რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქალს ქმრის ყოფილმა ცოლმა
დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცი ბუნებით ზარმაცია, უყვარს სტაბილურობა, შეჩვეული გარემო და ძნელად ეგუება ცვლილებებს. თუმცა, რაღაც ახლის, აკრძალულის გასინჯვის სურვილი აქვს, მაგრამ, ამავდროულად, მის წინაშე რთული ამოცანა დგას: მორალი აიძულებს, უერთგულოს ერთ პარტნიორს და მამაკაცისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია, რადგან, იგივე ბუნება, მას ბევრი პარტნიორის ყოლისკენ უბიძგებს. ქალი კი მესაკუთრეა. მას მამაკაცი მარტო თავისთვის უნდა. რა ქნას ქალმა, რომ მამაკაცი მისგან არ წავიდეს? მზა რეცეპტი, ალბათ, არ არსებობს, მაგრამ, ერთი კი ფაქტია: კაცს ურჩევნია იქ, სადაც ეფერებიან და ანებივრებენ, სადაც თავს ლიდერად და მბრძანებლად აგრძნობინებენ. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, ყოველთვის პარტნიორის სასარგებლოდ დათმო, მაგრამ, თუ შედეგი ამად ღირს, ანუ, თუკი ამით მას სამუდამოდ შენზე მიიჯაჭვავ, მაშინ, სხვა არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს.
ნატალია (28 წლის): არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, ჩემი პრობლემა საჯარო გავხადო, მაგრამ, ვფიქრობ, მარტო არ ვარ, კიდევ ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში. შეიძლება, არაფერს ამბობენ, მაგრამ, ეს ხომ არ არის მთავარი! სამწუხაროდ, ცხოვრება ჩვენი გეგმის მიხედვით არ მიედინება, ანუ, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. პირადად, მე, მაგალითად, არასდროს მინატრია, რომ ბედი ცოლგანაშვები კაცისთვის დამეკავშირებინა.
– რატომ? ცოლგანაშვები კაცი ნაკლებად საიმედოა?
– საქმე მარტო საიმედოობაში არ არის. მე არ მაქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგრამ ვიცი – შანსი იმისა, რომ კაცი თავის ყოფილ ცოლს დაუბრუნდეს, ყოველთვის არსებობს. არაერთხელ მსმენია მსგავსი ამბები. ჯერ ტოვებენ ცოლს, მიდიან სხვა ქალთან, მერე ისევ უკან ბრუნდებიან, ძველ ოჯახში. მეორე ცოლს სულ უნდა ეშინოდეს, რომ მიატოვებენ. ამის დიდი ალბათობა ყოველთვის არსებობს და, ამიტომაც, დამშვიდებული ვერ იქნება.
– ისეთმა მამაკაცმაც შეიძლება, მიგატოვოთ, რომელსაც ცოლი არასდროს ჰყოლია. ამ შემთხვევაში გარანტიები არ არსებობს.
– გეთანხმებით, გარანტიები საერთოდ არაფერში არ არსებობს, მაგრამ კაცს, რომელმაც ერთხელ უკვე მიატოვა, ამის გაკეთება მეორედ უფრო არ გაუჭირდება, თანაც, ამჯერად მას წასასვლელი ექნება. იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით გაშორდა პირველ ცოლს, ამის ზუსტი ცოდნა აუცილებელია. სამწუხაროდ, ეს დასკვნა საკმაოდ გვიან გავაკეთე.
– ნანობთ საკუთარ გადაწყვეტილებას?
– არა, საკუთარ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, თქვენ ვერ გამიგეთ. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს. სწორედ იმიტომაც ვნერვიულობ ასე, რომ ვიცი, უიმისოდ ვერ ვიცხოვრებ, ამ სიყვარულმა დამახუჭვინა ბევრ რამეზე თვალი – ვერ დავინახე, რომ ჩემი რჩეული საკმაოდ სუსტი ნებისყოფის, ადვილად სამართავი ადამიანია. საშინელებაა, როცა გვერდით ასეთი კაცი გყავს. ერთი შეხედვით, ხომ ვითომ კარგია, მეორე მხრივ კი – ტანჯვაა. ქალებს ნუ ჰგონიათ, რომ ბედნიერებაა, როცა კაცი ადვილად დაჰყვება ნებას და მალე ექცევა ზეგავლენის ქვეშ. პირიქით, ეს სერიოზული ნაკლია.
– ნაკლი რატომ არის?
