როგორ გახადა ირინკა ბათიაშვილი მამამთილმა, ვალერი გელაშვილმა, ჩემპიონი და ვინ დაუტოვა მას თბილისში დიდი ტკივილი
რამდენიმე თვეა, რაც ირინკა ბათიაშვილი ვალერი გელაშვილის რძალი გახდა და ცხოვრება ბიზნესმენის უფროს შვილს – ვალერკას დაუკავშირა. ის ქმართან ერთად ვილნიუსში ცხოვრობს, თუმცა საკმაოდ დიდ დროს მშობლიურ ქალაქში ატარებს, გელაშვილები ფეხმძიმე ირინკას ყველა კაპრიზს უსრულებენ და არც სიურპრიზებს აკლებენ. ირინკა დედობის მოლოდინშია და ორი ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მამაკაცებიც, ცდილობენ, ასიამოვნონ – ქმარი ვაშლის ღვეზელებს უცხობს, მამამთილი რძლის გასამხიარულებლად ჩემპიონატებს აწყობს, ირაკლი ბათიაშვილი კი გინეკოლოგებს ურეკავს მალულად...
– ირინკა, როგორ ხარ, როგორ შეეჩვიე ახალ ოჯახს და გათხოვილი ქალის ცხოვრებას?
– ძალიან კარგად ვარ, ჩვენი ქორწინებიდან შვიდი თვე გავიდა, ეს ბევრი დრო არაა, მაგრამ ახალ ოჯახსაც კარგად შევეგუე და გათხოვილი ქალის სტატუსსაც (იცინის). როგორც კი გავთხოვდი, ძალიან მალე დავრჩი ფეხმძიმედ, მე არც მანამდე მაკლდა ყურადღება ჩემი მეუღლისა და მისი ოჯახის წევრებისგან, მაგრამ ფეხმძიმე ქალს მაინც განსაკუთრებულად უსრულებენ ყველა სურვილს, ასე რომ, ძალიან მანებივრებენ (იცინის). ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ჩემი დედამთილი, რომელსაც „დედას“ ვეძახი. ის ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ქალია, თან, კარგი მეოჯახეც. როცა ლიტვაში ვარ, მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებ, რადგან ჩემი მეუღლე მამამისის ბიზნესშია ჩართული და დღის განმავლობაში ბევრი საქმე აქვს. მე და ჩემმა დედამთილმა დავანგრიეთ ტრადიციული ქართული სტერეოტიპი რძალ-დედამთილის ურთიერთობასთან დაკავშირებით. დიდ ოჯახში ცხოვრებას ისე შევეჩვიე, რომ, როცა თბილისში მე და ვალერი მარტოები ვრჩებოდით, ვეღარ ვეგუებოდი. ხშირად ჩავდიოდით ხაშურში, სადაც ჩემი ქმრის ბებია ცხოვრობს. მისი გამომცხვარი გემრიელი ხაჭაპურები ვილნიუსშიც მინდება (იცინის). კიდევ კარგი, თბილისში ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ჩემი მამამთილი და ვაწყობდით ოჯახურ სადილებს, ერთად ვატარებდით საღამოებს, ვუყურებდით ტელევიზორს, ვაწყობდით ჩემპიონატებს ნარდში. დიდი გუნდი გვქონდა – მე, დედაჩემი, ვალერი, ვალერკა... (იცინის) ჩემპიონატში უმეტესად კაცები იმარჯვებდნენ ხოლმე, მაგრამ ჩემი მამამთილი მუდმივად მმფარველობდა და, გული რომ არ დამწყვეტოდა, ძალით მომაგებინებდა ხოლმე (იცინის).
– მამა არ გყავდა ჩართული ჩემპიონატში?
– კი, მამაჩემიც ჩართული იყო. მამაჩემი ყველგან არის, სადაც მე ვარ (იცინის). ახლა ისე განიცდის ჩემს ფეხმძიმობას, ოდნავ რამე რომ წამომტკივდება, იმაზეც კი ნერვიულობს. რაც ვილნიუსში ჩამოვედი, სულ ტელეფონზეა ჩამოკიდებული. როცა თბილისში ვიყავი და მივდიოდი კონსულტაციაზე, მამაჩემი ცალკე ურეკავდა ხოლმე ექიმს, რომ რამე არ გამომპარვოდა. მოკლედ, მამაც და მამამთილიც ისე მყავს ჩართული ამ ყველაფერში, ორსულობასთან დაკავშირებით ძალიან ინფორმირებულები არიან (იცინის). ყველაზე აქტიური, რა თქმა უნდა, ჩემი ქმარია, მას საკმაოდ რბილი ხასიათი აქვს, ძალიან ყურადღებიანია, ძალიან კარგად მივლის. საკმაოდ რთული ფეხმძიმობა მქონდა და ვალერკა ისე ზრუნავდა ჩემზე, სადილსაც კი მიკეთებდა. სანამ გავთხოვდებოდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა საოჯახო საქმის კეთება, სადილების მომზადება. თავიდან ვნერვიულობდი ამის გამო, რომ არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. ვილნიუსში ყველაფერს ჩემი დედამთილი უძღვება, მაგრამ, როცა თბილისში ვიყავი, ქმარს მშიერს ხომ არ დავტოვებდი?! ამიტომ, მივდიოდი გათხოვილ დაქალებთან და რეცეპტებს ვიწერდი (იცინის).
