მორტყმის კანდიდატები
ნატოური სტანდარტების ფეხსალაგები
მიუხედავად ჩვენი პროტესტისა და მოწოდებისა, საფრანგეთს რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვა ისევ არ გადაუფიქრებია (ანუ, „ბაბაიას“ დაძახება ურჩევნია). ერთი ისაა, რომ საფრანგეთის თsავდაცვის უწყების წარმომადგენლის განმარტებით, რფ-ს შვეულმზიდი შეიარაღების გარეშე გადაეცემა. მეორე მხრივ, რფ-ის გენშტაბის უფროსი ამტკიცებს, რომ „მისტრალის“ შეძენას სრული აღჭურვილობით აპირებენ: „გამონაკლისი იქნება მხოლოდ შვეულმფრენები, რომლებიც რუსეთს ისედაც აქვს“. მეორე მხრივ, მიუხედავად ჩვენი შიშებისა (რომ იმ „მისტრალს“, თუ დასჭირდა, რფ „ათიანში“ მოგვარტყამს), წესით, ევროპას კიდევ უფრო მეტად უნდა ეშინოდეს, რადგან, შესაძლოა, საბოლოოდ, სწორედ ის აღმოჩნდეს მორტყმული. მანამდე კი (ვიდრე მოსარტყმელი დაზუსტდება), ნატოს გენმდივანმა კვლავ დაგვაიმედა, რომ ალიანსის კარი ღიაა და ნატო არ აპირებს, უგანოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას (საქართველოს და უკრაინას, ადრე თუ გვიან, ანუ უშაბათო კვირას, ჩვენს რიგებში მივიღებთო). ხოლო, რაკი ნატოს კარი კარგა ხანია, უიმედოდ ღიაა, უკვე დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ, თუ გრიპის რომელიმე ტალღას გადაურჩნენ, ფილტვების ანთება არ ასცდებათ (ანუ, თუ ჩვენ – ნატოს წევრობის, ისინი ფილტვების ანთების კანდიდატები ბრძანდებიან). ამ არცთუ სახარბიელო პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენმა მთავრობამ, როგორც ჩანს, მუჰამედის პრინციპს მიმართა და, ბევრი თუ ცოტა ძალისხმევის შედეგად, თუ მთლად გუანტანამოს ფილიალს ვერ გამოჰკრა ხელი, იმდენი მაინც გაახერხა, რომ სამი გუანტანამოელი პატიმარი მიიმაგრა, ანუ კოალიციის ანტიტერორისტულ მარაქაში უკვე მეორედაც გავერიეთ (პირველი, რა თქმა უნდა, ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაა). პატიმრების ამბავს ქართული პოლიტსპექტრი თავისებურად გამოეხმაურა: ხელისუფლება – კმაყოფილებით, ოპოზიცია, ძირითადად, უკმაყოფილოდ. თუმცა, რაკი გადამწყვეტი პირველთა კმაყოფილებაა, ვიდრე ნატოში მიგვიღებენ, მათთან მეტად დაახლოებისა და ადაპტაციის მიზნით, ნატოს სტანდარტების ფეხსალაგებიც ხომ არ აგვემოქმედებინა, რომ ავღანეთისკენ გზად ჩაემუხლათ?!