შიშველი ტერორი
ვანკუვერში დასრულებულ ზამთრის ოლიმპიადაზე ბელორუსის ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია და ამის გამო გუნდის თავკაცი მიხეილ ზახაროვი სასტიკად გააკრიტიკეს. გასულ კვირას მწვრთნელი ტელევიზიაშიც მიიწვიეს და კრიტიკა არც იქ დააკლეს. ბოლოს ზახაროვმა იფეთქა:
„შეთანხმებული ვიყავით, რომ ამას არ ვიტყოდით, მაგრამ კანადელებთან გადამწყვეტი მატჩის წინ ჩვენ ტერორი მოგვიწყვეს. სხვა ვერაფერს დავარქმევ იმას, რაც იქ მოხდა. გასახდელი დაიტბორა და ამიტომ ქალი ჰოკეისტების გასახდელში შეგვიშვეს. იქ იმ დროს ფინეთის ქალთა ნაკრები იყო და ჩვენ ერთმანეთისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა, შუაში ცელოფანი ჩამოაფარეს. ცელოფნის ორივე მხარეს ყველაფერი ჩანდა. როცა თეორიულ მუშაობას ვატარებდი, ფინელმა გოგონებმა გამოცვლა დაიწყეს. ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემი შეგირდები რა დღეში ჩაცვივდებოდნენ? თანაც, ისინი ისე იცვლიდნენ, გეგონებოდათ, სტრიპტიზს ცეკვავენო. ამის შემდეგ თამაშზე კონცენტრირება გამორიცხული იყო“, – განაცხადა მწვრთნელმა და ფინელი ჰოკეისტების ფოტოც გამოამზეურა.