რით გამოირჩევა პერესკია და როგორ პირობებში ხარობს მანდევილა
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა ამჯერად, ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მცენარეზე ისაუბრებს. ისინი მოვლის პირობებითაც განსხვავდებიან, თუმცა ორივე მათგანი ძალიან ლამაზია და, როგორც, უკვე გავარკვიეთ, მათი გახარება ბინაშიც შესაძლებელია. ამიტომ, გირჩევთ, თუ ბინაში ჯერ კიდევ არ გაქვთ პერესკია და მანდევილა, აუცილებლად გაახარეთ და ამით თქვენს ბინას ახალ სილამაზეს შესძენთ.
– ბატონო თენგიზ, მოგვიყევით იმ კაქტუსის შესახებ, რომელიც გარეგნულად თითქმის საერთოდ არ ჰგავს კაქტუსს...
– პერესკია კაქტუსია, თუმცა ეს მცენარე სრულყოფილი ფოთლებითა და ჩვეულებრივი ღეროთია გამორჩეული, მათ შორის არის ხისებრი ბუჩქები და ლიანები. პერესკიას მსგავსად, ამ მცენარეთა ყვავილებიც გარეგნულად საერთოდ არ ჰგავს კაქტუსს, მათ უფრო მეტად მიამსგავსებთ ასკილის ყვავილს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეკლები ნამდვილი კაქტუსისებრი აქვს.
– შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში ამ მცენარის გახარება?
– ოთახის პირობებში ეს მცენარე მშვენივრად ხარობს. ისევე, როგორც ყველა სხვა ოთახის მცენარეს, პერესკიასაც სჭირდება გარკვეული მოვლის პირობების დაცვა და ძალიან მალე ის თავისი ლამაზი ყვავილებითა და ფოთლებით დაამშვენებს თქვენს ბინას.
– როგორი მოვლა სჭირდება პერესკიას?
– ცივ და მშრალ ზამთარში პერესკია გაყვითლებულ ფოთლებს ყრის, მაგრამ, თუ ტემპერატურა და პირობები დაცულია ოთახსა და ორანჟერეაში, ის მარადმწვანე რჩება. ამიტომ, ეცადეთ, ზამთარში ტემპერატურა მაღალი იყოს.
– როგორ მოვუაროთ მცენარეს ახლა, გაზაფხულზე?
– ზამთართან შედარებით, ახლა ცოტათი მოუმატეთ მორწყვას. მოაშორეთ მცენარეს გამხმარი ფოთლები. გახსოვდეთ, რომ ეს მცენარე დაკალმებით უკეთ მრავლდება. მისი გამრავლების ყველაზე კარგი დრო კი სწორედ ეს სეზონია.
– როგორ გავამრავლოთ მცენარე გაზაფხულზე?
– ერთი თვის განმავლობაში კალამი უნდა ჩაფლათ მიწაში და დადგათ ნათელ ადგილას, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. მიაქციეთ ყურადღება, რომ სილა მუდამ ნესტიანი იყოს. სასურველია, მოირწყას დანამვით. ასეთ პირობებში კალამმა ფესვი უნდა გაიკეთოს. ერთი თვის შემდეგ უკვე შესაძლებელია მისი გადარგვა მუდმივ ნიადაგში.
– როგორ მიწაში ჩავრგათ პერესკია და რამდენ ხანში ერთხელ შეგვიძლია მცენარის გადარგვა?
– პერესკიას ძალიან ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს. მას უყვარს ნოყიერი ნიადაგი და განიერი ჭურჭელი. ამ მცენარისთვის გადარგვა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. ახალგაზრდა მცენარე ხშირად უნდა გადაირგას, ერთ ან ორ წელიწადში, ხოლო უკვე ზრდასრული პერესკია – რამდენიმე წელიწადში ერთხელ. ამ მცენარის გადარგვა დამოკიდებულია მის კლიმატურ პირობებზე და, ასევე, მნიშვნელოვანია, სად დგას მცენარე: თაროზე, სადაც მზის სხივებია, შუშიან სათბურში თუ ორანჟერეაში. თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ მცენარეს, როდის სჭირდება გადარგვა. როდესაც უკვე მიხვდებით, რომ ფესვები მაღლა აქვს, ჭურჭელი არ ჰყოფნის, ამის შემდეგ გადარგეთ. გაითვალისწინეთ, რომ გადარგვამდე 5-7 დღის განმავლობაში მცენარე არ უნდა მორწყათ.
