგროვებინა. რუსული ჟურნალის, „ფინანსის“ მონაცემებით, ძმათაგან უმცროსი ჩიგირინსკის ქონება 2010 წლისთვის 480 მილიონი დოლარია. ალექსანდრე რუსეთში მოღვაწე მილიონერთა რეიტინგში პირველად 2006 წელს მოხვდა „მოკრძალებული“ 35 მილიონით, 2008 წლისთვის კი ზემოხსენებული გამოცემის მონაცემებით, ფანტასტიკური ნახტომი გააკეთა და 2 მილიარდი დოლარის მფლობელი გახდა.
შალვა და ალექსანდრე ჩიგირინსკებს წლების განმავლობაში საერთო ბიზნესი ჰქონდათ, 2004 წლიდან კი მათი გზები გაიყო. ჩიგირინსკების საქმიანობის სფერო უკვე არაერთი წელიწადია, დეველოპმენტია. 1989 წელს უფროს ძმასთან, შალვასთან ერთად ალექსანდრემ კომპანია „სი-ტი“ დააფუძნა. 1990-1998 წლებში ის ღია სააქციო საზოგადოება „ვექტორის“ გენერალური დირექტორია. 1998-1999 წლებში ერთობლივი საწარმო „პერესტროიკის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, 2000 წელს კი „ვესტეკ დეველოპმენტ ლიმიტედის“ გენერალური დირექტორი გახდა.
ალექსანდრე ჩიგირინსკი 1963 წელს დაიბადა. დედით ებრაელ და მამით ქართველ-ბერძენს საქართველოსთან ძალიან დიდი ხანია, არც საქმიანი და არც სხვა ურთიერთობა არ ჰქონია. მისი უფროსი ძმა შალვა კი, საქართველოში ბოლოს 1990 წელს იმყოფებოდა. ალექსანდრეს უმაღლესი სამედიცინო განათლება ქირურგის სპეციალობით აქვს მიღებული. ამჟამად, ის რუსეთში გავლენიანი ჯგუფ „სნეგირი დეველოპმენტის“ თანამფლობელია, რომელსაც 2007 წლამდე „სი-ტი გრუპი“ ერქვა. ეს კომპანია ჯგუფ „ინტეკოსთან“ ერთად მოსკოვში მრავალფუნქციური ცენტრის, „მოსკვა სიტის“ მშენებლობის პროექტში მონაწილეობით გახდა განსაკუთრებით ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი უფროს ძმასთან, შალვასთან ერთად დაიწყო, მათ უსიამოვნებაც ჰქონიათ ერთმანეთთან და „ბარიკადების“ სხვადასხვა მხარესაც მდგარან. ძმებ ჩიგირინსკებს შორის პარტნიორობას 2004 წელს შეუდგა წყალი, 2007 წლიდან კი ისინი უკვე კონკურენტებად იქცნენ.
შალვასთან შედარებით ალექსანდრე ნაკლებად ამბიციური პიროვნებაა – ძმისგან განსხვავებით, ის მოსკოვის მერიის მაღალჩინოსნებთან, უპირველესად კი იური ლუჟკოვთან არ ასოცირდება, მაგრამ მაინც მოახერხა დეველოპმენტის სფეროში წარმატებული ბიზნესმენის სახელის მოპოვება. ალექსანდრემ რამდენიმე ამბიციური და ძვირად ღირებული პროექტის განხორციელება დაიწყო მაშინ, როცა მისი ძმა დიდი ხნის განმავლობაში მთელ ენერგიას მნიშვნელოვანი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაყოვლისმომცველი – სასტუმრო „როსიას“ რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად ხარჯავდა.
რუსული დეველოპერული სფეროს ექსპერტები აცხადებენ: მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ამ სფეროს სპეციალისტი არ არის, მან მაინც შეძლო სანდო პარტნიორების აღმოჩენა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ეს მისი წარმატების საწინდარი გახდა. მისი ინიციატივით დაფუძნდა რეგიონული დეველოპერული სტრუქტურა „სი-ტი გრუპ რეგიონი“. თავის დროზე მისი კომპანიის მიერ მომზადებულ პროექტებს მოსკოვის ყოფილმა ვიცე-მერმა იოსებ ორჯონიკიძემ და დედაქალაქის სამშენებლო კომპლექსის ხელმძღვანელმა ვლადიმირ რესინმაც დაუჭირეს მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ჩიგირინსკი დღესდღეობით დამოუკიდებელი ბიზნესმენია, მისი პირველი და მთავარი აქტივი მაინც ძმის მიერ დაარსებული „სი-ტი გრუპი“ იყო.
