კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ პირობებში ცხოვრობს თანამედროვეობის უდიდესი გენიოსი გრიგორი პერელმანი და რატომ აცხადებს ის უარს მილიონი დოლარის ჯილდოზე


მათემატიკისგან შორს მყოფმა ადამიანებმაც კი იციან, ვინ არის გრიგორი პერელმანი. პეტერბურგელი განდეგილი, იდუმალი, წვერიანი ასკეტი მეცნიერი, რომელმაც საუკუნის ურთულესი მათემატიკური გამოცანა-ჰიპოტეზის ამოხსნა შეძლო. მის ამოხსნას 100 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ტვინები ცდილობდნენ. იგი თანამედროვეობის უდიდეს მეცნიერად და უჭკვიანეს ადამიანად ითვლება. მის სახელს უამრავი მითი და დაუჯერებელი ისტორია უკავშირდება. მას შეუძლია, უარი თქვას მათემატიკოსებისთვის დაწესებულ ნობელის პრემიის ანალოგ საპრიზო მილიონ ამერიკულ დოლარზე. მისი თქმით, ყველაფერი აქვს, რაც კი სჭირდება.

გრიგორი იაკობის ძე პერელმანი 1966 წელს ლენინგრადში დაიბადა. მამამისი ინჟინერ-ელექტრიკოსი იყო, რომელიც 1993 წელს ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. გრიგორის დედა „პეტეუში“ მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა და სწორედ მშობლებმა შეაყვარეს მას მათემატიკა. რუსეთში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გრიგორი ცნობილი, მეცნიერების პოპულარიზატორის, იაკობ პერელმანის შვილი იყო, მაგრამ ეს უკანასკნელი 1942 წლის მარტში, ლენინგრადის ბლოკადის დროს გარდაიცვალა. ასე რომ, გრიგორის მამა ვერანაირად ვერ იქნებოდა.

პერელმანმა ლენინგრადის 239-ე ფიზიკურ-მათემატიკური სკოლა დაამთავრა. 1982 წელს საბჭოთა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მან ბუდაპეშტის მათემატიკის ოლიმპიადაზე საბჭოთა გუნდს ოქროს მედალი მოუტანა. 16 წლის ასაკში იგი ყოველგვარი გამოცდების გარეშე ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მიიღეს, რაც იმ დროის მოვლენად შეფასდა. პერელმანი მხოლოდ „ხუთებზე“ სწავლობდა და ამისთვის იგი ლენინის სტიპენდიას იღებდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩააბარა გამოცდები საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ კი, იმავე ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.

1992 წელს პერელმანი ნიუ-იორკის და სტონი ბრუკის უნივერსიტეტებში იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად. ამერიკელი მეცნიერები იხსენებდნენ, რომ ამერიკაში ყოფნის პერიოდში, პერელმანს ერთი და იგივე ველვეტის პიჯაკი ეცვა, თითქმის არ იჭრიდა ფრჩხილებს ხელებზე და მხოლოდ პურით, ყველითა და რძით იკვებებოდა. ფიქრის დროს კი კედელს ჩოგბურთის ბურთს ესროდა და იჭერდა. შეერთებულ შტატებში იგი 1996 წლამდე დარჩა და ბოლო პერიოდში ბერკლის უნივერსიტეტში სამეცნიერო მუშაობას ლექციების წაკითხვას უთავსებდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მუშაობა ისევ სტეკლოვის სახელობის ინსტიტუტში განაგრძო, სადაც 2003 წლამდე იმუშავა. შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად წასვლაზე განცხადება დაწერა. გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი კოლეგებთან, სანკტ-პეტერბურგის კუპჩინოს რაიონში, დედის სახლში ჩაიკეტა, წვერი მოუშვა და ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა. ამბობენ, რომ მისი შემოსავლის ძირითადი წყარო რეპეტიტორობა და დედის პენსიაა, მაგრამ დაზუსტებით ამას ვერავინ ამტკიცებს. გარე სამყაროსთან პერელმანს ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს. იგი არ იძლევა ინტერვიუებს და სრულიად არ ეკონტაქტება პრესას და ტელევიზიას. ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, პერელმანი საშინელ პირობებში ცხოვრობს. „დეილი მეილის“ ჟურნალისტებმა პერელმანის კარის მეზობლის, ვერა პეტროვნას ინტერვიუ გამოაქვეყნეს, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ გენიოსს სახლში მხოლოდ ერთი მაგიდა, ხის სკამი და ლოგინზე დაგდებული ბინძური ლეიბი აქვს, რომელიც მისი ბინის ყოფილი ბინადრებისგან, ლოთი ცოლ-ქმრისგან შერჩა. გარდა ამისა, პერელმანის სახლი გატენილია ტარაკნებით, რომლებსაც მთელი სამეზობლო უშედეგოდ ებრძვის.

