კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


რატომ დავკარგე სამსახ­ური

ვმუშაობ ერთ საკმაოდ წარმატებულ კერძო ფირმის ფილიალში. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და, შესაბამისად, მთელ დღეს სამუშაოს ვანდომებ. ისეთი დაკავებული ვარ, პირადი ცხოვრებისთვის, პრაქტიკულად, დრო აღარ მრჩება. სახ­ლში გვიან მივდივარ, დაღლილ-დაქანცული და თავი აღარ მაქვს, ვინმესთან წავიდე, ის კი არა, ტელეფონით რომ ვინმე მოვიკითხო და დაველაპარაკო, ისიც კი მეზარება. მოკლედ, მთელი ჩემი ცხოვრება სამსახ­ურით შემოიფარგლება. ჩემი უფროსები ხედავდნენ ჩემს თავდადებას და შესაბამისად მაფასებდნენ.

ჩემი ცხოვრების წესის გამო თანამშრომლებმა „უკარება“ შემარქვეს. ხშირად უშაყირიათ კიდეც – ირმას არც კი გაეარშიყოთ, თორემ ტრავმატოლოგიურში მოგიწევთ დაწოლაო. რა თქმა უნდა, მთლად ასეთი არ ვიყავი, მაგრამ, ვერც ადვილად დამელაპარაკებოდა ვინმე, რადგან ვერ ვიტან უაზროდ მოარშიყე კაცებს. თანაც, მამაკაცებზე მე ჩემი შეხ­ედულება და კრიტერიუმები მაქვს და, ცუდად არ ჩამომართვათ, მაგრამ, ჩემ გარშემო მყოფ კაცთაგან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ელემენტარულ მოთხ­ოვნებსაც კი. ამიტომ, არაფრისმთქმელ, უაზრო ფლირტებსა და ზედმეტად შეთამამებულ ურთიერთობებს ყოველთვის ვარიდებდი თავს, თუმცა ამის მსურველი ჩემ გარშემო ყოველთვის იყო.

ერთ დღეს კი ჩვენს სამსახ­ურში ახ­ალი თანამშრომელი მოვიდა – უფროსის მოადგილე. 50 წელს მიღწეული კაცი იყო, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, 35-ზე მეტს ვერ მისცემდი. ეტყობა, ბიჭ­ობიდანვე მიჩვეული იყო გოგონების ყურადღებას და ისე დადიოდა, თითქოს ელოდებოდა, როდის შეაფრინდებოდნენ ქალები. პრაქტიკულად, ასეც ხდებოდა და ისიც ძალიან იფერებდა.

საერთოდ, რა თქმა უნდა, მომწონს მოვლილი და მოწესრიგებული მამაკაცები, მაგრამ, როცა ეს მოწესრიგებულობა პრანჭ­ვა-გრეხ­აში გადადის, ძალიან მაღიზიანებს. ასე დამემართა რამაზზეც. ვერაფერში წუნს ვერ დასდებდი (გარეგნობას ვგულისხ­მობ), მაგრამ, სულ რაღაცას იწმენდდა, ისუფთავებდა, სულ სარკეში იყურებოდა კმაყოფილი სახ­ით და, რაც მთავარია, ცინიკურად ეპყრობოდა ყველას, ვისაც რომელიმე ძალიან ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი არ ეცვა, აქსესუარებზე და სუნამოზე ხომ, საერთოდ გართულება ჰქონდა და, შეეძლო, საათობით ელაპარაკა, რომელი ბრენდია პრესტიჟული და ასე შემდეგ. უნდა ვაღიარო, რომ მართლაც კარგად ერკვეოდა როგორც კაცების, ისე ქალების ტანსაცმელშიც, აქსესუარებშიც და კოსმეტიკასა და პარფიუმერიაშიც კი, მაგრამ ჩემში მისი ეს თვისება საშინელ გაღიზიანებას იწვევდა, რასაც, რა თქმა უნდა, ვმალავდი, რადგან, ეს რომ გამომემჟღავნებინა, ჯერ ერთი, ქალები, ალბათ, ჩამქოლავდნენ – როგორ თუ ჩვენი კუმირი არ მოგწონსო და, მეორეც, ყველას ეგონებოდა, რომ რამაზი შემიყვარდა და მისი ყურადღების მისაქცევად ვიქცეოდი ასე. ამიტომ, ვცდილობდი, საერთოდ ნაკლებად მიმექცია მისთვის ყურადღება და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონოდა მასთან, ყოველგვარი გაშინაურებისა და შეხ­უმრებების გარეშე. ჩვენი სამსახ­ურის ქალები კი მასზე მართლა გიჟდებოდნენ და ეს პრანჭ­ია კაცი მალე ეტალონი გახ­და.