– ყველა ოჯახს თავისი წესი და ტრადიცია აქვს. ალბათ, გელაშვილების ოჯახში ბევრი ისეთი რამ დაგვხვდა, რაც თქვენს ოჯახში არ იყო....
– სანამ გავთხოვდებოდი, მანამდეც ვიცნობდი ამ ოჯახს. ირაკლი და ვალერი დიდი ხნის მეგობრები არიან, ცხოვრების წეს-ჩვეულებითაც ძალიან არ განსხვავდებოდნენ. ახალ ოჯახში ისეთი წესები დამხვდა, რაც ტრადიციულ ქართულ ოჯახებს ახასიათებს. მე ქორწინებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვედი ვილნიუსში და უფრო ახლოს გავიცანი ეს ოჯახი. ვალერკას ორი და და ერთი ძმა ჰყავს, ისინიც თითქმის ჩემი ტოლები არიან და ძალიან დავუმეგობრდით ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ვილნიუსში ცხოვრება საერთოდ არ გამჭირვებია.
– სანამ გათხოვდებოდი, საკმაოდ აქტიური ცხოვრება გქონდა, მას შემდეგ, რაც მამაშენი დააკავეს, რევოლუციურ ბარიკადებზეც კი აღმოჩნდი. ახალი ოჯახი როგორ ეგუება შენს ოპოზიციურ წარსულს? შენი თავისუფლება უკვე საკმაოდ შეიზღუდებოდა.
– ჩემი თავისუფლება ნამდვილად არაა შეზღუდული, ვალერკა მეგობრობს ჩემს მეგობრებთან, ჩვენ ერთად დავდიოდით ყველგან – კაფეში, რესტორანში, კლუბში. უკვე მე თვითონ აღარ მინდა ჩემი ქმრის გარეშე სადმე წასვლა, მასთან ერთად ყველაზე კარგად ვერთობი. სანამ გავთხოვდებოდი, მეგონა, რომ ბევრ რამეზე დამწყდებოდა გული და ამის გამო ვყოყმანობდი კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთადერთი, რაც ჩემს ხასიათში შეიცვალა, ისაა, რომ უფრო დამთმობი გავხდი. ადრე, რაც მინდოდა, ის უნდა გამეკეთებინა, ახლა ქმარს ვუწევ ანგარიშს. არც ერთს არ გვაქვს მარტივი ხასიათი, მაგრამ ერთმანეთს ვუთმობთ და კარგად ვეწყობით (იცინის).
რაც შეეხება ჩემს ოპოზიციურ წარსულს, ის პერიოდი მართლაც ძალიან მენატრება. როცა მამაჩემი დააკავეს, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა, მე ვერ შევეგუებოდი იმ უსამართლობას, რაც ირგვლივ ხდებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ ბრძოლა და ჩვენი წვლილი შევიტანეთ, რომ ხალხი გამოფხიზლებულიყო. მე, ჯაბა ჯიშკარიანი, ლევან გოგიჩაიშვილი და ჩვენი მეგობრები ღამეებს ვათენებდით პლაკატების ხატვაში, ჩვენ უკან არავინ არ იდგა, საკუთარი ხელით ვაკეთებდით ყველაფერს, ვიბრძოდით და, გვეგონა, რომ გავიმარჯვებდით. მე დღესაც ისეთივე ოპოზიციური განწყობა მაქვს, როგორიც მქონდა თვეების წინ, თუმცა, ზოგადად არასდროს მქონია ინტერესი პოლიტიკის მიმართ..
– შენი მეგობრების უმეტესობამ გარკვეული პერიოდი გისოსებს მიღმა გაატარა, დღემდე საპატიმროში რჩება ლევან გოგიჩაიშვილი. ხომ არ ფიქრობ, რომ მათ არცთუ შესაფერის დროს გაერიდე?
