კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უწოდებდა ნიკოლოზ პირველი „ჩემს ცელქს“ და არის თუ არა ეს „ცელქი“ მაიკო ორბელიანის უბედურების ინიციატორი

1837 წელს, ოქტომბერში საქართველოში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს არაჩვეულებრივი დახვედრა და წვეულება მოუწყო ქართველმა ინტელიგენციამ და თავადაზნაურობამ. საუკეთესოდ გატარებული დღის შემდეგ, მოსასვენებლად წასულ იმპერატორს, ღამეც რომ შთამბეჭდავად და სასიამოვნოდ გაეტარებინა, ქალწული მაიკო ორბელიანი მიჰგვარეს მოსასვენებელში. ჩვენი რესპონდენტი ჟურნალისტი, ისტორიკოსი, გელა საითიძე მიიჩნევს, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი არ არის მთელი ქართველი არისტოკრატიის სირცხვილი. იგი ვარაუდს გამოთქვამს და პირველად ჟურნალ „თბილისელებს“ უამბობს, ვინ მიაჩნია მის ავტორად და ინიციატორად.

გელა საითიძე: 1837 წლის ოქტომბერში, თბილისში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი. მისი ვიზიტის მიზანი იყო, საქართველოს, როგორც რუსეთის ერთ-ერთი გუბერნიის მონახულება და დათვალიერება. იმდროინდელმა ქართველმა თავად-აზნაურობამ გრანდიოზული აღლუმი მოუწყო მას მადათოვის კუნძულზე.
– სად მდებარეობდა ეს კუნძული?
– მადათოვის კუნძული მდებარეობდა დაახლოებით იქ, სადაც ამჟამად დედა ენის ძეგლი და ჩოგბურთის კორტებია. როცა მტკვარი ბეტონის კალაპოტში მოაქციეს კუნძულიც თბილისელთა დასასვენებელ ადგილად იქცა. მადათოვის კუნძულზე მოწყობილი აღლუმის შემდეგ, ნიკოლოზ პირველს წვეულება გაუმართეს. ამ წვეულებაზე დიდად ნასიამოვნებ და გამხიარულებულ იმპერატორს, იმხანად ძალზე მოდური „პოლონეზიც“ კი უცეკვია ჯერ სილამაზით განთქმულ მართა სოლოღაშვილთან, ხოლო შემდგომ, იმდროინდელი ქალაქის მოურავის – სარაჯიშვილის მეუღლესთან. ლხინიდან ნიკოლოზ პირველი გააცილეს და მოსასვენებლად წაიყვანეს.
– სად მოასვენეს იმპერატორი?
– ეს ადგილი, აქამდე მეც თბილისში მეგულებოდა. თუმცა, როდესაც ამ საკითხს ვსწავლობდი და ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ იმპერატორს ის ღამე კოჯრის ციხეში გაუთევია. სწორედ ამ ციხეში, დიდად ნასიამოვნებ იმპერატორს, ქალწული მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული ორბელიანი მიჰგვარეს. ეს უზარმაზარი, სამარცხვინო ფაქტია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი არ ჩაუდენია მთლიანად საქართველოს თავად-აზნაურობას და თუ ვინ იყო, ამ იდეის ინიციატორი, ამის შესახებ პირველად თქვენს ჟურნალს ვუამბობ.
– ვის ეკუთვნის იდეა, ნიკოლოზ პირველის მოსასვენებელში მაიკო ორბელიანის მიგვრისა?
– ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში არის ლექსი და სიმღერა, რომელიც ყველასთვის ცნობილია: „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია...“. ეს სიტყვები არ შეიძლება, ზოგადად ყველა მუხრანბატონზე გავრცელდეს. მისი ადრესატი, ჩემი ვარაუდით, ერთი კონკრეტული პიროვნება – ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონია (1809-1895).
