ვისთან არ არის ჯაბა კილაძე აზიატი და „დესპოტი“ და რა სიგიჟე „აიცდინა“ მაკა ზამბახიძემ
ორივე ეს ადამიანი გადასარევად აკეთებს თავის საქმეს, აქვთ უდიდესი ნიჭი და, რაც მთავარია, შეყვარებულები არიან საკუთარ პროფესიაზე. მაკა ზამბახიძემ და ჯაბა კილაძემ მაყურებლის სიყვარული ძალიან მალე დაიმსახურეს. ის ბუნებრიობა და სითბო, რომელიც მათ კარიერის დასაწყისში ჰქონდათ, არ განელებიათ და თავიანთ საქმეს ძველებური ენთუზიაზმით აკეთებენ.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მაკა ზამბახიძე
– ერთი და ორი დღე არ არის, რაც ერთმანეთს ვიცნობთ და, მინდა, ეს მკითხველსაც ვუთხრა: ერთმანეთი „იმედში“ გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს...
– აუცილებლად მინდა, ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, რომელსაც ჰქვია მაკა. იმიტომ კი არა, რომ ახლა აქ ვართ, დედას გეფიცებით, მართლა ასეა. უნიჭიერესი ხარ და, მიხარია, რომ დაგიფასდა. ყველაზე მეტად კი, იცი, რა მომწონს? რომ უდიდესი წარმატების შემდეგ ზუსტად ისეთივე დარჩი, როგორიც იყავი. როგორიც გაგიცანი, ისეთივე კი არა, უფრო უკეთესიც ხარ. იგივე მინდა ვთქვა რატიზეც.
– ძალიან, ძალიან ცნობილი სახე მაინც „შუა ქალაქიდან“ გახდი, რომელიც უზომოდ მიყვარს, მაგრამ, შენ თუ მოგწონს ეს როლი?
– ძალიან. რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს და შემიყვარდა. კეთილი გმირია, ალალი, გულუბრყვილო, თან, ბავშვებს უყვართ და ეს ძალიან მახარებს. აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპაჟს ვთამაშობ, რაც ჩემთვის საინტერესოც არის.
– შენს ცხოვრებაში სიყვარულების ამბები მაინტერესებს, მაგრამ, ვიცი, ამაზე საუბარი არ გიყვარს, ამიტომ, ერთს გკითხავ – ახლა „მარტოკინა“ ხარ?
– კი, „მარტოკინა“ ვარ.
– არც გიფიქრია ცოლის მოყვანაზე?
– იცი რა, არასდროს ვყოფილვარ იმ ბიჭების კატეგორიაში, რომელთაც აქვთ პერიოდი – აუ, აუცილებლად ცოლი უნდა მოვიყვანოო. მაშინაც კი, როდესაც ცოლი მოვიყვანე. ამაზე ასე ცალკე, განყენებულად არ მიფიქრია. თუ შემიყვარდა ადამიანი და ჩვენი ურთიერთობა იმ ზომამდე, განვითარდა, რომ მივხვდით, ის ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ – ასეც იქნება. თუმცა, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ურთიერთობაც, რომელიც განვითარდა, მაგრამ ქორწინებამდე არ მივიდა და ამაში საგანგაშო არაფერია. ცხოვრებაა, ხან ისე იქნება, ხან – ასე.
– საერთოდ, რას ნიშნავს ბიჭისთვის ოჯახის მეორედ შექმნა? თუ ერთი ოჯახი დაენგრათ მეორედ ცოლის მოყვანა რატომ უჭირთ?
– არა, მგონია, რომ ეს პოზაა, რომელიც მამაკაცების უმრავლესობას უაზროდ უჭირავს. სულ მარტო ხომ არ იქნები, ცოლს მოიყვან, აბა რას იზამ?! მაგრამ, სირთულეები, რა თქმა უნდა, ახასიათებს. ჩემთვის ალბათ ძნელი იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება. ქალი აბსოლუტურად უნდა აკმაყოფილებდეს ჩემს კრიტერიუმებს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა.
