კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება აისრულა გარდაცვალებამდე ბადრი პატარკაციშვილმა უმცროსი ძმის წყალობით და რა დაუტოვა მან უმცროს ძმას


ის ბადრი პატარკაციშვილის უმცროსი ძმაა, ადრეული ასაკიდან ერგო ამ ოჯახის ხვედრი – წარმატებასაც ადრეულ ასაკში, უფროსი ძმის წყალობით გაუგო გემო, მასთან არის დაკავშირებული მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილიც. 24 წლის კობა პატარკაციშვილი უფროს ძმას გარეგნულადაც ჰგავს და ხასიათითაც, არ ხიბლავს მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება და მუდამ სიახლეებს ეძებს. განათლება ამერიკაში მიიღო და თბილისში საკუთარ ბიზნესს მართავს. ძმის სიკვდილის შემდეგ ამ ქალაქში ცხოვრება უჭირს, თუმცა, ის მოგონებები, რაც უფროს ძმასთან დაკავშირებით თბილისში დარჩა, მას შორეული ამერიკიდან აქ ხშირად აბრუნებს...


კობა პატარკაციშვილი: მე მამაჩემის ყველაზე უმცროსი შვილი ვარ. 9 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. გამზარდა დედამ, რომელიც ჩემთვის დღემდე ყველაზე ძვირფასი ადამიანია. როდესაც მე დავიბადე, ბადრი დაახლოებით 30 წლის იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სხვადასხვა ოჯახში ვიზრდებოდით და ჩვენი დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რაც, ალბათ, ჩვენი დედების დამსახურება იყო. მე არ მიგრძნია, რომ ჩვენ ცალ-ცალკე ვიზრდებოდით, ბადრი ჩემ გვერდით იყო ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. როდესაც მე პატარა ვიყავი, ის თბილისში ცხოვრობდა და ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. მერე ბადრი მოსკოვში გადავიდა. როცა სკოლა დავამთავრე, სასწავლებლად ამერიკაში წავედი. იქ ჯერ ბაკალავრიატში ვსწავლობდი, მერე – მაგისტრატურაში. ბაკალავრიატი დავამთავრე ბოსტონში, კლარკის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, მაგისტრატურა კი გავიარე ნიუ-იორკში, ბიზნესის მართვის სპეციალობით.

– ეს, ალბათ, უფროსი ძმის გავლენითაც მოხდა. რამდენადაც ვიცი, მან დიდი წვლილი შეიტანა თქვენს სწავლა-განათლებაში.

– პატარკაციშვილებს, ბიზნესის ნიჭი, ეტყობა, გენეტიკურად მოგვდგამს (იცინის). ამ სფეროში საქმიანობდა მამაჩემიც, თუმცა, მაშინ ამ სფეროს ბიზნესი არ ერქვა. როდესაც სკოლას ვამთავრებდი და დღის წესრიგში უცხოეთში სწავლის გაგრძელების საკითხი დადგა, ვფიქრობდით, ამერიკაში წავსულიყავი თუ ინგლისში, ბოლოს არჩევანი მაინც ამერიკაზე გავაკეთეთ. ბადრიმ ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია. მას ძალიან უნდოდა, რომ მიმეღო კარგი, სრულყოფილი განათლება, პროფესიაზე არ ჰქონია აქცენტი, მთავარი იყო, კარგ უნივერსიტეტში მესწავლა. ამით ის თავის ოცნებასაც ისრულებდა – როდესაც თავად დაამთავრა სკოლა საქართველო ჩაკეტილი ქვეყანა იყო და სადმე წასვლის პერსპექტივა პრაქტიკულად არ არსებობდა. ეს მას ყოველთვის აწუხებდა და ამიტომაც ცდილობდა, რომ მის ახლობელ ადამიანებს კარგი განათლება მიეღოთ. მახსოვს, თვითმფრინავის ბილეთიც კი თვითონ ამიღო და ეს იყო ყველაზე ბედნიერი ბილეთი, რადგან ამერიკაში წასვლამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა (იცინის). ის ძალიან ამაყობდა, რომ მე ბოსტონის უნივერსიტეტში ჩავაბარე, რაც საკმაოდ რთული იყო. სკოლას რომ ამთავრებ და მიდიხარ ამერიკაში, სადაც ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთო, იოლი არაა. თან, საკმაოდ მცირე დრო მქონდა მოსამზადებლად. როდესაც გამოცდები ჩავაბარე და ბადრიმ ეს შეიტყო, გვიან ღამით დამირეკა. დღესაც მახსოვს, როგორი გახარებული იყო ჩემი წარმატებით. ამერიკაში შვიდი წელი ვიცხოვრე ისე, როგორც ყველა სტუდენტი ცხოვრობს. იქ სულ სხვანაირი სიტუაციაა, სხვა რეჟიმი და რიტმია. მე არ მიწევდა ურთიერთობა ქართველებთან, ჩემი თანაკურსელები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, ამერიკელებთან შედარებით ძალიან გვიადვილდებოდა ერთმანეთთან ურთიერთობა. იქ დღემდე მყავს ბევრი უახლოესი მეგობარი. იმ პერიოდში ბადრი დიდ ყურადღებას მაქცევდა. მე არ ვმუშაობდი და ჩემი იქაური ცხოვრებისა და სწავლა-განათლების ხარჯებს ბადრი იხდიდა.