მე სულ ვცდილობდი, ასე ვთქვათ, ზედმეტად არ მოვხ­ვედროდი თვალში, მაგრამ, ჩემი ასეთი საქციელით, ეტყობა, უფრო მივიქციე ყურადღება და, ერთ დღესაც, გავიგე, რომ ჩვენი „ნარცისი“ თურმე ჩემით დაინტერესებულა. ამ ფაქტმა ძალიან დამძაბა, აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ჯერ ერთი, ეს კაცი არანაირად არ ეკარებოდა გულს; მეორე – ჩემზე თითქმის ოცი წლით უფროსი იყო და ბევრით უფროსი კაცები არასდროს მომწონდა და, მესამე და მთავარი – ჩვენს პატივცემულ რამაზის ცოლიც ჰყავდა და შვილებიც, ცოლიან კაცთან ურთიერთობა კი ჩემთვის აბსოლუტურად გამორიცხ­ული იყო. ამ ყველაფრის და კიდევ სხვა მიზეზების გამო, მაქსიმალურად ვცდილობდი, მასთან ზედმეტად არ მქონოდა კონტაქტი, მაგრამ, ჩემმა ასეთმა საქციელმა უკურეაქცია გამოიწვია. როგორც ხდება ხოლმე, რამაზის ჩემით დაინტერესება მალე ყველასთვის ცნობილი გახ­და, რამაც ის გამოიწვია, რომ ქალები გამინაწყენდნენ, კაცები კი ეჭ­ვის თვალით მიყურებდნენ – არ სჯეროდათ, რომ ასეთ „ხელსაყრელ ვარიანტს“ არ გამოვიყენებდი. იმან, რომ თავის მახ­ეში ვერ გამაბა, რამაზი, როგორც ჩანს, ძალიან გააღიზიანა, რადგან ქალებისგან უარს არ იყო ჩვეული და ერთ დღესაც ძალიან მარტივად იძია შური – თანამშრომლებით სავსე ოთახ­ში შემოვიდა და დამცინავი კილოთი მომმართა: რა იყო, გოგო, რა თავს იდებ?! შენც, ახ­ლა, კაცების რიგი არ გედგას! ხომ ვიცი, სიხ­არულისგან ჭკუაზე არ ხარ, ჩემისთანა კაცმა ყურადღება რომ მოგაქცია, მაგრამ იპრანჭ­ები, გგონია, ამით უფრო დამაინტერესებ, მაგრამ, ქაჯ­ურად იქცევიო... – და ასე შემდეგ.

არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ, გავაკეთე ის, რაც იმ წუთას მომივიდა თავში: მომენტალურად გამოვედი ოთახ­იდან, შევედი უფროსთან და, ისე, რომ მიზეზი არ მითქვამს, განცხ­ადება დავუდე მაგიდაზე სამსახ­ურიდან წასვლის შესახ­ებ. კაცი გაგიჟდა – რატომ მიდიხ­არ, ის მაინც მითხ­არიო, მაგრამ, მაინც არ ვუთხ­არი. ასე უაზროდ დავკარგე სამსახ­ური. ახ­ლა ვზივარ სახ­ლში, ვისვენებ, მეგობრებისთვისაც ვიცლი და გართობისთვისაც. რაღაც თანხა მაქვს შეგროვილი და გარკვეული პერიოდი ფულის სასესხ­ებლად არ მექნება საქმე. ჯერ ცოტას კიდევ დავისვენებ, მერე კი ან აქ მოვძებნი რამე ნორმალურ სამსახ­ურს, ან, სულაც, სადმე უცხ­ოეთში წავალ და იქ ავაწყობ ჩემს კარიერას.

ირმა, 28 წლის.



მეგობრის მამამ გამაუპატიურა

ჩემი დიდი ხნის საიდუმლო უნდა გაგიმხ­ილოთ. მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მაგრამ, იმდენად ვეღარ ვიტევ გულში იმ ტკივილს, რომ, გადავწყვიტე, ახ­ლა მოგწეროთ – ეგებ ამით ცოტათი მაინც შემიმსუბუქდეს ის საშინელი განცდა, რომელიც რამდენიმე წელია, თან მდევს.

