რით ჰგავს მიხეილ სააკაშვილი რომის იმპერატორებს და რატომ სჯიდა სხვადასხვა დიდი იმპერია საქართველოს ერთნაირი სასჯელით
საქართველოს თავისი არსებობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში თითქმის ყველა მსოფლიო იმპერიის მძიმე ხელი უწვნევია, მათგან ზოგი მხოლოდ ისტორიის ფურცლებს შემორჩა, ზოგისგან ძველი დიდების ნაშთებიღა დარჩა, დანარჩენები მეტ-ნაკლებად ფეხზე დგანან და ძველ ამბიციებსაც მისტირიან. როგორ იქცეოდნენ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს ტერიტორიის ბატონ-პატრონი იმპერიები, რით ჰგავდნენ და განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან და რატომ არ იცვლება ოცდამეერთე საუკუნეშიც კი იმპერიების დამოკიდებულება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარე რიცხვით მცირე ქვეყნის მიმართ ამ საკითხებზე ისტორიკოსი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ გურული გვესაუბრება.
– რას გვერჩოდნენ დღიდან ჩვენი გაჩენისა დიდი იმპერიები?
– საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ რიცხვით მცირე ერები ისჯებიან თავისუფლებისმოყვარეობისთვის და მათ სჯიან დიდი იმპერიები. რა თქმა უნდა, ეს, ძირითადად, ასეა, მაგრამ დიდი ერებიც ისჯებიან თავისუფლებისმოყვარეობისთვის. მაგალითად, ამერიკელები თავინთი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე სასტიკად დასაჯეს ინგლისელებმა იმისთვის, რომ თავისუფლება მოინდომეს, თუმცა ამერიკელებმა მაინც გაიმარჯვეს. რიცხვით მცირე ერების ისტორია კი, ძირითადად, ასეთი ტენდენციით ვითარდება: ისინი ისჯებიან თავისუფლებისმოყვარეობისთვის და ამის ნათელი დადასტურებაა კონკრეტულად საქართველოს, ქართველი ერის ისტორია. დასჯის კანონზომიერება განსაკუთრებით მოქმედებს მაშინ, თუ პატარა სახელმწიფოს ისეთი გეოპოლიტიკური სივრცე უკავია, როგორიცაა კავკასია და, კონკრეტულად – სამხრეთ კავკასია. აქ დიდი იმპერიები ისეთი გააფთრებით ებრძვიან ერთმანეთს, რომ გაცილებით ძნელია სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. როგორც კი ქართველებმა სახელმწიფოს შექმნაზე განაცხადეს პრეტენზია, მაშინვე მოხვდნენ დიდი იმპერიების დაინტერესების სფეროში. ყველა დიდ იმპერიას აქვს ერთი მიზანი – გაქციოს თავის პროვინციად, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოქიშპე იმპერია გაქცევს პროვინციად და პოზიციებს განიმტკიცებს რეგიონში. ამ მხრივ ყველა დიდი იმპერია ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად, ირანის შაჰებისთვის საქართველო არ არსებობდა, მათთვის ეს იყო გეოგრაფიული სივრცე, რომელსაც, თუ არ დაიკავებდა, მაშინ ოსმალეთი ან რუსეთი მოვიდოდა და თავიანთ პოზიციებს განიმტკიცებდნენ. ასე რომ, მათი მიზანი იყო არა ქართველების გაჟლეტა, არამედ ამ გეოგრაფიული სივრცის დაკავება. ისინი, უბრალოდ, თავინთი სახელმწიფოს ინტერესებს იცავდნენ, რასაც ეწირებოდა ქართველი ერი და ქართული სახელმწიფოებრიობა.
– ჩვენ გარდა, კიდევ ვინ იყო კავკასიაში დიდი იმპერიების ყურადღების სამიზნეში მოქცეული?
