კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაუსინჯა გიორგი ახვლედიანმა გემო მარიხუანას და ვის დაატარებდა ის ზურგით


„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წევრს, გიორგი ახვლედიანს, პარტიაში ფიზიკურად ყველაზე ძლიერის და რეკორდსმენის სტატუსი წლების წინ მიანიჭეს. ამ სტატუსის წყალობით, ის უკვე დიდი ხანია, რაც პოზიციებს არ თმობს – ცნობილი თამადა მშობლიური პარტიისთვის ხმებს იმ სუფრებზეც აგროვებს, სადაც მთავარი „დამრტყმელი ძალაა“. ეს როლიც ადრეულ ასაკში ერგო – კლასიკურ ჭიდაობაში თბილისის ჩემპიონს მთაწმინდაზე საკმაოდ ბევრ ფათერაკიან ისტორიაში მოუწია გარევა. არსენას ქუჩასთან და მთაწმინდის ტყეებთან დაკავშირებულ ბავშვობას გიორგი ახვლედიანი „ბიჭურ ამბებში“ მისთვის ჩვეული ხალისითა და იუმორით იხსენებს...


გიორგი ახვლედიანი: მთაწმინდაზე დავიბადე და გავიზარდე, ნაღდი მთაწმინდელი ვარ. ზემო და ქვემო მთაწმინდის საზღვარზე, არსენას ქუჩაზე ვცხოვრობდი, იქ გაიარა ჩემმა ახალგაზრდობამ. ძალიან მწყდება გული, რომ ის უბანი, რომელშიც მე და ჩემი მეგობრები ვცხოვრობდით, ისეთი აღარაა, ძველი კოლორიტი დაკარგა. მახსოვს, ადამიანები, რომლებიც იმ უბანში ცხოვრობდნენ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ქალაქის მიმართ. მთაწმინდელი განსაკუთრებულად ამბობდა, რომ მთაწმინდელი იყო, თავად უბნის დასახელებაში დევს ისეთი ღირებულება, გამორიცხული იყო, ადამიანს ეს განცდა არ ჰქონოდა. მთელმა ჩემმა ბავშვობამ გაიარა მამადავითზე, ფუნიკულიორზე და მიმდებარე ტყეებში. შატალოზე თუ მივდიოდით, ამაზე კარგ ადგილს სად ვიპოვიდით?! ფუნიკულიორი და მამადავითი იყო ჩვენი გართობის, დასვენების, ცელქობის, სიყვარულის ახსნის ადგილი.

– როგორც ჩანს, უბნის გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს გიწყობდათ, რომ მრავალფეროვანი თავგადასავლები გეძებნათ.