სტუდენტობის პერიოდში, ზაფხ­ულის არდადეგებზე, მე და ჩემი დაქალი მეგობრის დაბადების დღეზე წავედით ბათუმში. რომ ჩავედით, თავსხ­მა წვიმა დაგვხ­ვდა და გავცივდი. დაბადების დღემ მშვიდობიანად ჩაიარა და მეორე საღამოს წამოვედით „მარშრუტკით“ – აღარ დავრჩით, რადგან თბილისში აუცილებელი საქმე გვქონდა. ხაშურს რომ მივუახ­ლოვდით, „მარშრუტკა“ გაფუჭ­და, სხვა ტრანსპორტმაც აღარ ჩამოიარა, თბილისამდე ჩამოსასვლელი ტაქსის ფული კი აღარ გვქონდა, არადა, უკვე ბნელოდა. რა გვექნა, არ ვიცოდით, მაგრამ, უცებ გაგვახ­სენდა, რომ ხაშურთან ახ­ლოს, ერთ სოფელში ჩვენი ჯგუფელი ცხოვრობდა. ვიცოდით, რომ იქ უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტეთ, მასთან მივსულიყავით ღამის გასათევად. სახ­ლშიც რომ არ დაგვხ­ვედროდა, მისი მშობლები ქუჩაში ხომ არ დაგვტოვებდნენ? საბედნიეროდ, ია შინ დაგვხ­ვდა. სიხ­არულით მიგვიღეს, გვავახ­შმეს და ლოგინებიც გაგვიშალეს. ისე მოხ­და, რომ ჩემი დაქალი იას ოთახ­ში დაწვა, მე კი – ცალკე, პატარა ოთახ­ში დამაწვინეს, რადგან იასთან მეტი საწოლი არ იდგა. დაღლილი ვიყავი და მალე დამეძინა. შუაღამისას კი რაღაც ფაჩუნმა და ჭრიალმა გამაღვიძა. შეშინებულმა გავახ­ილე თვალი და, ის იყო, შიშისგან უნდა მეყვირა, რომ ვიღაცამ პირზე ხელი დამაფარა და გამაკავა. მერე აღარაფერი მახ­სოვს, რადგან, ეტყობა, გული წამივიდა. გონს რომ მოვედი, დავინახე, რომ იას მამა შარვალს იცვამდა. თვალგახ­ელილი რომ დამინახა, მომიახ­ლოვდა, ჩემს სახ­ესთან დაიხ­არა და მუქარით მითხ­რა: ხმა არ ამოიღო, თორემ, ყველაფერს შენ დაგაბრალებ და ისე მოგჭ­რი თავს, სახ­ლიდან გამოსვლის სურვილიც აღარ გექნებაო. მაინც ბავშვი და გამოუცდელი ვიყავი, ვიფიქრე, მართლა შეასრულებს თავის მუქარას-მეთქი და შიშისგან მართლაც არ ამომიღია ხმა. გათენდა თუ არა, ჩემი დაქალი გავაღვიძე და სასწრაფოდ წამოვედით იქიდან. მასპინძლები ძალიან გვეხ­ვეწებოდნენ, რამდენიმე დღით კიდევ დარჩითო (განსაკუთრებით იას მამა იკლავდა თავს), მაგრამ, როგორც იტყვიან, უკანმოუხ­ედავად გამოვიქეცი იქიდან. ჩემს დაქალს უკვირდა, რა დაგემართაო, მაგრამ იმისთვისაც არაფერი მითქვამს.

თბილისში რომ ჩამოვედი, სიცხ­ემ ამიწია და მთელი ორი კვირა ისე ცუდად ვიყავი, კინაღამ მოვკვდი. რადგან გაციებული ვიყავი, ყველას ეგონა, გრიპი გამირთულდა, მაგრამ, მე ხომ ვიცოდი, რაც იყო ნამდვილი მიზეზი.

