ვის გაეპარა ქეთი ორჯონიკიძე ზღვაზე და რამდენ მამაკაცთან აქვს მას ერთდროულად ფლირტი
ქეთი ორჯონიკიძე: რამდენიმე დღეა, რაც ბათუმში ჩამოვედი. ამინდი მშვენიერია და, შესაბამისად, განწყობაც არაჩვეულებრივი მაქვს.
– მარტო ისვენებ?
– მეგობრები ვიყავით ურეკში, ერთი კვირა დავყავი იქ. შემდეგ ისინი გავისტუმრე და ბათუმში შემოვუერთდი სხვა მეგობრებს. იმედია, კარგ დროს გავატარებ. ურეკშიც მშვენივრად ვისვენებდით.
– სომხური ხომ არ გისწავლია?
– (იცინის) ჰო, სანაპიროზე, რომ გავივლიდი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც უცხო ქვეყანაში. ცურვა რომ არ იცოდე და წყალმა შეგიტყუოს, „მიშველეო“ ქათულად არ უნდა დაიძახო, თორემ კაციშვილი ყურადღებას არ მოგაქცევს და მართლა დაიხრჩობი, იმდენად ცოტანი ვიყავით ქართველები ურეკის სანაპიროზე.
– კარიერაში რა სიახლეები გაქვს, თუ, შენი კარიერაც ისვენებს ამჟამად?
– გამოქცეული ვარ რეპეტიციებიდან. უკვე ოთხი-ხუთი წელია, არ დამისვენია და გადავწყვიტე, საკუთარ თავს ორკვირიან დასვენებას მოვუწყობ-მეთქი. ამიტომ დეზერტირის სახელი მაქვს ბენდში (იცინის).
– „ვარსკვლავების აკადემიის“ გამარჯვებულს, რაში დაგეხმარა ლონდონური გამოცდილება?
– ლონდონში ვსწავლობდი საკმაოდ ცნობილ სასწავლებელში. უნივერსიტეტში იდგა გენეალოგიის ხე, რომელზეც აღნიშნული იყო, რომ ქეთი მელუასაც იქ უსწავლია. ამავე უნივერსიტეტში მასტერკლასებს გადიოდნენ ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან სტივ უანდერი, შადე... ანუ, საკმაოდ შთამბეჭდავი და „დონე“ უნივერსიტეტი იყო, რაღაც რიგითი არ ყოფილა. იქ სწავლა ბევრ რამეში დამეხმარა. პირველ ყოვლისა, გავერკვიე, რა ხდება უცხოურ ბაზარზე შოუ-ბიზნესში, რა მოთხოვნილებებია პრიორიტეტული. 13-14 წლის განმავლობაში ვსწავლობდი მუსიკას და მხოლოდ ლონდონში სწავლისას აღმოვაჩინე, რომ სოლფეჯიო, რომელიც მანამდე დიდად არ მაინტერესებდა და მასზე ბევრად უფრო მიყვარდა ჰარმონია, თურმე საკმაოდ საინტერესო ყოფილა. კურსზე ჟანრობრივი კლასები გვქონდა. მე გავიარე როკ-სკოლა, პოპ-სკოლა. „ვარსკვლავების აკადემიამდე“ სულ როკ-სტილში ვმღეროდი ხოლმე, ლონდონში სწავლისას კი მასწავლებლების შეფასებითაც აშკარა გახდა, რადგან საკმაოდ მაღალი შეფასებები დავიმსახურე და მეც დავიჯერე, რომ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებსაც მშვენივრად ვართმევდი თავს.
– მაგლითად?
– მაგალითად, ბლუზს, პოპ-ჟანრს საეკლესიო ჟანრს...
– შენი აზრით, რით დაამახსოვრდებოდი იქაურ პედაგოგებს?
– თუნდაც იმით, რომ მთელ კურსზე, როგორც ვოკალისტს, ყველაზე მაღალი შეფასებები მე მქონდა. თავიდან, რაც არ უნდა მოეცათ სამღერად, ყველაფერი გადმომქონდა ჩემებურად და, საბოლოოდ, ვასრულებდი, როგორც რუსები იტყვიან – „პად როკ“. ბოლოს მასწავლებლები შეწუხდნენ და მითხრეს: გავიგეთ, რომ როკი შეგიძლია და ახლა გეხვეწებით, რა ჟანრშიც არის სიმღერა დაწერილი, იმ ჟანრში შეასრულეო. (იცინის).
– რაიმე ქართულით არ მოგიხიბლავს იქაურები?
