ჰაერის პიონერები
აბა, მოდელირებულ „ქრონიკაში“ მნახე, ვინა ვარ?!
ვნებათაღელვა, რომელიც „ქრონიკის“ მოდელირებამ გამოიწვია ნელ-ნელა ინავლება (მეორე მხრივ, მუდმივად ტონუსში რომ ვიყოთ, კიდევ რაღაც ამგვარი, ალბათ, არ გვაწყენდა), სამაგიეროდ, იქ, ზემოთ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესების ჟინი არ ცხრება. ამ მიზნით, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტმა გასვლითი სხდომა სამხედრო ბაზაზეც კი ჩაატარა (ალბათ, იმ მიზნითაც, კანონშემოქმედებს მუზები კიდევ უფრო რომ გაღვიძებოდათ). მოქმედი კანონით, საქართველოს სამხედრო ძალები სახმელეთო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან შედგება. ცვლილებების მიხედვით კი, ეს უკანასკნელებიც სახმელეთო ძალებს უნდა შეერწყან. ავტორთა თქმით, ამის მიზანი ეფექტურობის გაზრდაა, მით უფრო, რომ ხსენებული შერწყმა ბიუჯეტისგან დამატებით ხარჯებს არ ითხოვს. ბ-ნი თარგამაძე (გივი) იმასაც განმარტავს, რომ არც სამხედრო მოსამსახურეების შემცირება იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ძალები, როგორც ასეთი, გაუქმდება და ისინი სახმელეთო ჯარებს შეუერთდება. ასეთი პრაქტიკის წარმატებულობის დასტურად კანადის გამოცდილებას იშველიებენ: „კანადის საჰაერო ავიაციის სარდლობა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ კანადას სტრატეგიული ავიაციაც გააჩნია“ (გივი თარგამაძე), ჩვენ კი, კანადას, აბა, როგორ უნდა ჩამოვრჩეთ?! შესაბამისად, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ასკვნის, რომ „ჩვენ ამ საქმეში პიონერები ვართ“. ბუნებრივია, პირადად მე არ გამოვდგები იმის შემფასებლად, ვართ თუ არა ამ კონკრეტულ საქმეში პიონერები (ან, გნებავთ, რა თავში ვიხლით პიონერობას), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ამერიკულ ბლოკბასტერში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა თავისივე თავის, ანუ საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი ითამაშეს, ხოლო, მოარული ხმებით, მოდელირებული „ქრონიკისთვის“ მეტი დამაჯერებლობის შესამატებლად, თბილისის შემოგარენში ჯარსაც უნდა ჩამოევლო (ანუ, ქართულ ჯარს რუსული ჯარის როლი უნდა ეთამაშა), ჩნდება ეჭვი, რომ, ჯერჯერობით ჩვენი მაღალბიუჯეტიანი თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია ფრიად პოეტურია: განა მუშტი-კრივში, აბა, მოდელირებულ „ქრონიკასა“ და ბლოკბასტერებში მნახე, ვინა ვარ?!