– რა არის ჯაბას კრიტერიუმები? მომთხოვნი ხარ?
– არა, სხვათა შორის. რასაც ქალისგან ვითხოვ, ის კონტროლსა და მის შეზღუდვას არ გულისხმობს. არ ვარ აზიატი, დესპოტი, თავისუფლებას არ ვართმევ. ანუ ხასიათის არც ერთი „ჩოტკი“ თვისება, რომელიც ქართულ ოჯახში, ქართველ მამაკაცში იკვეთება, ჩემში არ ზის. მაგრამ ცოლქმრობის დროს ჩნდება ნიუანსები, რომლებიც, თუ საკუთარ თავზე არ გამოგიცდია, ვერ გაიგებ. ცოლქმრობამდე, მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანთან, უბრალოდ, დადიხარ, ჩნდება ისეთი ნიუანსები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე მესიჯების „გაჩითვა“ ტელეფონში, ანუ, სხვა რაღაცეებს ვაქცევ ყურადღებას.
– ვიზუალს აქვს ხომ შენთვის მნიშვნელობა?
– რა თქმა უნდა, ვიზუალს აქვს მნიშვნელობა, თუმცა, მარტო ეს არ არის მთავარი. წლები რომ გადის, ხვდები, რომ ვიზუალი ისეთი თემაა, ბევრი არაფერი მოაქვს, მთავარი ურთიერთობაა, როგორ გრძნობთ თავს ერთად. ცხოვრებაში, რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, რომ ეს ასე არაა, ყველაფერი ორმხრივია, ოღონდ, ეს ანგარება კი არ არის, უბრალოდ, როდესაც ადამიანს რაღაცას აძლევ, თუნდაც მეგობრობაში, თუ მან იგივე არ დამიბრუნა, ხვალ მის მიმართ დამოკიდებულება შემეცვლება და ეს ლოგიკურია. როდესაც ქალს სიყვარულს, სითბოს აძლევ, იქიდანაც ყველაფერი ისევე, ძალიან მაღალ დონეზე უნდა ბრუნდებოდეს. თუ მიყვარს, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ას-ორმოცდაათი ათასი პროცენტით ვიხარჯები და, თუ იქიდანაც რაღაც არ მოდის, საშინელებაა.
– არადა, გოგონები სულ პირიქით ამბობენ ხოლმე, რომ ქართველი ბიჭები არ არიან სათანადოდ ყურადღებიანები და თბილები... ჯაბა, რომელიც ასეთია, რატომ შეიძლება, რომ მის მიმართ ნაკლები სითბო გამოამჟღავნონ?
– არა, ამ მხრივ პრობლემა არასდროს მქონია – ვინც მყვარებია, ყველას მხრიდან უდიდესი სიყვარული მიგრძნია. ურთიერთობა ისეთი რაღაცაა, რასაც ასე ვერ ახსნი, იმპულსებზე, შეგრძნებებზეა ბევრი რამ დამოკიდებული. სიყვარულის დამთავრებაში ქალისა და კაცის ბრალი ერთნაირია, თუ, საერთოდ, ბრალეულობაზე ვილაპარაკებთ. მთავარი ისაა, რომ არც ერთმა მხარემ არავითარ შემთხვევაში, არც ერთი წუთით არ უნდა მოადუნოს ყურადღება.
– ამაში ასი პროცენტით გეთანხმები.
– თუ რამე ხდება, ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე. არ არის ისე, რომ, მარტო კაცმა უნდა აკეთოს ყველაფერი ან – პირიქით, ეს ერთი მთლიანობაა, შეყვარებული ადამიანები ერთ არსებად უნდა იქცნენ, რაც ჩემს და შენს გასაკეთებლად არ იყოფა.
– შენს შვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ცუდია ის, რომ მასთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს...