სამეცნიერო სამყაროში გრიგორი პერელმანი გრიშას სახელით არის ცნობილი. ასე მოიხსენიებენ მას მისი დასავლელი კოლეგები და ჟურნალისტები. სწორედ „გრიშა პერელმანის“ სახელით გამოაქვეყნა მან ინტერნეტში თავისი მასალები 2002-2003 წლებში. მან გადატრიალება მოახდინა მათემატიკურ სამყაროში. რვა წლის განმავლობაში პერელმანი „პუანკარეს ჰიპოთეზის“ ამოხსნაზე მუშაობდა. ეს ჰიპოთეზა ერთ-ერთ უდიდეს მათემატიკურ გამოცანად ითვლებოდა საუკუნის განმავლობაში და მისი ამოხსნა უდიდესი აღმოჩენაა კაცობრიობის ისტორიაში. მსოფლიო საუკეთესო მეცნიერები მის ახსნას თითქმის ასი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. კემბრიჯის უნივერსიტეტს „პუანკარეს ჰიპოთეზა“ ათასწლეულის შვიდ ყველაზე ამოუხსნელ გამოცანას შორის ჰქონდა მოხსენიებული და მისი ამოხსნისთვის მილიონი დოლარი საპრიზო თანხა იყო გამოყოფილი. ფრანგი მათემატიკოსის ანრი პუანკარეს ჰიპოთეზა ასე ფორმულირდება – ნებისმიერი ჩაკეტილი ერთკავშირიანი სამგანზომილებიანი სივრცე ჰომეომორფირებულია სამგანზომილებიან სფეროსთან. გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, ელემენტარულად აგიხსნით: ვაშლს რომ რეზინის ლენტი შემოვახვიოთ და შემდეგ ეს ლენტი დავჭიმოთ, მაშინ ვაშლი ერთ წერტილში, შეიკუმშება იგივე ლენტი, რომ ბლითს შემოვახვიოთ, ერთ წერტილში მას ვერ შევკუმშავთ, რადგან ან ბლითი გაწყდება ან რეზინი. ამ შემთხვევაში ვაშლს უწოდებენ „ერთკავშირიან“ სფეროს, ხოლო ბლითი არაა „ერთკავშირიანი“. 1904 წელს პუანკარემ დაადგინა, რომ ორგანზომილებიანი სფერო ერთკავშირიანია და ივარაუდა, რომ სამგანზომილებიანი სფეროც იგივეა. ამ ჰიპოთეზის დამტკიცებას მსოფლიოს საუკეთესო მათემატიკოსები ცდილობდნენ და მხოლოდ ასკეტმა მეცნიერმა, მორცხვმა გრიშა პერელმანმა მოახერხა მისი ამოხსნა. მასზე პასუხი მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს სამყაროს ფორმის გაგებაში.

2006 წელს „პუანკარეს ჰიპოთეზის“ ამოხსნისთვის გრიგორი პერელმანს საერთაშორისო პრემია „ფილდსის მედალი“ მიაკუთვნეს, მაგრამ მან უარი განაცხადა მის მიღებაზე. იმავე წელს ჟურნალმა „საიენსმა“ ეს აღმოჩენა სამეცნიერო გარღვევად აღიარა მათემატიკაში. 2007 წელს ბრიტანულმა „დეილი ტელეგრაფმა“ თანამედროვეობის ასი ცოცხალი გენიოსის რეიტინგი გამოაქვეყნა და გრიგორი პერელმანს მე-9 პოზიცია ჰქონდა დაკავებული. 2010 წლის 18 მარტს კემბრიჯის უნივერსიტეტის, კლეის მათემატიკურმა ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ გრიგორი პერელმანს ჰიპოთეზის ამოხსნისთვის „მილენიუმის“ პრემიის, ერთი მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო თანხას გადასცემდნენ. 2010 წლის 23 მარტს პერელმანმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არ უთქვამს. ასე რომ, დღემდე გამოცანად რჩება, აიღებს თუ არა გენიოსი, საკუთარ თავში ჩაკეტილი გრიშა პერელმანი კუთვნილ მილიონ ამერიკულ დოლარს.

P.S. ორგანიზაცია „პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის კომუნისტების“ წევრები სთხოვენ გრიგორი პერელმანს, რომ ის მილიონი დოლარი, რომლის მიღებაზეც უარს განაცხადებს, მათ ორგანიზაციას გადასცეს, რათა მათ ახალგაზრდა მეცნიერებისათვის აკადემქალაქის აშენება შეძლონ. დარჩენილი თანხით კი მუმიფიცირებული ლენინის მავზოლეუმში შენახვის ხარჯებს დაფარავენ. პერელმანი ჯერჯერობით დუმს, ხოლო ერთადერთი ვინც მოიწონა მისი საქციელი, მილიონი დოლარის იგნორირებასთან დაკავშირებით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ვოლფის ძე ჟირინოვსკია. მან განაცხადა: „ჩვენი მეცნიერები ბინძურ დოლარებზე არ იყიდებიან“.


скачать dle 11.3