კომპანია „სი-ტი გრუპს“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს – ის ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაარსდა. გერმანიაში ემიგრაციაში მყოფმა შალვა ჩიგირინსკიმ გერმანელი ბიზნესმენი კარლ ჰაინც შტოკი გაიცნო და მათ ერთობლივი ბიზნესის წარმოება გადაწყვიტეს. თავდაპირველად, ერთობლივი კომპანია „შთ ჰანდელსის“ სახელწოდებით დარეგისტრირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტნიორები რუსეთში გადავიდნენ, კომპანიას სახელი შეუცვალეს და „სი-ტი გრუპი“ უწოდეს.
შალვა ჩიგირინსკიმ დროთა განმავლობაში მოსკოვის ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან დაახლოება მოახერხა და სწორედ ამ კავშირების წყალობით „სი-ტი გრუპი“ მალე რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერი გახდა. 2003 წლისთვის ამ კომპანიამ მოსკოვში უძრავი ქონების 20-მდე ობიექტი ააშენა. მათ შორის, „ემ-დე-ემ ბანკი“ სადოვნიჩის ქუჩაზე, ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი „პარკ ჰაუსი“, საქმიანი ცენტრი „ალექსანდრ ჰაუსი“. „სი-ტი გრუპის“ ერთ-ერთი ბოლო პროექტი ბიზნესცენტრი „ბალჩუგ პლაზა“ აღმოჩნდა, რომელიც კრემლის პირდაპირ მდებარეობს და უმაღლესი კლასის ბიზნესპროექტია.
2004 წელს ძმებმა ჩიგირინსკებმა ბიზნესის გაყოფა გადაწყვიტეს. რუსული პრესის ცნობით, ამის მიზეზი კომპანია „სიბნეფტ იუგრას“ გარშემო არსებული კონფლიქტი გახდა, რის შედეგადაც უფროსმა ჩიგირინსკიმ რამდენიმე ნავთობსაბადოზე კონტროლო დაკარგა. როგორც შალვამ მოგვიანებით პრესასთან საუბარში აღიარა, ამ პროექტში მონაწილეობა მას ძმამ ურჩია. ამ არასასიამოვნო ისტორიის შემდეგ ძმები „გაიყარნენ“ – უფროს შალვას ძირითადი დეველოპერული სტრუქტურა, კომპანია „სი-ტი დეველოპმენტი“ ერგო, რომელმაც მოგვიანებით რუსეთის დედაქალაქის ცნობილი სასტუმროს, „როსიას“ რესტრუქტურიზაციის ტენდერი მოიგო. უმცროს ალექსანდრეს კი „სი-ტი გრუპი“ შეხვდა. მასვე ერგო ძმების მიერ რეალიზაციის პროცესში არსებული პროექტები და უკვე განხორციელებულთა „დიდება“. ექსპერტების აზრით, ალექსანდრე ჩიგირინსკის წარმატების უდიდესი ნაწილი შალვას საქმიანი რეპუტაციის დამსახურებაა და „სი-ტი გრუპის“ სახელი ყოველთვის შალვასთან ასოცირდებოდა.
ძმისგან „მემკვიდრეობით“ მიღებულ პროექტებს შორის აღმოჩნდა რამდენიმე მოსკოვური სამშენებლო ტერიტორია. მათ შორის იყო საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ბოლშაია გრუზინსკაიას ქუჩაზე და „მოსკვა სიტიში“ შემავალი ცათამბჯენის პროექტი. პირველი მათგანი „სი-ტი გრუპის“ ახალი სავიზიტო ბარათი გახდა. ბოლშაია გრუზინსკაიაზე ტერიტორია კომპანიამ სამშენებლოდ ჯერ კიდევ 1998 წლის კრიზისამდე შეიძინა, თუმცა უფულობის გამო პროექტის განხორციელება ვერ დაიწყო. შალვა ჩიგირინსკის სერიოზული ინვესტორის მოძიება ძალიან გაუჭირდა. უმცროსმა ძმამ კი, უკვე როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ, ეს 2005 წელს შეძლო. მისი პარტნიორი კომპანია „სტროიინკომ-კ“ გახდა, რომელსაც ცნობილი ებრაელი მილიარდერის, ლევი ლევაევის კომპანია „აფრიკა – ისრაელი“ აკონტროლებდა. ამ პროექტში ჩადებული ინვესტიციის სანაცვლოდ ლევაევის კომპანიამ პროექტის ნახევარი მიიღო.