– მეც, სხვათა შორის. არ გეგონოს, რომ მხოლოდ შენ გაქვს ასეთი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.
– სწორედ ამის თქმა მინდოდა, რომ იმ უდროობას, უამრავ საქმეს, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებ, თან ერთვის ის, რომ ჩემს შვილთან არ ვცხოვრობ და, ძალიან გვიან, სახლში რომ მივალ და ხუთი წუთი მაინც მოვეფერო ძილის წინ, ამის საშუალებაც არ მაქვს. თამთასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, პრობლემა არ არის, მაგრამ, როცა ვიცლი, ბავშვს უკვე სძინავს. ამიტომ კვირაში ერთ ან ორ დღეს ვნახულობ, კინოში მიმყავს, სადღაც ერთად ვერთობით. როცა ერთად ვართ, თავს გადასარევად ვგრძნობთ, კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– სპექტაკლებზე არ დაგყავს?
– კი, რამდენიმე საბავშვო სპექტაკლზე მყავდა და ძალიან მოეწონა, მაგრამ, იმისთვის, რომ „ჯინსების თაობა“ ნახოს ძალიან ცოდოა. ანუ ჩემი სპექტაკლები ჯერ ნანახი არ აქვს.
– სერიალი, სადაც თამაშობ, პრაქტიკულად თეატრია, მაყურებლითა და ცოცხალი თამაშით. რატომ განასხვავებენ მაინც ერთმანეთისგან?
– არა, მაინც დიდი სხვაობაა. სცენასა და თეატრს თამაშის აბსოლუტურად სხვა დოზები უნდა, კამერას კი – სულ სხვა. დოზირების ოდნავი მომატებაც კი იწვევს ეგრეთ წოდებულ „ნაიგრიშს“, რაც ძალიან ცუდად ჩანს. მაგრამ, მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე ცოცხალი ორგანიზმია და, ჩათვალე, რომ ყოველ კვირას მინიპრემიერას ვთამაშობთ. ყველას ძალიან მოსწონს გადაღებაზე დასწრება და ეს მუხტი არაჩვეულებრივად მოქმედებს.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ჯაბა კილაძე
– მაკა, შეგეძლო, რომ „იურმალის“ შემდეგ დარჩენილიყავი რომელიმე ქვეყანაში და კარიერა იქ გაგეგრძელებინა? უკვე ორი წლის შემდეგ, როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი, რომ არ დარჩი?
– აუცილებლად სწორად მოვიქეცით. ის, რომ დავრჩენილიყავით რუსეთში, გვეცხოვრა კომფორტში, ვეტარებინეთ ხელისგულზე, არ გადაწონიდა იმას, რასაც აქედან იმ სიტუაციაში წასვლის სირთულე ჰქვია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხალხის სიყვარულს დავკარგავდით, არ მოეწონებოდათ ეს ნაბიჯი და შინაგანად ჩვენთვისაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო იმ სიტუაციაში იქ დარჩენა. რა სურვილზე იყო ლაპარაკი, ცხვარიჭამიაში ვერტმფრენებმა რომ გადაგვიარეს, მაგრამ, თავიდან ბოლომდე ვაცნობიერებ, რამხელა შანსი გავუშვით ხელიდან და როგორ კარიერაზე ვთქვით უარი.
– რთულია, როდესაც მომღერალი ხარ, გიჟდები შენს საქმეზე და აწყობილ კარიერაზე ამბობ უარს.
– ამასთან შეგუება მერე უფრო რთული აღმოჩნდა. იმ წუთას სხვა არაფერი გვიფიქრია, მაგრამ მერე და მერე რომ გავაცნობიერეთ რამხელა ამბავი აგორდებოდა – კონცერტები, ტურნეები, სიმღერები – მართლა ძალიან ცუდად იმოქმედა.
– მაგრამ, ვიცი, რომ თქვენ აქაც ძალიან ბევრს მუშაობთ.