– იმიტომ არის ნაკლი, რომ, თუ შენ ახდენ მასზე გავლენას, ამას სხვაც მოახერხებს, ჩემს შემთხვევაში – ყოფილი ცოლი. იმასაც გეტყვით, რომ, დიდი სისულელეა ევროპელობის თამაში. მოიცადეთ, რა!.. ვის რად უნდა შენი ცივილიზებულობა, რატომ უნდა ითამაშო და მოიტყუო თავი, რომ შეგიძლია ნორმალური ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც დასანახავად ვერ იტან?! მარტო სერიალებში შეიძლება ყოფილი და „მოქმედი“ ცოლების შეხმატკბილებული თანაარსებობა. რეალურად კი, რაც უფრო შორს იქნებიან ერთმანეთისგან, მით უკეთესი.
– რატომ, ნორმალური ურთიერთობაც შეიძლება.
– არ შეიძლება და მე გეტყვით, რატომაც: ეს ყველა ვარიანტში უარყოფითად აისახება ქმართან შენს ურთიერთობაზე. გინდა თუ არ გინდა, აუცილებლად დაიწყებ ეჭვიანობას, მით უფრო, თუკი „ყოფილი“ ისე იქცევა, როგორც ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი. მოყვრად მოსული მტერი რომ უფრო საშიშია, არ იცით თქვენ? მე ვიცი შემთხვევა, როცა ცოლი დაუმეგობრდა ქმრის საყვარელს, იმ სულელს უხაროდა – ესე იგი, ვერაფერს ხვდებაო, ცოლმა კი ისე გაანადგურა, თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მე ცოლს არ ვადანაშაულებ, არ იფიქროთ, რომ ეს მაგალითი მისი საქციელის დასაგმობად მოვიყვანე. როცა საყვარელ ადამიანში გეცილებიან, შეიძლება, უარესიც ჩაიდინო, მით უმეტეს, რომ ქალები ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე არსებები ვართ. მე, მაგალითად, რაც ჩვენს ცხოვრებაში ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი გამოჩნდა, მას შემდეგ მშვიდად აღარ მძინებია.
– ანუ, რაღაც პერიოდის განმავლობაში არ ჩანდა?
– დიახ. არათუ არ ჩანდა, ჩემს ქმართან ყოველგვარ კონტაქტზე სასტიკ უარს ამბობდა და ბავშვსაც კი არ ანახვებდა. დიახ, მათ საერთო შვილი ჰყავთ. როგორც მე ვიცი, გაშორების ინიციატივა იმას ეკუთვნოდა – ქმარი არ მინდა, ჩემი პირადი თავისუფლება იზღუდებაო. როგორც ჩემმა ქმარმა მითხრა, ოჯახი იმ ქალისთვის ტვირთი იყო – პრეტენზიას გამოთქვამდა ყველაფერზე, არ უნდოდა საკუთარ თავზე აეღო ის მოვალეობები, რაც საერთოდ ქალს აკისრია ოჯახში.
– დალაგება-დასუფთავებას, საოჯახო საქმეებს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა. მე ზუსტად არ ვიცი, რა ხდებოდა, როცა ერთად იყვნენ. ალბათ, ერთი მხარე ბოლომდე არასდროს არის მართალი, მაგრამ, მე ვიცნობ ჩემს ქმარს და ვიცი, რომ ცოლი მართლა უყვარდა. საკმაოდ დიდხანს, ოთხ წელიწადს უძლებდა მის ფხუკიანობას. ძიძა ცალკე ჰყავდათ და მოსამსახურე – ცალკე. მართალია, ის ქალბატონიც მუშაობდა, მაგრამ მერე ჩემს ქმარს ფინანსური პრობლემები შეექმნა და სთხოვა, იქნებ, მარტო ძიძა დავიტოვოთ და ცოტა შენც გაანძრიო სახლში ხელი, თორემ ჩვენი შემოსავალი არ გვყოფნისო. ამის გამო ისეთი სკანდალი ატეხა, რომ ქმარსაც აევსო მოთმინების ფიალა. მე რომ გავიცანი, წელიწად-ნახევრის დაშორებულები იყვნენ.
– ამ ხნის განმავლობაში თქვენს ქმარს მასთან შერიგების მცდელობა ჰქონდა?
– რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი – არა. იმიტომ რომ, ის საშინლად იქცეოდა: საჯაროდ ლანძღავდა, ბავშვთან ურთიერთობა აუკრძალა, სასამართლოშიც თვითონ შეიტანა განცხადება გაყრაზე – ერთი სიტყვით, არანაირად არ ეტყობოდა, რომ უნდოდა ქმარი.
– მაშინ, რატომ ფიქრობთ, რომ ახლა უნდა ის?
