კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სვამდა სტალინი მხოლოდ გივი ჩაგელიშვილის მიერ კრემლში გაგზავნილ „თავკვერს“ და „ატენურს“ და სად ინახება საქართველოში საუკუნოვანი ღვინოები


საქართველო რომ ვაზის და ღვინის ქვეყანაა, ამაზე დღეს აღარავინ დავობს. თუმცა, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვისაც ვაზის ენა კარგად ესმის. გივი ჩაგელიშვილმა ნახევარი ცხოვრება ამ დარგის სამსახურს შეალია. დღეს ის 82 წლისაა, საკმაოდ კარგად გამოიყურება, ისევ თავის სპეციალობით მუშაობს და 59-წლიან გამოცდილებას ახლა ახალგაზრდებს უზიარებს. ის თავის დროზე, სტალინს, კრემლში საქართველოდან სპეციალურად ჩამოსხმულ ღვინოებს „კაგებეს“ ხელით უგზავნიდა. როგორც საუბარში გაგვანდო, ერთხელ მოატყუა კიდეც ბელადი, შეუცვალა ღვინო და ამის გამო გადასახლებასაც ბეწვზე გადაურჩა. ბატონი გივი 1953 წლამდე ხელმძღვანელობდა იმ საამქროს, სადაც ისხმებოდა ღვინოები მხოლოდ სტალინისთვის.


გივი ჩაგელიშვილი: ელბაქიძის დაღმართზე სპეციალური ღვინის საამქრო იყო, სადაც ისხმებოდა მხოლოდ სტალინისთვის კრემლში გასაგზავნი ღვინოები. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საამქრო დახურეს და ახალციხის ღვინის ქარხანაში გამაგზავნეს მთავარ მეღვინედ. იქიდან ბათუმის ღვინის ქარხანაში გადავედი, შემდეგ ისევ ახალციხეში დავბრუნდი და ერთი სიტყვით, მთელი 59 წელია ამ დარგს ვემსახურები. ვერ წარმომიდგენია, ქართველმა კაცმა იცხოვროს ღვინის გარეშე. ღვინო ყველანაირად სასარგებლოა. კახური წესით დამზადებული ღვინო, ტანინით არის მდიდარი და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ხშირად მეკითხებიან, ევროპულად დაყენებულ ღვინოს რომ ვსვამ, ცუდად ვხდები, კახურ წესზე დამზადებული ღვინო კი კარგად მერგება და რაშია საქმეო. საქმე ისაა, რომ ვისაც კუჭ-ნაწლავი წესრიგში არ აქვს, მისთვის კახური წესით დამზადებული, ტანინიანი ღვინო ნამდვილი წამალია. ჩვენ ვაყენებთ სამკურნალო „საფერავსაც“. ის მდიდარია ფენოლებით, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სხვათა შორის, როდესაც ჩერნობილში კატასტროფა მოხდა, ჩვენ იქ გავაგზავნეთ დიდი რაოდენობით „საფერავი“. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები. ინფარქტგადატანილი ადამიანებისთვისაც, სწორედ „საფერავის“ ღვინოს უწევენ რეკომენდაციას ცნობილი ექიმები, მაგრამ გარკვეული დოზით და არა გადაჭარბებით. ხომ იცით, ნათქვამია, ღვინო დოზით წამალია, გადაჭარბებით კი – საწამლავიო. გააჩნია, ადამიანს რა დაავადება სჭირს და ამის მიხედვით უნდა შეირჩეს, როდის ჯობია მისი დალევა – ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ; რომელი ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინოა უფრო მისაღები კონკრეტული დაავადებისთვის; რა ტემპერატურაზე უნდა იყოს... ღვინის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე ცნობილია და ამაში ახალი არაფერია. ჩვენი წინაპრები ამ ცოდნას კარგად ფლობდნენ და პრაქტიკაშიც ყოველთვის იყენებდნენ.

– მართალია, რომ ამბობენ, უზმოზე დალეული წითელი ღვინო სიცოცხლეს ახანგრძლივებსო?