– ის, ალბათ, ყოველთვის იყო თქვენი მფარველი და მისი სახით ძალიან ძლიერი ზურგი გქონდათ.

– დიახ, ეს მართლაც ასე იყო. უფროსი ძმა ყოველთვის არის უმცროსის მფარველი, ბადრის ყოველთვის უნდოდა, რომ სწორი გზით მევლო და ამ გზას ყოველთვის მაჩვენებდა. ძალიან ხშირად მარიგებდა, რჩევას მაძლევდა, მის მიმართ დიდ რიდს ვგრძნობდი. როდესაც ამერიკაში ვიყავი, ჩვენ ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს ტელეფონით. მე ჩამოვდიოდი ხოლმე თბილისში არდადეგებზე და დღესასწაულებზე, მასთან ლონდონშიც ჩავდიოდი სტუმრად. დღეს ძალიან მაკლია ბადრის თანადგომა, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მე მისი სახით ძმა, მეგობარი, დიდი გზამკვლევი დავკარგე...

– ის, რომ დღეს თქვენც ბიზნესში ხართ ჩართული, უფროსი ძმის დამსახურებაა?

– ბადრი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა მე ბიზნესი წამოვიწყე, ბიზნესი აღმოჩნდა ის სფერო, რაც ჩემი ხასიათისთვის მისაღებია. იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროში დიდი რისკი არსებობს და ბიზნესმენის ცხოვრება არც ისე მშვიდია, ეს ყველაფერი ცხოვრებას საინტერესოს ხდის. მე ვერ შევძლებდი მშვიდად და წყნარად ცხოვრებას, ყოველი დღე ერთმანეთს არ უნდა გავდეს, ვერ შევძლებ, დილის 9 საათზე წავიდე სამსახურში და საღამომდე იქ ვიყო, მიყვარს სიახლეები. ბადრიც ასეთი იყო. მას რომ ჩემს ასაკში კომუნისტურ რეჟიმში არ ეცხოვრა, ალბათ, უფრო მეტს მიაღწევდა. ვიცი, რომ ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ, ბადრის ძალიან ესიამოვნებოდა, გაახსენდებოდა საკუთარი თავი, როცა ბიზნესი დაიწყო... იმავეს თქმა შემიძლია მამაზე, მას უჭირდა ფრთის გაშლა, მისგან განსხვავებით კი მე ამის შანსი მომეცა, რადგან, საბედნიეროდ, კარგ დროში გავჩნდი. მაგისტრატურის პირველ კურსს ვამთავრებდი, როდესაც ბადრი გარდაიცვალა. მახსოვს, იმ დღეს გამოცდისთვის ვემზადებოდი. ახლა მიჭირს იმის გადმოცემა, რაც მაშინ გადავიტანე, პირველივე რეისით გამოვფრინდი თბილისში... არც ერთი წამით არ დამიჯერებია ის ვერსია, რომ ბადრი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ვერც ერთი ექსპერტი ვერ დამარწმუნებს ამაში. ბადრი იყო ემოციური ადამიანი, მაგრამ ასე უცებ, ერთ წამში არ დაიღუპებოდა. ეს იყო ერთი დიდი სცენარი, რომელიც საგულდაგულოდ იყო მომზადებული.

