რა საიდუმლოს მალავდა მერაბ კოკოჩაშვილი და რაში გამოუტყდა მას დედა
მერაბ კოკოჩაშვილი საბჭოთა საქართველოში დაიბადა და მასთან ერთად იზრდებოდა. თბილისში, მიუხედავად მაშინდელი იდეოლოგიისა, რეპრესირებული მშობლებისა, გაჭირვებისა, მაინც უდიდესი სითბო და სიყვარული ტრიალებდა, რომელიც გაყინულ კლასებში მსხდომ ბავშვებს საოცრად ათბობდა და სწორ გზაზე აყენებდა. ბატონი მერაბი ბევრ რამეს იხსენებს. ზოგჯერ იუმორით, სევდითაც, მაგრამ საოცარი სიზუსტით, რადგან მისი ისტორია, ერთი პატარა, მაგრამ ყველასთვის საყვარელი ქალაქის ისტორიაცაა.
მერაბ კოკოჩაშვილი: არსებობს პატარა ქვეყნები, სადაც ხელოვანებს სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ. ვგულისხმობ, კინემატოგრაფიას, რადგან კინო ძალიან ძვირად ღირებული სფეროა, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ბაზარი პატარაა. იმ პატარა ქვეყნებში, სადაც კინო კარგად არის განვითარებული, ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც კინოინდუსტრია, პრაქტიკულად, მოკვდა, ესეც უფინანსობის ბრალია.
– რატომ გახდა ასე პოპულარული აღმოსავლური კინო?
– ისეთი უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, ირანი ამ მიმართულებას საოცრად ავითარებენ. ირანულ კინოს, ამ ყველაფერთან ერთად, შენარჩუნებული აქვს ის სითბო, ადამიანური მომენტები, პოეზია, რომელიც მათ ფილოსოფიაშია და ამას ფილმებშიც გადმოსცემენ. დღევანდელი ირანული კინო ძალიან ახლოა ორმოცდაათიანი-სამოციანი წლების ქართულ კინოსთან, ამ მხრივ ყველაზე კარგ პერიოდთან ჩვენს ქვეყანაში. ფილოსოფია და რელიგია, ადამიანური ყოფა, იმდენად განზოგადებულია, რომ ეს ყველას აინტერესებს და არა მარტო შენს ქვეყანაში. ხელოვნების საფუძველიც ესაა – უნდა ილაპარაკო შენი ენით იმის შესახებ, რაც ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ადრე ქართულ კინოს ევროპაში სახელიც კი შეარქვეს – ფენომენი. ქართული კინოს ფენომენი, რაც სწორედ ორ საწყისზე იყო დაფუძნებული: ქართული კულტურა, ხასიათი, კოლორიტი, აზროვნება, რელიგია, ქცევა და მეორე – ის ზოგადსაკაცობრიო საფუძვლები, რის გარეშეც დიდი კინო არ არსებობს. იმ პერიოდის მოღვაწეების უმრავლესობა მოსკოვის კინოინსტიტუტში გავიზარდეთ, სადაც უდიდესი კინორეჟისორები, საოცრად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ასწავლიდნენ. რეჟისორების ამ თაობამ ახალი სიცოცხლე მისცა ქართულ კინოს. მაშინ ევროპაში დაიბადა საავტორო კინო, ფრანგული კინო. ერთი სიტყვით, იმისთვის რომ საქართველოში კინო აღორძინდეს, ჩემი აზრით, ორი მთავარი მიმართულებაა საჭირო – სახელმწიფოს მხარდაჭერა და პროფესიონალები. ამ ყველაფერს სისტემაში მოყვანა უნდა, მუდმივი და სისტემატური უნდა იყოს. ერთი ფილმის დაფინანსება ან ერთი ნიჭიერი რეჟისორი მდგომარეობას ვერ შეცვლის, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში კინოს განვითარებაზე მილიონები იხარჯება.
– თქვენ რაზე მუშაობთ ახლა?