– რასაკვირველია. სიცოცხლესაც ახანგრძლივებს და სიბერის პროცესსაც ანელებს. ყველა მეუბნება, ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურებიო. ამის საიდუმლოს მარტო თქვენ გაგიმხელთ (იცინის). პირადად მე, სადილამდე, თითო ჭიქა წითელ ღვინოს ვსვამ. ხშირად მეუბნებიან, უზმოზე ორი ჭიქა „საფერავის“ დალევის შემდეგ, წნევა აღარ გვაწუხებსო. ეს სიმართლეა. ერთხელ, იტალიელი ბავშვები იყვნენ „არტეკში“ ჩამოსული. მიუტანეს საჭმელი და პირი არ დააკარეს. ჰკითხეს, რატომ არ ჭამთო. გაუკვირდათ ბავშვებს, ჯერ ღვინო რომ არ დაგვილევიაო? იტალიაში და საფრანგეთშიც, ბავშვებს ჭამის წინ აუცილებლად ასმევენ ცოტა ღვინოს. იქ, სადილზეც არ ავიწყდებათ მოზრდილებს ჭიქა ღვინის ან კონიაკის მირთმევა და იციან, ამით საკუთარ ორგანიზმს უწყობენ ხელს. ქართველი ისე არ წავიდოდა ყანაში სამუშაოდ, დოქით ღვინო არ წაეღო. ის შრომისუნარიანობასაც უმაღლებდა და კარგ განწყობაზეც აყენებდა.

– ისიც მართალია, ცუდ განწყობაზე თუ მოკრიფა ან დაწურა ყურძენი ადამიანმა, ეს ღვინოზეც აისახება და სასარგებლო და სამკურნალო ძალას კარგავსო?

– ეგეც სიმართლეა. მე სადეგუსტაციო კომისიის წევრი ვარ. თუ განწყობაზე არ არის, მაშინ იმ ადამიანს დეგუსტაციიდან ვთიშავთ, რადგან, შეიძლება, მან საკუთარი განწყობით საუკეთესო ღვინო „ჩააგდოს“. ასეთი განწყობით, ვერ შეიგრძნობს მის თვისებებს და ღვინოსაც დააზარალებს. ისე, გეტყვით, რომ საკუთარი ხელით დაწურული ღვინო რომ გემრიელი დასალევია, ისე სხვისი დაწურული, რაც არ უნდა საუკეთესო იყოს, მაინც ვერ იქნება. თავად მე, რაღაც პერიოდი საფრანგეთში მომიწია ყოფნა. რომ იგებდნენ მეღვინე ვიყავი, მსოფლიო ღვინოებით მასაჩუქრებდნენ და ისინი დღესაც ჩემს ოჯახში ინახება. 105, 100, 75 და ასე შემდეგ წლის ღვინოებიც კი ინახება ჩვენთან – მევენახეობა-მეღვინეობის კოლექციის ინსტიტუტის მარანში. ისინი რომ გახსნათ, მათ გემო და თვისებები ისევ შემორჩენილი აქვთ.

– ყველაზე დიდი ხნის რომელი ღვინო ინახება თქვენთან?

– 105 წლის „რქაწითელი“ ყველაზე დიდი ხნის ღვინოა, რომელიც ჩვენს მარანში ინახება. უცხოელები რომ მოდიან და ნახულობენ, გიჟდებიან. მახსოვს, შევარდნაძე პრეზიდენტი რომ იყო, ჩვენთან მოვიდა ღვინოების სანახავად, მინისტრებთან ერთად. მკითხა, ბოთლში რამდენი წელი ინახება ღვინოო. ვუპასუხე, დეგუსტაციას რომ ვატარებთ, შეიძლება 40 წლის ღვინო „მკვდარი“ აღმოჩნდეს, 105 წლის კი „ცოცხალი“ იყოს-მეთქი. ეგ როგორო, გაუკვირდა. მეც სიცილით ვუთხარი, როგორ და ზოგი ადამიანი 40 წლის კვდება, ზოგი კი 105 წლამდე „ქაჩავს“-მეთქი. როდესაც ღვინოს ინახავ და გინდა, მან დიდხანს გაძლოს, მნიშვნელობა უნდა მიანიჭო იმას, რა სიმაგრისაა, როგორია მჟავიანობა და, ექსტრაქტთა შემცველობა; როდის არის ყურძენი დაკრეფილი, დაწურული, დაყენებული. საერთოდ, შემაგრებული ანუ დასპირტული ღვინოები უფრო მეტად უძლებს წლებს და კარგად ინახება დიდი ხნის განმავლობაში. მოლდავეთში ჩატარდა მსოფლიო დეგუსტაცია-კონგრესი. ჩვენც გავაგზავნეთ ქართული სასმელები კოლექციიდან. შარშან, 59 წლის მოსავლის კარდანახის „პორტვეინმა“ ოქროს მედალი დაიმსახურა, წელს კი 61 წლის მოსავლის „ხირსამ“ აიღო ისევ ოქროს მედალი. „საფერავს“ ცოტა უჭირს შენახვა, რადგან ნალექს იკეთებს.

– ბატონო გივი, სტალინისთვის კონკრეტულად რომელი ტიპის ღვინოებს ასხამდით და რომელი ჯიშის ყურძნისგან მზადდებოდა ის?

