რა შემთხვევაში არ გადმოვა დიდ შაბათს ღვთაებრივი ცეცხლი და რატომ არ უნდა მივიდნენ მართლმადიდებლები მოსალოცად გოდების კედელთან
ალბათ, იშვიათია ქრისტიანი ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს იერუსალიმში წასვლაზე და იმ წმიდა ადგილების მოლოცვაზე, სადაც მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე დადიოდა, ცხოვრობდა და ქადაგებდა, სადაც ის ჯვარს აცვეს, აღდგა და ამაღლდა ზეცად. წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი) უკვე რამდენჯერმეა ნამყოფი ისრაელში, წმიდა მიწაზე, საკუთარი თვალით აქვს ნანახი ცეცხლის გარდამოსვლა, სხვა სასწაულები და მოლოცვილი აქვს იქ არსებული თითქმის ყველა სიწმიდე.
მამა გურამი: რამდენჯერმე ვიყავი იერუსალიმში და ახლაც მივემგზავრები. ერთხელ შობასაც შევხვდი ბეთლემში და იქ არა მხოლოდ დავესწარი ღვთისმსახურებას, არამედ მომეცა საშუალება, მეც ვზიარებულიყავი და მორწმუნე მრევლიც მეზიარებინა. შობის ტაძარი, რა თქმა უნდა, ცენტრალური მართლმადიდებლური ტაძარია, მაგრამ იქ სხვადასხვა მხარეს ლიტურგიას რიგრიგობით აღასრულებენ: კათოლიკეები, სომხები, ბერძნები, რუსები. თუმცა, იყო დრო, როდესაც ბეთლემში ქართველებიც აღვასრულებდით მსახურებას, ჩვენი ადგილიც გვქონდა და მაცხოვრის აღდგომის ტაძრის გასაღებიც ქართველებს გვებარა – ჩვენ ვაღებდით და ვკეტავდით კარს. ათეისტურმა უღმერთო წყობამ ძალიან მძიმე დაღი დაასვა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, ამან შეუწყო ხელი იმას, რომ უცხოეთში, კერძოდ კი ისრაელში, არსებული სიწმიდეები და მონასტრები ბერძნებისა და რუსების ხელში გადავიდა. იქ ქართველებს მხოლოდ მომლოცველის, პილიგრიმის როლში შეუძლიათ ყოფნა. ბერძნები ღიზიანდებიან, როდესაც ეუბნები, რომ ქართველი ხარ და ეს მონასტერი ერთ დროს ჩვენ გვეკუთვნოდა.
– მაშინ, როდესაც ქართველ სასულიერო პირებს აღდგომის ტაძრის გასაღები ჰქონდათ, თუ მონაწილეობდნენ ისინი ცეცხლის გარდამოსვლაში?
– ცნობილია, რომ ქართველ სასულიერო პირებს უშუალოდ მიუღიათ მონაწილეობა ცეცხლის გარდამოსვლაში. რა თქმა უნდა, მათ ხელში არ გადმოსულა ცეცხლი, რადგან მაცხოვრის საფლავზე შესვლისა და ცეცხლის მიღების უფლება იერუსალიმის პატრიარქს ეკუთვნის, მაგრამ ქართველებს ჰქონდათ იქ თავიანთი ადგილი, დრო, როდესაც ატარებდნენ ღვთისმსახურებას და, შესაბამისად, ისინიც მონაწილეობდნენ და ესწრებოდნენ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას. ის, რომ ქართველებს ჰქონდათ აღდგომის ტაძრის გასაღები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბევრ რამეზე მეტყველებს – ეს მიუთითებს იმაზე, როგორი ძლიერი იყო ქართული ეკლესია იმ პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში, განსაკუთრებით კი – ისრაელში. დღეს, საბედნიეროდ, ჩვენი უწმიდესის კურთხევით, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში აშენდა და ფუნქციონირებს ქართული ეკლესია, სადაც ქართველი სასულიერო პირები მსახურობენ. მისი კურთხევით იერუსალიმის მიწაზე გაიხსნა ქართული დედათა მონასტერი, პალესტინის ტერიტორიაზეც არის ქართული მონასტერი. ქალაქ ლოდში, სადაც წმიდა გიორგის საფლავია, არის ქართული სახლი, რომელიც იგივე ქართული მონასტერია, ასე რომ, მისი უწმიდესობა ყველანაირად ცდილობს, წმიდა მიწაზე დააბრუნოს ქართველები და, მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