– არსებული მოსაზრებით, საქართველო იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის და პირიქით დამაკავშირებელი კარიბჭე და ამან მოგვიტანა ჩვენ უბედურება, რადგან ერთმანეთს შეაჯახა იმპერიები. მაგრამ უფრო ადრე საქართველო დიდი იმპერიებისა და სხვადასხვა ხალხების ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე სახელმწიფო. ჩრდილო კავკასია, უფრო კონკრეტულად, ტერიტორია ურალის მთებიდან კარპატებამდე, იყო მომთაბარე ხალხების მოსვლის რეგიონი. ისინი მოდიოდნენ ცენტრალური აზიიდან, სადაც მოსახლეობა სწრაფად მრავლდებოდა, მაგრამ საარსებო არ ჰქონდათ. ასე მოხვდნენ ამ ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებში კიმერიელები, სკვითები; ახალი წელთაღრიცხვის საუკუნეებში – ჰუნები, ალანები, ანუ ოვსთა წინაპრები, პაჭანიკები, ხაზარები და ყივჩაღები – ისინი იყვნენ ბოლო მომთაბარე ხალხი, რომლებიც მონღოლებმა მეცამეტე საუკუნის დასასრულს ამოჟლიტეს. ეს მომთაბარე ხალხი ძალიან საშიში იყო, რადგან არავინ იცოდა მათი ზუსტი რაოდენობა. მას შემდეგ, რაც ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში სამხრეთ კავკასიაში რომი გაბატონდა, ამ მომთაბარე ხალხმა რომს საშიშროება შეუქმნა, რადგან ისინი შეიძლებოდა, შემოსულიყვნენ რომის პროვინციაში, ანუ ჩვენთან. შესაბამისად, რომს არ ჰქონდა იმის იმედი, რომ მათ მხარეს არ დაიჭერდნენ ქართველები. მომთაბარეების შემოსვლა აშინებდა ირანსაც, რადგან, თუ აქ დიდი რაოდენობით შემოვიდოდნენ, შეიძლებოდა, რომს ისინი ირანის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ასე რომ, მონღოლებამდე ეს რეგიონი სულ დუღდა და სწორედ მაშინ გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოს ფუნქცია: თუ ჩაკეტავ დარიალის მთავარ გადმოსასვლელს, მაშინ იძენ ფუნქციას რომთან და სპარსეთთან მიმართებაშიც – ვის ხელშიც არის დარიალის გასაღები, სწორედ ის არის გაბატონებული რეგიონში. რით იყო გამოწვეული ვახტანგ გორგასლის ლტოლვა, რომ ოსებისგან გაეწმინდა დარიალის ხეობა? იმით, რომ ოსებმა ამ ფუნქციის წართმევა მოგვინდომეს. ამიტომ იბრძოდა ვახტანგი ასე გამწარებით და მუდამ იმიტომ ცდილობდნენ ოსები, ჩაეკეტათ დარიალის ხეობა ქართველთა სამეფოსთვის. ასეთმა ვითარებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო სომხები და ალბანელები – ქრისტიანი ხალხი, იმდენად მძიმე მდგომარეობაში, რომ სომხებმა მეოთხე საუკუნეში დაკარგეს სახელმწიფოებრიობა და ვეღარ აღიდგინეს 1918 წლამდე, ხოლო ალბანელები საერთოდ გადაშენდნენ, ჩვენ კი შევძელით სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, გარკვეულ პერიოდში დაკარგვის შემდეგ მისი აღდგენა და დღესაც ამავე ფუნქციას ვასრულებთ რეგიონში.
– ბიზანიტია ვინ აიძულა, წასულიყო სამხრეთ კავკასიიდან?
