რატომ არ აიყვანეს სტალინი მღვდლად და ნანობდა თუ არა ის ამის გამო
დიდი ხნის წინათ, შემთხვევით წავიკითხე ერთი პატარა რუსული მოთხრობა, რომელიც მეოცე საუკუნის ოციანი წლების მეორე ნახევარში გამოქვეყნდა მოსკოვის ერთ-ერთ იმჟამინდელ გამომცემლობაში.
მოთხრობის მოკლე შინაარსი ასეთია: ერთ მშვენიერ დღეს, ნადეჟდა კრუპსკაიამ მოსკოვის სკოლების ნორჩი მოსწავლეები წითელ მოედანზე ექსკურსიაზე წაიყვანა. როდესაც მოედანზე მრავალი მოსწავლე შეიკრიბა, კრუპსკაიამ მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბავშვებო! დაიჩოქეთ და ღმერთს შეევედრეთ, რომ მან ზეციდან საჩუქრები გამოგიგზავნოთ“. ბავშვებმა დაიჩოქეს და ღმერთს ვედრება დაუწყეს. გავიდა ხუთი წუთი, ათი წუთი, ნახევარი საათი, მაგრამ უფალი ღმერთი ზეციდან საჩუქრებს არ აგზავნიდა. გაწბილებული ბავშვები უკან წაიყვანეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ კრუპსკაიამ განმეორებით წაიყვანა წითელ მოედანზე ბავშვები, რომლებსაც ამჯერად შემდეგნაირად მიმართა: „ბავშვებო! დაიჩოქეთ და ძია ლენინს სთხოვეთ, რომ მან ზეციდან საჩუქრები გამოგიგზავნოთ“. დაჩოქილმა ბავშვებმა არ დააყოვნეს და ლენინს თხოვნა-ვედრებით მიმართეს. ცოტა ხნის შემდეგ, ციდან უამრავი სხვადასხვა სახის საჩუქრების ცვენა დაიწყო. ბავშვებმა ჟივილ-ხივილით და გაბრწყინებული სახეებით დაიწყეს კანფეტების, შოკოლადების, სათამაშოებისა და სხვა მრავალი საჩუქრის შეგროვება. კრუპსკაიამ ძალზე კმაყოფილ ბავშვებს ასე მიმართა: აი, ხომ ხედავთ, ღმერთმა არ შეისმინა თქვენი ვედრება და არაფერი გამოგიგზავნათ, ხოლო ძია ლენინმა თხოვნა შეგისრულათ და საჩუქრები გამოგიგზავნათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ღმერთი ძია ლენინიაო. რა იცოდნენ ბავშვებმა, რომ წითელ მოედანზე საჩუქრების ცვენა წინასწარ იყო მომზადებული და ეს ატმოსფეროში გაშვებული საჰაერო ბურთების მეშვეობით ხდებოდა.
ასე და ამგვარად განაწყვეს ბავშვები ღმერთის მოძულედ და გარდაცვლილი ლენინის მოსიყვარულედ. ხალხის ცნობიერებაში ნაწილ-ნაწილ, თანმიმდევრულად და მიზნობრივად ხდებოდა მითებისა და ზღაპრული ლეგენდების შეყვანა. ლენინის, თითქოსდა, მითიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახდენდნენ მისდამი რწმენის ჩამოყალიბებას და შემწყნარებლობას, რომ ლენინი მარადჟამს ცოცხალია, რომ ის ღმერთის შემცვლელი და ყოვლისშემძლეა...
აი, როგორ ეყრებოდა საფუძვლები ლენინის გაღმერთებას და გაფეტიშებას. თვით ლენინს კი ღმერთი არ სწამდა, ხოლო მისი სოციალიზმი შეუთავსებელი იყო რელიგიისადმი. ეგრეთ წოდებულ „ოქტომბრის გადატრიალებას“ მოჰყვა სისასტიკე, ძალადობა, სამოქალაქო ომი და ხალხთა გენოციდი. ჯერ კიდევ 1918 წლის თებერვალში ლენინი მოითხოვდა რეპრესიების გაძლიერებას. იმავე წლის 9 აგვისტოს ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო საბჭოს სახელზე გაგზავნილ წერილში ლენინი მოითხოვდა: „დაუყოვნებლივ უნდა მოაწყოთ მასობრივი ტერორი, გაიყვანოთ და დახვრიტოთ ასობით მეძავი, რომლებიც ათრობენ ჯარისკაცებს, ყოფილ ოფიცრებს და ასე შემდეგ. უნდა იმოქმედოთ გამალებით: მასობრივი ჩხრეკა, დახვრეტა იარაღის შენახვისთვის“. პენზის საგუბერნიო საბჭოს სახელზე გაგზავნილ ტელეგრამაში მიუთითებდა: „საეჭვო ხალხი ჩაკეტეთ ქალაქგარეთ საკონცენტრაციო ბანაკში“. 1918 წლის 5 სექტემბერს გამოიცა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტი – „წითელი ტერორის შესახებ“, რომელშიც მასიურ დახვრეტათა გარდა, ნათქვამი იყო: „გაიწმინდოს საბჭოთა რესპუბლიკა კლასობრივი მტრებისაგან, მათი საკონცენტრაციო ბანაკებში იზოლირებით“. არადა, იმ დროს ბანაკებს ყოფილ მონასტრებში აწყობდნენ. ასე იყო მოსკოვში ანდრონიკოვის, ნოვოსიბირსკის და ივანოვსკის, რიაზანისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ქალთა მონასტრებში.