– კი, ძალიან გვიწყობდა ხელს. მე ვსწავლობდი 47-ე სკოლაში, რომელიც იმ პერიოდში ძალიან პრესტიჟულ სკოლად ითვლებოდა. ჩვენ ყოველთვის ვუფრთხილდებოდით ორმოცდამეშვიდესკოლელის სტატუსს, მე და ჩემი მეგობრები ძალიან ცელქები ვიყავით, მაგრამ, ამავდროულად, ისე კარგად ვსწავლობდით, რომ ჩვენი თავგადასავლების მიუხედავად, რომელიც მრავლად გვქონდა, სკოლიდან არ გვაგდებდნენ. ერთხელ ერთდროულად ვიყავი გამოკრული ორ დაფაზე – „ვინ გვარცხვენს“ და „ვინ გვასახელებს“. ჩემი თანაკლასელი იყო ლევან ვეფხვაძე, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთი წლით უფროსი იყო ნიკა ლალიაშვილი. ის და ლევანი ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და ჩვენ სამივე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ლევანი კარგად სწავლობდა, თავიდან კარგი ბიჭი იყო, მერე კი ძალიან გაწუწკდა (იცინის). მამის წყალობით, ლევანი მათემატიკაში იყო ვირტუოზი, მე მგონი, მეოთხე კლასში ესმოდა უმაღლესი მათემატიკა. რომ იცოდეთ, რაებს აკეთებდა! მე მათემატიკაში ამოცანას ვერ ვხსნიდი, არაფრით არ გამომდიოდა, მაგრამ განტოლებებში მაგარი ვიყავი. ლევანი ათ წუთში დაამთავრებდა ხოლმე საკონტროლოს წერას, მერე მე ვიწყებდი: არიქა, გადამაწერინე, გადამაწერინე-მეთქი. ერთი-ორჯერ არასწორად გადამაწერინა, ერთხელ გადამაწერინა და მასწავლებელს გამოუცხადა, მე დავაწერინეო. ხანდახან მისატყეპი კი იყო, მაგრამ ჩემს ძალას ლევანთან ხომ არ გამოვიყენებდი?! (იცინის). ერთი პერიოდი მე და ლევანი ისე გაგვიტაცა ჭადრაკმა, რომ აღარც სკოლა გვახსოვდა, აღარც უბანი, დილიდან ღამემდე ჭადრაკს ვთამაშობდით, ერთმანეთს დაბადების დღეებზე ჭადრაკს ვჩუქნიდით, მერე ნიკა შემოგვიერთდა ამ ამბავში და ექვსი თვე ჭადრაკის ტყვეობაში გავატარეთ. ნიკა იყო იდეების გენერატორი, სახელმწიფოებრივი იდეები მოსდიოდა, რის გამოც პოლიტიკურ დებატებს ვმართავდით ხოლმე. ხანდახან ჩხუბამდეც მივდიოდით, ხან მე ვიმარჯვებდი, ხან – ნიკა (იცინის). მე ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი ვიყავი, თითქმის ყველა სპორტზე დავყავდი მშობლებს, გარდა ავტობურთისა და მოტობურთისა. ეს სახეობებიც იმ დროს, მგონი, არ არსებობდა და იმიტომ არ მატარეს. მერე ხშირად ვეუბნებოდი მშობლებს: ჩემგან არც ფეხბურთელი გამოვიდა, არც მოჭიდავე და არც კალათბურთელი, ცეკვაზე მაინც გეტარებინეთ, ქორწილებში ხელებს გავშლიდი-მეთქი. იმ პერიოდში ისე გამიტაცა კლასიკურმა ჭიდაობამ, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში თბილისის ჩემპიონიც გავხდი. მერე ექიმმა ამიკრძალა – შენს თვალებს დიდი დატვირთვა არ მოუხდებაო და ასე დაკარგა კლასიკურმა ჭიდაობამ ჩემი სახით დიდი ტალანტი (იცინის).

– ფიზიკურ მონაცემებს ბოროტად არ იყენებდით? როგორც ვიცი, ჩხუბში მთავარ დამრტყმელ ძალად მიჰყავდით ბიჭებს.