იმის შემდეგ 7-8 წელია გასული და დღემდე საშინლად მძულს მამაკაცები. ახ­ალგაზრდა გოგო ვარ და ჯერ შეყვარებული არ მყოლია, ყველა ბიჭი მეზიზღება, გათხ­ოვების ხსენებაზეც კი მაჟრიალებს. ზუსტად ვიცი, რომ ფსიქიატრთან თუ არა, ფსიქოლოგთან მაინც ვარ მისასვლელი, მაგრამ, მაშინ ყველაფრის მოყოლა მომიწევს, რისი გაკეთებაც საშინლად არ მინდა. არადა, როდემდე გავძლებ ასე, არ ვიცი. მეშინია, მართლა არ გავგიჟდე.

თამთა, 26 წლის.



რა ვუთხ­რა ქმარს

სკოლის პერიოდში ერთი ბიჭი შემიყვარდა, ჩემი თანაკლასელი. ვერ ვიტყვი, რომ ისიც გიჟდებოდა ჩემზე, მაგრამ მაინც ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. მართალია, მიყვარდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მივხ­ვდი, რომ მას არანაირი გრძნობა არ ჰქონდა ჩემ მიმართ და, მარტო იმიტომ, რომ ვებრალებოდი, მასთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოვინდომე. ამიტომ, დავშორდით ერთმანეთს. ეს ჩემი ინიციატივით მოხ­და. ერთადერთი, იმით ვიყავი კმაყოფილი, რომ მას არ მივუტოვებივარ და ქალური თავმოყვარეობა შელახ­ული არ მქონდა.

ასე იყო თუ ისე, ლევანთან განშორება მაინც მძიმედ გადავიტანე. ისე გავიდა რამდენიმე წელიწადი, არავინ არც შემყვარებია და არც მომწონებია. ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, დაქალის ბიძაშვილს შევუყვარდი და ცოლობა მთხოვა. ვიფიქრე, მაინც ცარიელი ტაქსივით დავდივარ-მეთქი და გავყევი, იმ იმედით, რომ მერე მეც შემიყვარდებოდა. რომეო და ჯულიეტა არ ვყოფილვართ, მაგრამ მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, თუმცა, ჩვენს ურთიერთობაში ის ვნება და ცეცხ­ლი არ იგრძნობოდა, რაც ახ­ალგაზრდა ცოლ-ქმარს უნდა ჰქონოდა, ყოველ შემთხ­ვევაში, ქორწინების პირველ წლებში მაინც. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებდა ჩემს ქმარში, ის იყო, რომ, ყოველი წუთი და საათი წინასწარ ჰქონდა განსაზღვრულ-დაგეგმილი, მაგრამ მერე ამასაც თითქოს შევეჩვიე, აქტიური პროტესტი არ გამომიხ­ატავს.

ერთ დღესაც, თანაკლასელმა დამირეკა და მითხ­რა, სკოლის დამთავრების 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და შაბათს, ამა და ამ რესტორანში, ცოლებითა და ქმრებით ვხვდებით ერთმანეთსო.

ძალიან გამიხ­არდა, ამდენი წლის უნახ­ავ მეგობრებს რომ ვნახ­ავდი. ავთოსაც უარი არ უთქვამს და დათქმულ დღეს რესტორანში წავედით. რატომღაც, ძალიან მოვინდომე და ისე გამოვიპრანჭე, ჩემს ქმარს, რომ იტყვიან, ყბა ჩამოუვარდა – ასეთი ლამაზი თუ იყავი, არ ვიცოდიო.

თითქმის მთელი კლასი იქ დამხ­ვდა. ზოგი ცოლით იყო, ზოგი – ქმრით. ერთი-ორი მარტოც იყო მოსული. ზოგიერთი ისეთი შეცვლილი იყო, ძლივს ვიცანი. ყველა ერთმანეთს ვეხ­ვეოდით და ვკოცნიდით, მხოლოდ ერთი ახ­ალგაზრდა კაცი იჯ­და სუფრასთან მოწყენილი და სევდიანი თვალებით გვიყურებდა. გოგოებს ვკითხე – ის ბიჭ­ი ვინ არის-მეთქი და, რომ მითხ­რეს, ლევანიაო, ვერ დავიჯ­ერე, ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს გაჭ­აღარავებული კაცი ის ბიჭი იყო, ოდესღაც ასე რომ მიყვარდა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს რაღაც დიდი უბედურება ჰქონდა გადატანილი. უცებ, რატომღაც, საოცარი სიბრალული ვიგრძენი, მივედი და გადავკოცნე, მოვიკითხე. ძლივს ავიყოლიე საუბარში. მერე, ცოტა რომ დალია, თანდათან გათამამდა, ჩემი ქმარიც გაიცნო და გვერდიდან აღარ მომშორებია, რამდენჯ­ერმე ერთად ვიცეკვეთ კიდეც.