– ვალერკამ ძალიან უცებ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ცოლად გავყოლოდი, თორემ, გათხოვებაზე თითქმის არ ვფიქრობდი. მეგობრებთან ხშირად ვამბობდი, 25 წლამდე არ გავთხოვდები-მეთქი, ვალერკამ ისე შემოაბრუნა ყველაფერი, უცებ დავთანხმდი ცოლობაზე, თუმცა, სიტყვა „კი“ ისე არ მიყვარს, რომ ამის თქმა მხოლოდ ეკლესიაში გავბედე (იცინის). ჩემი გათხოვება ჩემი მეგობრებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. საერთოდ, ჩემს მეგობრებთან დაკავშირებული თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. განსაკუთრებულად მენატრება ლევან გოგიჩაიშვილი, რადგან ის ახლა ციხეშია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მალე გათავისუფლდება. ჯაბასთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, როცა თბილისში ვიყავი, ვნახულობდი კიდეც.... ახლაც, ფეხმძიმედ რომ არ ვიყო, ნამდვილად ვიცი, რომ ჩემს წვლილს შევიტანდი ყველა პროცესში, რაც საქართველოში ხდება. მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ, რადგან ეს საკუთარ თავზე ვიწვნიე. ძალიან რთულია, როცა უსამართლოდ იჭერენ მამას, იმის გამო, რომ მას უყვარს თავისი ქვეყანა. თითქმის იგივე გადაიტანა ჩემმა ქმარმაც, როდესაც მას ლამის მამა მოუკლეს. ვალერკა ჩემს ოპოზიციურ წარსულს გაგებით ხვდება. მას ნანახი აქვს კადრები, ფოტოები, სადაც მე პლაკატებით ხელში ვდგავარ მიტინგებზე. მე მაქვს ძალიან კარგი ფოტოები, რომლებიც ჩემთვის ძალიან მტკივნეულ, მაგრამ ძვირფას მოგონებებთან არის დაკავშირებული. ვალერკამ ზუსტად იცის, რომ, ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ისევ ვიბრძოლებ და ვიქნები ისევ ისეთი შეუპოვარი როგორიც ვიყავი, მით უფრო, რომ ახლა ბევრად მეტი მიზეზი მაქვს – მინდა, ჩემმა შვილმა კარგ ქვეყანაში იცხოვროს და საკუთარ თავზე არ გამოსცადოს ის, რაც მე და ვალერკამ გადავიტანეთ.
– ფეხმძიმე ქალებს ხასიათი ძალიან ეცვლებათ, შენც, ალბათ, უფრო ჭირვეული და პრეტენზიული გახდი.
– ტოქსიკური ფეხმძიმობა მქონდა, სულ რაღაც მინდოდა. ერთხელ ლიტვაში დედამთილმა ძალიან გემრიელი ვაშლის „პეროგი“ გამომიცხო. როცა თბილისში ჩამოვედით, სულ ის „პეროგი“ მინდოდა, რომ მეჭამა. ჩემი დედამთილი თბილისში არ იყო და, ჩემი ქმარი იძულებული გახდა, რომ დედის რეცეპტით ესწავლა მისი გამოცხობა, ცალკე კიდევ, დედაჩემს ვთხოვდი ბლინებს. ერთხელ, გვიან ღამით, მამამთილი „მაკდონალდსშიც“ ვარბენინე (იცინის)... საკმაოდ დიდხანს მქონდა წოლითი რეჟიმი და სახლიდან ვერ გავდიოდი, ღამით ძალიან ცუდად მეძინა და ჩემს ქმარსაც ვათენებინებდი ღამეებს.
– როგორც ვიცი, ბიჭს ელოდებით.
– დიახ, ბიჭი გვეყოლება. საკმაოდ სასაცილო ვითარებაში შევიტყვე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი: გვიანი ღამე იყო. ჩემს მეგობარს, რომელიც ცხრა თვის ფეხმძიმე იყო, ვუთხარი – მგონი, მეც ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, ჩემი მეგობარი იმ წუთში გაიქცა აფთიაქში. გამყიდველს უთქვამს – შვილო, ამხელა მუცელი გაქვს და ტესტი რად გინდა, ისე ვერ ხვდები, ფეხმძიმედ რომ ხარო?! როგორც კი ტესტმა დაადასტურა ჩემი ფეხმძიმობა, დიდი აჟიოტაჟი ავტეხეთ და მაშინვე ყველას გავაგებინეთ. იმ წუთასვე ვიფიქრე, რომ ბიჭი მეყოლებოდა. ჩემს შვილს აუცილებლად მამამთილის სახელს დავარქმევ და ჩვენს ოჯახში მესამე თაობის ვალერი გაჩნდება.
– და ამით საბოლოოდ მოიგებ მამამთილის გულს.
– მე მგონი, მისი გული ისედაც მოგებული მაქვს (იცინის). ის თვეები, რაც თბილისში გავატარე, ძალიან კარგი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი, მაგრამ ბავშვს ვილნიუსში გავაჩენ, აქ კლინიკაც შერჩეული გვაქვს და ექიმიც შევარჩიეთ.
– მამამთილისგან, ალბათ, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებ, როდესაც ოჯახში მისი სეხნია გაჩნდება.
– ჩემი მამამთილი სიურპრიზებს არც ისე მაკლებდა. მას უნდოდა, რომ ქორწილის შემდეგ მე და ვალერი საქორწინო მოგზაურობაში წავსულიყავით, არჩევანი ტაილანდზე შევაჩერეთ და, სწორედ იმ პერიოდში შევიტყვე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ფრენის შემეშინდა და ჩვენი საქორწინო მოგზაურობა ჩაიშალა, თუმცა ისეთი ბედნიერება გვეწვია, რომ ამაზე აღარც გვიფიქრია. როცა ბავშვს გავაჩენ, მე და ვალერი საქორწინო მოგზაურობაში მაშინ წავალთ და უფრო ბედნიერებიც ვიქნებით – ჩვენი შვილი უკვე დაბადებული იქნება...