– სტალინს უყვარდა გორის ღვინოები, კერძოდ, სოფელ ხიდისჩაურში მოწეული ყურძნისგან დაწურული წითელი „თავკვერი“ და ატენის ღვინის ქარხანაში დაწურული „თეთრი ატენური“. ბევრჯერ, გორული „მწვანეც“ გაგვიგზავნია კრემლში. „კაგებეს“ თანამშრომლები კვირაში ორჯერ მაკითხავდნენ სახლში, მომცემდნენ სტალინის დაკვეთას, ჩამსვამდნენ მანქანაში და წამიყვანდნენ. სანამ ღვინის ქარხანამდე მივიდოდით მე ჩემი მემართებოდა. სულ მეგონა, ან ახლა გადაუხვევენ სხვა გზაზე და დამაპატიმრებენ, ან ახლა-მეთქი. საბედნიეროდ, გადავრჩი (იცინის).

– რატომ გეშინოდათ, სტალინი ხომ გენდობოდათ?

– ნდობით კი მენდობოდა, მაგრამ ერთი პატარა შეცდომა, უმნიშვნელო ხარვეზი ბოთლზე, საცობზე ან ღვინოზე და მორჩა, ჩემი საქმე წასული იყო. შეგვიკვეთავდა სტალინი კრემლიდან, ესა და ეს ღვინო გამოაგზავნეთო. ხავერდიან ყუთებში ჩავალაგებდით მისთვის სპეციალურად ჩამოსხმულ ღვინოს და ვუგზავნიდით. კვირაში ორჯერ-სამჯერ, ათ-ათ ბოთლს ვაგზავნიდით „კაგებეს“ ხელით. როგორც ვიცი, ყოველდღე სვამდა ბელადი ქართულ ღვინოს. ერთ დღესაც, „კაგებეს“ წარმომადგენლები დამადგნენ თავზე და მომიტანეს „შიფროვკა“, რომელზეც ეწერა ერთ-ერთი გორელი კაცის გვარი. მისი ღვინო უნდა ჩამოგვესხა ბოთლებში და გაგვეგზავნა კრემლში სტალინთან. ჩავედით გორში და ეს გლეხი ვნახეთ. გავსინჯეთ ღვინო, არ მომეწონა, ეტყობა, არ იყო ქვევრი კარგად გარეცხილი, ცოტა შმორის სუნიც ჰქონდა ღვინოს. არადა, ხომ უნდა გაგვეგზავნა? სხვა გზა არ იყო. მე ვთქვი, ამ ღვინოს ვერ გავაგზავნი, ყულფში ვერ გავყოფ თავს-მეთქი. საამქროში მქონდა კარგი „თავკვერი“. ავდექით, ჩამოვასხით, მივაწერეთ ეტიკეტზე ამ კაცის სახელი და გვარი და გავუგზავნეთ სტალინს. ღამეები არ მეძინა. რომ მიმხვდარიყო სტალინი, რომ მოვატყუე, ციმბირს აქეთ დამატოვებინებდა (იცინის). ეს ხრიკი გამივიდა და გადავრჩი.

– ბოთლები და საცობებიც სპეციალური შეკვეთით მზადდებოდა კრემლში გასაგზავნი ღვინოებისთვის?

– ბოთლებს უცხოეთიდან ვიღებდით, კერძოდ, რუმინეთიდან. მას არ უნდა ჰქონოდა რაიმე ხარვეზი, მაგალითად, გვერდებზე ნაწიბურები. საცობებს კი პორტუგალიიდან აგზავნიდნენ. ახალგაზრდამ დავიწყე იქ მუშაობა და თმა მალევე გამიჭაღარავდა ამდენი ნერვიულობით. მეკითხებოდნენ, რამ გაგაჭაღარავა ეს ახალგაზრდა კაციო. მე კიდევ ვპასუხობდი, თქვენ ემსახურეთ აბა, ისეთ კაცს, როგორიც სტალინია და გაჭაღარავდებით კი არა, თავზე თმა არ შეგრჩებათ-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, „კაგებეც“ და პარტიის წევრებიც თვალდახუჭული მენდობოდნენ და ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. ერთხელ, ატენიდან მოგვქონდა ღვინო „ატენური“. ბევრი წამოვიღეთ, რომ წარამარა არ გვერბინა იქ ღვინის ჩამოსატანად. რომ ჩამოვედით, ღვინოს გემო შეცვლილი ჰქონდა. ტრანსპორტირება ვერ აიტანა. რაღას ვიზამდით? ისევ წავედით ატენში და იქვე, ადგილზე ჩამოვასხით ბოთლებში. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ატენში ღვინის ჩამომსხმელი ქარხანა აეშენებინათ. მეღვინეობა ძალიან რთულია. ორი ვაჟი მყავს და არ მოვისურვე მათი მეღვინეობა. თუ ღვინოს ვერ გრძნობ, ისე ვერაფერს გაუგებ. როგორც პატარა ბავშვი ვერ გეტყვის, რა სტკივა, რით უმკურნალო, ასეა ღვინოც. ღვინოს ათასი დაავადება ემართება და მას უნდა უმკურნალო. თუ არ იცი, რა დაავადებაა და როგორ უმკურნალო, ხელში „ჩაგაკვდება“. ღვინოს რომ სვამ, უნდა გრძნობდე მის მოფერებას.