ფაქტობრივად, იქ ყოფნისას, გგონია, რომ ბიბლიაში მოგზაურობ. ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასწაულად მიჩნეულია, აღდგომის წინა დღეს, დაახლოებით შუადღის 2 საათზე, აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. ამისთვის არსებობს სამი პირობა: პირველი – აუცილებელია, რომ კანოკლიაში, მაცხოვრის საფლავზე შევიდეს იერუსალიმის პატრიარქი; მეორე – ამას უნდა ესწრებოდნენ მართლმადიდებელი არაბები, რომლებიც ყიჟინით ადიდებენ უფალს, ყველას მოუწოდებენ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა და რომ ყველა უნდა მოინათლოს. რაც შეეხება მესამე პირობას, პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობს საბა განმწმედელის მონასტერი, რომელიც თვით საბა განმწმედელმა დააარსა და თავისი ტიპიკონით ის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მონასტერია. ანუ, მესამე პირობაა, რომ ცეცხლის გარდამოსვლას ამ მონასტრის ბერებიც უნდა ესწრებოდნენ; ისინიც ლოცულობენ, ოღონდ, გარეთ, პატრიარქთან ერთად. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, როდესაც სომხური ეკლესიის პატრიარქი შესულა ცეცხლის მისაღებად, მართლმადიდებელი პატრიარქი გარეთ დაუტოვებიათ, მაგრამ ცეცხლი სწორედ იქ, იმ სვეტზე გადმოვიდა, სადაც იერუსალიმის პატრიარქი ლოცულობდა და იმ სვეტს დღესაც ემჩნევა ცეცხლის კვალი. იერუსალიმში ასევე, ხდება ერთი სასწაული: სწორედ იმ ადგილას, სადაც მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, იცვალა ფერი, მთის წვერზე არის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ყოველი წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ამ მთას ზემოდან ადგება ღრუბელი და მხოლოდ იმ ადგილას, სადაც უფალმა იცვალა ფერი, მოდის ცვარი, წვიმა. ეს სასწაული ყოველ წელს აღესრულება და მისი ნახვა ბევრ მორწმუნეს შეუძლია. იერუსალიმში ასევე აღესრულება მესამე სასწაული, რომელსაც მორწმუნეები ყოველ წელს ელოდებიან. როგორც იცით, ისრაელს ესაზღვრება იორდანია და მათ საზღვარზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის პატარა მონასტერი, სადაც იერუსალიმის პატრიარქი 19 იანვარს აღასრულებს წყალკურთხევის მსახურებას. ამ დროს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ხდება მდინარე იორდანეს უკუსვლა, რაც იმის დასტურია, რომ სწორედ იქ მოხდა მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტეს ხილული ნათლობა და, რომ ეს მართლაც წმიდა მდინარე, წმიდა ადგილია. იქ ყოველ წელს აღესრულება სასწაული, რომლის მხილველი ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა და მათ შორის ვარ მეც.
– როდესაც ცეცხლის გარდამოსვლის წინ, ტაძარში ყიჟინით შემოდიან მართლმადიდებელი არაბები, იწვევს ეს ხალხის გაღიზიანებას?
– ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც პატრიარქს მართლმადიდებელი არაბები არ შეუშვია ტაძარში – ხელს მიშლიან ლოცვაში, დისკომფორტს ქმნიანო – და მათთვის კარი ჩაუკეტავთ, მაგრამ, ცეცხლი არ გადმოსულა და იძულებული გამხდარა, ისინი შეეშვა, რის შემდეგაც ცეცხლი გადმოსულა. მართლმადიდებელი არაბების ეს ყიჟინი არ არის მხოლოდ ყვირილი, ისინი ყველას მოუწოდებენ მონათვლისკენ და ადამიანებს წინასწარ ულოცავენ აღდგომას. არაბები სადღესასწაულოდ არიან ჩაცმულები – ყველას აცვია მაისური, რომელზეც მაცხოვარია გამოსახული და აწერია: „ქრისტე აღდგა“. ისინი საკმაოდ მოწესრიგებულები, ძალიან კარგი მართლმადიდებლები არიან, წესებს იცავენ, შვილებსაც მართლმადიდებლურად ზრდიან და სხვებსაც მოუწოდებენ მართლმადიდებლურად მონათვლისკენ. თავად ისრაელის სახელმწიფოსაც არ აქვს პრეტენზია მათ მიმართ, რადგან მაჰმადიანი არაბებისგან განსხვავებით, ისინი უფრო მიმტევებლები არიან, მუსლიმანები კი აგრესიულობით გამოირჩევიან.
– რა თქმა უნდა, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრება, ამ ხილული სასწაულის ნახვა, ძალიან დიდი მადლის მიღებაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ტაძარში, მის ეზოში შესვლას ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს, ეს კი ხშირად, ალბათ, დაძაბულობის მიზეზი ხდება.
– არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული მომლოცველი თავს იყრის ერთ ადგილას, ანუ ეპიცენტრი არის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, მისი ეზო და მიმდებარე ტერიტორია. იქ რამდენიმე მილიონი ადამიანი იყრის თავს. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ასეთ დროს ტაძარში, ან, თუნდაც მის ეზოში მოხვდე. ტაძართან რამდენიმე მისასვლელია, მაგრამ ის ისრაელის პოლიციას კორდონებით აქვს ჩაკეტილი. იერუსალიმის საპატრიარქოს აქვს სპეციალური საშვები, რომლის დახმარებითაც შეგიძლია ტაძარში უპრობლემოდ შესვლა, არ აქვს მნიშვნელობა, ხარ სასულიერო პირი, თუ არა. ვისაც საშვი აქვს, ის თავისუფლად შედის, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც საშვიანები შეუშვიათ ტაძარში, ადგილი დარჩენილა და მერე ისინიც შეუშვიათ, ვისაც საშვი არ ჰქონია, ამიტომაც, დილის 5 საათიდან მიდის იქ ხალხი და წინ იკავებს ადგილს, რომ შესვლა მოახერხონ. რაც შეეხება საშვს, ამით მხოლოდ ცეცხლის გარდამოსვლაზე შეიძლება დასწრება, აღდგომის მსახურებაზე დასწრებას საშვი არ სჭირდება. იერუსალიმის საპატრიარქო ბეჭდავს რამდენიმე ათას საშვს და ურიგებს ქრისტიანულ საელჩოებს, მათ შორის საქართველოსაც. სომხური და რუსული ეკლესიების წარმომადგენლებს ისედაც აქვთ იქ ადგილი და საშვის გარეშეც შეუძლიათ შესვლა, მაგრამ ჩვენ, რადგან არ გვაქვს ადგილი, საშვის დახმარებით ან სპონტანურად თუ შევალთ. მე ხუთჯერ ვარ ამ დღეს ისრაელში ნამყოფი, აქედან, ერთხელ მქონდა საშვი, ერთხელ საერთოდ ვერ შევედი და სამჯერ სპონტანურად შევედი – ტაძარში ადგილი იყო, წინ ვიდექი და იმიტომ მოვხვდი, თორემ, ამაში ჩემი სასულიერო პირობა არ დამხმარებია. ტაძარი საკმაოდ დიდია. რუსეთის დუმის დეპუტატებს იქ თავიანთი ადგილი აქვთ და ურიგოდ შედიან, ასევე, ურიგოდ შედის საბერძნეთიდან წარმომადგენლობა, რომიდან, კათოლიკური ეკლესიებიდან; ერთადერთი, ქართველები ვართ, ვისაც არ გვაქვს ჩვენი ადგილი. ამ დროს ძალიან დიდი დაძაბულობა, უსიამოვნება და ჩხუბი ხდება ადგილის გამო – რუსი და სომეხი სასულიერო პირები ერთმანეთს ედავებიან, წინ რატომ დამიდექიო და ასე შემდეგ. ისეთი ყიჟინი და ყვირილია, ვერც წარმოიდგენ, თუ ტაძარში ხარ, ამ ხმაურს არაბი მართლმადიდებლების ყიჟინი ფარავს, რომლებიც დაფდაფებზე უკრავენ და ერთმანეთს მხრებზე ასხედან. მათი შემოსვლით ადამიანები დადებითად იმუხტებიან, ჩუმდებიან და ყველა მათ უსმენს.