– სამხრეთ კავკასიაში ბიზანტიის გაბატონებამდე აქ ძლიერი დაპირისპირება იყო ირანსა და ბიზანტიას შორის. ბიზანტიის პოზიციები ძლიერი იყო საქართველოს დასავლეთში, მაზდეანური ირანისა კი – აღმოსავლეთში. ვახტანგ გორგასალმა კარგად იცოდა, რომ საქართველოს ირანის პროვინციად გადაქცევა სახელმწიფოებრიობის მოსპობას ნიშნავდა, ამიტომ იყო, რომ 482 წელს ვახტანგმა ვარსქენ პიტიახში მოაკვლევინა, ამით მან ყველა გააფრთხილა, მაგრამ იმავე დროს ეს ირანის წინააღმდეგ აჯანყებასაც ნიშნავდა და, ფაქტობრივად, სწორედ ამას უკავშირდება ირანის დიდი შემოსევები. თავისუფლებისმოყვარეობა ვახტანგ გორგასალს ძალიან ძვირად დაუჯდა – ის ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი, უჯარმის ციხეში გარდაიცვალა. ეს იყო მისი სასჯელი. ასევე, სასჯელი იყო ირანის მიერ ვახტანგის შემდეგ ქართლში მეფობის გაუქმება. ირანის შაჰი ასე აზროვნებდა: დამოუკიდებლობა გინდათ?! მაშინ, საერთოდ მოვსპობ აქ სახელმწიფოებრიობას! ირანმა მეფობა გააუქმა ქართლშიც და სომხეთშიც. როდესაც ვახტანგ გორგასლის სიკვდილისა და მეფობის გაუქმების შემდეგ ქართლში ირანმა მოიკიდა ფეხი, ის დასავლეთ საქართველოს – ეგრისის სამეფოსაც წაეტანა. შესაბამისად, ეგრისის მეფე გუბაზი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: მას ორ იმპერიას შორის უწევდა ლავირება. მაგრამ ბიზანტიელები, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ, მაზდეანებზე არანაკლებ მხეცურად იქცეოდნენ, ამიტომ შეფერხდა დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ბოლოს და ბოლოს, გუბაზ მეფემ გადაწყვიტა, ბიზანტიელები ირანელებზე უარესნი არიანო და აჯანყდა ბიზანტიელების წინააღმდეგ. 554 წელს ბიზანტიელებმა გუბაზი მოლაპარაკებაზე მიიწვიეს და მოკლეს – მან მიიღო თავისუფლებისმოყვარე მეფისთვის განკუთვნილი სასჯელი. შემდეგ უკვე, მეშვიდე საუკუნიდან, აქ ბიზანტიის პოზიციები ძლიერდება, მათ თბილისიც კი დაიკავეს, მაგრამ არაბების მოსვლის შემდეგ ბიზანტია აქედან წავიდა. მეშვიდე-მერვე-მეცხრე საუკუნეებში არაბებს მყარად ჰქონდათ მოკიდებული ფეხი აღმოსავლეთ საქართველოში, თავისუფლებისმოყვარე ქართლის ბოლო ერისმთავარი აშოტი ქართლიდან გააძევეს და, საბოლოოდ, მოკლეს კიდეც. როგორც კი არაბებმა იგრძნეს, რომ მათი მდგომარეობა შეირყა, რითაც ქართველები აუცილებლად ისარგებლებდნენ, 914 წელს დიდი ლაშქარი გამოგზავნეს და ქართლი, კახეთი და სამცხე სასტიკად ააოხრეს. ბიზანტიამ, საბოლოოდ, პოზიციები მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში დათმო, როდესაც თურქ-სელჩუკები მოვიდნენ.
– მონღოლებიც იმავე მიზნით მოვიდნენ აქ, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი გზა გაეკონტროლებინათ?
– მონღოლებმა მთლიანად შეცვალეს იმდროინდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკა და ისინი მოვიდნენ გაცილებით უფრო ამბიციური გეგმებით, ვიდრე რომაელები, ვიდრე ორივე ირანი და ვიდრე თურქ-სელჩუკები. მონღოლებმა ნამდვილად შექმნეს მსოფლიო იმპერია, ისეთივე, როგორიც შექმნა ალექსანდრე მაკედონელმა. დაიპყრეს მთელი ჩინეთი, ციმბირის დიდი ნაწილი, ინდოეთის დიდი ნაწილი, შუა აზია, ირანი, მთელი მცირე აზია, სამხრეთ კავკასია და მთელი რუსეთი. ოღონდ, მონღოლები, რომაელებისგან განსხვავებით, არ იყვნენ მზად, რომ ემართათ ამხელა იმპერია. რომაელები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული და დაპყრობილ ტერიტორიებზე არა მარტო თავიანთი კანონები შეჰქონდათ, არამედ გზებიც გაჰყავდათ.
