რას ვერ ელევა პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე და რატომ ვერ შეძლო მან ყველაზე ძვირფასი მამაკაცის მართვა
უკვე ორი წელია, რაც პოლიციის აკადემიას ხატია დეკანოიძე ხელმძღვანელობს. სწორედ ამ პერიოდში გახდა თბილისის პოლიციის აკადემია ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მართალია ახალგაზრდული ასაკის გამო ხატია ევროპელ კოლეგებს ხშირად აოცებს, მაგრამ თბილისში ისეა როგორც დიდი სახლის პატარა დიასახლისი – აკადემიაში ისეთი წესრიგია, რომ ყველაფერს ეტყობა აქტიური და ენერგიული ახალგაზრდა ქალის ხელი. როგორ შეცვალა პოლიციის აკადემიამ ყოფილი დიპლომატის ცხოვრება, როდის აჯარიმებენ მას თბილისში სამართალდამცველები და რატომ ეშინია ყველაზე მეტად ამერიკელი შერიფების, ამას თავად რექტორისგან შეიტყობთ, რომელსაც ჯერ მხოლოდ ლეიტენანტის ვარსკვლავი აქვს და მეგობრებს მკაცრ ტრაქტატებს უდებს...
ხატია დეკანოიძე: პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. პოლიციაში საკმაოდ უცნაურად მოვხვდი. ვმუშაობდი უშიშროების საბჭოში, როდესაც საბჭოს ხელმძღვანელობდა ვანო მერაბიშვილი, შემდეგ გადავედი ადმინისტრაციის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2006 წელს გავიხსენე ჩემი ძველი პროფესია, წავედი დიპლომატად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ვმუშაობდი ორი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც პოლიციის აკადემიის რექტორი უცხოეთში გაემგზავრა სასწავლებლად, მინისტრმა მთხოვა, ჩამოვსულიყავი და აქ დამეწყო მუშაობა. დიპლომატობა ძალიან საინტერესო სფეროა და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ასაკის მერე კიდევ დავბრუნდე დიპლომატიაში. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, თუმცა ამ საქმემ ბავშვობის ოცნება გადაწონა. ახლა ისეთი აქტიური და ცოცხალი სამუშაო მაქვს, ამას ვერ შეველევი.
– აქ, ალბათ, გენდერულ უმცირესობაში არ ხართ?
– სულაც არა, პირიქით, აკადემიაში საკმაოდ ბევრი ქალბატონი მუშაობს. აქ ვინაზღაურებ იმ დანაკლისს, რაც ევროპაში მაქვს – როდესაც უცხოეთში ვარ საქმიან ვიზიტებზე, იქ გენდერულ უმცირესობაში ვხვდები ხოლმე. როგორც წესი, იქ ჩემი კოლეგები არიან მაღალი რანგის პოლიციელები. ჩვენი პოლიციის აკადემია ევროპის პოლიციის აკადემიების ვიცე-პრეზიდენტია. მე მახსოვს, როდესაც პირველად დავესწარი აღმასრულებელ სხდომას, კონფერენციის დაწყებამდე ფოიეში შემხვდა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც მე რექტორის თანაშემწე ვეგონე და რექტორს ჩემ ზურგს უკან ეძებდა (იცინის).
– უცხოელ შერიფებთან საერთო ენას პოულობთ?
– ამერიკელი პოლიციელების ძალიან მეშინია. ისინი ძალიან მკაცრები არიან. ერთხელ მე და ჩემი მეგობრები ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში მივდიოდით ჩემი მანქანით, საჭესთან ჩემი მეგობარი იჯდა. ავტობანზე ლიმიტირებულ სიჩქარეს გადავაჭარბეთ და საპატრულო მანქანაც მოგვადგა. ეს ხდებოდა ნიუჯერსიში, სადაც ყველაზე მკაცრი პოლიციელები ცხოვრობენ. მე მივაწოდე საბუთები, მაგრამ ვხვდები, რომ არანაირი შანსი არ გვაქვს და სამასდოლარიანი ჯარიმის გადახდას ვერ გადავურჩებით. ის იყო პოლიციელს ჯარიმა უნდა გაეფორმებინა, რომ რაციაში გადასცეს შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ბედი გქონიათო – მითხრა პოლიციელმა, საბუთები მანქანაში შემოყარა და ასე დაგვანება თავი (იცინის).
– თბილისშიც არღვევთ კანონებს?