– დიახ, ახალ წელს იყო საოცრება, უზომოდ ბევრი სამუშაო გვქონდა. მაშინ კი ვწუწუნებდი, არაფერი აღარ მინდა-მეთქი, მაგრამ ახლა მენატრება. ჩვენი ახალი სიმღერა – „ესა-მესა“ – გაჰიტდა და ხალხს საოცრად შეუყვარდა. მოკლედ, ბევრი რაღაც იყო.
– არ შემიძლია, ბავშვზე არ გკითხო: როგორ არის, რას შვრება? აქვე ისიც მითხარი, მეორე შვილს ხომ არ ელოდები?
– ვაიმე, არა, მაგრამ, სადაც არ უნდა მივიდე ყველა ამას მეკითხება. ამას წინათ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუდან დამირეკეს, ორსულად ხომ არ ხართო. არა, მაგრამ, როდის გაქვთ გადაღება, იქნებ, მანამდე რამე მომესწრო-მეთქი (იცინიან). მაგრამ იმ პარასკევამდე ვერ მოვასწარი.
– ესე იგი, ეს ზარი ვახოსთან უნდა გაეშვათ (იცინიან).
– ჰო. ძალიან გვინდა შვილი, მართლა. ახალ წლამდე ისეთი გადარბენა და ამბავი იყო, რომ ამაზე ფიქრი სიგიჟე იქნებოდა, იმ მდგომარეობაში ამ ყველაფრის გადატანა და მოსწრება აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი შეიძლება.
– მეორედ შექმნილი ოჯახი ცოტა ისეთი თემაა...
– პირველიც, მეორეც – ზოგადად, ეს ძალიან სათუთი თემაა.
– კი, მაგრამ, პირველ ოჯახს მაინც ისე ქმნი, ბევრ რამეზე არ ფიქრდები, ემოციებს მიჰყვები. მეორედ უფრო ბევრს ფიქრობ. გამართლდა შენი წარმოდგენები ამ შემთხვევაში?
– მე და ვახო ისე ვუგებთ ერთმანეთს, იმდენად ბევრი გვაქვს საერთო, ისე ერთნაირად ვაზროვნებთ, რომ მართლა გაოცებული ვარ. ჩვენი ბავშვობის საქციელიც კი ემთხვევა ერთმანეთს: შენ ასე აკეთებდი? უი, მეც ეს მიყვარდა, მეც ასე ვიყავი!.. ერთნაირი ტიპაჟები აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ ვახო ბუნებით წყნარია, მე კი – ცოტა გიჟქალა, საოცრად ვავსებთ ერთმანეთს. ვფიქრობ, ვახო მაშინ რომ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც პირველად გავთხოვდი (მაშინ 17 წლის ვიყავი), ჩვენი ოჯახი სტაბილური იქნებოდა. ისე კომფორტულად ვართ ერთად, რომ, ვერც აღვიქვამ როგორც ქმარს, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით.
– ძალიან დაძმურშიც ნუ გადახვალთ! (იცინიან).
– არა, საღამოს მახსენდება რომ ქმარია (იცინიან) ხუმრობის გარეშე, ხომ მიხვდი, რასაც ვგულისხმობ. მასთან შემიძლია, ყველაფერზე ვისაუბრო. თუ რაღაც რჩევას ან შენიშვნას მაძლევს, ამასაც მეგობრული ტონით აკეთებს და არა ისე: ოჰ, ოჰ, ოჰ! ასე მოიქეცი ისე მოიქეცი!
– გინატრიათ, რომ სუფთა ფურცლიდან დაგეწყოთ თქვენი ურთიერთობა?