– ჩვენი პრეზიდენტი მოწოდებით რომაელი ყოფილა.
– მთელი მსოფლიო დაფარა რომმა გზებით, ისეთი გზები შემდეგ საუკუნეებშიც კი არ გაუკეთებიათ. ერთი სიტყვით, მონღოლებმა ვერ შეძლეს თავიანთი სახელმწიფოს მართვა და ის ოთხ ნაწილად დაიშალა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მონღოლურ სახელმწიფოებს შორის დაიწყო ბრძოლა დიდი მონღოლური სახელმწიფოს აღორძინების იდეით და ამან ჩვენ უბედურება მოგვიტანა. ოქროს ურდო კავკასიის ქედს გადაღმა იყო, რუსეთის ტერიტორიაზე, ილხანების იმპერია კი – ქედს გადმოღმა, ძირითადად, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. ისინი, ორივე, საბრძოლველად საქართველოში შემოვიდნენ. რატომ იყო სამგორის ველი გასული საუკუნის შუა წლებამდე გავერანებული? სწორედ ამ ორი მონღოლური ურდოს ბრძოლამ გაავერანა… ილხანების სახელმწიფო დასუსტდა, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, თემურ ლენგმა არარაობიდან უძლიერესი სახელმწიფო შექმნა. რა იყო თემურ ლენგის მიზანი?! ოქროს ურდოს დაპყრობა და, ისევ საქართველო გაიჭყლიტა შუაში. ბაგრატ მეხუთესა და მის შვილს ეგონათ, რომ ოქროს ურდო აიღებდა უპირატესობას. საბოლოოდ, ასეც მოხდა თემურ ლენგის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ თემურ ლენგმა 1386-1403 წლებში შვიდჯერ დალაშქრა საქართველო და საბოლოოდ გატეხა წელში ქვეყანა.
– მუდმივად მიკვირს და მიკვირს, როგორ უნდა მოახერხო, რომ შვიდჯერ ალაშქრო შენს ქვეყანაზე თემურ ლენგი?!
– ქართულ ისტორიოგრაფიაში მცდარი აზრია გავრცელებული, რომ ბაგრატ მეხუთე და მისი შვილი არასწორ პოლიტიკას ადგნენ, მაგრამ მათი პოლიტიკა მცდარი არ იყო, რადგან ოქროს ურდო, ტრადიციულად, ძლიერი სახელმწიფო იყო და, ვინ წარმოიდგენდა, რომ თემურ ლენგი ასე უცებ შექმნიდა ასეთ სახელმწიფოს?! თემურ ლენგი ჩვენ კი არ გვებრძოდა, მას დარიალის ხეობის გასასვლელი უნდოდა, მაგრამ, ბაგრატ მეხუთესა და გიორგი მეშვიდეს მისთვის გასასვლელი რომ მიეცათ, ვინ იძლეოდა გარანტიას, რომ ოქროს ურდოს ხანი იქ კისერს არ მოსტეხდა თემურ ლენგს, შემდეგ საქართველოს არ შემოუტრიალდებოდა და თემურ ლენგზე უარესად არ მოიქცეოდა?!
– ანუ იდგა მუდმივი დილემა – არჩევანი ორ მონსტრს შორის?
