რომელ ქვეყანაში მოიწყობს ნინო გიორგობიანი თაფლობის თვის რომანტიზმის ბუდეს და რა დროს არის მისთვის ცხოვრება უინტერესო
მოგზაურობა ყველა ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, თუ ისეთი ქვეყნების მონახულებას ახერხებთ, რომელიც თქვენთვის საოცნებოა. „აირზენას“ ფიარ-მენეჯერი ნინო გიორგობიანი, ძალიან ხშირად ახერხებს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას, ნამყოფია ოცამდე ქვეყანაში, რომელთა მონახულება ჯერ კიდევ ჟურნალისტობის დროს დაიწყო.
ნინო გიორგობიანი: მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნოა. შეიძლება, გზას ჰქონდეს ცოტა დისკომფორტი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, როცა იცი, რომ საინტერესო ადგილების მოსანახულებლად მიდიხარ, რომელიც სასიამოვნო შთაბეჭდილებას დაგიტოვებს, ამასაც გაუძლებ. ქვეყნები, ძირითადად ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში მაქვს შემოვლილი – მაშინ საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებზე დავყვებოდი. იყო პირდაპირი ჩართვები, „პერეგონები,“ პროდიუსერების ზარი წუთში ერთხელ. მიუხედავად ასეთი დაძაბული გრაფიკისა, საღამოობით მაინც ვიცლიდით ქალაქის დასათვალიერებლად. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ, იშვიათად თუ მოხვდება ქართველი გრენლანდიაში. ნამდვილად გაოცებულები ვიყავი, თვითმფრინავი გრენლანდიაში რომ დაფრინდა.
– დაახლოებით რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?
– ალბათ, ოცამდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მეტი ნამდვილად არ იქნება. სხვათა შორის, ერთ რამეს მივხვდი: ჩემთან ევროპაზე მეტად აზია უფრო ახლოა.
– რატომ?
– არ ვიცი, ალბათ, იმიტომ, რომ ევროპაში ყველაფერი ზედმეტად მოწესრიგებულია. აზიაში უფრო მეტი სითბოა, უფრო თბილად გექცევიან, გიღიმიან. მაგალითად, ინდოეთში რომ ვიყავი, ძალიან დადებითი ენერგიით დავიმუხტე. თავიდან ცოტა გაკვირვებული ვიყავი – თურმე, ისინი თავის მოძრაობით თუ „არას“ გეუბნებიან, „კის“ ნიშნავს, ხოლო „კი“ – „არას“ არ ვიცოდი. გავგიჟდი, როცა ყველაფერზე გაღიმებული სახით, უარს მეუბნებოდნენ. გოაზე მოვხვდი ავთო ვარსიმაშვილის ფილმის გადაღებების დროს და ძალიან კარგად დამამახსოვრდა. აბსოლუტურად თავისუფალი ხარ – გაცვია ერთი შორტი, ერთი მაისური და დადიხარ. არავინ ზედმეტად არ გაწუხებს და არ გიყურებს. თანაც, ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები, რომელიც ინდოეთში ბევრია. განთქმული გურმანი ვარ და ეს სიამოვნება იქ ნამდვილად არ მოვიკელი. მინდა, ერთი ამბავიც მოგიყვეთ ინდოეთთან დაკავშირებით: არის ძველი და ახალი გოა. გადაღებების დროს, რადგან არავის ეცალა, გადავწყვიტე, ძველ გოაში მარტო წავსულიყავი. სხვათა შორის, ძალიან კარგი ტაქსის მძღოლი შემხვდა, რომელმაც ორი საათი მატარა მანქანით. ძალიან მინდოდა ძველ გოაში ჩასვლა, რადგან იქ ქეთევან წამებულის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული. მუზეუმის დირექტორს გაუხარდა, ქართველი რომ დამინახა. შთაბეჭდილებების ჟურნალშიც ქართული ჩანაწერი დავტოვე. სხვათა შორის, მერე იქ ქართული დელეგაცია იყო ჩასული და, ჩემი ქართული ჩანაწერი რომ ნახეს, ძალიან გაუხარდათ. ჩემი ტაქსის მძღოლი ისეთი კარგი ბიჭი აღმოჩნდა, ყველგან დამყვებოდა, მარტო არ მტოვებდა. მუზეუმში რომ დავპატიჟე, ხომ, საერთოდ გადაირია. ბილეთი დაახლოებით 10 თეთრი დამიჯდა, მისთვის კი ეს რაღაც სასწაული იყო. ჩემი კამერა ჩავაბარე და მუზეუმში ყველა კადრი გადაიღო, სადაც კი გავიარე.
