როგორია სვანური მხილებისა და სისხლის აღების ტრადიციები და როგორ იშიფრება ბევრი ქართული სიტყვა სვანური დიალექტიდან
ცნობილი მსახიობი, საინტერესო მოსაუბრე და გარკვეული მიზეზების გამო – სვანური ტრადიციების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე, – სოსო ჯაჭვლიანი, დღევანდელ ინტერვიუში დამნაშავის მხილების, შერიგების, სისხლის აღების, მიცვალებულის სულის ოჯახში მიყვანის ტრადიციებზე და კიდევ მრავალ საინტერესო თემებზე გვესაუბრება.
სოსო ჯაჭვლიანი: ჯარში მსახურობენ ქართველები და გამოიყვანენ, დააყენებენ და ეუბნებიან, პირველ-მეორეზე გაითვალეთო. ქართველები კი რიგ-რიგობით გაიძახოდნენ: პირველი, პირველი... – ალბათ, მოგისმენიათ ეს ანეკდოტი, რომელიც ვითომ ხუმრობაა, მაგრამ ეტყობა, ჩვენში ასეთი რამ ზის. სერიოზულადაა ეს ავადმყოფობა ჩვენში ჩაბუდებული. სამწუხაროა. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. საოცარია, თუ როგორ იცავს მთა კანონებს. „სვანს“ რომ ნახავ ფილმს, მე იმის მხატვრულ ღირებულებებზე ვერ ვისაუბრებ, რამეთუ ჩემგან უხერხულია, მაგრამ იქ მარადიული თემები და ტრადიციებია წარმოჩენილი. მთაში ყველაფერი კარგად იყო დალაგებული, ყველამ თავისი ადგილი იცოდა. ისე ავლენდნენ ისინი დამნაშავეს, ისე სამართლიანად დასჯიდნენ, ვერანაირად ვერ შეეკამათებოდი.
– ძალიან საინტერესოა, როგორ ავლენდნენ სვანეთში დამნაშავეს?
– დავუშვათ, სოფელში რაღაც დაშავდა. გამოდის დაზარალებული და მიმართავს სოფლელებს: იცის ამ ფაქტის შესახებ ვინმემ რამე? რა თქმა უნდა, სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მათი პასუხი მაინც იყო: ჩვენ არაფერი ვიცით ამ დანაშაულის შესახებ. თუ ასეა, მაშინ მოდით, ვისაც დაგადებთ ხელს, დაიფიცეთ ეკლესიაში ხატის წინაშე, რომ ამის შესახებ არაფერი იცით – სთავაზობდა დაზარალებული.
– როგორ იქცევიან ამ დროს სოფლელები?
– დათქვამდნენ დროს, როდის უნდა ჩატარებულიყო დაფიცების ცერემონია. შემდეგ, თუ რეალური დამნაშავე სოფელმა იცის, ერთი ჯგუფი მიდის დამნაშავესთან და ეუბნება: ჩვენ დაზარალებულმა გვთხოვა, დავიფიცოთ, რომ არაფერი ვიცით. შენ ხომ ჩაიდინე ეს?! ჩვენ არ „ჩაგიშვებთ”, ოღონდ, შენ მიდი დაზარალებულთან და აღიარე დანაშაული, მოილაპარაკეთ და გაარკვიეთ. ჩვენ ტყულს ვერ ვიტყვით. ამის შემდეგ, დამნაშავე იძულებული ხდებოდა, მისულიყო დაზარალებულთან და საპროცესო გარიგება მომხდარიყო. ხომ კაცურია? თუ დამნაშავე პრეტენზიას განაცხადებდა დაზარალებულთან გარიგებაზე, ის ჯგუფი დაუჯდებოდა და ეტყოდა: შენ ეს ხომ არ უნდა ჩაგედინა? ჩაიდინე და კიდევ ჩვენ გვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში?! აიძულებდნენ დაჰყოლოდა მათ რჩევას. ყველაფერი მორალით, რწმენით ხდებოდა. ეს ერთგვარი მხილების ინსტიტუტი იყო, რომლის შედეგადაც ყველა კაცად რჩებოდა.
ამის შემდეგ, შერიგების ინსტიტუტიც ძალიან საინტერესო იყო.
– როგორ რიგდებოდნენ?
– შეახვედრებდნენ ორივე მხარეს, ანუ – დამნაშავესა და დაზარალებულს ერთმანეთთან. დაზარალებული ეუბნებოდა: მე შეგირიგდები იმ შემთხვევაში, თუ დააყენებ საკუთარ თავს ჩემს ადგილას, რაც მე დამიშავე, თუ მაპატიებდი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, დაიფიცებ ამაზე? ის ეტყოდა, დავიფიცებ. მაშინ დაუსახელებდა 12 კაცს, რომელიც მასთან ერთად დაიფიცებდა. ყველანი დაჯდებოდნენ, გაიაზრებდნენ სიტუაციას და საბოლოოდ, ყველა რიგდებოდა, ოღონდ აღიარებდა თავის შეცდომებს. კაცურად ხდებოდა ყოველივე.
