რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა“, 1991 წლის, ეგრეთ წოდებული „პლიტა“ ძრავით. ერთი დღე თუ გაივლის ისე, რომ არ დავქოქე, მეორე დღეს აღარ იქოქება. აკუმულატორი ახალია. საწვავის ავზი მოვხსენი, გავასუფთავე, ფილტრიც გამოვცვალე, მაგრამ არ უშველა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: იქნებ დაზუსტებით აგვიხსნათ ძრავა იწყებს ტრიალს და არ იქოქება თუ საერთოდ არ ტრიალებს. სხვადასხვა შემთხვევაში მიზეზები აბსოლუტურად განსხვავებულია. იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დაქოქვის დროს რა მდგომარეობაა – დენი იკლებს თუ არა, როდის ახერხებს დაქოქვას, გახურების შემდეგ იქოქება თუ მაინც – ცივზე წვალებით. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანალიზის გასაკეთებლად და ამიტომ, იქნებ დაწვრილებით აღწეროთ ყველაფერი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პეჟო-605“, 3.0 ძრავის მოცულობით, მართვის ავტომატური კოლოფით. ეს ორი-სამი დღეა 5-6 კილომეტრის გავლის შემდეგ თავისით ჩერდება. არ იღებს დაბალ სიჩქარეებს და მხოლოდ უკუსვლით იწყებს მოძრაობას. მაინტერესებს, ვის მივმართო, რა გავაკეთო? ზეთი შეცვლილი მაქვს. მაინტერესებს აგრეთვე, თუ შეიძლება, ამ მოდელში სხვა მოდელის ავტომატური კოლოფის ჩაყენება?
პასუხი: „პეჟო-605-ის“ მოდელებზე სხვა მოდელის მართვის ავტომატური კოლოფი არ მონტაჟდება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრათ, ყველაზე კარგი იქნება თუ ეგრეთ წოდებულ „დაშლილებში“ იპოვით მთლიან კოლოფს მუშა მდგომარეობაში. მის შეკეთებას ცოტა თუ ახერხებს საქართველოში და თან, საკმაოდ ძვირი ჯდება. პრობლემა შემდეგია: დაზიანებულია ეგრეთ წოდებული „ფრიქციონები“, რაც შესაძლოა, ზეთის შეცვლამაც გამოიწვია, რადგან არასწორად იქნა შეცვლილი. ან უკვე ისე იყო ეს დეტალი დაზიანებული, ზეთის შეცვლამაც ვეღარ უშველა. თუმცა, აღნიშნული პრობლემა შეიძლება, კოლოფში ზეთის ნაკლებობასაც გამოეწვია. ამიტომ, გადაამოწმეთ კოლოფში ზეთის დონე. ამ მოდელში, ავტომატურ კოლოფში ზეთის დონე სიჩქარეში ჩაგდებულ, დაქოქილ ავტომობილზე ისინჯება.