– მისი საქციელიდან გამომდინარე, სხვა რამეს, უბრალოდ, ვერ იფიქრებს ადამიანი. არ ვიცი, ერთბაშად რა დაემართა, მაგრამ, მგონი, გადაწყვიტა, ქმარი უკან დაიბრუნოს და მე სიცოცხლე გამიმწაროს. შეიძლება, ეგონა, რომ გია გადაყვებოდა მის სიყვარულს და უცოლოდ დაბერდებოდა, ეს ჩემი ვარაუდია. ის ვარიანტიც დასაშვებია, ნათქვამი რომ არის, ავი ძაღლი არც თავად ჭამდა და არც სხვას აჭმევდაო. მოკლედ, შეტევაზეა გადმოსული.
– რას ნიშნავს შეტევაზეა გადმოსული?
– ერთი წელიც არ არის, რაც მე და გია ერთად ვცხოვრობთ. ჯერ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად არც დაგვიკანონებია, მაგრამ საქმე ეს არ არის. ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ და მე მინდა, ჩემი ქმარი ბედნიერი იყოს. ამიტომ გიას შევთავაზე, იქნებ, როგორმე მოაგვარო ყოფილ ცოლთან ურთიერთობა ისე, რომ ბავშვი კვირაობით მაინც გამოგატანოს-მეთქი. ვხედავდი, რომ ენატრებოდა შვილი. სულ ბავშვზე ლაპარაკობდა და მეც მომინდა, გამეზიარებინა ეს სიყვარული. ბუნებრივია, თუ კაცი გიყვარს, ის თავისი „ყველაფრით“ გიყვარს, როგორც იტყვიან – „სრული პაკეტით“ და არა ის, რაც „გაწყობს“. მე ხომ ვიცოდი, შვილიან კაცს რომ მივყვებოდი ცოლად, ესე იგი, მისი შვილიც უნდა შემეყვარებინა.
– „უნდა შემეყვარებინა“ იძულებას არ ნიშნავს?
– მე ვიტყოდი, მოვალეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცოლ-ქმარი პასუხისმგებელია ერთმანეთზე, სხვანაირად წარმოუდგენელია. როცა ამ ნაბიჯს ვდგამდი, მე ეს ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა. ერთადერთი რაღაც ვერ გავითვალისწინე, ისიც, იმიტომ, რომ გიასგან მქონდა მიღებული ინფორმაცია „ყოფილის“ მხრიდან საფრთხის არარსებობის შესახებ და მოვლენების ამ ფორმით განვითარება ვერ დავუშვი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქმრის წარსული არ აისახებოდა ჩვენს მომავალზე, მაგრამ, შევცდი. როგორც კი იმ ქალბატონის ყურამდე მიაღწია ამბავმა, რომ მის ყოფილ ქმარს სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა ვიღაც ქალთან, მაშინვე წამოყო თავი: ჯერ დაურეკა და შვილთან დაკავშირებით გიას თავისი მოვალეობები შეახსენა, მერე კი პირდაპირ სახლში მოგვადგა.
– თქვენთან მოვიდა?
– დიახ, ბავშვი მოიყვანა. გიას უთხრა, მივხვდი, მამა-შვილის დაშორება დიდი სისულელე და დანაშაული რომ არისო, თან, შენი ცოლის გაცნობაც მინდა, ხომ უნდა ვიცოდე, ბავშვს ვისთან ექნება ურთიერთობაო. გიას ძალიან გაუხარდა.
– თქვენ გაგეხარდათ?
– რომ გითხრათ, კი-მეთქი, დამიჯერებთ? მაგრამ, არ შევიმჩნიე. თუმცა, რა გულუბრყვილო ვარ, იმისთანა გაქექილია, რად უნდოდა ჩემი შემჩნევა! ისედაც ძალიან კარგად იცოდა, რომ არ მესიამოვნა. ბავშვის მიღებაზე ვიყავი თანახმა, მაგრამ, იმაზე, რომ მის ყოფილ ცოლს ჩვენს სახლში დაუპატიჟებლად ევლო – ნამდვილად არა. მგონი, ბუნებრივი და ნორმალური რეაქციაა. ვერ იპოვით ქალს, რომელიც გეტყვით, რომ გიჟდება ქმრის ყოფილ ცოლთან, ან, თუნდაც, ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობაზე, ხოლო, თუ იტყვის – აუცილებლად ტყუილი იქნება.