ლენინის დროს ქადაგებდნენ რა მარქსის გამონათქვამს – „რელიგია ხალხის ოპიუმია“, ავრცელებდნენ ლოზუნგებს: „დაარტყით ბურჟუებს“, „დაარტყით კონტრას“, „დაარტყით ხუცესებს“ და ასე შემდეგ. თუ რას უშვრებოდნენ იმ დროს მღვდელმსახურებს და მონაზვნებს, ალბათ, ყველასთვის მისახვედრია და განსჯას არ ექვემდებარება. საერთოდ, ამდაგვარი წერილებით, ლოზუნგებით, მოწოდებებით, მითითებებითა და დირექტივებით სავსეა ანტიქრისტე – ლენინის თხზულებათა ტომები.
სტალინს არასოდეს ულაპარაკია და დაუწერია, მით უმეტეს, საჯარო გამოსვლებში და პრესაში ვინმეს დახვრეტაზე, მოსპობაზე, განადგურებაზე... მისი შრომებიდან და საერთოდ, ჩანაწერებიდან ცნობილია მხოლოდ ერთადერთი სალანძღავი სიტყვა „სალახანა“.
ლენინის შემდეგ სტალინმა განსაზღვრა, თუ რა აუცილებელი პირობები იყო საჭირო სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისა და მრავალეროვნული სახელმწიფოს შემდგომში არსებობისთვის. მისი პოლიტიკური მრწამსი ძირითადად იქიდან გამომდინარეობდა, რომ „შიში შეიქმს სიყვარულსა“. ეს იყო რწმენა, რომლის გარეშე ისეთი დიდი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა, როგორც მიწის ბელტი, უცბად დაიშლებოდა...
1937-1938 წლებში ქვეყანას რეპრესიების ტალღამ გადაუარა, რომელსაც, როგორც დამნაშავე, ასევე უდანაშაულო ხალხიც შეეწირა. ნათქვამია, „როცა ტყეს ჩეხენ, ნაფოტები ცვივაო“, მაგრამ აქ მთავარი ის იყო, რომ რეპრესიების ბორბალი პირველად იმათ წინააღმდეგ ტრიალებდა, ვინც მისი ბრუნვა დაიწყო და რომ მათ, ყველამ სიცოცხლე 1937-1938 წლებში დაამთავრეს...
ალბათ, საინტერესოა, ვიცოდეთ სტალინის დამოკიდებულება და პოზიცია რელიგიისადმი. ილუსტრაციის სახით მოგვყავს 1930 წლის 17 იანვარს მის მიერ მაქსიმ გორკისადმი გაგზავნილი წერილიდან ერთი ამონარიდი: „თქვენ სავსებით მართალი ხართ, ჩვენს პრესაში დიდი არეულ-დარეულობაა ანტირელიგიური პროპაგანდის საკითხებში. ზოგჯერ წარმოუდგენელ სისულელეებს სჩადიან, რომლებიც ხელს უწყობს მტრებს. ამ დარგში უდიდესი მუშაობა მოგველის“...
მარშალ ვასილევსკის მემუარებიდან – „მთელი ცხოვრების საქმე“, მოგვყავს ზოგიერთი ადგილი: 1940 წლის ზამთარში პარტიის ცეკას პოლიტბიუროს საკმაოდ გაჭიანურებული სხდომის შემდეგ, სტალინმა მისი ყველა მონაწილე სადილზე მიიპატიჟა. მისი ბინა, კრემლში, მისი კაბინეტის ქვეშ, ერთი სართულით ქვემოთ იყო განლაგებული.
ერთ-ერთი მორიგი სადღეგრძელოს წარმოთქმისას სტალინმა ვასილევსკის ჯანმრთელობა უსურვა, შემდეგ კი მოულოდნელი შეკითხვა მისცა: „სასულიერო სემინარიის დამთავრებისას ვასილევსკი რატომ არ წავიდა მღვდლად?“ შეკითხვით ოდნავ შემკრთალმა ვასილევსკიმ უპასუხა, რომ არც თვითონ და არც მამამისს ასეთი სურვილი არ ჰქონიათ... სტალინს ულვაშებში ჩაეღიმა და შენიშნა: „ასე, ასე, თქვენ ასეთი სურვილი არ გქონდათ. გასაგებია. აი, მე და მიქოიანს გვინდოდა მღვდლობა, მაგრამ რატომღაც არ აგვიყვანეს. რატომ, დღემდე ვერ გაგვიგია“.