– ვაიმე, რამდენჯერ, რომ იცოდე. ამას ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, მაგრამ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
– ამაში არ გეთანხმები, რადგან, მიმაჩნია, რომ ცხოვრება ზუსტად ესაა – შეცდომები, სიხარული, ტკივილი. ის რაღაც ჩანაწერები რომ არ იყოს შენს წიგნში ერთმანეთის ფასი შეიძლება ვერ გაგეგოთ – ესეც არის. თან, ამ ყველაფრით ხდება ცხოვრება საინტერესო.
– კი, მაგრამ, ის ტკივილი, წყენა და ცუდი, რაც შენს ცხოვრებაში ყოფილა, მაინც ტოვებს სერიოზულ კვალს და ნარჩენებს.
– კარგისა და ცუდის გარჩევას ამით სწავლობ და კარგს ასმაგად აფასებ. ურთიერთობებში სიმარტივეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
– ასეა თუ ისე, ხშირად გვითქვამს ერთმანეთისთვის მაშინ რომ შევხვედროდით, როგორ დაიწყებოდა ჩვენი ურთიერთობა. თან, ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო და დღემდე ვსაყვედურობ – გოგო, აქამდე სად იყავი-მეთქი (იცინიან). მაგრამ, ალბათ, ყველაფერი მაინც კანონზომიერად ხდება. ვახო იმ ეტაპზე გამოჩნდა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში უამრავი სიახლე იყო, კარიერასა და პირად ამბებში კარგი პერიოდი დაიწყო და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. თან ისეთი ადამიანი ვარ, არ მჭირს ეს უცები, თავბრუდამხვევი სიყვარულები. ჩემთვის ახლობლების, მეგობრების აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას, რომ მოსწონს და ყველას რომ უყვარს, უბედნიერესი ვარ და უფრო მიყვარდება. ვახო ჩემს მეგობრებს რომ გავაცანი, ისეთი სიმპათიები წამოვიდა, რომ ამანაც მომცა სტიმული.
– მაკა, პლასტიკურ ოპერაციებზე რა აზრის ხარ? ვარსკვლავი ხარ, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი. შენი კოლეგები ასაკთან ერთად ხშირად მიმართავენ ასეთ ოპერაციებს.
– შენ რას შეცვლიდი ჩემში?
– (იცინიან) ჩემი მხრიდან ეს არასწორი საქციელი იქნება. ძალიან მომწონხარ.
– სიმაღლეს არ მომიმატებდი?
– არ ვიცი. ისე, შენს ადგილას რომ ვიყო, სიამოვნებით ჩავატარებდი ექსპერიმენტებს. მაგალითად, პინქი, ლედი გაგა ძალიან მაგარი მომღერლები არიან და, თან, ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტებს.
– გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება დიდად არ მიყვარს – უცნაური ვარცხნილობები, მაკიაჟი, ჩაცმულობა და სხვა. ადრე ძალიან მინდოდა ტუჩის კორექცია, გადიდება, მაგრამ, მერე ყველამ მითხრა, არ მოგიხდებაო, ვახომაც – ასეთი მომეწონე და შენი დიდი ტუჩები რად მინდაო და ასე გადამაფიქრებინეს. ვფიქრობდი, შეიძლებოდა ამის გაკეთება. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეკრანზე ეს არ მაწუხებს, თვალში ცუდად არ მხვდება.
– საოცრად ფოტო და ტელეგენური ხარ – ამის აღნიშვნა მეც მინდა. ცხოვრებაში ხომ კარგი ხარ, მაგრამ, ეკრანზე – საერთოდ!
– არადა, იცი როგორ მიკვირს, როდესაც მეუბნებიან, ლამაზი ხარო?! მგონია, რომ გულს მიკეთებენ, ძალიან ვუყვარვარ, ვინც ამას მეუბნება და იმიტომ ვგონივარ ლამაზი. ერთი წამითაც კი არ მელამაზება საკუთარი თავი.
– სილამაზის სტანდარტი არ არსებობს, ძალიან ლამაზი ხარ და მოვრჩეთ ამ კამათს (იცინიან)!
– დიდი მადლობა, ჩემო კარგო!