მიწის სუბსტრატი, სასურველია, იყოს: ორ-ორი წილი ფოთლოვანი და ნაკელიანი მიწა ერთი წილი სილა. სასურველია, ამას დაემატოს 0,5 წილი ხის ნახშირი.
მცენარის ჭურჭელი შეიძლება იყოს თიხისაც და პლასტმასისაც, ოღონდ, ქვემოდან აუცილებლად გახვრეტილი უნდა იყოს. მცენარეს სიმაღლეში ზრდისთვის სჭირდება აზოტი, კალიუმი შველის ამონაყრების გამრავლებაში, ფოსფორი კი ხელს უწყობს ყვავილებისა და თესლის განვითარებას.
– რა ინტენსივობით უნდა მოვრწყათ პერესკია?
– ზრდის პერიოდში საჭიროა თბილი, 20 გრადუსი ტემპერატურის წყლით მორწყვა, ხოლო შემოდგომა-ზამთარში იშვიათად უნდა მორწყათ და 5-8 გრადუსი ტემპერატურის წყლით.
– რაც შეეხება განათებას?
– მცენარეს უყვარს ნათელი ადგილი, ამიტომ, დადგით კარგად განათებულ ადგილას, ზაფხულში შეგიძლიათ აივანზე გაიტანოთ, ოღონდ, შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც მწველი მზის სხივები არ შეაწუხებს. მორწყეთ სეზონების შესაბამისად, ზამთარში შედარებით მოუმატეთ ტემპერატურას და პერესკია მუდამ ჯანმრთელი და ლამაზი იქნება.
– როგორ მოვუაროთ მანდევილას ოთახის პირობებში და რთულია თუ არა მისი გახარება?
– მანდევილას რამდენიმე სახეობა არსებობს და ყველას თითქმის ერთნაირი პირობები სჭირდება. ამ მცენარეს მცოცავი ღერო აქვს, ამიტომ, მთელი მშვენებით რომ გამოჩნდეს, გირჩევთ, ბადეზე ან მავთულზე ააყოლოთ. თუ თქვენ გსურთ, რომ მცენარემ კომპაქტური ფორმა მიიღოს, ამ შემთხვევაში, დაყვავილების შემდეგ უნდა გასხლათ და ტოტები კარკასს შემოახვიოთ.
– იტანს თუ არა ეს მცენარე სიცივეს?
– მანდევილა კარგად იტანს სიცივეს, შეგიძლიათ, ზამთარში 15 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფოთ, ზაფხულში კი სასურველია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ამ მცენარეს ყვავილობისთვის კარგი განათება სჭირდება.
– რაც შეეხება მორწყვას?
– ზრდის პერიოდში მორწყეთ რეგულარულად. ზაფხულში პატარა ქოთანში ჩარგულ დიდ მცენარეს მიწა ყოველდღე უნდა შეუმოწმოთ, რომ არ გამოშრეს. ზამთარში იშვიათად მორწყეთ, ოღონდ, ნიადაგი ძალიან არ გამოაშროთ. მანდევილას მარადმწვანე ფოთლების შესანარჩუნებლად ტენი სჭირდება.
– როგორ ვაყვავილოთ მცენარე უხვად?
– ყვავილები ამ მცენარეს ზრდის პერიოდში ამოსდის, ამიტომ, დაყვავილების შემდეგ, გადაჭერით, რითაც ხელს შეუწყობთ მომავალ სეზონზე მის უხვად აყვავებას.