შემდეგ სტალინმა ვასილევსკის შესთავაზა, რომ დაუყოვნებლივ აღადგინოს მშობლებთან კავშირი და მუდმივად აღმოუჩინოს მათ მატერიალური დახმარება. ამ ნებართვის შესახებ კი აცნობოს გენერალური შტაბის პარტორგანიზაციას. საქმე ის იყო, რომ ადრე ვასილევსკიმ პარტიის რიგებში შესვლისას, ანკეტაში დამალა თავისი წარმოშობა და არ მიუთითა, რომ მამა მღვდელი ჰყავდა. არადა, სტალინი ყოველივე ამის შესახებ საქმის კურსში იყო და ყველაფერი დაწვრილებით იცოდა.
სტალინი, რომელსაც ჭაბუკობისას საფუძვლიანი რელიგიური განათლება ჰქონდა მიღებული, სწავლობდა რა, ჯერ, გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში, ფაშისტურ გერმანიასთან ომის დროს ხშირად მიმართავდა ღმერთს დახმარებისთვის. 1941 წლის 3 ივლისს, რადიოში გამოსვლისას, სტალინმა მიმართა საბჭოთა ხალხს, რომ მათ მტრისთვის საღმრთო ომი გამოეცხადებინათ. როდესაც გერმანელები მოსკოვს მიადგნენ, სტალინს მოუყვანეს ნათელმხილველი, ვინმე პრასკოვია. ამ ქალმა სტალინს ურჩია, მოსკოვის ზეცის გარშემო ღვთისმშობლის ხატი შემოეტარებინათ. ეს რჩევა მიიღეს და მეორე დღეს თვითმფრინავით ღვთისმშობლის ხატი მოსკოვის გარშემო შემოატარეს. ასე იყო თუ ისე, ისტორიულად ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ მოსკოვთან განიცადეს ყველაზე დიდი მარცხი გერმანიის ჯარებმა და მაშინ დაიწყო მათი საბოლოო განადგურება.
სტალინის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო მარშალი ბორის შაპოშნიკოვი, რომელსაც სტალინი განსაკუთრებით პატივს სცემდა და გულთბილად ეპყრობოდა. მისი სწამდა და სჯეროდა. სხვათა შორის, შაპოშნიკოვს სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და დიდ მორწმუნედ ითვლებოდა. სწორედ მან ურჩია სტალინს გადასახლებიდან გაეთავისუფლებინათ და უკან დაებრუნებინათ მღვდლები, გაეხსნათ ყველა ეკლესია და ჩამოეტარებინათ ხატები ალყაშემორტყმულ ლენინგრადსა და სტალინგრადში. სტალინმა შაპოშნიკოვის ყველა რჩევა უყოყმანოდ მიიღო და შეასრულა. თითქოს ეს ლეგენდებია, მაგრამ სინამდვილეში, ომის ყველაზე საშინელ მომენტებში, ყველაფერი ასე სრულდებოდა. ყოველივე ეს და ასევე სტალინის უდიდესი მხედართმთავრული ნიჭი აღმოჩნდა ის უპირატესობა, რომელმაც მას შეაძლებინა, მოეკრიბა ძალა და ერწმუნა საბოლოო გამარჯვება. მთავარი კი ის იყო, რომ მან ფაშიზმის უღლისგან გადაარჩინა საბჭოთა კავშირი და მასთან ერთად მთელი ევროპა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 18 წლის განმავლობაში რუსეთს არ ჰყავდა პატრიარქი. 1943 წელს სტალინმა გამოიჩინა ინიციატივა და კრემლში მიიღო რუსეთის სინოდის წევრები, რომლებმაც პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი სერგი. 1943 წლის 14 სექტემბერს საქართველოს პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ოფიციალური წერილით მიულოცა სერგის რუსეთის პატრიარქად არჩევა და გამოთქვა სურვილი, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის აღდგენილიყო ურთიერთობა. საპასუხო წერილში პატრიარქი სერგი გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ პრობლემა მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილიყო. რუსეთის ეკლესიის პოზიციის დადებითად გადაწყვეტაზე გავლენა იოსებ სტალინმა მოახდინა, რომელმაც პატრიარქ სერგის ჰკითხა: „როდემდე უნდა იყოთ ასეთ არანორმალურ დამოკიდებულებაში საქართველოს ეკლესიასთან“. ასე იყო თუ ისე, 1943 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
მიუხედავად ბოლშევიკური იდეებით მიღებული განსწავლულობისა, სტალინი სულის სიღრმემდე ღვთის მორწმუნე იყო. მისი პირადი დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის მოგონებიდან შეიძლება, გამოვყოთ ერთი რეალური ფაქტი. კრემლიდან გასვლის წინ, სტალინი იქვე მდებარე პატარა ოთახში შედიოდა, ცოტა ხნით ყოვნდებოდა და შემდეგ განაგრძობდა გზას. თევდორაძის რწმენით, სტალინი იმ ოთახში ლოცულობდა. სტალინის ასეთი საქციელი დასაჯერებელია, რადგან მას გააჩნდა რიდი რელიგიისა და ღმერთისადმი, რაც მას გორის სასულიერო სასწავლებლიდან და თბილისის სასულიერო სემინარიიდან მოჰყვებოდა.