შარშან, საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ, სასწაულებრივად, შევედი ტაძარში, არადა, იმედი არ მქონდა, რადგან, ძალიან ბევრი ხალხი იყო. აღდგომის ტაძარში მოქცეულია მაცხოვრის საფლავი, გარდამოხსნა და გოლგოთა, სადაც კიბით ადიხარ. მე ვიცოდი, თუ ტაძარში შევიდოდი, იქიდან მოვახერხებდი გოლგოთაზე ასვლას, საიდანაც აღდგომის ტაძრის საკურთხეველშია ჩასასვლელი (ოღონდ, იქ მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია შესვლა) და მერე იქიდან მოვხვდებოდი მაცხოვრის საფლავზე. ჯერ არ მიშვებდნენ გოლგოთაზე, ბოლოს მაინც გამიშვეს, იქიდან ჩავედი საკურთხეველში და ხუთ წუთში იერუსალიმის პატრიარქიც მობრძანდა, შეიმოსა და გაემართა მაცხოვრის საფლავისკენ. მეც უკან გავყევი. ისე მოხდა, რომ ჩემ წინ მიდიოდა პატრიარქი, შემდეგ – მისი დაცვა და მე, ჩემ უკან კი იერუსალიმის საპატრიარქოს ეპისკოპოსები და რუსი ეპისკოპოსები. მე რომ მათ უკან დავმდგარიყავი, პოლიცია გარეთ გამომიშვებდა. როდესაც პატრიარქი აღდგომის ტაძრიდან მიდის საფლავთან, სადაც პატარა ტაძარი დგას, ასრულებს სამგზის ლიტანიობას და ამ პატარა ტაძარს გარშემო უვლის. მეც გავყევი უკან და მასთან ერთად შემოვუარე, შემდეგ პატრიარქი განიმოსა და შევიდა საფლავზე. საფლავის მარჯვნივ არის ბერძნების ადგილი, მარცხნივ კი – სომხების, იქ სხვას არ აქვს დადგომის უფლება. მე გადავწყვიტე, ბერძნების მხარეს დავმდგარიყავი. ჩემ უკან იდგა ყველა მღვდელმთავარი, მოკლედ, ყველაზე საპატიო ადგილას ვიდექი, თან, გულში ვლოცულობდი, გარეთ არ გამიყვანონ-მეთქი. როდესაც შებრძანდა იერუსალიმის პატრიარქი საფლავზე, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ველოდებოდით ცეცხლის გარდამოსვლას. ამ დროს ირგვლივ საოცარი სიჩუმე იყო, ადამიანების უმეტესობა გულში ლოცულობდა, როგორც კი გადმოვიდა ცეცხლი და პატრიარქი გამობრძანდა გარეთ, მისი ხელიდან პირდაპირ გადავუკიდე ჩემს სანთელს ცეცხლი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება იყო. სანამ ცეცხლი გარდამოვა, მანამდე ტაძარში ყველაფერი ჩამქრალია და, როგორც კი პატრიარქი გამობრძანდება ღვთაებრივი ცეცხლით ანთებული სანთლებით, წამებში მთელ ტაძარში ანთია სანთლები, ეს მართლაც სასწაული და დიდი წყალობაა, მადლია უფლისგან მოვლენილი.
პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობს საბა განმწმედელის ლავრა. საბა განმწმედელი მეექვსე საუკუნეში მოღვაწეობდა და მისი სხეული დღემდე უხრწნელია. ის უდიდესი წმიდა მამაა, მან დააწესა თავისი ტიპიკონი, რომლითაც დღეს ბევრი მონასტერი ცხოვრობს. ეს მონასტერი იმდენად ძლიერი და მლოცველია, რომ მისი ბერები აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ცეცხლის გარდამოსვლას. რამდენიმე წლის წინ იქ ქართველი ბერიც მოღვაწეობდა. საბა განმწმედელის ლავრის ბერები ქართველების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილები არიან, გულუხვად გვხვდებიან. ის უდაბნოში მდებარეობს და, როგორც კი დაგვინახავენ, მაშინვე წვენებით, ტკბილეულით გვიმასპინძლდებიან, რასაც ვერ ვიტყვი სხვა მონასტრებზე, სადაც ზოგჯერ შესვლაშიც კი ფულის გადახდას ითხოვენ. საბა განმწმედელის ლავრაში, მიუხედავად იმისა, რომ მანდილოსნებს არ უშვებენ, მონასტრის ბერები და მორჩილები, მათთან თვითონ მიდიან და მონასტრის კართან უმასპინძლდებიან წვენებით, წყლით, კანფეტებით, სურნელოვან ზეთსა და ნაკურთხ წყალს ურიგებენ.
– ბზობიდან მოყოლებული მთელი ვნების შვიდეულის განმავლობაში, იერუსალიმში ტარდება სხვადასხვა მსახურება და მორწმუნეები სწორედ იმ გზას გადიან, რაც მაცხოვარმა გაიარა.
– დიახ, ყველაფერი ბზობიდან იწყება – ეს არის დიდებით შესვლა იერუსალიმში მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იერუსალიმის საპატრიარქო სწორედ ასე დღესასწაულობს – ისინი იერუსალიმში ცენტრალური კარიბჭიდან შედიან, ბოლოს მიდიან აღდგომის ტაძარში, დანარჩენ დღეებშიც, ანუ ორშაბათიდან ოთხშაბათამდე, იკითხება წმიდა ოთხთავი, ანუ ოთხივე სახარება მთლიანად იკითხება, მაცხოვრის შობიდან – ჯვარცმამდე, აღდგომა და ამაღლებაა. დიდი ხუთშაბათი – ეს არის საიდუმლო სერობის დღე, როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აზიარა და ამ დღეს ყველა ტაძარში, ასევე, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქი აღასრულებს წირვასა და ზიარებას. წითელი პარასკევი კი ყველაზე მძიმე დღეა, ამ დღეს მორწმუნეები გადიან ჯვარცმისკენ, გოლგოთისკენ მიმავალ გზას: პატრიარქი, ეპისკოპოსები რიგრიგობით ატარებენ ხის დიდ ჯვარს, ისვენებენ იქ, სადაც მაცხოვარმა შეისვენა და შემდეგ ის ააქვთ გოლგოთაზე. ამ მსვლელობაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ეს საკმაოდ ამაღელვებელი და ლამაზი სანახავია. შაბათს ადამიანები უკვე ელოდებიან ცეცხლის გარდამოსვლას, ღამე კი აღესრულება ლიტანიობა, რომლის დროსაც სასულიერო პირები სხვადასხვა ენაზე ულოცავენ მორწმუნეებს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას.
– როგორც ვიცი, იერუსალიმში დღემდე ინახება ქვა, საიდანაც მაცხოვარი ამაღლდა, ასევე, ის ქვა, რომელზეც გეთსამანიის ბაღში მაცხოვარი ჯვარცმამდე ლოცულობდა.