– ფილმში ძალიან საინტერესოდ მეჩვენა მიცვალებულის სულის მოყვანის ტრადიცია. მიამბეთ ამის შესახებ?
– ეს, ალბათ, მაინც წარმართული გადმონაშთია, რომელსაც დღესაც ჰყავს მიმდევრები. როდესაც ჩვენ ამ ეპიზოდს ვიღებდით, საპატრიარქოს დავეკითხეთ და გვითხრეს: გადაიღეთ, ყველანი წარსულიდან მოვდივართო. თან თუ გახსოვთ, ეს სცენა მთავრდება „მამაო ჩვენოთი“.
როდესაც კაცი გარდაიცვლება სადღაც, მოშორებით თავის სახლიდან, და მოასვენებენ, ფაქტობრივად გვამი მოაქვთ ოჯახში, სული კი იმ ადგილას რჩება, სადაც დაიღუპა. მე ბევრჯერ მინახავს სულის მოყვანა. სასწაულია, რომ დაინახოთ ყოველივე, თმა ყალყზე დაგიდგებათ. დღემდე ჰყავს სულის მოყვანის რიტუალს მიმდევრები. ასეთი რიტუალი იაპონელებსაც ჰქონიათ და ევროპელებსაც, თუ არ ვცდები შოტლანდიელებს. როდესაც იმ ადგილას მამალს გაუშვებენ, სადაც ადამიანი დაიღუპა, რიტუალის დამსწრე ოჯახის ყველა წევრი კარგ ხასიათზე უნდა იყოს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სული შეშინებულია. იქ მყოფთა შორის შავი არავის არ უნდა ეცვას, მხიარულ ფერებში უნდა იყვნენ შემოსილნი. ეს აუცილებელი პირობაა, თორემ სული არ წამოვა. იწყებენ გალობას. რამდენჯერ ყოფილა, როდესაც მამალს გაუშვებენ, რა საჭმელიც უყვარდა მიცვალებულს, იმას უდებენ. თუ ნამდვილად იმ ადგილას ამოუშვა სული მიცვალებულმა, გაშვებული მამალი მაშინვე იწყებს საკვების კენკვას, რის შემდეგაც ჩაიმუხლება ზუსტად იმ ადამიანთან, რომელთანაც ყველაზე ახლოს იყო მიცვალებული. შემდეგ ხელში აიყვანენ ეფერებიან.
– თუ იმ ადგილას არაა მიცვალებული დაღუპული?
– რამდენიმე წლის წინ ერთი ახლობელი რესტორანში მოკლეს ჩხუბის დროს. რომ მიიყვანეს მამალი რესტორნის ეზოში – სული იმ ადგილას არ აიყვანა. შემდეგ წამოიყვანეს და საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, სადღაც შუაში აიყვანა მამალმა სული.
– სულის აყვანის შემდეგ რა ხდება?
– ამის შემდეგ მოდიან სახლში, მამალს ეზოში გაუშვებენ და კიდევ იწყება გალობა, უკრავენ ფანდური... მამალი შედის ოთახში და წარმოგიდგენიათ, ექვსი-შვიდი საწოლიც რომ იდგეს ოთახში, მაინცდამაინც მიცვალებულის საწოლზე ადის, იქ დაიფერთხება და გამოდის გარეთ.
– სისხლის აღების ინსტიტუტზეც ვილაპარაკოთ?
– რა ჰგონიათ, ხომ იცით? სვანეთში, რომ ახვალ იქ ტიპი დგას, ხანჯალზე ხელი უდევს და წარბებქვეშიდან იყურება, ჯიქურად. იმიტომ, ვიღებ ახლა ამ ფილმს, რომ ვხალისობ. სისხლის აღება არავის უნდა, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც თვითონ ქვეყანა არ დგას იმ დონეზე, რომ დამნაშავე შესაბამისად დასაჯოს, ადამიანი ხდება კანონის აღმსრულებელი. სამწუხაროდ, ეს სხვა ფორმებს იღებს.
– ნადგურდება მოსახლეობა და გვარები მთლიანად.