მოსკოვში ცნობილი არქიტექტორის, მიხაილ პოსოხინის მიერ შექმნილი პროექტი ერთმანეთის პირისპირ ორი – საოფისე და საცხოვრებელი ნაგებობის აგებას ითვალისწინებდა. პროექტს ორიგინალური სახელი უწოდეს – „დი ფრონტე დე ლა კასა“. ალექსანდრე ჩიგირინსკიმ კონსალტინგური კომპანია „სვის რეალტის“ დახმარებით არენდატორთა კონკურსი გამოაცხადა. 500 განცხადებიდან 28 კომპანია შეარჩიეს. თავდაპირველად, ფიქრობდნენ, რომ არენდატორები წელიწადში კვადრატულ მეტრზე 700-800 დოლარს გადაიხდიდნენ, თუმცა „სვის რეალტი გრუპის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მოიჯარეებმა მალევე მზადყოფნა გამოთქვეს 1 300-დან 1 500 დოლარამდეც კი გადაეხადათ. ამ მარკეტინგულმა აქციამ მოსკოვის უძრავი ქონების ბაზარზე ფურორი მოახდინა, თუმცა მშენებლობის ტემპები მაინც არ გაზრდილა.
ალექსანდრე ჩიგირინსკის მეორე მსხვილი პროექტი 48-სართულიანი „სიტი პალასის“ მშენებლობა გახდა „მოსკვა სიტის“ კომპლექსის ფარგლებში. უმცროს ჩიგირინსკის ამ შემთხვევაშიც გაუმართლა და მან პარიტეტულ საწყისებზე იშოვა სერიოზული პარტნიორი – კომპანია „ინტეკო“, რომელიც მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის მეუღლეს, მილიარდერ ელენა ბატურინას ეკუთვნოდა. ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა უმაღლესი კატეგორიის საქმიანი ცენტრის აშენება 80 ათასი კვადრატული მეტრი საოფისე ფართობით, ასევე მოსკოვში ყველაზე დიდი ქორწინების სასახლის აგება, რომლის ფართობიც 2 ათასი კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო. გადაწყდა, რომ ამ პროექტში 289 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდებოდა.
ალექსანდრე ჩიგირინსკის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი პერსპექტიული მოსკოვური პროექტი კოტეჯური ტიპის დასახლების, „სეტუნის“ ადგილას 50 ათას კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლების კომპლექსის მშენებლობაა. ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაწყდა 24 თაუნჰაუსის დანგრევა, რომლებიც ჩიგირინსკიმ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოისყიდა. მოსკოვის საარენდო ბაზარზე ეს სახლები ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან პროექტად ჩაითვალა. ჩიგირინსკის განცხადებით, მისი კომპანია ამ პროექტის განხორციელებისთვის 250 მილიონ დოლარს გამოყოფდა.
მიუხედავად მოსკოვური გეგმებისა და წარმატებებისა, ალექსანდრე ჩიგირინსკი უძრავი ქონებით დედაქალაქის გარეთაც დაინტერესდა და მის უმთავრეს პროექტად რუსეთის რეგიონებში დეველოპერული საქმიანობა გახდა. ჯერ კიდევ 2001 წელს მოსკოვის მერიამ მხარი დაუჭირა დედაქალაქელი დეველოპერების მიერ მოსკოვის გარეთ მშენებლობის დაწყებას და რეგიონთაშორისი პროექტების განხორციელებას. ამ პროგრამამ თავიდანვე დააინტერესა უმცროსი ჩიგირინსკი. მან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა მსხვილ რეგიონულ დეველოპერ ირინა სერგეევასთან, რომელიც საბჭოთა პერიოდში საგარეო ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. ჩიგირინსკიმ და სერგეევამ რეგიონებში გარკვეული პერიოდი ითანამშრომლეს, თუმცა მალე მათი შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა და ჩიგირინსკიმ თავისი წილი სერგეევას დაუთმო.
