რომელ დღეს ეწოდა აღდგომის შემდეგ ქართულ ენაში უფლის დღე და როგორ უნდა იქცეოდნენ ქრისტიანები ამ დღეს
სულ მალე მთელი მართლმადიდებლური სამყარო 12 მოძრავი დღესასწაულიდან ერთ-ერთ ყველაზე აღმატებულს, იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი სიხარულისა და იმედის მომტანია. ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, როგორ აღნიშნავდნენ და რას აკეთებდნენ ძველი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულზე?
– იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულს, სხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან შედარებით, განსხვავებულად აღნიშნავდნენ. იქ მოქმედება ახალ აღთქმაში აღწერილ, რეალურ, ისტორიულ ადგილებში მიმდინარეობს, თანაც ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავთან ხდება მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა. ძველად ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განმავლობაში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ საზოგადო მსახურებისთვის. პირველ ქრისტიანთა ღვთისმოსაობის შესაბამისად, მეექვსე საუკუნის მსოფლიო კრებაზე მორწმუნეებმა დაადგინეს: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღიდან კვირაცხოვლობამდე, მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, მორწმუნენი ყველა ტაძარში განუწყვეტლივ უნდა გალობდნენ, იხარებდნენ და ზეიმობდნენ ქრისტეში, საღვთო წერილს კითხულობდნენ და წმიდა საიდუმლოებით ტკბებოდნენ. ამრიგად, ქრისტესთან ერთად ჩვენც აღვდგებით და ავმაღლდებით. ამის გამო, აღნიშნულ დღეებში არამც და არამც არ ტარდება დოღი და სხვა სახალხო სანახაობები“. ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განამშვენებდნენ ღვთის სათნო საქმეებით, მოწყალებით, ქველმოქმედებით, უფლის მიბაძვით, რომელმაც თავისი აღდგომით ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებიდან გამოგვიხსნა. ღვთისმოშიში მეფეები აღდგომის დღეებში საპყრობილის კარებს ხსნიდნენ და ტყვეებს შეუნდობდნენ (მაგრამ არა სისხლის სამართლის დამნაშავეებს). უბრალო ქრისტიანები ამ დღეებში შეეწეოდნენ ღატაკებსა და უპოვართ. აღდგომის დღეს ნაკურთხ საჭმელს ღარიბებს ურიგებდნენ და შეეწეოდნენ.
– მამა გიორგი, როგორ ხდება აღდგომის თარიღის გამოთვლა?
– უძრავი დღესასწაულების (შობა, ნათლისღება, ხარება და ასე შემდეგ) საეკლესიო წრე მიმდინარეობს მზის წლისგან დამოუკიდებლად. რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, ყველა მოძრავი პერიოდის შესაბამისად, სამივე ციკლთან თანხმობაში განისაზღვრება: მზესთან, მთვარესთან და შვიდეულთან. აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია. მართლმადიდებლური ეკლესია იოანე დამასკელის სიტყვებით სააღდგომო კანონში გალობს: „დღესასწაული დღესასწაულთა“. ეს არის პირველი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც უკვე მოციქულთა დროიდან აღინიშნება და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კვირის ის დღე, როცა ქრისტეს აღდგომა მოხდა, სამუდამოდ აღიბეჭდა ქართულ ენაში. ერთშაბათს ეწოდა კვირა, ესე იგი, უფლის დღე, ვინაიდან ბერძნულ ენაში უფალს „კირიოს“ ეწოდა, საეკლესიო წლის განმავლობაში ის თითქოს მუდმივი, ყოველკვირეული გამოძახილია თავად აღდგომის დღესასწაულისა. ის თანხმობაშია მზის, მთვარისა და დედამიწის განსაკუთრებულ კოსმოსურ მდგომარეობასთან, სადაც ეს უკანასკნელი ირგვლივ არსებული მნათობებისგან მაქსიმალურად არის გაბრწყინებული. მართლმადიდებლურ ლიტურგიაში სინათლის გაგებას უაღრესად მნიშვნელოვანი განმარტება აქვს. სიტყვა „ნათელი“, ან მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები, განუწყვეტლივ და მრავალმხრივ გვხვდება ლიტურგიულ ტექსტებში. თავად ქრისტე იყო წყარო ჭეშმარიტი ნათლისა: „მერმეცა ეტყოდავე იესო და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი“! ამ დამოკიდებულებაში მზის სინათლე ჭეშმარიტი ნათლის სახედ განიხილება. ქრისტიანულ ეკლესიაში აღდგომის დღე (კვირა) მოციქულთა ხანიდან უკავშირდება ნათელს, ისევე როგორც ქრისტეშობა იყო დადგენილი 25 დეკემბერს, ზამთარში მზის სინათლის ზრდის დასაწყისში. რაც შეეხება აღდგომას, მის განსაზღვრაში მთვარეც გარკვეულ როლს თამაშობს. ასტრონომიული თვალსაზრისით, გაზაფხულის ბუნიობა წლის იმ მონაკვეთს შეესაბამება, როდესაც მთელ დედამიწაზე (ორივე ნახევარსფეროში) დღე-ღამის ხანგრძლივობა თანაბარია და იმით აიხსნება, რომ წელიწადის ამ დროს დედამიწაზე არ არის ადგილი, სადაც მზე არ აღწევს. ამგვარად, აღდგომის ბრწყინვალე დღე კოსმიურ სივრცეში დედამიწის მანათობელ ზეციურ მნათობთა განსაკუთრებული მდგომარეობით განისაზღვრება. ეკლესიური ცნობიერებისთვის ეს „კოსმიური ხატი“ ნათლისა თავად უფალმა, სამყაროს შემოქმედმა დააწესა მაშინ, როდესაც მეოთხე დღეს ორ მნათობს უბრძანა, სინათლე დედამიწის ორივე მხარეს (ანუ დღედ და ღამედ) გაენაწილებინათ: „თქუა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად – დღეებისა და წელიწადებისა. იყვნენ მანათობლად ცის კამარაზე, რომ გაანათონ მიწა“. და იქნა ასე, რომ გააჩინა ღმერთმა ორი მთვარე მნათობი – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი – ღამის განმგებლად – ვარსკვლავები.