ბანკეტის ბოლოს, ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, ლევანმა პატარა ფურცელი ჩამიდო ხელში, მერე ყველას ხელი აუწია – კარგად იყავითო და წავიდა. ფურცელი საფულეში შევინახე და მისი არსებობა რამდენიმე დღის განმავლობაში აღარც გამხ­სენებია. დაახ­ლოებით ერთი კვირის შემდეგ კი რაღაცისთვის გავხ­სენი საფულე და, ის ფურცელი რომ დავინახე, გამეცინა, რა პატარა ბავშვივით მომცა წერილი-მეთქი. გავშალე, მაგრამ, რაც იქ წავიკითხე, იმდენად შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, რომ კარგა ხანს გონზე ვერ მოვედი.

„ანა, – მწერდა ლევანი, – ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში ისაა, რომ შენ დაგკარგე. მას მერე უბედური ვარ. ახ­ლა რომ დაგინახე, მივხ­ვდი, ყოველთვის მიყვარდი, უბრალოდ, იდიოტი ვიყავი და ამ გრძნობას ვერ გავუფრთხ­ილდი. ვიცი, რომ ქმარი გყავს, ისიც ვიცი, რომ ისევ გიყვარვარ – ეს შენს თვალებში დავინახე. ერთხ­ელ მოვდივართ ამქვეყნად და რაღაც ხელოვნურად შექმნილი მოვალეობებითა და ვალდებულებებით ნუ შევიზღუდავთ თავისუფლებას.

ამა და ამ დღეს, საღამოს 7 საათზე, ჩვენს საყვარელ ადგილას გელოდები“...

თვალებს არ ვუჯ­ერებდი. ჯერ შემეცოდა, მერე გავბრაზდი – როგორ გამიბედა-მეთქი. მერე გადავითვალე და მისი დათქმული თარიღი სამი დღის შემდეგ უწევდა. მთელი ეს სამი დღე ვბობოქრობდი, გულში სულ თავხ­ედსა და უზნეოს ვუწოდებდი; იმ წუთას რომ დამნახ­ვებოდა, ალბათ, თვალებს გამოვჩიჩქნიდი. რა თქმა უნდა, ამ დღეების განმავლობაში შეხ­ვედრაზე არც მიფიქრია. ის დღე რომ დადგა, მთლად გადავირიე, ისე ავფორიაქდი, ავთომაც კი შემამჩნია – ეს ბოლო ხანებია, რა დაგემართაო. რაღაც მიზეზი მოვბოდე და ისიც აღარ ჩამძიებია. საღამო რომ მოახ­ლოვდა, უცბად გადავწყვიტე, მივალ და ერთი კარგად გამოვლანძღავ, როგორ გამიბედა ასეთი რამ, მაგას ვინ ვგონივარ-მეთქი.

წავედი განრისხ­ებული, საჩხ­უბრად განწყობილი. მართლაც, დავუწყე ჩხუბი და ლანძღვა, მაგრამ ლევანს ხმა არ ამოუღია. ჩამსვა მანქანაში და მითხ­რა – ქუჩაში ნუ მიყვირი, ჩემთან წავიდეთ და იქ რაც გინდა, ის მითხ­არიო. ათი წუთის შემდეგ მის ბინაში ვიყავით. სუფრა გაშლილი დამხ­ვდა: ნამცხ­ვრები, ხილი, შამპანური...

მერე აღარაფერი მახ­სოვს. გონს რომ მოვედი, თავი მის მკლავზე მედო და ჩემზე ბედნიერი ქალი ქვეყანაზე არ მეგულებოდა.

ახ­ლა ერთი უდიდესი პრობლემა მაქვს: რა ვუთხ­რა ჩემს ქმარს, რომელსაც ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, რატომ გეყრები-მეთქი?!

ანა, 32 წლის.