მას შემდეგ, რაც ძმებმა ჩიგირინსკებმა ბიზნესი გაიყვეს და ალექსანდრემ „სი-ტი გრუპ რეგიონში“ გააგრძელა საქმიანობა, მისი პარტნიორი ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენი იგორ ნესტერენკო გახდა, რომელმაც ახალი კომპანიის აქციების 50 პროცენტი მიიღო. არაოფიციალური ინფორმაციით, ის სოჭის ხორცკომბინატის მფლობელი იყო და ცნობილ რუს მილიონერ ბიზნესმენებთან – რომან აბრამოვიჩთან, ალექსანდრე მამუტსა და ევგენი შვიდლერთან ერთად ჩნდებოდა საზოგადოებაში.
„სი-ტი გრუპი რეგიონი“ თავიდანვე დაინტერესდა ტერიტორიებით პერსპექტიულ რეგიონებში, სადაც მომავალში მშენებლობის დაწყება შეიძლებოდა. რუსეთის არაერთ რეგიონში უძრავი ქონების ბაზარი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე დედაქალაქში. საკუთარი რეგიონული პროექტების განვითარებისთვის ალექსანდრე ჩიგირინსკიმ კვლავ არასტანდარტული გადაწყვეტილება მიიღო – „სი-ტი გრუპი რეგიონი“ ჩაერთო ეგრეთ წოდებულ „ჩრდილოეთის პროგრამაში“, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები შიდა მიგრანტების სამხრეთ რუსეთში გადასახლებას ითვალისწინებს.
ამბობენ, მადა ჭამაში მოდისო და ალექსანდრე ჩიგირინსკი, რომელმაც წარმატებული ბრენდი ძმისგან მიიღო, მოსკოვურ და რეგიონულ პროექტებზე შეჩერებასაც არ აპირებს და სურს, „სი-ტი გრუპი“ საერთაშორისო ბრენდად აქციოს. ამ დიდი გეგმის ნაწილის განხორციელება უკვე დაიწყო. უმცროსი ჩიგირინსკის კომპანიამ ყირიმში, იალტაში მშენებლობისთვის ტერიტორია შეიძინა და იქ კლუბის აშენებას აპირებს. გარდა ამისა, კომპანია კიევშიც აპირებს რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას.
2007 წლის ნოემბრიდან „სი-ტი გრუპმა“ გაერთიანებული კომპანიის სახელწოდება შეიცვალა და მას „სნეგირი დეველოპმენტი“ ეწოდა. რებრენდინგი ცნობილი ბრიტანული სააგენტოს, „იდენტიკას“ დახმარებით განხორციელდა. დღესდღეობით „სნეგირი დეველოპმენტი“ რუსეთის ბაზარზე უმსხვილესი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დეველოპერული კომპანიაა. მას ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და აქვს ფინანსების მოზიდვის იშვიათი უნარი. „სნეგირი“ რეგიონებზეა სპეციალიზებული, რამაც დიდი ფინანსური მოგება მოუტანა. საინტერესო დეტალი – „სნეგირი დეველოპმენტის“ 16 პროცენტი 2008 წელს „მილჰაუს კაპიტალმა“ შეისყიდა, რომლის მფლობელიც რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩია. თავად ალექსანდრე ჩიგირინსკი ამჟამად კომპანიის აქციების 60 პროცენტს ფლობს.
ახალი სახელით კომპანიამ უკვე შეძლო რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება. 2008 წლის 5 სექტემბერს სოჭში პირველი საცხოვრებელი კომპლექსი „სანი ჰილი“ გაიხსნა. როგორც სახელიდანაც ჩანს, ის მზიან მაღლობზე, საკურორტო ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მცხოვრებლებს მზის სითბოსა და კომფორტს ჰპირდება.
2009 წლის აპრილში ალექსანდრე ჩიგირინსკის კომპანია „სნეგირი დეველოპმენტმა“ „რაშენ ლენდ ჯგუფის“ ყველა პროექტი მიიღო სამართავად, რომელიც ადრე მის ძმას, შალვას ეკუთვნოდა. უფროსმა ჩიგირინსკიმ თავისი ყველა აქტივი მინდობილობით ძმას გადასცა. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ძმები მათი კუთვნილი ბიზნესის გაერთიანებას არ აპირებენ. ალექსანდრე ძმის ვალების დაფარვას და მოგვიანებით „რაშენ ლენდის“ სარფიანად გაყიდვას აპირებს. თავად შალვა ჩიგირინსკი ვალების გამო უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც საქმეში ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, მისი დავალიანება 340 მილიონ დოლარს აღწევს.