პირველი კაცის – ადამის შექმნას მოჰყვა მისი დაცემა და ამით მთელი სამყაროს შერცხვენა. ქრისტე – ახალი ადამი გამოისყიდის პირველი კაცის ცოდვებს და ხელახლა აღადგენს ახალ ქმნილებას. ამ საღვთისმეტყველო კონტექსტში კოსმიური მოვლენები (გაზაფხულის ბუნიობა და მისი მომდევნო სავსემთვარეობა) შეესაბამება იმ პირველ დროს, როდესაც ღმერთი ქმნიდა სამყაროს. „კოსმიური ხატი“ ნათლისა აქ სამყაროს შექმნის პირველადი დროის ხატი ხდება. გაზაფხულის ბუნიობის პერიოდი სამყაროს შექმნის პირველი დღის სახეა. ეს არის „დღე ერთი“, როდესაც ღმერთმა მოუვლინა სამყაროს ნათელი, განყო მისგან ბნელი და უწოდა მას დღე და ღამე. შვიდეულის ციკლში ეს დღე შეესაბამება კვირას. ამას მოსდევს სავსემთვარეობა, რომელიც შესაქმის მეოთხე დღის სახეა, როდესაც უფალმა შექმნილ ზეციურ მნათობთა მეშვეობით, გაანაწილა სინათლე მთელ დედამიწაზე. ბნელი ნელ-ნელა განიდევნება, მთვარის მეშვეობით კი ნათელი აღწევს ბნელში, როგორც მაუწყებელი საბოლოო გამარჯვებისა. პარასკევს – შესაქმის მეექვსე დღეს უფალი ქმნის კაცს – ადამს, რომელიც უფალს განეშორა. ამიტომ, ახალი ადამი – ქრისტე იმავე დღეს, წითელ პარასკევს, გამოისყიდის ადამის ცოდვებს ჯვარზე და მეშვიდე დღეს, დიდ შაბათს ხორციელად მკვდარი, სამარეში ამსხვრევს სიბნელის მეუფებას. მეორე დღეს კი – კვირას პირველ დღეს, თანახმად „დღე ერთისა“, როდესაც უფალმა მოავლინა ნათელი – აღდგომილი ქრისტე სამყაროს აღდგომის დაუღამებელ ნათელს გამოუცხადებს. აღდგომის ლიტურგიის სახარებისეული სწავლება ამ საიდუმლოს შესახებ გვამცნობს: „პირველთაგან იყო სიტყვაი... და ღმერთი იყო სიტყვაი იგი... ყოველი მის მიერ შეიქმნა... მის თანა ცხოვრებაი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოანე 1,1-5).
მეოთხე საუკუნის წმიდა მამათა ცნობიერებაში გაზაფხულის ბუნიობა აღდგომის დღესასწაულის თარიღის დადგენის ამოსავალ წერტილად გვევლინება. მოციქულთა მეექვსე კანონი გვამცნობს: ,,თუ ვინმე ეპისკოპოსი, გინდა მოძღვარი ან დიაკვანი აღდგომის ბრწყინვალე დღეს გაზაფხულის ბუნიობამდე აღნიშნავს, იუდეველთან ერთად, განკვეთილ იქნას სამღვდელო პატივისგან“. ასე რომ, გაზაფხულის ბუნიობის პერიოდს განსაზღვრავს სავსემთვარეობა, რომლის მომდევნო პირველ კვირასაც უნდა ვიდღესასწაულოთ აღდგომა. სწორედ ეს მთვარე გვევლინება აღთქმის სავსემთვარეობად. ძველი აღთქმისეული პასექი, მოსეს კანონის თანახმად, დაკავშირებულია გაზაფხულის სავსემთვარეობასთან, რომელიც მეოთხე საუკუნის ავტორის მტკიცებით, ქრისტიანობამდელ ეპოქაში ყოველთვის გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ აღინიშნებოდა. ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს მდგომარეობა შეიცვალა, ესე იგი ებრაული პასექი შეიძლება, გაზაფხულის ბუნიობამდეც აღნიშნულიყო, რაც გახდა კიდეც საბაბი ადრეულ ეპოქაშივე აღმოცენებულიყო უკვე ხსენებული წესი. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია, გაირჩეს ძველი აღთქმისეული პასექი და იუდეველთა პასექი ახალი აღთქმის ხანაში. პირველმა მიიყვანა ისრაელი ქრისტემდე, რომელმაც გადააქცია ის ქრისტიანულ აღდგომად, ხოლო მეორე – ქრისტესკენ არ არის მიმართული. ამიტომ, მან დაკარგა ყოველგვარი არსი და არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე საერთო ქრისტეს აღდგომასთან. ასე რომ, ქრისტიანული აღდგომა აღინიშნება ძველი აღთქმის სავსემთვარეობის შემდეგ, მაგრამ არასდროს დაემთხვევა და გაუსწრებს მას.