ინდოეთში ყოფნისას გავიცანი ქართველი გოგო, რომელიც გოაზე ცხოვრობს და აქვს ყველის ბიზნესი – რესტორნებს ამარაგებს. ეს რომ გავიგე, ყბა ჩამომივარდა. იქ შვიდი წლის წინ ჩავიდა და ამბობს, რომ ისეთი ბედნიერია, აქეთ არც უნდა გამოხედვა. ქართველებს სად არ ნახავ. აფრიკაში რომ ჩავფრინდი და ტრაპზე ფეხი გადავდგი, ისეთი სიცხე იყო, პირველად ის გავიფიქრე, ვეღარ ვისუნთქებ-მეთქი. მაშინვე უკან შემოვბრუნდი თვითმფრინავში და, რასაც ვერ წარმოვიდგენდი, მოხდა ის: ტრაპზე ვინც ამოვიდა თეთრი ადამიანი, ქართველი იყო. წარმოიდგინე, უგანდაში ცხოვრობს ქართველი ბიჭი, რომელიც აეროპორტში მუშაობს. შემიძლია, ერთი ამბავიც მოგიყვე. აფრიკაში სულ რამდენიმე საათით ვიყავით ჩასულები. უგანდაში არის დიდი ტბა – ვიქტორია, რომელიც ეკვატორზე გადის. რადგან იქ სულ რამდენიმე საათს უნდა გავჩერებულიყავით, აცრები არ დაგვჭირდა. სამაგიეროდ, კოღოს საწინააღმდეგო პულვერიზატორი მქონდა წაღებული, რომელსაც წუთში ერთხელ ვისხამდი. 35 გრადუს სიცხეში, კოღოს რომ არ ეკბინა, ბოტასები, გრძელი ჯინსის შარვალი, გრძელსახელოებიანი „საროჩკა“ და პიჯაკი მეცვა. ნოდარ მელაძე იყო ჩემთან ერთად და იმას საერთოდ მაღალყელიანი შავი როლინგი ეცვა. კინაღამ გავგიჟდი, როცა დავინახე მიკრო ავტობუსი, რომლის ყველა მინაზე კოღოები იყო აკრული – ტრაპთან მოგვაკითხა და გასასვლელამდე უნდა გავეყვანეთ. საოცრება იყო, ჭიანჭველის უზარმაზარი გორები. მათთან ახლოს რომ მიხვიდე, შეიძლება, ცოცხლად შეგჭამონ. მახსოვს, იმდენად შეშინებულები ვიყავით, რომ ბანანიც კი არ ვჭამეთ. ერთი, იმის ტვინში ჩამახედა, ვინც ასე დაგვაშინა. დღემდე ვნანობ, აფრიკული ბანანი როგორ არ გავსინჯე. სასაცილო ის იყო, როგორც კი უცხოელები დაგვინახეს ადგილობრივებმა, ვალუტის კურსი მაშინვე შეცვალეს და ჩვენზე ფული გააკეთეს.
– ენის ბარიერი არც ერთ ქვეყანაში არ შეგქმნია?
– იაპონიაში, ვინც კი ქუჩაში დადის, იაპონურის გარდა, არც ერთ ენაზე არ ლაპარაკობს. ბოლოს ყველას ქართულად ველაპარაკებოდით. მათთვის მაინც არ ჰქონდა აზრი რა ენაზე დაელაპარაკებოდი. ტოკიოში იმხელა მანძილი რომ გქონდეს გასავლელი, როგორც ჩვენთან, რუსთაველიდან ვაკემდეა, აუცილებლად ქალაქის რუკა უნდა გქონდეს, რომლის საშუალებითაც ტაქსის მძღოლი ადგილზე მიგიყვანს. იმან ნავიგაცია თუ არ ჩართო, შანსი არ არის, რომ მიაგნოს. ერთ შენობაში მივედი, რომლის მეხუთე სართულზე უნდა ავსულიყავი. დიდხანს ვეძებე, სად იყო მეხუთე სართული, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მეხუთე სართულზე ვიყავი და ქვეშ კიდევ ხუთი სართული იყო. საჭმლის არჩევას შედარებით ადვილად ვახერხებდით, რადგან მენიუ სიტყვიერად კი არ უწერიათ, არამედ, კერძებია დასურათებული.