პირველივე შეხვედრაზე ვერ განვიმსჭვალე მის მიმართ ნდობით. ხომ არის, რომ ადამიანს შეხედავ და მისგან რაღაც დადებით იმპულსს იგრძნობ? ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა. თან, იცით, როგორ მიყურებდა? როგორც არარაობას. ბინაც ისე მოიარა, თითქოს, თვითონ იყო დიასახლისი, მე კი – სტუმარი.
– ბინა რატომ მოიარა?
– ათვალიერებდა, თან ჩემს ქმარს ელაპარაკებოდა, რაღაც სისულელეებს ჩმახავდა – აქ ყველაფერი ისევ ისეა, არაფერი შეგიცვლიათ, ფარდებიც არ გამოგიცვლიათ, საწოლის გადასაფარებელიც კი ისევ ის არის, რომელიც მე ავარჩიეო. სისხლი ამივარდა თავში.
– ეს ყველაფერი პირველ ვიზიტზე მოასწრო?
– დიახ. ისე მომშხამა, ორი დღე გონზე ვერ მოვედი. გიას, რა თქმა უნდა, ვეჩხუბე, თავზე დავამხე ყველაფერი. პირველი სკანდალი გვქონდა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად ვიყავით. არადა, ისეთი ბედნიერი იყო შვილის ნახვით, ამასაც ვეღარ გავუწიე ანგარიში. ყველაზე მეტად, იცით, რამ გამაცოფა? როცა გავაცნობიერე, რომ ჩვენც იმ ლოგინში ვწვებოდით, სადაც ისინი... მოკლედ, ხომ ხვდებით... გიას კატეგორიულად მოვთხოვე, ხვალვე წავიდეთ, საწოლიც გამოვცვალოთ, ფარდებიც და საწოლის გადასაფარებელიც-მეთქი. ბუნებრივია, ჭირვეულობად და ახირებად ჩამითვალა ეს თხოვნა. მაშინ დავემუქრე, სანამ საწოლს არ გამოვცვლი, ზედ არ დავწვები, სავარძელში დავიძინებ-მეთქი და ის ღამე მართლაც სავარძელში მეძინა. გია გადაირია, საწოლი რა შუაშია, მე მაგ ქალთან ბავშვის მეტი აღარაფერი მაკავშირებსო. მე მჯერა მისი, მაგრამ, მაინც ვერაფრით ავიტან იმას, რასაც ის ქალბატონი აკეთებს. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობის დანგრევა აქვს გადაწყვეტილი.
– ასეთ ბრალდებას ერთი ვიზიტის საფუძველზე უყენებთ?
– რა ერთი ვიზიტი, რას ამბობთ? მისი თავდასხმები მესამე თვეა, გრძელდება, თან ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, ხმას ვერ გასცემ. ერთი შეხედვით, თითქოს ისეთს არაფერს აკეთებს, მაგრამ მე უკვე ფსიქოზი დამმართა. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი მოქმედება, გამიზნულია და კარგად აწონილ-დაწონილი. ბავშვის წასაყვანად ყოველთვის თვითონ მოდის და მბრძანებლობს. გიას დათაფლული ხმით ელაპარაკება და თავიანთი თანაცხოვრების დეტალებს ახსენებს... თუ არ გავგიჟდები, არ მგონია.
– მაინც, რა დეტალებს ახსენებს?
– რა ვიცი, ისეთი შესაშური ფანტაზია აქვს, გაოგნდებით. მაგალითად, უცებ იტყვის გახსოვს, ერთხელ შენი ძმაკაცის აგარაკზე რომ ვიყავით და მწვადები შევწვით, რა მაგარი იყოო. მერე მე მომიბრუნდება და მეკითხება – შენთვის ჯერ არ შეუწვავს გიას მწვადი? არც ყავა მოუდუღებია? იცი, რა მაგარ ყავას ადუღებს?! ჩვენ როცა ერთად ვიყავით, სულ ეს ადუღებდაო. თქვენ რომ ჩემს ადგილას იყოთ, აიტანთ ამას? იცით, რა მითხრა? მე და გია სექსში ყოველთვის ძალიან მაგრად ვიყავით. ეჭვი მეპარება, გიას ეს არ ახსოვდეს, კაცებისთვის ასეთი რაღაცეები ძალიან მნიშვნელოვანიაო. გეუბნებით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე და გია მაგრად გვაჩხუბოს და ერთმანეთს დაგვაშოროს. მეტ-ნაკლებად ახერხებს კიდეც ამას. კულმინაცია იყო, როცა გიას დაბადების დღეზე გამოგვეცხადა. საპატიო მიზეზი