გაიმეორებს თუ არა შუმახერის რეკორდს ცამეტი წლის ნიკა სურგულაძე და რატომ გამოდის სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ნიკა რბოლებზე საქართველოს სახელით
ნიკა სურგულაძე ცამეტი წლისაა, თუმცა თავისი მოწოდება უკვე კარგად აქვს გარკვეული და იცის, მთელი ცხოვრება, რაც უნდა აკეთოს, რა გამოსდის ყველაზე უკეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს, კარტინგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას საქართველოს სახელით აპირებს და როგორც თავად ამბობს, მომავალში აუცილებლად გაიმეორებს მიხაილ შუმახერის „ფორმულა 1-ის“ რეკორდს.
– რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკა?
გიორგი სურგულაძე (ნიკას მამა): ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, როგორც კი სამხატვრო აკადემია დავამთავრე – ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტი, წამოვედი სამხრეთ აფრიკაში. ეს იყო 1993 წელს. მოვასწარი ომებში ყოფნა. აფხაზეთში ვომობდი, მერე ცოტა ხანს კიდევ დავრჩი თბილისში და რომ მივხვდი, პროფესიით მაინცდამაინც ბევრს ვერაფერს ვიზამდი, წამოვედი. საქართველოდან გასვლა ძალიან რთული გახლდათ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყო, სადაც შეიძლებოდა ჩასულიყავი და რაღაც თავიდან დაგეწყო. თან სამხრეთ აფრიკა საინტერესოდ მეჩვენებოდა – ინგლისის კოლონია იყო სულ, შესაბამისად, ენის პრობლემაც ნაკლებად გვექნებოდა. ვიფიქრეთ, ევროპაში დამკვიდრება უფრო გაგვიჭირდებოდა, მაგრამ რომ ჩამოვედით მივხვდით, რომ აქაც არ იყო საქმე მარტივად. სულ ნულიდან მოგვიწია ყველაფრის დაწყება.
– ბევრი ქართველი ცხოვრობს?
– არა, თითები მეყოფა, რომ ჩამოვთვალო ოჯახები. ექვსი-შვიდი ოჯახია, თან დიდი ქვეყანაა და გაფანტულები არიან. თვითონ იოჰანესბურგში მხოლოდ სამი ოჯახი ვცხოვრობთ და მათთან ვმეგობრობ. რაღაცის დასაწყებად სამხრეთ აფრიკა ძალიან რთული ქვეყანაა. ეს რომ თავიდანვე მცოდნოდა, აქ, ნამდვილად არ ჩამოვიდოდი. არადა, ეს ინფორმაცია ცოტას აქვს. წარმოიდგინეთ, არანაირი ტრანსპორტი არ არის, მეტრო, ტროლეიბუსი, ავტობუსი, არაფერი. თუ ავტომობილი არ გყავს, ვერ იმოძრავებ. ერთ-ერთი არსებობს „შავი ტაქსები“, რასაც ჩვენ „მარშუტკებს“ ვუწოდებთ. არ არსებობს პატარა სახლები, ბინები, მხოლოდ უზარმაზარი სახლებია და სხვა. საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ თავისი უცნაურობები ახასიათებს.
– რას საქმიანობთ ახლა? მეუღლე ქართველია?
– კი, მაკა სურმავა. ცოლი უკვე მოყვანილი მყავდა აქ რომ ჩამოვედი და სამი თვის შემდეგ ისიც ჩამოვიდა. ახლა ვმუშაობ უჟანგავი ფოლადის წარმოებაში. უჟანგავი ფოლადის ქარხანა გვაქვს. მეუღლე სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს, სამხრეთ აფრიკაში „დისქავერის“ სახელით არის ცნობილი, ინგლისსა და ამერიკაში კიდევ სხვადასხვა სახელწოდებები აქვს. კომპანია, მსოფლიოში რიგით, თუ არ ვცდები, მეორეა ყველაზე მსხვილ სადაზღვევო კომპანიებს შორის.
– ნიკაზე მომიყევით. როგორ მოვიდა ის ავტოსპორტში?
