მანდატურ-ასინეთები
ანუ, ვბაძავთ, როგორც შეგვიძლია
რაკი ყველაფერი ამერიკული წმიდათაწმიდაა და ვბაძავთ, სადაც შეგვიძლია (სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მთლად უზადო დემოკრატიას არ ეხება), ქართულ სკოლებში კიდევ ერთი აშშ-ური ინიციატივის დანერგვა იგეგმება (პირველი „ალუმნაი“ იყო და არის!), რის მიხედვითაც, ცოდნის კერებში წესრიგს ახლა უკვე მანდატურები გააკონტროლებენ (დავამატებდი კიდეც დაამყარებენ). წინასწარი ინფორმაციით, ეს სამკაციანი (შერეული სქესის) ჯგუფი იქნებოდა, თუმცა, მოგვიანებით სკოლის პედაგოგებს განუმარტეს, რომ თითოეულ სკოლაში თითო-თითო მანდატურს მიავლენენ (ანუ იგი ეულად იმუშავებს). ისიც გახდა ცნობილი, რომ მსურველთაგან მხოლოდ ნახევარმა შეძლო სპეცმომზადების მოთხოვნების დაკმაყოფილება (ნეტავ ასეთი რა მოთხოვნები იყო?!). თავდაპირველი ინფორმაციით, მანდატურების ფუნქცია „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში მოქმედება, ანუ მოსწავლეთა მოთვინიერება გახლდათ. ბუნებრივია, მიზანი დიადი და ნათელია (განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მოზარდების ასაკობრივად ბუნებრივ აგრესიულობას გავიხსენებთ და იმასაც დავამატებთ, რომ სკოლაში სწავლების პროცესი, რბილად რომ ვთქვათ წაუკოჭლებს). მაგრამ, სულ ახლახან სკოლის დირექტორებმა პედაგოგებს განუმარტეს, რომ პატივცემული მანდატურები არა მხოლოდ მოსწავლეების, პედაგოგების დისციპლინასაც გააკონტროლებენ. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ზემოჩამოთვლილი უშუალოდ სკოლის დირექციის მოვალეობაა და დირექტორები და მათი მოადგილეები პედაგოგებზე გაცილებით მეტ ხელფასს იღებენ (სავარაუდოდ, მათ შორის, სკოლებში დისციპლინის დასამყარებლადაც), კოჭებშივე ეტყობა, რომ მანდატურებს თავდაპირველად გაცხადებულზე დიადი მისია ექნებათ შესასრულებელი. ჯერჯერობით არაფერი თქმულა, მხოლოდ პედაგოგთა დისციპლინარული ქცევა გაკონტროლდება თუ ზედაც მათი აზროვნების მიმართულებაც (პრინციპით: სპეცგაწვრთნილი მანდატურის თვალი და ყური რომ გაიგონებს და დაინახავს, მხოლოდ დირექციის თვალი და ყური გაიგონებს და დაინახავს იმდენს?!), მაგრამ, ისიცაა, ასეთ რამე-რუმეებს ამ ჩვენს შუქურა სამშობლოში ხმამაღლა არც არავინ ამბობს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ქართული დემოკრატიის სავიზიტო ბარათი (თუ ელმედიით ვიმსჯელებთ, რომელიც, ძირითადად, მზამზარეულ დასკვნებს გვაწვდის, რომ ჩვენ ჩვენი განვითარებადი ტვინები არ გადავღალოთ) კონტროლია, ამ წმიდა ამერიკულ ნოვაციას შინაურულად ასეც შეგვიძლია, ვუწოდოთ: ჩვენი მანდატურ-ასინეთები.