ოსაკაში ვიყავით, სადაც სუმოს შეჯიბრებას დავესწარით. ჩვენი ქართველი კოკაი გამოდიოდა. ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ არის ეს სპორტი ასეთი პოპულარული მთელს მსოფლიოში. პირადად ჩემთვის, ძალიან არაესთეტურად გამოიყურებიან. ვინც უფრო მაგრად დაეჯახება თავით და მეორე მხარეს გადააგდებს, გამარჯვებულიც ის არის. მანამდე, ალბათ, თვალებით ძაბავენ ერთმანეთს თუ, რას შვრებიან, არ ვიცი (იცინის). საოცრება ის არის, რომ იაპონელები ოჯახებით მიდიან ამ სანახაობაზე. დარბაზი ისეა მოწყობილი, რომ ლეიბებზე არიან წამოწოლილები, ჭამენ, სვამენ და თან მთელი დღე ამათ უყურებენ. მოკლედ, ოჯახური სიტუაციები აქვთ მოწყობილი. მათთვის სუმოისტები ეროვნული გმირები არიან.
– კოკაი გაიცანი?
– დიახ, კოკაიც გავიცანი და მისი ძმაც. ძალიან კარგი ბიჭები არიან.
– ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა გიყვარს?
– ევროპაში დასასვენებლად დიდი სიამოვნებით წავიდოდი დუბრონიკში, რომელიც ხორვატიაშია და, ჩემი აზრით, ეს ადგილი რომანტიზმის ბუდეა. ძალიან მომეწონა. ცენტრი გადაკეტილია, სადაც დგას დიდი ციხესიმაგრე. იყიდება ლამაზი ნახატები, საღამოს კი სხვადასხვა გასართობ კლუბში შეგიძლია, გაერთო, ან, რომელიმე კუნძულზე წახვიდე კატერით და იქ ივახშმო. როცა გავთხოვდები, თაფლობის თვეს აუცილებლად დუბრონიკში გავატარებ. რაც შეეხება მოგზაურობას, მაინც ინდოეთს ვარჩევდი – იქ მარტო გოაზე ვარ ნამყოფი და ბომბეიში. ნამდვილი ინდოეთი რომ ნახო, დელიში უნდა ჩახვიდე. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ნამყოფი არ ვარ იტალიასა და ესპანეთში. ეს ქვეყნები მოტოვებული მაქვს და აუცილებლად წავალ ყოველგვარი საქმის გარეშე.
– რადგან ზღვის პროდუქტები გიყვარს, კვების პრობლემაც არ გექნება.
– ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარდა, სანამ არ მოვიწამლე. ახლახან თელ-ავივში ვიყავი, სადაც იმდენი მიდია ვჭამე, რომ სერიოზულად მოვიწამლე. ისე ცუდად ვიყავი, ვერ დავდიოდი. ასე რომ, მიდიებზე და ზღვის პროდუქტებზე ცოტა ხანს ტაიმ-აუტი მაქვს აღებული. რაც არ უნდა მშიერი ვიყო, ვერასდროს შევალ მაკდონალდსში. ლუდი მიყვარს ძალიან და რომელ ქვეყანაშიც ჩავდივარ, აუცილებლად ვაგემოვნებ ადგილობრივი წარმოების ლუდს.
– რამდენ ხანში ერთხელ მოგზაურობ?
– რა ვიცი, შეიძლება, ზეგაც გავფრინდე სადმე. ბოლოს ტრაპზონში ვიყავი რაგბის მატჩზე.
– სად გეგმავ გამგზავრებას?
– საერთოდ, შორეული გეგმები არ მაქვს, მაგრამ, რასაც ვგეგმავ და ძალიან მინდა, რომ გამომივიდეს, ეს არის სტამბულში, სექტემბერში „U2-ს“ კონცერტზე წასვლა. „U2“ ჩემი უსაყვარლესი ჯგუფია, რომლის სიმღერებიც ყველაზე კარგ განწყობაზე მაყენებს.
– თვითმფრინავის მართვაში არასდროს მიგიღია მონაწილეობა?
– არა, არასდროს. პირველად რომ შევედი პილოტის კაბინაში, მაშინვე ის გავიფიქრე, რა მაგრები არიან, ამდენ ღილაკს როგორ იმახსოვრებენ, რა რისთვის არის-მეთქი. მართლა მაგრები არიან. ტყუილად კი არ არის გამოთქმა – „ლიოტჩიკის გული ხომ არ გაქვსო.“
– გაქვს „ლიოტჩიკის“ გული?
– დიახ, რისკიანი ვარ. თუ არ გარისკე, ცხოვრება უინტერესოა, მერე კი შამპანურსაც ვსვამ ხოლმე (იცინის).