– დიახ, შემორჩენილია ის ქვა, რომელთანაც მაცხოვარი ტიროდა, თუმცა იქ დღეს კათოლიკური ეკლესიაა. ამაღლების ადგილას კი არის პატარა მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ადრე არაბი მუსლიმანების ხელში იყო და მეჩეთად ჰქონდათ გადაკეთებული. დღეს იქ ქრისტიანული ტაძარია და ინახება ქვა, რომელზეც იდგა მაცხოვარი და საიდანაც ამაღლდა. მასზე ნაფეხურები დღემდეა შემორჩენილი. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია, მივიდეს და ემთხვიოს ამ ქვას. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შესვლისთანავე დაინახავ დიდ ფილას, რომელიც სურნელოვანია და მადლიანია. ეს არის ქვა, რომელზეც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი დაასვენეს. მას მირონი, ზეთი მოსდის. ადამიანები ემთხვევიან, ადებენ ნებისმიერ ქსოვილს და მერე ისინი სახლში მიაქვთ. ქალაქ ლოდში, სადაც არის წმიდა გიორგის საფლავი ინახება ჯაჭვი, რომლითაც წმიდა გიორგი იყო შეპყრობილი და მას ხშირად იკეთებენ მორწმუნეები. წმიდა გიორგის საფლავი საოცრად მადლიანი ადგილია, ის სურნელოვანი ზეთითა და მირონით არის გაჟღენთილი და, რაც მთავარია, ქართველების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილები არიან. იქ ინახება წმიდა გიორგის ნაწილები, ჩვენ მოგვეცა საშუალება, მათ ვეამბორეთ და პარაკლისიც გადავიხადეთ. ძველი აღთქმიდან ჩვენ ვიცით მამრეს მუხა, რომელიც ძალიან ძველია. ახლა ის გამხმარია, თუმცა მაინც საკმაოდ დიდია. ადამიანებს მიაქვთ მისი ქერქი, რადგან ამბობენ, ვინც მას მოადუღებს და მიიღებს, უშვილობისგან განიკურნებაო.
– ისრაელში არის გოდების კედელი, სადაც ადამიანები თავიანთ დაწერილ სურვილებს ტოვებენ. როგორც ვიცი, ის არამართლმადიდებლურია, არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან.
– თქვენ იცით, რომ ისრაელის სახელმწიფო იყო საკმაოდ დიდი და ძლევამოსილი. მაგრამ, საუკუნეების განმავლობაში აღარ არსებობდა ისრაელის სახელმწიფო, ძალიან ბევრი კულტურული, ისტორიული ძეგლი დაინგრა, განადგურდა. თუმცა, დღემდეა შემონახული მცირე ნაწილი იმ კედლისა, რომლითაც შემოსაზღვრული იყო დიდი, ძლევამოსილი, ძველი იერუსალიმი. ეს კედელი ებრაელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ხოლო, მართლმადიდებლებისთვის – არაფერს. როდესაც ჩვენ შაბათს მივდივართ ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლაზე, ამ დროს ებრაელები, სანამ მზე ამოვა (შაბათი მათთვის წმიდა დღეა), მიდიან გოდების კედელთან და გოდებენ საკუთარ ძველ დიდებაზე, უფალს ევედრებიან – უფალო, ძველი დიდება დაგვიბრუნეო. სხვათა შორის, იქ უცნაური გამოთქმა არსებობს: ჩვენ, როდესაც რომელიმე ქვეყნიდან, ქალაქიდან თბილისში ვბრუნდებით, ვამბობთ, ჩამოვედი მოსკოვიდან, თელ-ავივიდან... ებრაელები კი ყოველთვის ამბობენ – მე იერუსალიმში ამოვედი, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ებრაელები ღვთის რჩეული ერია, ისრაელი კი ყველაზე აღმატებული ადგილი. ამიტომ, იქ არ შეიძლება, ჩახვიდე, იქ უნდა ამოხვიდე. ისინი აღიარებენ ძველ აღთქმას, მოსეს რჯულის მიმდევრები არიან და არა ქრისტესი და მათთვის ახლა არის ოთხი ათას რომელიღაცა წელი. ასევე, განსაკუთრებულია კანას გალილეა, სადაც მაცხოვარმა პირველი სასწაული მოახდინა – წყალი აკურთხა ღვინოდ. იქ არის ბერძნული მოქმედი ტაძარი და დღემდეა შემონახული ის ქვევრები, სადაც ღვინოს აყენებდნენ და მაცხოვარმა სასწაული მოახდინა.