– ამ პერიოდში თითქოს არ გავჩერებულვარ. შარშან გავჩერდი მხოლოდ. გავაკეთე, მოვამზადე ყველაფერი ფილმისთვის, მაგრამ ის ვინც მპირდებოდა, რომ ფილმს გადავიღებდით, სამწუხაროდ, ეს ვეღარ შეძლო. აღარ გადაიხადეს თანხა. ახლა ჩვენს კინოცენტრში კონკურსში ვიღებ მონაწილეობას და თუ ჩემი სცენარი გაიმარჯვებს, რაღაც თანხას იქიდან მივიღებ, შევეცდები სხვა თანხებიც შევკრიბო და გადავიღო ფილმი, რომლის გადაღებაც ძალიან მინდა. ეს არის ფილმი ღვინოზე, ვაზსა და ქართველებზე. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ისტორია, კულტურა, გემოვნება, აღმოჩენაც და სხვა. ღვინის ნალექი რვა ათასი წლის წინანდელ ჭურჭელზეც კი არის აღმოჩენილი. ესე იგი სვამდნენ. თუ სვამდნენ სადღეგრძელოებსაც ამბობდნენ, ესე იგი კარგ ხასიათზეც დგებოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და უყვარდათ კიდეც.
– თქვენ ფილმებში უდიდესი სითბო და სიყვარულია. უყურებ და თბები, ამას ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვამბობ და ვფიქრობ, ყველაზე დიდი რაც შეიძლება კინომ დაგიტოვოს, ეს სიყვარულია. იყო ეს თქვენი მხრიდან გაცნობიერებულად?
– დიდი მადლობა, თუ ასე ფიქრობთ. იცით, ძალიან რთული სათქმელია, იყო თუ არა ეს გაცნობიერებული. როდესაც ახალგაზრდა ხარ, სწავლობ, ლოგიკურად ჩამოყალიბებული არაფერი გაქვს, უფრო ინტუიციურად მიდიხარ რაღაცეებისკენ. საიდან მოდის ეს ყველაფერი? ქვეყნიდან, კულტურიდან და ოჯახიდან. ჩემი მშობლები მუსიკოსები იყვნენ. მამა, არ მახსოვს. ოცდაათიან წლებში რეპრესირებული იყო და პროტესტი ყველაფრის მიმართ, სადაც ძალადობაა, როგორც ჩანს, ჩემში ბავშვობიდან ჩაისახა. ახლაც, როდესაც ხელისუფლებისთვის, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ადამიანები კადრულობენ და ამბობენ, სიტყვა მოღალატეს – ეს ისეთ პროტესტს იწვევს ჩემში ვერ წარმოიდგენთ. ასე დაიწყო ოცდაათიანი წლები. ამ სიტყვების გაგონებაზე გამაჟრიალა.
– რის გამო მოჰყვა მამა რეპრესიებში?
– მუსიკოსი იყო. რა უნდა ჩაედინა?! უბრალოდ, მეგობრობდა არაჩვეულებრივ ადამიანებთან – სანდრო ახმეტელთან, მარჯანიშვილთან, მიქელაძესთან... ორკესტრში ერთად იყვნენ. ალბათ ამიტომ, თორემ პოლიტიკასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა. ამის შედეგად საქართველოს განათლებული ნაწილის ნახევარზე მეტი წაიშალა. ვგიჟდები, როგორ ბედავენ ამ სიტყვის თქმას. ახლა მგონია, რომ ამას აღარავინ აჰყვება, გაცნობიერებულია ეს ყველაფერი, რადგან ახლო წარსულში იყო. ერთი სიტყვით, დავრჩი დედასთან მარტო. მამა გადაასახლეს და ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ ის იმავე წელს გარდაცვლილა. მხოლოდ 1956 წელს, რეაბილიტაციის დროს გავიგეთ რომ დაიღუპა. თუმცა, დედა ამას ყოველთვის გრძნობდა. მაგრამ, არაფერს მეუბნებოდა. გადასარევად მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს, მე და დედა მაგიდასთან ვისხედით, ვსადილობდით და დედამ მითხრა, შენ უკვე დიდი ხარ, ყველაფერი უნდა იცოდეო. მართალია, არ ვიცოდი, მაგრამ სულ ვგრძნობდი ამას. სოფელში ჩავდიოდი და ყველა განსაკუთრებულად მეფერებოდა. გადასარევად მახსოვს, დედამ ეს რომ მითხრა, როგორ წამომივიდა ცრემლები და როგორ ცვიოდა ის თეფშზე. მეც საიდუმლოს ვინახავდი და დედაც, ერთმანეთს ვერ ვუტყდებოდით. დედა იყო საოცრად თავისუფალი აზროვნების ქალი, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.
– მას არ შეხებია მაშინდელი რეჟიმი?