– ნიკას ამ სფეროში მოხვედრა ხუთი წლიდან, ერთი შემთხვევითობის წყალობით დაიწყო. აქ, მოგეხსენებათ, ეკვადორს ქვევით ვართ და ზამთარ-ზაფხული პირიქით გვაქვს. დეკემბერში აქ ზაფხულია და ჩემი მეუღლე, რომელიც სულ გამოცდებს აბარებს, ერთ დეკემბერსაც იგივე ამბავში იყო. მთელი ქალაქი დაიცალა, დასასვენებლად წავიდნენ, ჩვენ კი მარტო ხომ არ დავტოვებდით მას და დავრჩით. მაკას მეგობარმა ნიკასთვის „იამაჰა“ გვათხოვა, ამით მაინც გაერთობაო. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ ვისაუბრო, ხუთი წლის ნიკა მოტოკროსში მოხვდა. გადარეული იყო ამ სპორტზე. ტელევიზორში ამ „ტრიუკებს“ რომ ხედავდა, ამბობდა, შეჯიბრზე მინდა გამოსვლაო. დავიწყე გარკვევა, როგორ შეიძლებოდა შეჯიბრებაში მონაწილეობა. არავის ვიცნობდი, საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ვიღაცეებმა გაგვარკვიეს, ამას ლიცენზია უნდაო, სხვადასხვა კლასებიაო, ამ ასაკში ამა და ამ კლასში უნდა იასპარეზოსო. მოკლედ, მივედით მოტოკროსის ფედერაციამდე, ავიღეთ ლიცენზია და შეჯიბრებაზე მაინც ვერ გამოვედით. ბავშვი შვიდი პროცენტით არ უნდა ჩამორჩებოდეს „ლაპთაიმსო“ ანუ საუკეთესო დროს, რომ სხვებს ხელი არ შეუშალოს შეჯიბრის დროსო. საერთოდ, სამხრეთ აფრიკაში ეს სფერო ძალიან განვითარებულია. ბევრი მსოფლიო ჩემპიონია ამ ქვეყნიდან. როგორც შუმახერია ფორმულაში, ასეთი ტიპი ჰყავს მოტოკროსში სამხრეთ აფრიკას. მოკლედ, ივარჯიშა, შიში არ ჰქონდა არაფრის, გიჟივით დადიოდა. ბევრი, რომ არ ვილაპარაკო, ზუსტად რვა თვეში რეგიონალური ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ უკვე შევშინდით, ვარჯიშებზე, შეჯიბრებებზე სულ იმტვრეოდა – ხელი, ფეხი, ლავიწი, ყველაფერი დაიზიანა. კარტინგი და ავტოსპორტი ზოგადად, გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოტოკროსი და სპორტის კიდევ ბევრი სახეობა. ნიკოსთან ერთად იყო ასეთი ბავშვი ლოგან კაფერი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაციონალური ჩემპიონიც გახდა – თორმეტი წლის ასაკში უკვე შტატებში ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია, „იამაჰამ“ მასთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და ცამეტი წლის დაიღუპა. ნიკო შვიდი წლის ასაკში სიგრძეში თვრამეტიდან ოცდაორ მეტრს ფარავდა, უდიდესი ნახტომი იყო. ერთ-ერთ ვარჯიშზე, ეტყობა, ძალიან გადაიტვირთა და ფეხი გაეთიშა, თითებს ვერ ამოძრავებდა, მგრძნობელობა არ ჰქონდა. ექიმებმა გვითხრეს, ამის აღდგენა ძალიან რთულია, ხერხემალთან რომელიღაც ნერვის ბრალია, ოპერაცია არ სჭირდება, თვითონ აღდგება ყველაფერიო. ორ კვირაში მართლა შეძლო თითების ამოძრავება, შემდეგ უკვე ფეხის, მაგრამ რა იქნებოდა ჩვენთვის ეს ორი კვირა, ხომ წარმოგიდგენიათ. მერე ტიროდა, დამაბრუნეთ ისევ, ასე აღარ ვიზამო, მაგრამ ეს მაინც საბოლოო წერტილი აღმოჩნდა ჩვენთვის.
– და იპოვეთ კარტინგი?
– კი. მოტოკროსის მერე რას იზამ, ბალეტზე ხომ ვერ წაიყვან?! გვირჩიეს კარტინგი, რომელიც კარგი დასაწყისი იქნებოდა ავტოსპორტში მოსასვლელად, თუ ამის სურვილი ნიკასაც ექნებოდა. რვა წლის ხდებოდა, კარტინგში რომ მივედით. ძალიან უცნაურად დაემთხვა, რომ კარტინგშიც, ზუსტად რვა თვეში მოიგო რეგიონალური შეჯიბრი.
– რეგიონში რა შედის?
– ჰალპენში შედის ექვსი სხვადასხვა ტრეკი. ეს ჰალპენი, რომ აგიხსნათ, არის საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რომ გააერთიანო მოცულობით, მიიღებთ ჰალპენის პროვინციას. ამიტომ, საკმაოდ მალე შეამჩნიეს ნიკოც. საოცრებაა, რომ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში, მაგრამ ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები ნამდვილად არ არიან. სამაგიეროდ, რაგბის გიჟები არიან. ძალიან უყვართ მოტოსპორტიც. იცით, რომ ამათ „ფორმულა 1-ში“ მსოფლიო ჩემპიონიც ჰყავთ – ჯოდი შეხტერი. სწორედ მან მოუგო ნიკი ლაუდას. ამის შემდეგ აქ აპარტეიდის რეჟიმი იყო და სამხრეთ აფრიკას სპორტის ყველა სახეობაში მონაწილეობის მიღება ეკრძალებოდა, მაგრამ, ნელსონ მანდელას ციხიდან გამოშვების შემდეგ ეს ყველაფერი დალაგდა.