ჰქონდა – მამას ბავშვი მოუყვანა დაბადების დღეზე. არ ველოდით, რადგან წინა დღეს ჩემს ქმარს დაურეკა და უთხრა, ბავშვს ვერ გაგატან, ჯერ პატარაა და ბევრი ხალხი მასზე უარყოფითად მოქმედებს, მერე წაიყვანეო. ვიფიქრე, გადავრჩით-მეთქი და შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ, გეუბნებით, ნამდვილი ურჩხულია. ისეთ დროს გამოგვეცხადა, სრული იდილია რომ გვქონდა. კარი რომ გაიღო და ბავშვით შემოვიდა, ენა ლამის ჩამივარდა. უტიფრად მოვიდა და გადამკოცნა, თითქოს იდეალური ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. გიას საჩუქარი მოუტანა – საკმაოდ ძვირფასი პერანგი, თან, ხმამაღლა გამოაცხადა: ზუსტად ვიცი, რომ კარგად გექნება და მოგიხდება. არც ისე დიდი დროა გასული იმის შემდეგ, რაც შენთვის პერანგებს ვყიდულობდიო. რომ აღარ მესმინა ეს მარაზმი, სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავედი, სტუმრებისთვის რომ გამომეტანა. მომაძახა მე გია მომიდუღებს, იმედია, ახსოვს, როგორი მიყვარსო. ახლა გიას მეგობრებთან როგორ „იფარცქვალა“?! თითქმის ყველას იცნობს. ისინი კი მე მიყურებდნენ – აინტერესებდათ, როგორი რეაქცია მექნებოდა ამ ყველაფერზე. არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი და ეს რის ფასად დამიჯდა... სეირს ხომ არ ვაყურებინებდი იმ ხალხს. როცა ყველანი წავიდნენ, ისეთი ბღავილი ამიტყდა, გია ვერ მაჩუმებდა.
– მისი ყოფილი ცოლის თანდასწრებით?
– არა, ისიც წასული იყო. ყველაფერი ვუთხარი ჩემს ქმარს, რასაც მის „ყოფილზე“ ვფიქრობდი – ჩვენი ოჯახის დანგრევა უნდა-მეთქი. არა, რას ამბობ, გეჩვენებაო. ამაზე სულ გადავირიე. მაშინ, დაელაპარაკე და უთხარი, მორჩეს ჩემს ოჯახში დიასახლისობას, თორემ, ავიღებ ჩემს ტანსაცმელს და სულ წავალ აქედან-მეთქი. სად უნდა წახვიდე, მე მიყვარხარ, შენთან მინდა ყოფნა, ეკას კი გავაფრთხილებ, მეტი თავდაჭერილობა გამოიჩინოსო. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ეკამ დამირეკა და დაცინვით მკითხა: აბა, რა იყო, შეგეშინდა ჩემი? გგონია, რომ ქმარს წაგართმევ? საყვარელო, ასეთი რაღაცეები ცალმხრივად არ ხდება. თუ შენი ქმრის სიყვარულში დარწმუნებული არ ხარ, სხვა საქმეა, თუ თავად გიას არ მოუნდება ჩემთან დაბრუნება, მე ვერაფერს გავხდებიო. ამის მოსმენის შემდეგ რა ჭკუაზე უნდა ვიყო? გიას ყველაფერი მოვუყევი და, იცით, რომ მანაც იგივე გაიმეორა?! – შენ ჩემს სიყვარულში არ ხარ დარწმუნებული, თორემ, ამ სისულელეებზე არ ინერვიულებდიო. ახლა ვცდილობ, საკუთარი თავი ხელში ავიყვანო და არ ვინერვიულო, მაგრამ, ვეჭვიანობ, საშინლად ვეჭვიანობ და ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ. მომკლავს ამდენი ნერვიულობა. ნეტავი, საერთოდ აორთქლდებოდეს ეგ საზიზღარი ქალი! რა მოვუხერხო არ ვიცი.
– ალბათ, უნდა შეეცადოთ და ყურადღება არ მიაქციოთ მის, როგორც თქვენ ამბობთ, პროვოკაციულ გამოხდომებს.
– ჰო, მეც ამას ვფიქრობ, თორემ, ის მოხდება, რაც მას უნდა. მთელ ბრაზს გიაზე ვიყრი, ამასაც მობეზრდება სკანდალები და წავა ჩემგან. შეიძლება, იმასთან არ წავიდეს, მაგრამ, არც ამ ვარიანტს გამოვრიცხავ. ბოლოს და ბოლოს, საერთო შვილი ჰყავთ და ამას ხომ აქვს მნიშვნელობა?! ჩემი მყუდრო და ბედნიერი ოჯახი მენგრევა, მაგრამ ამას არ დავუშვებ.