– უფრო მე მიმყავდა ბიჭები საჩხუბრად (იცინის), ჩხუბი კი ბევრი იყო, რადგან ფიზიკური მონაცემები და ბრძოლისუნარიანობა იყო თვითდამკვიდრების ერთ-ერთი საშუალება, რადგან, იმ ასაკში ბიჭს არც ცოდნა, არც სხვა გამოცდილება და არც სხვა ღირებულებები არ აქვს. ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, თუ ჩვენს კლასთან დაკავშირებით რამე მოხდებოდა, მე უნდა გამეცა პასუხი, რადგან მე ვიყავი ჩემპიონი და დამრტყმელი ძალა... ლევან ვეფხვაძე ჩხუბში არ უნდა წაგეყვანა, რადგან მისი ფიზიკური მონაცემები ჩხუბს არ შეეფერებოდა – ლევანი იყო ლამაზთვალება, ხუჭუჭთმიანი ბუნჩულა პრინცი. რომელ ჩხუბზე იყო ლაპარაკი! ბიჭები იმაზე ვიყავით გაფაციცებული, ვინმეს რამე არ ეთქვა მისთვის; ამიტომაც ვიყავი ჩავარდნილი უბედურ დღეში – ხან მე მივდიოდი სახლში ცხვირპირდასისხლიანებული და ხან სხვები იყვნენ ამ მდგომარეობაში ჩემი წყალობით. საბედნიეროდ, მოვახერხე და ისე ვიცხოვრე, რომ ეს ყველაფერი ზღვარგადასულ საქციელში და კრიმინალში არ გადაზრდილა. მით უმეტეს, რომ მაშინ ქუჩური ცხოვრების წესი აქტუალური იყო. მე და ჩემმა მეგობრებმა ისე გადავიტანეთ ეს წლები, რომ ეს ჟინი დავთრგუნეთ და მასში არ გავცვალეთ განათლებისა და სხვა მსგავსი ღირებულებების მიღების საშუალება. მხოლოდ ერთხელ მოვხვდი პოლიციის შენობაში, ისიც, იმის გამო, რომ რუსთაველის გამზირი ველოსიპედით გადავკვეთე. მტაცა უბნის ინსპექტორმა ხელი და პოლიციაში მიმაბუნძულა კანონის დარღვევისთვის. მერე დედაჩემი დაიბარეს და სასტიკი გაფრთხილება მისცეს, მაგრამ ჩემი ველოსიპედი კონფისკაციას გადაურჩა.

– უბანში ბირჟაზეც მდგარხართ?

– ვერ ვიტყვი, რომ ბირჟაზე დგომის დიდი ენთუზიასტი ვიყავი, თუმცა ბირჟა „გამიმაგრებია“. წლების განმავლობაში, ჩემი სამეგობროს ძირითადი ბირჟა ჩემი სახლი იყო, რომელიც არსენას ქუჩაზე ისეთ ადგილას მდებარეობდა, რომ ნებისმიერი ჩემი მეგობარი, რომელიც ქვემოდან ზემოთ მიდიოდა, აუცილებლად ჩემთან უნდა მოხვედრილიყო. ჩემს სახლს შემოსასვლელი ჭიშკრიდან ჰქონდა, მაგრამ ჩემი ოთახის ფანჯრები არსენას ქუჩაზე გადიოდა. იმდენად ხშირად მოდიოდნენ ჩემს სახლში ბიჭები, რომ ჭიშკრიდან სიარულით იღლებოდნენ და მათი სამოძრაო მარშრუტი გახდა ფანჯარა, კარს არ ვიყენებდით – ვინც არ უნდა მოსულიყო ჩემთან ან ზედა, ან ქვედა ქუჩიდან, აუცილებლად ფანჯრიდან უნდა შემოსულიყო. ერთხანს ვფიქრობდი კიდეც, კიბე ხომ არ გავუკეთო ფანჯარას-მეთქი (იცინის).

– იმ ცდუნებებს უძლებდით, რაც თინეიჯერულ ასაკს ახლავს თან?