– მე ძალიან კანონმორჩილი ვარ, ამერიკაშიც ჩემი მეგობრის გამო მაჯარიმებდნენ. ვცდილობ, არ დავარღვიო მოძრაობის წესები, სულ ორჯერ თუ სამჯერ გამაჩერა პატრულმა და მაშინაც დავაჯარიმებინე თავი (იცინის). ერთხელ გამაჩერა პოლიციის ოფიცერმა, რადგან საჭესთან მობილური ტელეფონით ვსაუბრობდი. მე საბუთები მივაწოდე, ეტყობა, სახეზე ვერ მიცნო, მაგრამ საბუთებს რომ ჩახედა და ჩემი სახელი და გვარი ნახა, ძალიან დაიბნა. ვერ ხვდებოდა, რა ექნა, რომ გავეშვი, შეიძლებოდა უფრო გავბრაზებულიყავი, არ გავეშვი და... (იცინის) ალბათ, პირველი, რაც თავში მოუვიდა ის იყო, რომ უცებ მითხრა: ვაიმე, ქალბატონო ხატია, რამდენი ხანია თქვენი ნახვა მინდაო. მე ვუთხარი: ჯარიმას არ მიწერთ-მეთქი, კი, კი ვწერო, მომახალა უცებ.
– პოლიციის ჩინი გაქვთ?
– ძალიან დაბალი ჩინი მაქვს – ლეიტენანტი ვარ, ჯერ კაპიტნობასაც ვერ მივაღწიე (იცინის). სიმართლე გითხრათ, ჩინებთან დაკავშირებით, კარგად ვერც ვერკვევი, არც კი ვიცი, რამდენი ვარსკვლავი მაქვს. სამაგიეროდ, მაქვს იარაღი, მაგრამ ისიც თანამშრომლის სეიფშია შენახული. არ მიტაცებს იარაღები, რამდენჯერმე ჩავედი ჩვენთან ტირში და არცთუ ურიგოდ ვისროლე. როგორც ამბობენ, ქალები გაცილებით კარგად ისვრიან, ვიდრე მამაკაცები, ისე ცოტა რომ ვივარჯიშო, ალბათ, შედეგს მეც გავაუმჯობესებ.
– როდესაც გამოცდილ პოლიციელებს ლექციებს უტარებთ, ალმაცერად არ გიყურებენ?
– მე თეორიულ კურსს არ ვკითხულობ. თუმცა, დეტექტივებთან და საპატრულო პოლიციის ოცმეთაურებთან შეხვედრებს ვესწრები ხოლმე, თუ განსაკუთრებული თემის განხილვა ხდება. მე არ მაქვს პრეტენზია დეტექტივობაზე და არც ოპერატიული საქმიანობის გამოცდილება მაქვს. როცა ახლობლებს დეტექტივის კონსულტაცია სჭირდებათ, მე მათ საჭირო ხალხთან ვაკვალიანებ. ისე, მე გაფორმებული მაქვს ტრაქტატი ჩემს მეგობრებთან, რომ არ დამირეკონ ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, დახმარების სათხოვნელად – პატრულმა გამაჩერა, დამაჯარიმა და ასე შემდეგ, ჩემთან არ ჭრის. ეს ხელშეკრულება დღემდე ძალაშია.
– ასეთი სამსახური ქალს, ალბათ, ძალიან უცვლის ცხოვრების სტილს, უნარ-ჩვევებს.
– რაღაცეები ჩემთანაც შეიცვალა, ოღონდ არ ვიცი, ეს წლების და გამოცდილების ბრალია, თუ ამ სამსახურის (იცინის), ისე, იმდენი ხანია, რაც ამ სფეროში ვარ, უკვე დამავიწყდა, როგორი იყო ჩემი ცხოვრება. ამ სამსახურის წყალობით გამომიმუშავდა პროფესიული უნარ-ჩვევები. ზომაზე მეტად მიყვარს წესრიგი და პუნქტუალობა. როგორც ყველა ქალისთვის, ჩემი სისუსტეც არის „შოპინგი“. მიყვარს ჩანთების, ფეხსაცმელების ყიდვა... ეს სამსახური ჩაცმულობასთან დაკავშირებით გარკვეულ სტანდარტებს გვიწესებს, მე თავად ვაკონტროლებ ქვედაბოლოების სიგრძეს (იცინის). კვირაობით საკუთარ თავს სპორტული სამოსის და ჯინსების ჩაცმის უფლებას ვაძლევ. არ ვარ გადარეული მაკიაჟზე და ასე ვიყავი ყოველთვის. ჩემი ცხოვრების სტილი ამ სამსახურს განსაკუთრებულად არ შეუცვლია. კლუბური ცხოვრების მოყვარული არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ გართობასაც თავისი წესი აქვს. თუ თავისუფალი დრო გამოვნახე, მას შვილთან და ახლო მეგობრებთან ერთად ვატარებ. ჩვენ ერთმანეთის სახლებში ვიკრიბებით, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაზეც საუბრობენ ქალები – პირადი ცხოვრება, ემოციები. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემი შვილია, ის თერთმეტი წლისაა, განვიცდი, რომ მასთან ურთიერთობისთვის ცოტა დრო მრჩება.
