კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკლდამები აღმოაჩინეს საქართველოს ტერიტორიაზე და რომელი უნიკალური არქეოლოგიური ნივთი დაიკარგა მოსკოვში


საქართველო უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა, ამის მანიშნებელია უამრავი კულტურულ-ისტორიული ძეგლი. ჩვენი ერის სიმდიდრე მის წარსულში პოულობს სათავეებს და ამაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს არქეოლოგია თამაშობს. საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი უძველესი ნივთია აღმოჩენილი, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებითაც თარიღდება. ბატონი ანზორ სიხარულიძე 71 წელს გადაცილებული არქეოლოგია, რომელსაც უყვარს თავისი საქმიანობა და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ არქეოლოგიაში. ბატონ ანზორს სახლში ძველი, ანტიკვარული ნივთების ულამაზესი, პატარა კოლექცია აქვს, რომელთა ყალიბებიც (ასლები) მას ეკუთვნის.

– ბატონო ანზორ, დღესდღეობით თუ ატარებთ არქეოლოგიურ გათხრებს?

– ქალაქ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში ვკითხულობ არქეოლოგიის კურსს. პარალელურად ვარ, ეგრეთ წოდებული, დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ამასთან, მონაწილეობას ვიღებ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებშიც. ერთ-ერთი გათხრების დროს ერთ აკლდამაში აღმოვაჩინე ორი სანტიმეტრი სიგრძის პატარა წერაქვი.

– რას ნიშნავს არქეოლოგიური მუზეუმის რესტავრატორი, რა ფუნქცია გეკისრებათ?

– არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების უმრავლესობა, სამწუხაროდ, დაზიანებულია სიძველის გამო. მე ამ დაზიანებულ ნივთებს ლითონის, კერამიკის ან ძვლისაც რომ იყოს, აღვადგენ ხოლმე.

– რომელი იყო ის უძველესი ნივთი, რომელსაც თქვენ რესტავრირება გაუკეთეთ?

– საქართველოში აღმოაჩინეს უნიკალური ცული, რომლის ბადალიც მსოფლიოში არ არის. ეს ცული, სამწუხაროდ, 1987 წელს რუსეთში „ვე დე ენ ხას“ გამოფენაზე დაიკარგა. შესაძლოა, ვიღაცამ მოიპარა. ამ ცულის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა აღმოჩენილი ცულებისგან დიდად განსხვავდება. მისი დაკარგვით ქართულ არქეოლოგიას დიდი ზარალი მიადგა. მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს ამ ცულის დაკარგვის ამბავს. დღემდე ცდილობენ, იპოვონ. მე შევძელი ამ დაკარგული ცულის ასლის შექმნა და ეს ძალიან მეამაყება.

– როგორ მოახერხეთ დაკარგული ნივთის აღდგენა? ალბათ, ძალიან რთული იყო.

 – საბედნიეროდ, არსებობდა ამ ცულის ფოტოსურათი, ასევე, არსებობს ნაშრომი, რომელშიც ზუსტად არის მითითებული ამ ცულის ზომები. ამიერკავკასიური ცული თარიღდება გვიან ბრინჯაოს, ანუ ადრე რკინის ხანის დროინდელად. ასეთი სახის ცული მსოფლიოში არ არსებობს. იშვიათ ეგზემპლარად ეს ცული იმიტომ არის ცნობილი, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნ ცულებში იშვიათობაა, ცულს ჰქონდეს ტარი. ამ ცულს კი ჰქონდა. მას პირიც და ტარიც ბრინჯაოსგან ჰქონდა და მონაკვეთიც არ ჰქონდა დარჩენილი ორნამენტებით რომ არ ყოფილიყო მოხატული. გეომეტრიული ორნამენტებით შემკული ცულია. ცულს ყველაზე საინტერესო ის ელემენტი აქვს, რომ მასზე არის ხახადაღებული ძაღლის პატარა ქანდაკებაც. ქართველი არქეოლოგების მიერ ეს ცული მსოფლიო შედევრადაა აღიარებული, ის ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეებით თარიღდება.

– როგორ შეარჩიეთ თქვენს პროფესიად არქეოლოგია და ასე ძალიან რამ შეგაყვარათ?

– ისტორიის ფაკულტეტზე 1959 წელს შევედი. წარმოშობით გურული ვარ და როდესაც ჩოხატაურის რაიონის ბუკისციხეში ჩავედი, ჩემმა მეზობელმა გურულებმა ასე თქვეს: ანზორი ოქროს მაძიებლად მოწყობილა, ალბათ, თამარ მეფის საფლავსაც იპოვისო. (იცინის) ასეთი ხუმარა ხალხი ვართ, სხვათა შორის, ჩვენ, გურულები. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, არ ვიცი, რატომ.

– რა აღმოაჩინეთ ყველაზე საინტერესო არქეოლოგიური გათხრების შედეგად?

– სამწუხაროდ, ასე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, ყველაფერი თავისებურად საინტერესოა. მცხეთის ტერიტორიაზე გათხრილი გვაქვს ქვევრისებური აკლდამები. მათ ქვევრის ფორმა აქვთ. რომ წარმოიდგინოთ 200-ლიტრიანი ქვევრი და შიგნით მოთავსებული ადამიანი, რომელსაც ხელ-ფეხი მოკეცილი აქვს. წარმართობის დროს, ძველად, ასე მარხავდნენ, თურმე.

– ბევრი აკლდამა არის აღმოჩენილი საქართველოში?

– საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი აკლდამაა აღმოჩენილი. მათ შორისაა კრამიტსამარხები, ფილა ქვებისგან გაკეთებული სამარხები, ორმო-სამარხები, ქვევრისებურები, ოჯახური აკლდამები და ასე შემდეგ. მათი რიცხვი, დაახლოებით, 3 000-ია, შეიძლება, მეტიც. მხოლოდ სამთავროს ველზე, დაახლოებით, 50-მდე აკლდამა გვაქვს აღმოჩენილი.

– არქეოლოგებს რამე ტრადიცია თუ აქვთ გათხრების დროს?

– ჩვენი ცნობილი არქეოლოგი, ბატონი სანდრო კალანდაძე სამარხის აღმოჩენის დროს, სანამ პრეპარაციას (გათხრას) შევუდგებოდით, იტყოდა ხოლმე: ღვინო მოიტანეთ, მიცვალებულის ხსოვნისა უნდა ვთქვათ ჯერო. ამ პროცედურის გარეშე არც ერთი სამარხი არ გათხრილა.

– გურულების წინასწარმეტყველება ხომ არ გამართლებულა?

– ბიჭვინთის გათხრების დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ ნაქალაქარი და იქვე იყო სამაროვანიც (ანუ სასაფლაო). გაგვითხრია ქურები, მოზაიკური იატაკები, მონეტები და ასე შემდეგ. მე აღმოვაჩინე 150-მდე ბაჯაღლოს ოქროსთუმნიანი მონეტა. სხვათა შორის, გამახსენდა გურულების „წინასწარმეტყველება“, მაგრამ თამარ მეფის საფლავი არ აღმომიჩენია. (იცინის) ბიჭვინთის გათხრების დროს მოვხვდი ისეთ ცნობილ არქეოლოგებთან, როგორებიც არიან: გიორგი დუნდუა, ბატონი ანდრო, ოთარ ლორთქიფანიძე, ვახტანგ ნიკოლაიშვილი და სხვა. რომ იტყვიან, ძალიან რიხიანად მოვხვდი არქეოლოგთა სამყაროში.


скачать dle 11.3