– ამ სცენარის ნაწილი იყო ის კამპანიაც, რაც პატარკაციშვილების ოჯახთან დაკავშირებით აგორდა?

– რა თქმა უნდა, ესეც სცენარის ნაწილი იყო, რომელიც მეც შემეხო. მე არ ვაქცევ ყურადღებას იმ ჭორებს, რასაც სპეციალურად ავრცელებენ, მაგრამ ეს ძალიან გულსატკენია. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს დებთან, მზიასთან, ნანასთან და, იმედი მაქვს, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ ერთად გადავიტანეთ დიდი ტკივილი და ამ განსაცდელმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს.

– ძმები ერთმანეთს ჰგავდით ხასიათით?

– დიახ, ხასიათით ძალიან ვგავდით ერთმანეთს, ბევრი ერთნაირი გატაცებაც გვქონდა. მეც და ბადრიც ძალიან ემოციურები, ერთგულები ვიყავით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღირსება, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მამაკაცს. ბადრის ძალიან უყვარდა ადამიანები, შეეძლო, ახლობლების ცხოვრება დღესასწაულად ექცია. როცა პატარა ვიყავი, დასასვენებლად მიშვებდა ხოლმე – დამირეკავდა და მეტყოდა: „იქ, იცი, რა მაგარია? აუცილებლად უნდა წახვიდე და ნახო!“ თვითონ ძალიან გემოვნებიანი ადამიანი იყო, უყვარდა კარგად ჩაცმა, ძალიან ბევრი ტანსაცმელი ჩამოჰქონდა ხოლმე ჩემთვისაც, თან ზუსტად ისეთს ყიდულობდა, რაც მომწონდა და მიხდებოდა (იცინის). ბოლო დაბადების დღეზე „მინი-კუპერი“ მაჩუქა. სხვა მანქანაც მყავს, მაგრამ ბადრის ნაყიდი მანქანა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. როცა თბილისში ვიყავი ხოლმე, მთაწმინდის პარკში მივდიოდი მასთან ერთად. მახსოვს, როგორ ყურადღებას აქცევდა თითოეულ დეტალს, ეს პარკი მისთვის არ იყო ბიზნესის წყარო, ამას ქველმოქმედებისთვის, დიდი სიყვარულით აკეთებდა. ბადრის სიკვდილის შემდეგ იქით გახედვის სურვილი არ მაქვს. ძალიან მიყვარს რიტუალების ბაღში მისვლა, ხშირად დავდივარ იქ, შეიძლება, ხუთი წუთით შევიარო, მაგრამ ყველაზე მეტად იქ ვისვენებ. ეს ბაღი ყველაზე მეტად მახსენებს ბადრის, იქ თითქოს მისი სულია დარჩენილი. ეს ის ადგილია, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იქნება მთელი ცხოვრება. სულ ვამბობ ხოლმე, რომ თბილისში მაკავებს დედა და ეს ბაღი. რომ არა ეს, ამერიკაში ისე ხშირად მიწევს ყოფნა, ალბათ, იქ დავრჩებოდი...

– ალბათ, იქ თქვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ადამიანიც გელოდებათ.

– დიახ, არის იქ ერთი ადამიანი, თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ჩემი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იქით დარჩა (იცინის). ჩემთვის თბილისში ცხოვრება არაა იოლი, მით უმეტეს, ბადრის სიკვდილის შემდეგ. როდესაც ბადრი პატარკაციშვილის ძმა ხარ, ბიზნესშიც შეგიქმნიან პრობლემებს. ამის გამო მეც მომიწია ბარიერების გადალახვა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამ ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა...




скачать dle 11.3