– არა. ერთ ისტორიას გიამბობთ დედასთან დაკავშირებით. პირველ სკოლაში ვსწავლობდი. არაჩვეულებრივი კლასი გვქონდა, საიდანაც სამი რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ერთი კი ლენინური პრემიის ლაურეატია. ლომერ ახვლედიანი, ლევან ჯანდიერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლევიკო კილაძე და კიდევ უამრავი პროფესორი, აკადემიკოსი და სხვა. კლასი მაინც რაღაცნაირად გამორჩეული იყო. ჩვენს კლასში იყო ასევე, ცეკას მაშინდელი პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ვაჟი, გელას უფროსი ძმა – მერაბი. ჩვენ, როგორც ჩანს, ამის გამო უკეთეს პირობებში ვყავდით. ვიყავით კლასში, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო, და რატომღაც სტალინის ოთახი ერქვა. იქ ყველა რევოლუციონერის ფოტო ეკიდა – ლენინის, ტროცკის, ორჯონიკიძის და კიდევ ვისი აღარ. ერთხელ მოგვცეს დავალება, ლექსი უნდა დაგვეწერა, მაშინ შვიდი წლის ვიყავი. ჩვენც ამ გარემოში, სხვა რა უნდა გვექნა?! სულ სტალინსა და ბერიაზე ვწერეთ. მეც ბერიაზე დავწერე. გახარებული მივედი სახლში. გვიან საღამოს დედა მოვიდა. ის ორ ადგილას, მუშაობდა. უკვე ვიწექი, მაგრამ მივახარე ლექსი დავწერე-მეთქი. დედამ წაიკითხა და ძალიან მშვიდად მითხრა – „აღარ ვნახო ოდესმე ლექსი დაწეროო“. იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად გაჭირვებისა, უამრავი უბედურებისა, რაც გადატანილი ჰქონდათ, ამ ადამიანებს ღირსება არასდროს დაუკარგავთ.
ერთ ამბავსაც მოგიყვებით: ბაბუაჩემის დასთან, ბებიაჩემთან ძალიან ხშირად ვიყავი. ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანი იყო გაჭირვებული და ბევრი სტუმარი დადიოდა. ერთხელ მახსოვს, მასთან სტუმრად ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მოვიდა, ბებიას მეგობარი იყო. მაგიდასთან სხედან, ღვინოს წრუპავენ და საუბრობენ. მე მაგიდის ქვეშ ვთამაშობ, რომელსაც დიდი ხავერდის გადასაფარებელი აქვს გადაფარებული. ტანკები და რაღაცეები მაქვს, ომია და მეტი რითი უნდა გავერთო. ქაქუცას და ამბობს, არა, ჰიტლერი კაციჭამიააო. უცებ ბებიაჩემი პასუხობს, ჩვენს „იმასთან“ შედარებით, ჰიტლერი ვეგეტარიანელიაო (იცინის). მოკლედ, ასეთი რაღაცეები სულ მესმოდა. ჩვენი სკოლის დირექტორი იყო ჯაჯუ ჯორჯიკია, რომელიც მგონი, არც ერთ პარტიაში არ იყო, მაგრამ სკოლის დირექტორი კი გახდა. მამაჩემიც იცნობდა ჯერ კიდევ ქუთაისიდან. მათემატიკაში სუსტი ვიყავი და გაკვეთილის დაწყებამდე რაღაცეებს ვიწერდი. ამ დროს ჩემი ამხანაგი, ლევან ჯანდიერი მერხის ქვეშ შეძვრა და ფეხსაცმელზე თასმებს მიხსნის. ვფიქრობ, დავამთავრებ ბარემ გადაწერას და მერე ვუჩვენებ სეირს-მეთქი. გადავწერე, ორივე წამოვხტით, ლევანი ჩემი ფეხსაცმელებით გარბის და მე უკან მივდევ. მან ფეხსაცმელები დიდი ღუმელის ზემოთ შეაგდო და კარში გავარდა. გავყევი და პირდაპირ ჯაჯუს შევეჩეხე. ვდგავარ ფეხშიშველი მის წინ. ხომ გითხარით, ჩემს კლასში რა გვარის ბავშვები სწავლობდნენ – ჯანდიერი, რატიშვილი, ბაგრატიონი. უცებ ჯაჯუ მეუბნება, რამდენჯერ უნდა გითხრა, გაანებე რა თავი ამ ბაგრატიონებს, ჯანდიერებს, რატიშვილებს, ეთამაშე რა ჩარკვიანს. (იცინის) ასეთი ხალხი იყო. პირდაპირ, როგორც დღეს ჩვენი ტელევიზია და რადიო, არ ამბობდნენ რაღაცეებს, მაგრამ გადაკვრით ყველაფერს გვეუბნებოდნენ.