ნიკოლოზ ბაგრატიონის (ბურის) მოგონებაში, დაფიქსირებულია, რომ ივანე მუხრანბატონს მათი ოჯახისთვისაც კი 300 ქცევა, ყველაზე ნაყოფიერი ადგილი, „მუხრანის თვალად“ წოდებული, საუკეთესო ჯიშის ვენახით გაშენებული მიწა წაუთმევია. როდესაც, ამის გამო, დედაჩემმა ყვირილი ატეხა, – იგონებს ნიკოლოზ ბური – შეცბუნებულმა ივანე მუხრანბატონმა ეს ამბავი საზოგადოებაში არ გახმაურდესო და სამასის ნაცვლად 20 ქცევა ვენახი მოგვცა სოფელ დვალისში. ჩვენც დავყაბულდით, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ გვქონდაო. დაუნდობელი კაცი ყოფილა ივანე მუხრანბატონი. მას დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი, ანუ ის სასწავლებელი, სადაც სამეფო სახლის შვილებიც სწავლობდნენ. ეს იყო უმაღლესი რანგის წარმომადგენელთათვის განკუთვნილი სასწავლებელი. იგი პირადად იცნობდა ნიკოლოზ პირველს, რომელიც მას თურმე „ჩემს ცელქს“ („მოი შალუნს“) ეძახდა. სწორედ ეს „შალუნი“ მიმაჩნია, მე ამ სამარცხვინო ფაქტის ინიციატორად.
როგორც იცით, ეს ინციდენტი 1837 წელს მოხდა. 1832 წელს კი თუ ვინმე ღირსეული ქართველი გვყავდა, შეთქმულებაში მონაწილეობის მიზეზით საქართველოდან გასახლებული იყო. აქ კი ასეთი „შალუნები“ ნებივრობდნენ.
– რატომ იქცა იმპერატორის მსხვერპლად მაინცდამაინც მაიკო ორბელიანი?
– მაიკო ორბელიანი მართლა უპატრონო კი არ იყო, მაგრამ, იმ კონკრეტულ მომენტში იგი დაუცველი აღმოჩნდა. ამ წვეულების ერთ-ერთი მონაწილე გენერალ-მაიორი სტიშინსკი, თავისი ქართველი მეგობრის, ჭილაევისადმი (ჭილაშვილი) გაგზავნილ წერილში მიუთითებს: ნიკოლოზ პირველის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე განსაკუთრებით ბრწყინავდა სამი ქალი: გრაფ სიმონოვიჩის ასული, უკვე დაქვრივებული ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა და მაიკო ორბელიანი, რომელიც „ძალიან საინტერესოდ და მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა, როგორც წვნიანი და ტკბილი ფორთოხალი“. ამ დროისთვის მაიკო 20-21 წლის უნდა ყოფილიყო.
მაიკო ორბელიანი გახლდათ ცნობილი საგვარეულოს, იმ დროისთვის კი გაღარიბებული, თავად ქაიხოსრო ორბელიანის ასული. ქაიხოსრო ორბელიანი ეფემია ორბელიანის, ანუ ნიკოლოზ ბარათაშვილის დედის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. ნიკოლოზს და მაიკოს გარდა ნათესაობისა დიდი მეგობრობაც აკავშირებდათ. მათი მიმოწერებიც არსებობს. ერთგან ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი წერს: „საყვარელო დაო, მაიკო, ვიცი, რომ გიყვარვარ, მაგრამ არც შენ უყვარხარ ჩემსავით ვისმე (ერთს მეტს)“.
– ვის გულისხმობდა ბარათაშვილი იმ ერთში?
– ის ერთი, ვისაც მაიკო ორბელიანი დიდი სიყვარულით უყვარდა, იყო ტატო ბარათაშვილის მეგობარი და კლასელი, ლევან მელიქიშვილი. ლევანი იყო მაიკოს ოფიციალური საქმრო. ეს იცოდა მთელმა თბილისის საზოგადოებამ. წყაროების მიხედვით მათ დაქორწინება გაუჭიანურდათ, რადგან ორივენი გაღარიბებული ოჯახიდან იყვნენ. ლევანს მაიკო დანიშნული ჰყავდა და ჰქონდათ დიდი სიყვარული.