– რა თქმა უნდა. ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ გიორგი მეშვიდემ ქვეყანა უფლისწულ თახერს გადააყოლაო. თახერი იყო დინასტიის ბოლო წარმომადგენელი და ამიტომ თემურს ის უნდა მოეკლა. გიორგი მეშვიდე შევიდა ჯარით, გამოიყვანა ციხის ალყიდან და თბილისში ჩამოიყვანა. თემურ ლენგმა უთხრა, მომეცი, უნდა მოვკლაო, მაგრამ გიორგი მეშვიდემ არ გადასცა უფლისწული. ბაგრატსა და გიორგის ცალსახად სჯეროდათ, რომ ოქროს ურდო გაიმარჯვებდა და თემურ ლენგი შემთხვევითობა იყო. მართლაც, 10-12 წელიწადში დაამთავრა თემურ ლენგის სახელმწიფომ არსებობა; მეტიც, ხომ შეიძლებოდა, თემური ნებისმიერ ომში მომკვდარიყო?! მაშინ მისი სახელმწიფო მაშინვე დაიშლებოდა. ჩვენი მეფეები სწორად აზროვნებდნენ, რიცხვით მცირე ქვეყანა ძლიერის მხარეს უნდა დამდგარიყო, მაგრამ თემურ ლენგმა 10-15 წლით შეცვალა ვითარება რეგიონში. შედეგ საქმე უფრო გართულდა, იმიტომ რომ მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ძლიერი სახელმწიფო: სეფიანთა ირანი და ოსმალეთი. მათ შორის ომები გრძელდება მთელი მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების განმავლობაში.
– ტერიტორიულად სად მიმდინარეობდა მათ შორის ომები, ჩვენთან?
– ტერიტორიულად ისინი ერთმანეთს ედავებოდნენ მცირე აზიასა და მახლობელ აღმოსავლეთს, მაგრამ საქართველოს ტერიტორია მთლიანად იყო ჩართული ამაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ომები, ძირითადად, სამცხეში მიმდინარეობდა. ტრადიციულად, სამცხე ოსმალეთს რჩებოდა, მაგრამ ერთ პერიოდში სამცხე ორადაც კი გაიყო! საბოლოოდ, ირანს ერგო აღმოსავლეთ საქართველო, ოსმალეთს – დასავლეთი; ბრძოლა მხოლოდ საქართველოსთვის კი არ მიმდინარეობდა, ბრძოლა იმართებოდა თითოეული ციხისთვის. მოგიყვანთ ერთ მაგალითს: მეთვრამეტე საუკუნის 20-30-იან წლებში, ირან-ოსმალეთის მორიგი ომის შემდეგ, დაიდო ზავი. ირანის მმართველია ნადირ-ხანი, რომელმაც თავი ნადირ-შაჰად გამოაცხადა, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველო დარჩა ოსმალეთს, აღმოსავლეთი – ირანს. ამ დროს ქართლსა და კახეთში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანა მტრებს აქვთ აკლებული და გივი ამილახვარი, სურამის ციხის მპყრობელი, არის ყველაფრის ბატონ-პატრონი, მაგრამ ის ოსმალური ორიენტაციისაა. გივი ამილახვარს ნადირ-შაჰის პირით შემოუთვალეს, ციხე უნდა დაცალოო, მაგრამ გივი ამილახვარი სურამის ციხეს არ ცლის. იმდენად გართულდა ვითარება, რომ ერეკლე მეფის მამა, თეიმურაზი, რომელიც ჯერ არ არის მეფე, შუამავლობს, რადგან ამ სურამის ციხის გამო კიდევ შეიძლება, ატყდეს ომი. ხვდება გივი ამილახვარს, საუბრობენ, შემდეგ ქეიფობენ და გივი ამილახვარი თანხმდება ციხის დაცლაზე, მაგრამ მეორე დღეს აცხადებს, არ დავცლი, ციხე ჩემიაო. ისე გაცოფდა ნადირ-შაჰი, რომ გამოგზავნა მხატვრები თვითონ ხომ არ ჩამოვიდოდა სურამში? – დაახატვინა ციხე და მისი შემოგარენი და მითითებები მისცა თავის მეომრებს. აი, ამ დონეზე მიმდინარეობდა საქართველოსთვის ბრძოლა, ამ დონეზე ვისჯებოდით ჩვენ თავისუფლებისმოყვარეობისთვის. გივი ამილახვარს თავისი ცოდვები აქვს, მაგრამ ის ამბობდა, ან ირანს ვინ ეკითხება ამ ციხის ამბავს, ან ოსმალეთს, ეს ციხე ჩემიაო.