– ზოგს კი, ზოგს – ვერა. ძალიან ადრეული ასაკიდან – 13 წლიდან დავიწყე სიგარეტის მოწევა და ესეც საკუთარი თავის დამკვიდრების საშუალება იყო. ყელსახვევს რომ აღარ გაიკეთებდი და სიგარეტს მოწევდი, უკვე კარგად გქონდა საქმე და სიტყვა გეთქმოდა (იცინის). 16-17 წლისამ რამდენჯერმე მარიხუანასაც გავუსინჯე გემო, ისე, ინტერესისთვის, თუმცა, ამის იქით არ წასულა საქმე (იცინის). იმავეს ვერ ვიტყვი ჩემს მეგობარ ლევანზე, რომელსაც სიგარეტიც კი არ მოუწევია არასდროს, მარიხუანაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. უბანში ბევრი იყო ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანი. მე და ჩემს მეგობრებს დიდ სამეგობროში გვყავდა ასეთი ახლობლები, მაგრამ ჩემი უახლოესი მეგობრებისგან არასდროს გამიგია, რომ ქუჩის ცხოვრება მოსწონდათ. ძალიან მეამაყებოდა უფროსებთან მეგობრობა, მით უმეტეს ისეთებთან, ვინც მთაწმინდაზე ბევრ რამეს წყვეტდა. სამწუხაროდ, 90-იან წლებში ყველაფერი აირია. ვერ გეტყვით, სკოლის დამთავრებიდან ორ წელიწადში სად გაქრა ის ღირებულებები, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა მთაწმინდა. უცებ ყველამ ზარბაზანი და ავტომატი დაიჭირა ხელში. მე და ჩემს მეგობრებს ამ ტიპის გატაცებები არ გვქონია, ყველა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გავიფანტეთ და, პრაქტიკულად, დავამთავრეთ უბანთან დაკავშირებული ახალგაზრდული თავგადასავლები. მე ჩავაბარე უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. გამიმართლა და იქაც ძალიან კარგ ხალხში მოვხვდი. იმ დროს თბილისში და მთელ საქართველოში საშინელი სიტუაცია იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მე და ჩემმა მეგობრებმა სტუდენტობის ხუთი წელი ძალიან ბედნიერად გავატარეთ. კურსზე ჩემთან ერთად აღმოჩნდა ძალიან ბევრი ალპინისტი, მომკიდეს ხელი, ამკიდეს ზურგჩანთა, მეორე მხარეს გადავიკიდე გიტარა და, თუ სადმე ჩემი ნახვა შეიძლებოდა, ეს იყო ბორჯომის ვაგზალი. მივდიოდით ბეთანიაში, ბირთვისში, უფლისციხეში, ფეხით შემოვიარეთ ნახევარი საქართველო. ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, იქ ზურგით ბევრი ხალხი მყავს ნატარები, ერთხელ ჩემს მეგობარს ღამით ტურამ უკბინა, გვეგონა, გაცოფდებოდა, მაგრამ გადავრჩით (იცინის).

– გარდა იმისა, რომ ფიზიკური მონაცემებით გამოიჩევით, თქვენზე იმასაც ამბობენ, სასმელთან დაკავშირებით რეკორდებს ამყარებსო.

– მთლად რეკორდებს არ ვამყარებ, მაგრამ ცუდად არ ვსვამ. ბიძაჩემი 22 ლიტრ ღვინოს სვამდა და ისე მიდიოდა სახლში, მე კარგ ხასიათზე შეიძლება, 6-7 ლიტრი ღვინო დავლიო. 17 წლის ვიყავი, როცა პირველ ქორწილში ვითამადე. თავიდან მეგობარმა მითხრა, მარტო მეგობრები ვიქნებითო, მაგრამ, როცა მივედი, 100 კაცი დამხვდა სტუმრად. ბაბუები და ბიძიები გაგიჟდნენ – რას ჰქვია, ეს ბავშვი უნდა იყოს თამადაო?! მე ისე ვნერვიულობდი, რომ, რაც არ უნდა დამელია, არ დავთვრებოდი, თუმცა ქორწილი 7 საათზე დავამთავრე (იცინის), სამეგობროში ისეთი პოპულარული თამადა გავხდი, სიით დავდიოდი. მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი, შეიძლებოდა, არასასურველ ჩვევაში გადაზრდილიყო და თამადობა ავკრძალე. მას შემდეგ მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში ვთამადობ.

– ყველა ქრისტიან-დემოკრატს ათრობთ?

– თუ მოვინდომე, დავათრობ, თანაც, ცალ-ცალკე კი არა, ყველას ერთად. როცა რეგიონებში მივდივართ, მე მიწევს ხოლმე ღირსეული მასპინძლების ღირსეული სტუმრობა, ამიტომაც, ხშირად ვხუმრობ – მე რომ დიეტაზე დავჯდე და არ დავლიო, პარტია 2-3 პროცენტს მაინც დაკარგავს-მეთქი, დალევა არ მინდა, მაგრამ შემცვლელი ჯერ ვერ მოვძებნე... (იცინის).


скачать dle 11.3