რა მეთოდით უნდა მოინადირონ კაცებმა ქალები და რითი უნდა იყოს ბოლომდე კმაყოფილი ნინო ბურდულის საყვარელი მამაკაცი
20 წლის ნინო ბურდული სამოდელო სააგენტო „ვიაიპის“ მოდელია და ის იმავდროულად სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე.
ნინო ბურდული: ადრე საერთოდ არ მიფიქრია მოდელობაზე, უბრალოდ, ერთხელ ქუჩაში შემხვდა სამოდელო სააგენტოს აგენტი და შემომთავაზა მოდელობა. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მერე კიდევ შემხვდა და მეც გადავწყვიტე მოდელობა. ძალიან მომწონს ეს საქმე, სასიამოვნო პროცესია ფოტოების გადაღება, პოდიუმზე გამოსვლა. ამან უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემმატა, თან როდესაც ოვაციებით გხვდებიან, უფრო კარგად და თავდაჯერებულად გრძნობ თავს.
– ალბათ, როგორც ყველა გოგონა, შენც დადებითად რეაგირებ კომპლიმენტებზე.
– როდესაც კომპლიმენტებს მეუბნებიან, ძალიან ვწითლდები, ბავშვობიდან ასე ვარ. საერთოდ, არ ვღელავ ხოლმე, მაგრამ ორგანიზმი ალბათ ღელავს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიხდი მადლობას. თუ ქუჩაში რამეს უხეშად მეტყვიან, მაშინ ვცდილობ, იგნორი გავუკეთო და არ გავცე პასუხი.
– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.
– მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, ჯერჯერობით ცუდი ადამიანები არ შემხვედრია და ამაში ძალიან გამიმართლა. ხანდახან ბრაზიანი ვარ, მაგრამ ეს წამიერია, არც ვყვირი და არც ვჩხუბობ, უბრალოდ, ცრემლებით მევსება თვალები. მერე, ვინც გამაბრაზა, როცა მოვა და გამიღიმებს, მაშინვე ყველაფერი მავიწყდება.
– თაყვანისმცემლები ნამდვილად გეყოლება.
– კი, მყავს. ჩემამდე მოდის ღირსეული და, მას ვცემ პატივს. ძალიან ბევრ საჩუქარს მიკეთებენ, მე კი ვცდილობ, არ ავიღო. საერთოდ, ცუდ ტონად არ მიმაჩნია ბიჭისგან საჩუქარი მიიღო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ცუდია, იმედი უჩნდებათ, არადა, შეიძლება, სულ არ მოგწონდეს. ამიტომ, ვცდილობ ამისგან თავი შევიკავო.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– პირველ ეტაპზე ვაქცევ ყურადღებას და ჩემთვის მნიშვნელოვანია მამაკაცის გარეგნობა. მომწონს ინტელექტუალები, კომუნიკაბელურები და სიმპათიურები. ანუ, მამაკაცი უნდა იყოს ჭკვიანი და იოლად უნდა შედიოდეს ადამიანთან კონტაქტში. მეტ-ნაკლებად მკაცრი ხასიათიც უნდა ჰქონდეს.
– საყვარელი მამაკაცის მხრიდან აკრძალვებს აიტან?
– თუ ეს აკრძალვა ჩემთვის მისაღებია, შეიძლება, დავთმო. ან მამაკაცი შეიძლება, ისე მიყვარდეს, რომ წავიდე დათმობაზე. როდესაც ადამიანი გიყვარს, ვეღარ იხედები შორს. თან ეს იმაზეც არის დამოკიდებული, როგორ მეტყვის. თუ მამაკაცი კატეგორიულად მომთხოვს, ეს არ გააკეთოო, რა თქმა უნდა, ეს გამაღიზინებელია და უფრო გავაკეთებ, მაგრამ, თუ მთხოვს, აუცილებლად წავალ დათმობაზე.
– რთულია შენი გულის დაპყრობა?
– არ ვიცი, სანამ შარში არ გავეხვევი, მანამდე ვერ ვიტყვი ჩემი გულის დაპყრობა იოლია, თუ არა. შეიძლება, უბრალო რაღაც ისე გააკეთოს, რომ აღვფრთოვანდე. საერთოდ, პრეტენზიულიც ვარ, ცოტა წუნიაც, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვარ.
– როგორ ფიქრობ, ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე უნდა გაიხსნას?
– ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ქალური ეშმაკობები საჭიროა, ეს ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის, მაგრამ როდესაც უყვარხარ ადამიანს, შენც გიყვარს, მგონი, მიუწვდომელი იქნები თუ არა, პრობლემა აღარ უნდა იყოს. თუმცა, ქალისთვის უკეთესია მიუწვდომელი იყოს და ქალურ ეშმაკობებსაც მიმართოს. ქალებთან ურთიერთობა მამაკაცისთვის თამაშივითაა, აინტერესებთ როგორი ფინალი იქნება, როგორი აღმოჩნდება ის ქალი. უყვართ, როდესაც ქალები ეთამაშებიან. თუ ქალი თავიდანვე ყველაფერზე თანახმაა, მაშინ მამაკაცს აუცილებლად დაეკარგება მის მიმართ ინტერესი. მე გოგონა ვარ და მამაკაცი ჩემთან თავიდანვე ბოლომდე რომ გაიხსნას, ნამდვილად დამეკარგება ინტერესი. საერთოდ, ქალიც და მამაკაციც უნდა ეცადონ, ურთიერთობა საინტერესო, მრავალფეროვანი გახადონ და ერთმანეთი არ ამოწურონ.
– ერთმანეთს ყველაფერში უნდა აჰყვნენ?
– კი, სიგიჟეებიც საჭიროა და ერთმანეთს ყველაფერშიც უნდა აჰყვნენ. თუმცა, როცა რაღაც ერთი მხარისთვის არ არის მისაღები, შუალედი უნდა გამოძებნონ. შეყვარებულმა, რომ მთხოვოს სადმე გაყოლა, აუცილებლად გავყვები, თუნდაც ეს ჩემთვის არ იყოს საინტერესო.
– ხშირად ამბობენ, შეყვარებული, ქალების თუ კაცის მართვა იოლიაო.
– შეიძლება ასეა, მაგრამ ჩემი მართვა მგონი, ძნელი იქნება. გამოცდილებით ვიცი, რომ ჩემთან ურთიერთობაში, მამაკაცი უფრო ბევრს თმობს, ვიდრე მე. სულ ვცდილობ, ჩემი გავიტანო.
– ხშირად გოგონები ამბობენ, მერე რა, მიღალატოს საყვარელმა მამაკაცმა, მთავარია, ეს მე არ გავიგოო. შენ რა აზრის ხარ ამაზე?
– საშინლად მაღიზიანებს ეს ფაქტი და ძალიან ცუდად ვიგრძნობ თავს, ოღონდ რამდენიმე დღე. მერე ეს უნდა გამოასწოროს, ან უნდა შემპირდეს, რომ ამას აღარ გაიმეორებს. შეიძლება ვაპატიო. ჩემთვის უმჯობესია, სხვასთან არ მიღალატოს, ან ეს არ გავიგო.
– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?
– თუ მამაკაცი ხედავს, რომ მიყვარს და კმაყოფილია მისი შეყვარებული რომ ვარ, ჩემი აზრით, ბოლომდე კმაყოფილი უნდა იყოს. როდესაც მიყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მას ვუქმნი ისეთ გარემოს, რომ სხვასთან აღარ წავიდეს. თუმცა, ჩემმა შეყვარებულმა რომ ვერ შემიქმნას შესაბამისი გარემო, ეს იმას არ ნიშნავს, მე ვინმესთან უნდა წავიდე. ალბათ, კაცებს უნდათ გართობა, სხვასთან წასვლა, ჰბეზრდებათ ერთი და გივე ქალი. ქალები, ალბათ, უფრო ერთგულები ვართ.
– როგორ ფიქრობ, კაცს უნდა ჰქონდეს ქალის დაკარგვის შიში?
– კაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ნებისმიერ მომენტში დაკარგავს ქალს. თუ ეს შიში არ ექნება, შეიძლება, აღარც მოგაქციოს სათანადო ყურადღება და სხვასთან წავიდეს. ურთიერთობაში ყველაფერი მაინც ქალზეა დამოკიდებული. თუმცა, მე არ მომეწონება, რომ კაცი ვმართო, ან პირიქით – მან მმართოს. როგორც ქალია მამაკაცის მიმართ მთელი გრძნობით, ასევე უნდა იყოს მამაკაციც, კაცებს უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა ჰმართებთ.
– ხშირად გოგონებს ისეთი მამაკაცები უფრო მოსწონთ, რომლებიც საერთოდ არ იბრძვიან მათ გამო.
– ის მამაკაცი უფრო დასაფასებელია, რომელიც შენთვის ბევრს იბრძვის, ვიდრე ის, რომელიც არაფერს აკეთებს. ქალმა იმდენი უნდა გააკეთოს, რომ ყურადღება დაიმსახუროს, მაგრამ კაცივით არ უნდა იბრძოლოს. ქალი უნდა მოინადირონ, ქალმა არ უნდა ინადიროს, ანუ უნდა ინადიროს, ოღონდ შეფარულად. მამაკაცმა კი ყველაფრით უნდა ინადიროს, რითაც შეუძლია.