– ჰო, მაგრამ, პროცენტულად რომ შეხედო, მკველობების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ყოველთვის იყო სვანეთში. იმიტომ, რომ ყველამ იცის, გენეტიკაში აქვს ჩადებული, მან თუ არასწორი საქციელი ჩაიდინა, პასუხს მოსთხოვენ. რომ ამბობენ, კაცო, სვანს ვიღაცა მოუკლავს და იმან მისი ოჯახის წევრი მოკლაო. ამის ახსნა, გითხრათ, როგორია?
– ძალიან მაინტერესებს.
– შე არაკაცო, ეს რომ ჩაიდინე, სად გარბიხარ? განსაცდელში ტოვებ შენიანებს? თუ კაცი ხარ, გაეცი პასუხი. თუ არასწორ საქციელს სჩადიხარ და გარბიხარ, მაშინ შენიანებიც იმავეს ღირსნი არიან, რადგან შენი ჯიში და თესლია. ცუდია, მაგრამ სხვანაირად ვერ დააკავებ.
სამწუხაროა, სვანეთში როდესაც ადიხარ, ბევრი რამ მის შესახებ, ისტორიიდან, კულტურიდან, ტრადიციიდან უცნობია. ჩვენ ვიცით მანჰეტენზე რა ხდება, პარიზში, მაგრამ ყველაზე დიდი გოიმობა ისაა, რომ არ ვიცით, ამ დროს რა ხდება მაჩხაანში, მირზაანში... ვინც ჩამოდის სვანეთში და იქაურობას ნახავს, ათი და მეტი საუკუნის კოშკებს, მუზეუმში რომ შედის გიჟდება. სომხებმა ყველაფერს ტანსაცმლიან, საჭმლიან, ახლობლიან, მეზობლიან, სასმლიანად – არარატი დაარქვეს, რათა არ დაავიწყდეთ, რომ ის მათია. ამ დროს ქართველები, რას ვარქმევთ?!.
ქართველები ინდივიდები ვართ, ძალიან დიდი პოტენციალია ჩვენში. მთავარია, გათვლა ვისწავლოთ – პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ყველამ ჩვენი ადგილი დავიკავოთ. რამდენი მესაჯდომეც იყო შუა საუკუნეებში, იმდენია დღესაც, მაგრამ დღეს რატომაა, რომ ასე გამოჩნდნენ. იმიტომ, რომ პოპულარიზაციას უკეთებენ. ის რომ საჯდომს აქირავებს, არ განვიკითხავ, აქირაოს, თავისია, ვისაც უნდა იმას მისცეს, მაგრამ პოპულარიზაციას ნუ უკეთებს ამას! იმიტომ, რომ შვილები გვეზრდებიან და მას გარდატეხის ასაკში გაორებები ექნება. არ მინდა, რომ მისნაირი მესაჯდომე გაიზარდოს.
სვანის გაბრაზება თუ გინდა უნდა ჰკითხო, შენ სვანი ხარ? ის დაგეთანხმება, – სვანი ვარო. უი, მე ქართველი მეგონე-მეთქი და გააფრენს ამაზე, ვინ არაა ქართველიო. ყოველი სვანი ამაყობს თავისი წარმომავლობით. ძალიან ბევრი ქართული სიტყვა იშიფრება სვანური დიალექტიდან.
– მაგალითად?
– მაგალითად, ქორწილი. ქორი სვანურად არის სახლი, წილი, – წილია. ქალი როდესაც გათხოვდება, მისმა ქორმა – სახლმა, წილი უნდა დადოს, კაცი, რომ ცოლს მოიყვანს, მისმა ქორმაც უნდა დადოს წილი. სამარეც ძალიან საინტერესოდ იშიფრება: სვანურად მარე ჰქვია კაცს, სამარე, ანუ საკაცე. ასეთი ტრადიციული და კულტურულად მდიდარია სვანეთი. ილია ჭავჭავაძემ, როდის თქვა, თუ სვანეთი არ გინახავს, არ გინახავს საქართველოო.
მე სვანეთში, იქაურ ტრადიციებზე გავიზარდე და აღვიზარდე. მახსოვს, ბავშვობაში, ისე არ გავიდოდა რომელიმე რელიგიური დღესასწაული, ბებიაჩემს არ აღენიშნა. მან მასწავლა 10 მცნება და მეუბნებოდა, ყველაზე ადვილად რომ დაიმახსოვრო ერთი გახსოვდეს – სხვას არ გაუკეთო ის, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ. თუ ასე იცხოვრებ, ძალიან საამურია ცხოვრებაო.
– ერთ კითხვაზეც მიპასუხეთ, ის „ნასოსი“ უნდა მიეცა, თუ არა?
– (იცინის) უნდა მიეცა. ხომ იცით, ეგ ანეკდოტი როგორ მთავრდება: დედა დასტირის, მიგეცა შვილო „ნასოსიო“.