– ომის დროს თან როგორი რთული იყო ფეხსაცმლის შოვნა.
– სად იყო ფეხსაცმელი, ჩასაცმელი. ომის დროს კონცერტზე ვიყავი. მოსკოვიდან მევიოლინეა ჩამოსული, უკრავს და თან ტემპს ფეხს აყოლებს. უცებ დავაკვირდი და რას ვხედავ. ფეხსაცმლის ლანჩა იწევა და ძირი რჩება. მევიოლინეს გარღვეული ფეხსაცმელი ეცვა. ასეთი დრო იყო. ერთი მასწავლებელი გავაბრაზეთ მე და ლევანმა, კუთხეში დაგვაყენა და იქიდანაც არ ვისვენებთ. მან წერილი დაგვიწერა და მე დედასთან გამატანა, ლევანს – ბებიასთან, რადგან მას დედაც და მამაც რეპრესირებული ჰყავდა. ლევანმა მითხრა, ამას ბებიას ვერ მივუტან, გული გაუსკდებაო. თუ შენც ვერ მიუტან, მეც ვერ წავუღებ-მეთქი. მოკლედ, წერილები არ მივიტანეთ. მეორე დღეს სკოლაში წამოვედი და წვიმა წამოვიდა. ფეხსაცმელში ხვრელი მაქვს და რა თქმა უნდა, ფეხი – მთლიანად დამისველდა. წვიმაში „კალოშებს“ ვატარებდით. გავიხედე და ვხედავ დედა მოვიდა, „კალოშები“ მომიტანა, რომ ფეხზე გამომეცვალა. მასწავლებელმა უთხრა, წერილი ნახეთო? – ლევანი მოკვდა, სულ ნაცრისფერი იყო. მეც ალბათ, ასევე გამოვიყურებოდი. მასწავლებელი მიხვდა, რომ წერილები არ მიგვიტანია, და სათქმელი ასე გააგრძელა, არა, არაფერი კიდევ კარგი, რომ ესენი მოიტანეთ, ბავშვს ალბათ ფეხი სველი ექნებაო. მე თითქოს თქვენთვის რაღაცის შეტყობინებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრეო. ისე, მერაბი კარგად სწავლობსო. ეს ამბავი არ მავიწყდება. ამის შემდეგ სულ ვცდილობ, ტყუილი არ ვთქვა. გვიყვარდა თამაში, ცელქობა, მაგრამ ეს ყველაფერი მანამ, სანამ არ გავარკვიე რისი კეთება მინდოდა და ეს დაახლოებით მერვე კლასში იყო.
– სიყვარული როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
– ძალიან ადრე. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში. სხვათა შორის, ორი წლის წინ ქუჩაში ქალმა გამაჩერა, მომესალმა, მომიკითხა. მიხვდა, რომ ვერ ვიცანი. რომ მითხრა სახელი და გვარი ვინ იყო, გადავირიე, თავში ხელი შემოვიკარი. მოგკლავ შენ, როგორ დაგავიწყდიო. ეს ქალბატონი საბავშვო ბაღში მიყვარდა. მასთან თავის გამოსაჩენად მაღალი სასრიალოდან ჩამოვსრიალდი, დავარტყი ცხვირი და სისხლი წამომივიდა. მერე ძალიან ამაყი ვიწექი მედპუნქტში, რადგან მთელი ბაღის ბავშვები და მათ შორის ის გოგოც მიყურებდნენ... ბაღიდან, სკოლიდან ყველასთან დღემდე ვმეგობრობ. სამწუხაროა, რომ უკვე ძალიან ცოტანი დავრჩით.
– მერე როგორ იყო?
– სკოლაში ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე ვსწავლობდით, მაგრამ ძალიან ხშირად ვაკითხავდით ქალთა პირველ სკოლას, რომელიც ჩვენი განაყოფი იყო. დაბალ სართულზე იყვნენ და ჩვენი გასართობი ის იყო, რომ მათ ვუთვალთვალებდით, ფანჯრებზე ვუკაკუნებდით, ვეჯღანებოდით.
– თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული როდის მოვიდა?
– ო, ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა. ჩემი მეუღლე უშანგი ჩხეიძის დისშვილია. უშანგი და ჩემი მშობლები მეგობრობდნენ. ის ჩვენს გვერდით ცხოვრობდა. უფრო სწორად, ერთი პატარა ხის კარი გვყოფდა. ჩემს წინაპრებს რევოლუციამდე მთელი ის სახლი ეკუთვნოდათ, შემდეგ კი ერთი ოთახი ჩემმა მშობლებმა დაიტოვეს, ერთიც უშანგის დაუთმეს, რადგან მას სახლი არ ჰქონდა. მოკლედ, მანანა ძალიან პატარა იყო და მას ზედ არ ვუყურებდი. მაშინ განსხვავება ძალიან ჩანდა. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ოთარ აბესაძესთან ერთად, პირველი ფილმის გადაღება დავიწყეთ. ვეძებდით გოგოს, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის იერი ექნებოდა. ქუჩაში შემთხვევით ვნახე მანანა და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის პატარა გოგო იყო. ამის შემდეგ, უშანგი ჩხეიძეზე დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდოდა და მათთან სახლში ხშირად დავდიოდი, ყოფილ პლეხანოვზე. უშანგი ცოცხალი აღარ იყო, მის ოთახში ვიკეტებოდი და მასალებს ვეძებდი. იმ პერიოდში მანანა სკოლის მოსწავლე იყო და როგორც აღმოჩნდა, მასაც ძალიან უყვარდა იმ ოთახში ყოფნა, კითხვა. ადრე დაიწყო ლექსების წერა. თურმე, ამბობდა ხოლმე, ვინ არის ეს მერაბი ჩემს ოთახში რომ ზისო, მაგრამ მერე ვიპოვეთ ერთმანეთი და აგერ უკვე ორმოცდაცხრა წელია, ერთად ვართ.
– რას ნიშნავს ორმოცდაცხრა წელი ერთ ადამიანთან გაატარო, დღეს ეს ცოტა წარმოუდგენელია.
– (იცინის) ცხოვრებაა. თუ ცოლ-ქმარი ახერხებს ერთმანეთში, საერთო ბრძოლაში, წინააღმდეგობებში რაღაც საინტერესო აღმოაჩინოს, შემოქმედებაში ერთმანეთს გვერდით უდგანან, შვილებზე, შვილიშვილებზე საერთო ზრუნვაში არიან, მაშინ მათი სიყვარულიც მუდმივი იქნება. მანანა რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება. ის სულ გვერდში მედგა. ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ყველაფერი მიატოვა, რომ ბავშვებისთვის მიეხედა, მე კი სადღაც ტყე-ღრეში მეხეტიალა და გადამეღო. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, გადაღებებზე ერთად ვყოფილიყავით. ის ჩემი სცენარებისა და ჩანაფიქრების პირველი და ყველაზე დიდი შემფასებელი და კრიტიკოსია. ორი, მაქსიმუმ სამი ფილმია, რომელიც მოსწონს. სცენარის დონეზე ხომ პირდაპირ მანადგურებს. მეგობრობა, გვერდში დგომა ყველაფერი იყო, მაგრამ სიყვარულის გარეშე ხომ არაფერი ხდება. ყველაზე მთავარი, მაინც სიყვარულია. სირთულე, რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრებაშიც იყო, მაგრამ მთავარია, ერთმანეთის ღირსება არ შეილახოს. ფიქრობ, იქნებ ჯობია შენ დათმო. ადამიანი ამ შენ შინაგან რაღაცეებს ყოველთვის ვერ აკონტროლებ. ხანდახან შეიძლება აფეთქდე. ეს აფეთქება კი ზოგჯერ ისეთია, რომ ადამიანები ერთმანეთს სცილდებიან. ყოფილა შემთხვევა, ისე გვიჩხუბია, რომ მანანას დაუკრავს ფეხი და სახლიდან წასულა. წასულა, მაგრამ მიმხვდარა, რომ ეს სწორი არ არის და ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს.
– ანუ, სიყვარული ბოლომდე რჩება?
– რა თქმა უნდა. რასაკვირველია, ის ტრანსფორმაციას განიცდის, რაღაცეები იცვლება, მაგრამ თუ დიდი სიყვარულია, ის ბოლომდე რჩება.