დეპორტაციის მეგობრული ხიბლი
„და თუ ეს სიყვარულია“
მიუხედავად მეგობრობის მტკიცებისა, პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია გრძელდება, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი პირად გრძნობებს სამსახურეობრივში არ ურევს (თორემ, რაც ბ-ნ კაჩინსკის თავის ქართველ კოლეგასთან ფიც-ვერცხლი აქვს ნაჭამი, წესით, საქართველოს მთელი მთავრობა რომ თვალებში ჩაუცვივდეს, მოსახლეობაც დაამატეთო, იტყვის). ჰოდა, რაკი არ ურევს, პოლონეთის შესაბამისი სამსახური ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არა მხოლოდ პოლონეთს ლუკმა-პურის საშოვნელად არიან მოდებული, თავისი ქვეყნიდან აძევებს. ბუნებრივია, არ გვეპარება ეჭვი, რომ ჩვენს თანამემამულეებს, საბუთების მხრივ, ყველაფერი მთლად წესრიგში არც აქვთ, არც ექნებოდათ და არც იმის გვჯერა, რომ პოლონეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში უფრთო ანგელოზები მსახურობენ. შესაბამისად, ჩვენი დეპორტირებული თანამემამულეები ცუდად მოპყრობასაც უჩივიან, ამ ინფორმაციას კი ქართული ოფიციოზი სრული გულგრილობით ინელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპორტაციაც გაგრძელდება და პოლონელი სამართალდამცველები ჩვენს თანამემამულეებს არცთუ კეთილად მოეპყრობიან. მეტიც, ჩვენი თანამემამულეების დეპორტაციით არა მხოლოდ პოლონეთია დაკავებული, მას არც გერმანია ჩამორჩება და შედეგმაც არ დააყოვნა: გასულ კვირას ჰამბურგის სადეპორტაციო განყოფილებაში ჩვენმა 26 წლის თანამემამულემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ჩვეულებისამებრ, გადმოსვენების თანხა თავის თავზე აიღო და ზედაც დავამატებთ, რომ ჩვენი იაფი მუშა-ხელი მთელ ევროპასაა შესეული, იქნებ, უპრიანი იყოს, ბიუჯეტშივე ჩაგვედო გადმოსასვენებელი თანხები, იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ საკითხში ჩვენი სახელმწიფოს თანამონაწილეობა მხოლოდ დასაფლავებით ამოიწურება.