– როგორც მითხრეს, თქვენთან, ელბაქიძის დაღმართზე მდებარე ღვინის ქარხანაში ყოველ დილა-საღამოს დადიოდა გალაკტიონ ტაბიძე.

– დიახ, გალაკტიონი მარჯანიშვილის თეატრთან ცხოვრობდა. ყოველ დილით ამოივლიდა ღვინის ქარხანაში, ბიჭები დამიძახებდნენ და მეტყოდნენ, მამობილი მოგივიდაო. მეც შევიყვანდი ოთახში, დავსვამდი მაგიდასთან, დავუდგამდი ერთ ბოთლ ღვინოს. მას კი სულ ჰქონდა ჯიბეში, ქაღალდში შეხვეული პატარა ყველის და პურის ნაჭერი და წიწაკის მწნილი. ამოიღებდა თავის პურმარილს ჯიბიდან, ღვინოს დალევდა, ადგებოდა და უჩუმრად წავიდოდა. საღამოს ისევ მომაკითხავდა, ისევ გაშლიდა პატარა სუფრას, დალევდა ღვინოს და წავიდოდა. გულში ხინჯად დამრჩა, სულ მინდოდა ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი, მაგრამ ეს ვერ შევძელი.

– ბატონო გივი, თქვენ მღეროდით კიდეც და უცხოეთში დიდ პატივს გცემდნენ, როგორც მეღვინე-მომღერალს. იქნებ ეს ამბებიც გავიხსენოთ?

– ახალი ჩასული ვიყავი ახალციხეში. მთავარმა ექიმმა შვილის დაბადების დღეზე დამპატიჟა. რაიკომის მდივანიც იქ იყო. რომ შევქეიფიანდით სიმღერა წამოიწყეს და მეც ავყევი. მეორე დღეს, რაიკომში დამიბარეს. მივედი. რაიკომის მდივანმა მითხრა, ახლა უარი არ თქვა, სიმღერის გუნდში უნდა იაროო. ვუთხარი, მე სიმღერის რა ვიცი-მეთქი. გაბრაზდა რაიკომის მდივანი, რა ვიცი, წუხელის კარგად დაამღერეო. ვუპასუხე, ბატონო ჩემო, ქართველი კაცი რომ ღვინოს დალევს, ის იმღერებს აბა, რა-მეთქი. გაეცინა, ჰოდა, ღვინო შენს ხელშია, დალიე და იმღერეო. ასე მოვხვდი სიმღერის რაიონულ გუნდში. საქართველოს დღეები იყო რუმინეთში. გამოსვლის შემდეგ, გასახდელში შემოვიდა ერთი კაცი და მითხრა, წამობრძანდით, თქვენ გეძახიანო. გამიკვირდა. გავყევი. თურმე, რუმინეთის წარმომადგენლებისთვის უთქვამთ ჩვენი დელეგაციის წევრებს ჩემზე, რომ მეღვინე ვიყავი. მკითხეს, ხელფასი რამდენი გაქვსო. შემრცხვა, 160 მანეთი როგორ ვთქვა-მეთქი და მოვატყუე, 390 მანეთი-მეთქი. გადაირივნენ, ათასი მანეთიც არ გაქვსო? გამიკვირდა, შევეკითხე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელს, კი მაგრამ, გუნდში პროკურორის თანაშემწე, მილიციის უფროსის თანაშემწე, განათლების განყოფილების გამგე, სკოლის დირექტორი, სატყეოს უფროსიც მღერის და ჩემით რატომ დაინტერესდნენ მაინცდამაინც-მეთქი. ჰოდა, ეგ რომ ვუთხარით, იმიტომ დაინტერესდნენ, ღვინის ქარხნის დირექტორს როგორ გაუბედეთ გუნდში სიმღერაო, ჩვენთან მეღვინეები გამორჩეულ ადგილას სხედან საპატიო ღონისძიებაზე, უკან კიდევ მთავრობა უზისო. გულში გავიფიქრე, ეჰ, რა იციან, ამათ ჩვენთან რა ხდება, ვინ დამსვამს მე მთავრობის წინ-მეთქი (იცინის).


скачать dle 11.3