– რა მოხდა რეგიონალურის შემდეგ?
– ნიკოს ევროპაში გამოსვლა არ შეეძლო. იქ შეჯიბრებაზე გამოსვლა მხოლოდ ცამეტი წლიდან არის შესაძლებელი. ის კი ცამეტის სულ ახლახან გახდა. ახლა მოგვეცა საშუალება, რომ გარეთ გავიდეთ. რაც შეეხება რეგიონალურს, რეგიონალურის შემდეგ იყო ნაციონალური შეჯიბრებები, რაც ძალიან დიდი მასშტაბებისაა. შარშან „ნაციონალურები“ ხუთ სხვადასხვა ტრეკზე ჩატარდა – იოჰანესბურგში, პორტ ელიზაბეტში, ისტ ლონდონში, დურბანსა და კეიპტაუნში, სულ თხუთმეტი რბოლა. ამ თხუთმეტი რბოლიდან გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი ხდება. ნიკო იყო კლასში „ჯუნიორ როკი“. ამ კლასში ბავშვებს უფრო ადრეული ასაკიდან უშვებენ, ვიდრე ევროპაში. ესე იგი ნიკოლოზს თორმეტი წლის ასაკში „ჯუნიორ როკში“ არავინ დაუშვებდა. სამხრეთ აფრიკაში კი თორმეტიდან ჩვიდმეტამდეა...
– შესაბამისად, ჩვიდმეტი წლის ბიჭებსაც ეჯიბრებოდა.
– კი. ჩემპიონი გახდა თექვსმეტი წლის ბიჭი და ჩვენ მეორე მოვედით. ანუ, ის 2009 წელს იყო მეორე მთელ სამხრეთ აფრიკაში. კერებ ვილიამსი გახდა ჩემპიონი, რომელიც 2009 წელსვე იტალიაში, ლენატოში სხვა კლასში მსოფლიო ჩემპიონი ხდება.
– ქვეყანაში პრაქტიკულად, ყველაფერი მოგებული აქვს და ახლა, ალბათ, ევროპაში გასვლის ნებართვას ელოდება?
– ეს ნებართვაც უკვე გვაქვს. უნდა გავსულიყავით რბოლაზე, მაგრამ ადმინისტრაციული საკითხების გამო ვერ მოვახერხეთ გასვლა. აპრილში ესპანეთში გავემგზავრებით მოკლედ, ბევრი რბოლა გველის წინ. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ჩვენ ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს და ნიკა საქართველოს საავტომობილო ფედერაციის მიერ გაცემული ქართული ლიცენზიით გამოდის, ანუ ქართველი კარტინგისტია. ახლა ჩვენ ბრძოლა უკვე პროფესიონალურ კლასებში გვიწევს, სადაც მონაწილეობის მიღება მხოლოდ მიწვევით ხდება. როტექსში და როკში – ამ ორ კლასში სერიოზული შედეგები უნდა გქონდეს, რომ იქ მიგიწვიონ. მთელი მსოფლიოდან ოთხმოცდაათი ადამიანის მიწვევა ხდება, ძირითადად ევროპიდან, მაგრამ არიან „კარტინგისტები“ ბრაზილიიდან, შტატებიდან, იაპონიიდან და სხვა. ნიკა კი საქართველოს სახელით გამოდის, სამხრეთ აფრიკიდან კი არავინაა. ახლა ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება. ამ სფეროში ბევრი ისეთი ადამიანის შვილია, რომელთაც მე და თქვენ გადასარევად ვიცნობთ. მაგალითად, თუ გახსოვთ, ჯოშ ფოსტეფანი, „ფორმულა 1-ის“ პილოტი, მისი ბიჭია ნოქს ფოსტეფანი, ახლა კარტინგშია. სწორედ მან მოიგო ბოლო შეჯიბრება. ძრავებშია ძალიან დიდი განსხვავება. შეიძლება, პიროვნებას არ ჰქონდეს ფული, მაგრამ კარგი სპონსორი ჰყავდეს, კარგ გუნდში მოხვდეს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უამრავი რბოლა გველოდება წელს, ძალიან ბევრი უნდა ვიმოგზაუროთ, ამ ხარჯებს, რა თქმა უნდა, სპონსორი აფინანსებს. ახლა ჩვენ კონტრაქტი გვაქვს „ვორტექს ტონი კარტთან“. ვნახოთ, რა იქნება.
– ნიკა, ახლა შენ მითხარი, გინდა, ამ საქმის კეთება მთელი ცხოვრება და არის თუ არა ეს შენი მოწოდება?
ნიკა სურგულაძე: ამაში დარწმუნებული ვარ. მეტი არაფრი მინდა. იმედი მაქვს, რომ „ფორმულა 1-ში“ მოვხვდები და შუმახერის რეკორდს გავიმეორებ.