ქმარმა მიმატოვა

ათი წელია, გათხ­ოვილი ვარ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ივიკო მართლაც სანიმუშო ქმარი იყო, მაგრამ, ბოლო წელია, აშკარად ვგრძნობ, რომ ვიღაც გაიჩინა. თუ ეს უბრალო ფლირტი, ან, უკიდურეს შემთხ­ვევაში, დროებითი გატაცებაა, კიდევ ჯანდაბას, თვალს დავხ­უჭ­ავ, ოღონდ არ მიმატოვოს, მაგრამ, თუ სერიოზულად შეუყვარდა ვინმე და ამის გამო ჩემ მიტოვებას აპირებს, მის გარეშე თავს არ ვიცოცხლებ-მეთქი, ვფიქრობდი, რადგან ჩემი ქმარი სიგიჟემდე მიყვარს და მასთან განშორებას ნამდვილად ვერ გადავიტან.

მას შემდეგ, რაც ეჭ­ვი გამიჩნდა, (თუმცა ნივთმტკიცებებს ჯერჯ­ერობით ვერ მივაკვლიე), ვცდილობდი, განსაკუთრებული ყურადღება გამომეჩინა, თან ვყვებოდი, მეც სულ მოწესრიგებული და გაპრანჭ­ული ვხვდებოდი, მაგრამ აშკარად აღარ ვაინტერესებდი. ამ ორიოდე თვის წინ კი, ჩვენი ქორწინების 10 წლისთავზე, გადავწყვიტე, სიურპრიზი მომეწყო: ჩემს მშობლებს კარგა მსხვილი თანხა გამოვართვი, ერთ პრესტიჟულ რესტორანში პურმარილი შევუკვეთე, მისი უახ­ლოესი მეგობრები და ჩემი რამდენიმე დაქალი წინასწარ დავპატიჟე და თან ყველა გავაფრთხ­ილე, ივიკოსთან არაფერი წამოგცდეთ, სიურპრიზს ვუწყობ-მეთქი. ქმარს კი იმ დღისთვის შევუთანხ­მდი, სამსახ­ურიდან რომ გამოხ­ვალ, საღამოს 8 საათზე ამა და ამ ადგილას შემხ­ვდი, რაღაც სერიოზული საქმე მაქვს-მეთქი. დამთანხ­მდა, მაგრამ არ მოვიდა. ჩემს გოგონებს (უკვე რესტორანში იყვნენ) დავურეკე, თქვენ დასხ­ედით და დაიწყეთ ქეიფი, ჩვენ ცოტა შეგვაგვიანდება-მეთქი. ეს „ცოტა“ კი ორ საათს გაგრძელდა, ივიკო კი არა და არ მოდიოდა. მობილურზე პირველად რომ შევეხ­მიანე – სად ხარ აქამდე-მეთქი, მითხ­რა, თათბირი გაგვიგრძელდა და ნახ­ევარ საათში მოვალ, გამაგებინე, რა ხდებაო. იძულებული გავხ­დი, მეთქვა, რესტორანში ოცი კაცი გველოდება-მეთქი. ნახ­ევარ საათში მანდ ვიქნებიო, – გამიმეორა. ეს ნახ­ევარი საათიც რომ გავიდა და მაინც არ გამოჩნდა, კიდევ გადავურეკე და ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. სამსახ­ურის ტელეფონზეც ვრეკე – ყურმილს არ იღებდა. მაინც იმედი არ გადავიწურე, ვიფიქრე, თვითონაც რაღაც სიურპრიზს მიწყობს და მაწვალებს-მეთქი. კიდევ ორ საათს ველოდე, მაგრამ არ მოვიდა. გოგოები მირეკავდნენ რესტორნიდან, სად ხართ ამდენ ხანსო, ბოლოს უკვე რა მეთქვა, აღარ ვიცოდი და ტელეფონი გავთიშე.

რესტორანში აღარ დავბრუნებულვარ, პირდაპირ სახ­ლში წავედი. ივიკო არც სახ­ლში მოსულა მთელი ღამის განმავლობაში. დილით კი მოვიდა, თავისი ნივთები ჩაალაგა და მითხ­რა, მივდივარო. ხმა არ ამომიღია – უკვე ვგრძნობდი, რომ ასე მოხ­დებოდა.

სხვათა შორის, თავისმა ძმაკაცებმა ძალიან გაამტყუნეს და შავი დღეც აყარეს, მაგრამ, რაღა აზრი ჰქონდა. დავრჩი ასე მარტო, დამცირებული, შეურაცხ­ყოფილი, მაგრამ, ვიცი, დადგება დღე, როცა ისევ მომადგება ჩემოდნებით და პატიებას მთხოვს, მაგრამ ვერ მივართვი, არ ვაპატიებ და აღარ შევურიგდები.

თინა, 30 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3