– შვილის და მეგობრების გარდა, კიდევ ვის ეკუთვნის თქვენი თავისუფალი დრო?
– მაქვს ერთი ჰობი – ვგიჟდები ცურვაზე. თუ კვირა დღეს სადმე შეიძლება გავიპარო, ეს არის აუზი. ერთხანს სპორტული წესით ვცხოვრობდი – დავრბოდი, ვცურავდი, მაგრამ ახლა ამასაც ვეღარ ვახერხებ. დილით ადრე ადგომა ძალიან მტანჯავს. ეს ტიპური ქართული ამბავია (იცინის).
– როგორც ვიცი, ძალიან ხშირად ხართ უცხოეთში, ესეც თქვენი სტიქიაა?
– მივლინებებში ძალიან ხშირად მიწევს წასვლა. თუმცა, ეს პროცესი მაინცდამაინც არ მიყვარს. სულ ვცდილობ, თუ შანსი .მაქვს, მივლინებიდან თავი დავიძვრინო. იმის მიუხედავად, რომ 15 წლიდან დავფრინავ, ვერ გადავლახე ფრენის შიში. ზოგს ძალიან შველის ალკოჰოლი, მაგრამ მე ალკოჰოლთან ვერ ვმეგობრობ. როცა უცხოეთში ვარ, ძალიან ამოვვარდები ხოლმე კალაპოტიდან. თუმცაღა, თუ გვერდით კარგი პარტნიორები მყავს, კიდევ არა უშავს (იცინის). მივლინებებს მირჩევნია, რომ შვილთან ერთად წავიდე უცხოეთში. ამერიკაში ცხოვრობს ჩემი ძმა, რის გამოც იქ ხშირად მიწევს ჩასვლა.
– ქალის ბედნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი ცხოვრება. თქვენს კარიერას ხომ არ შეეწირა ის?
– ჩემი პირადი ცხოვრება არაფერს არ შეწირვია, მე და ჩემი მეუღლე დროებით ვცხოვრობთ ცალ-ცალკე, ის ქართველია, მაგრამ ამერიკის მოქალაქეა, ბოლო პერიოდში იქ ცხოვრობს და თავისი საქმით არის დაკავებული. ისე მოხდა, რომ სხვადასხვა კონტინენტზე ვართ, თორემ ჩვენ შორის ნორმალური დამოკიდებულებაა. ძალიან რთულია, როცა ოკეანე გყოფს ახლობელ ადამიანთან. მან რამდენჯერმე შემომთავაზა, იქით გადავსულიყავი, მე აქეთ „დავპატიჟე“, მაგრამ შეთანხმება ჯერ ვერ მოგვიხერხდა. ამიტომაც ვართ ორივე მუდმივად ცაში (იცინის).
– იმის გამო, რომ მუდმივად მამაკაცების საზოგადოებაში ტრიალებთ, მათი შეფასების მკაცრი კრიტერიუმები გექნებათ, ოკეანის გაღმა დარჩენილი ქმრის „ენა“ გესმით?
– მამაკაცების ენა კარგად მესმის, მათ შორის ჩემი მეუღლისაც (იცინის). ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ჩემი შვილია, რომელთან ურთიერთობაც ძალიან რთულია და ყველაზე მეტად მიჭირს. ის ყველაზე ძნელად სამართავი მამაკაცი აღმოჩნდა ჩემთვის, ჯერ ვერ მოვარჯულე... ბუნებით ლიბერალი ვარ, მაქვს კონსერვატიული თვისებებიც, შესაბამისად ადამიანების შეფასებისას ჩემი კრიტერიუმები მაქვს, თუმცა შემფასებლად ვერ გამოვდგები და არასდროს არავის ვკიცხავ. ყველა ადამიანს თავისი გზა და ტვირთი აქვს. მეც მაქვს ცხოვრების შავი და თეთრი ხაზები... (იცინის).