შეივსეთ ორგანიზმი კალიუმით, ნატრიუმითა და ქლორით
თუ საკვებით მოწამვლის ან ზედმეტი კვების შემდეგ კუჭმა ძალიან შეგაწუხათ, კარგი იქნება, დაახლოებით ათი საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ ჭამისგან, რადგან, ამ დროს აუცილებელია, კუჭმა დაისვენოს. სამკურნალო შიმშილის შემდეგ კი შეგიძლიათ, მიიღოთ საკვები მცირე ულუფებად, 4 საათში ერთხელ. უმჯობესია პირველ დღეს მიირთვათ ორცხობილა, კეფირი, წყალში მოხარშული ბრინჯი, შვრიის ფაფა; მეორე დღეს – ქათმის ბულიონი, ბრინჯის წვნიანი, მოხარშული თევზი ან ხორცი, კარტოფილის ან სტაფილოს პიურე.
ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შიმშილით ვერ მოიწესრიგებთ კუჭის მოქმედებას. იმისთვის, რომ ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოიდევნოს, აუცილებელია, ყოველ საათში ერთხელ მიიღოთ დაახლოებით 200-250 გრამი სითხე – დალიეთ ოდნავ დამტკბარი, თბილი, ღია შეფერილობის ჩაი.
თუ მარილიანი საკვები მოგინდათ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმმა დაკარგა არა მხოლოდ სითხე, არამედ ნატრიუმიც და ქლორიც. ამ დროს გირჩევთ, გახსნათ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში და, რომ გაგრილდება, დიდი ყლუპებით დალიოთ.
სტაფილოს ან კარტოფილის ნახარში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს კალიუმის აღდგენაში: აიღეთ 3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი ან სტაფილო, გახეხეთ, დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ და დაახლოებით 20 წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ, გემოვნებით მოაყარეთ მარილი და მიირთვით.
უშაქროდ მოხარშეთ ჭერმის ჩირი, ქიშმიში და ბანანი. სვით ეს წვენი და შეივსეთ ორგანიზმი კალიუმით.