– ამ ინციდენტის შემდეგ როგორ წარიმართა მაიკოსა და ლევანის სიყვარულის ისტორია?
– ამ შეურაცხყოფამ, მაიკო ორბელიანს ცხოვრების ხალისი დაუკარგა. ის დაავადდა. მისი სატრფო ლევან მელიქიშვილი დაწინაურდა სამხედრო სამსახურში და გადაიყვანეს ნახჭევანის ოლქის მმართველად, სადაც კანცელარიაში სამუშაოდ წაიყვანა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეს ცალკე ისტორიაა. ლევანი, ამის შემდეგ, კიდევ დაწინაურდა. როცა მან მაიკოს ავადმყოფობა შეიტყო, დაქორწინება შესთავაზა. მაიკომ ცოლობაზე უარი უთხრა გულის სწორს. როგორც გაუპატიურებულმა, ჯვრისწერისა და ქართული გვირგვინის ღირსად აღარ ჩათვალა თავი, მაგრამ დანებდა და ლევანისგან შვილი მაინც გააჩინა. მაიკოს მდგომარეობა სულ უფრო გართულდა. 1849 წელს იგი ჭლექით გარდაიცვალა. გარდაიცვალა გულმოკლული. სიკვდილის წინ მასზე ზრუნავდა და თავს დასტრიალებდა ლევან მელიქიშვილი. ის სამსახურიდან საგანგებოდ ჩამოვიდა. როდესაც ლევანს შვებულება გაუთავდა, ტელეგრამა გაგზავნა: მაიკო ცუდად არის და ამ მომენტში ვერანაირად ვერ მივატოვებო.
მოგვიანებით, ლევან მელიქიშვილი ისევ ორბელიანის ქალზე, ალექსანდრაზე დაქორწინდა. ალექსანდრამ თავისი ინიციატივით მაიკოს დაობლებული შვილი იშვილა. ამის შემდეგ, მას ლევანთან კიდევ სამი ვაჟი შეეძინა. 1881 წელს გენერალ-ლეიტენანტი ლევან მელიქიშვილი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი 1892 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა და დასაფლავებულია მამა დავითის ეკლესიაში.
– რაც შეეხება რუსეთის იმპერატორის „შალუნს“, მისი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?
– ივანე მუხრანბატონი იმავე ხანებში, როდესაც მაიკო გაუბედურდა, არჩეულ იქნა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღვრად, ანუ მარშლად. მაშინ სამი წლის ვადით ირჩეოდნენ ასეთ თანამდებობაზე. ივანე მუხრანბატონი კი, ცხრაჯერ იქნა არჩეული ზედიზედ, ანუ 27 წლის განმავლობაში უცვლელად წინამძღოლობდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ ივანე მუხრანბატონი, უნიჭიერესი კაცი ყოფილა, რომლისთვისაც მიზნის მისაღწევად ნებისმიერი გზა მისაღები იყო. როდესაც მან მუხრანში სახლის მშენებლობა დაიწყო, მას ამ სოფელში სულ ორი გლეხი ჰყოლია: ერთი კარაპეტოვი და მეორე მამულაშვილი. დანარჩენები დიღომში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, კი თითქმის მთელი მუხრანი დაიკავა. ააშენა ღვინის მარანი, რომლითაც დღესაც ვამაყობთ ქართველები. 1882 წელს მოსკოვის ერთ-ერთ გამოფენაზე მუხრანის ღვინომ პირველი ადგილი დაიკავა, რომელსაც მუხრანბატონი ფრანგული წესით აყენებდა. ჰყავდა სპეციალურად ჩამოყვანილი მეღვინე.
რაც შეეხება, თბილისიდან პეტერბურგში დაბრუნებულ რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ პირველს, რომლის სახელიც ისტორიაში ცნობილია, როგორც „სისხლიანი“, ანუ „ნიკოლოზ კროვავი“, მას უთქვამს: საქართველოში ისეთი მიღება მომიწყვეს, როგორსაც მხოლოდ მოსკოვში მიწყობენ ხოლმეო.
скачать dle 11.3