– რუსეთი რომელი იმპერიის დასუსტების შემდეგ გამოჩნდა კავკასიაში?
– მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდან საქმე უფრო გაფუჭდა: პეტრე დიდმა განაცხადა პრეტენზია სამხრეთ კავკასიაზე. მას გზა გაუხსნა იმან, რომ ირანი დასუსტდა. იმ დროიდან დაიწყო სამი დიდი იმპერიის დაპირისპირება, რაც დამთავრდა 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს, შემდეგ კი დანარჩენი საქართველოს დაპყრობით. პრინციპი, რომ დიდი იმპერიები სჯიან რიცხვით მცირე ერებს თავისუფლებისმოყვარეობისთვის, მეთვრამეტე საუკუნეშიც ძალაშია. ვახტანგ მეექვსე არის მართლაც გამწარებული კაცი: მას ძალით მიაღებინეს მაჰმადიანობა, მისი ოცნება იყო რუსეთის შემოსვლა და პეტრე დიდთან ერთად ირანზე ლაშქრობისათვის 40 000 კაცი შეკრიბა. წესით, ირანს უნდა დაესაჯა ვახტანგი, რადგან ირანს ეურჩა, მაგრამ ოსმალეთმა დაასწრო, იმიტომ რომ რეგიონში დიდი საფრთხე შეიქმნა რუსეთის შემოსვლით. იმდენად დიდი იყო თავისუფლებისკენ მისწრაფება, რომ, როდესაც ვახტანგმა ჯარი შეკრიბა, ამ დროს ირანიდან ცნობა მოვიდა, ავღანელებმა მოკლეს შაჰის გვარდიის სარდალი როსტომი, ვახტანგის უმცროსი ძმა, შაჰმა გვარდიის სარდლად დანიშნა ტახტის მემკვიდრე ბაქარი და ჯარი მოგვაშველეო. ბაქარმა ჯარი შეკრიბა და წავიდა, მაგრამ ვახტანგმა უკან დააბრუნა. ბაქარი ეუბნებოდა, შენ პეტრეს შეხვდი, მე კი წავალ ირანის შაჰთან, რომ მისასვლელი პირი გვქონდესო. ბაქარი გრძნობდა, რომ პეტრე შეიძლება ავანტიურისტივით მოქცეულიყო, მაგრამ ვახტანგს იმდენად ჰქონდა უკვე თავი გაწირული, რომ არ წავიდა ირანთან კომპრომისზე. დიდ იმპერიებს კი ძალიან სძულთ თავისუფლებისმოყვარე მეფეები. სხვათა შორის, შემდეგ ვახტანგს არც რუსეთი ენდობოდა და, ბოლოს მაინც გამოაძევა მოსკოვიდან. რატომ? იმიტომ, რომ ვახტანგის ფსიქოლოგიისა და აზროვნების კაცი არც რუსებს მოწონდათ, რადგან ის რომ მეფედ დაესვათ, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგაც წასულიყო, თუ რამე არ მოეწონებოდა. ჩვენი ქვეყნისა და მეფეების ბედია, რომ მუდამ თავისუფლებისკენ სწრაფვისთვის ვისჯებოდით. მაგალითად, როდესაც დავითმა ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს, ამას 1099 წელს ერწუხის ბრძოლა მოჰყვა. ბოლოს და ბოლოს, დიდგორის ომიც თავისუფლებისმოყვარე ერის დასჯისათვის გამიზნული ბრძოლა იყო, უბრალოდ, ვერ დასაჯეს დავითი. შამქორიც და ბასიანიც თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის დასჯას ისახავდა მიზნად! მეთვრამეტე საუკუნის შემდეგ კი სულ სხვა ეპოქა მოვიდა და, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლებისმოყვარეობისთვის ყველაზე უფრო კლასიკურად, წინდახედულად და ბოროტად გვსჯიდა რუსეთი!
P. S. იმის შესახებ კი, თუ როგორ გვსჯიდა და გვსჯის რუსეთი, შემდეგ ნომერში მოგახსენებთ.
ნინო ხაჩიძე