– საგალობლები არ შემისრულებია... ერთადერთი ქართული, რაც გავაცანი, ის იყო, რომ ხინკლის მომზადება ვასწავლე. რა გამოუვიდათ, არ გამისინჯავს. მე ვცდილობდი, რომ დეტალურად ამეხსნა, როგორ მზადდებოდა ხინკალი, ის კი სხვანაირად იგებდა, გამოგიტყდებით, მიხარია კიდეც, რომ ვერ მოვაწარი მისი ნახელავის გასინჯვა. (იცინის).
ლონდონში სწავლის პერიოდი კარგად დამამახსოვრდა, ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევდა და ყველანი მეგობრულები იყვნენ.
– ახლა თუ გაქვს ვინმესთან კონტაქტი თანაკურსელებიდან, თუნდაც ლექტორებიდან?
– ლონდონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ორ თანაკურსელს დავუახლოვდი. ახლაც ვმეგობრობთ, დღეს ისინი არიან ჩემი ზანგი დაქალი და ჩინელი ძმაკაცი. სულ ერთად დავწოწიალობდით, მეტროში ჩასვლა მათ მასწავლეს. სანამ მათ გავიცნობდი, როგორც კი ჩავედი, პირველივე დღეს დავიკარგე.
– ანუ, უნივერსიტეტში ლექციებზე დააგვიანე?
– დავაგვიანე კი არა, ლექციებს საერთოდ ვერ მივუსწარი. გაჭირვებით მივაგენი უნივერსიტეტს და, კიდევ კარგი, ის დღე გაცდენად არ ჩამითვალეს – თურმე, პირველ სასწავლო დღეს უცხოელი სტუდენტის დაკარგვა ლონდონში უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის სულაც არ ყოფილა უცხო.
– ჟანრის შეცვლაზე არასდროს გიფიქრია? ასეთ სახელოვანი უნივერსიტეტის ლექტორებსაც კი უღიარებიათ, რომ როკის გარდა სხვა სასიმღერო ჟანრსაც მშვენივრად ირგებ?
– როკის გარდა, დიდი სიამოვნებით ვიმღერებ ბლუზს – ეს ორი მიმდინარეობა ჩემთვის ყველაზე ახლობელია.
ლონდონის შემდეგ მეღირსა და ახლა უკვე საკუთარი ბენდი მყავს. მე მგონი, ეს ყველაზე დიდი და სერიოზული ნაბიჯია ჩვენ მიერ გადადგმული. უკვე ვრეპეტიციობთ და ტურნეს მოწყობას ვაპირებთ.
– უახლოესი გეგმებიც გაგვიმხილე.
– სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ ნახევარში შედგება ჩემი სოლო კონცერტი და ამავე პერიოდში გამოვა ჩემი სოლო ალბომი.
– სად გეგმავ კონცერტის გამართვას?
– იპოდრომზე, ან რომელიმე სტადიონზე, ჯერ მოლაპარაკების პროცესში ვართ, ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდება.
– გარეგნული იმიჯის შეცვლაზე არ გიფიქრია?
– ფაქტობრივად, ჩემი ვარცხნილობა და თმის ფერი სილამაზის სალონში ყოველ შესვლა-გამოსვლაზე იცვლება. ისეთი სტილისტი მყავს, უყვარს ნოვაციები, მეც ვაძლევ იმპროვიზაციის საშუალებას და ვენდობი. შეიძლება, მასთან ყვითელ-წითელი თმით დავჯდე და წითელი თავით გამოვიდე.
– კარიერაში მეტ-ნაკლებად, გავერკვიეთ შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– გადასარევი სიწყნარეა, ჩემს პირად ცხოვრებაში ძალიან მშვიდად ვარ (იცინის).
– რამდენი წლის ხარ, ქეთი?
– 20 წლის.
– მერე, ახლა შენ სიმშვიდის ასაკი გაქვს?
– ცხოვრებაში სცენისგან განსხვავებით, ძალიან მშვიდი ვარ, სულ წყნარად და წყნარად ვარ. ამჟამად ფლირტის დონეზე შეიძლება იყოს ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ადამიანი, მაგრამ გამორჩეულად – არავინ.
– ხშირად გაქვს ხოლმე ფლირტი?
– ფლირტი სულ მაქვს. ფაქტობრივად, ფლირტი არის ის, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს და მართობს.
– ფლირტის იქით არ მიდის საქმე?
– არა. შეიძლება, ფლირტი დაიწყოს და მალე მეორე მხარეს გრძნობები გაუჩნდეს. მაგრამ, მე მინდა, რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს ფლირტის მომენტი.
– შენი მხრიდან რა შემთხვევაში ჩნდება გრძნობა, როგორი მამაკაცები მოგწონს?
– სულ ვამბობდი, შავგვრემანი მამაკაცები მომწონს-მეთქი, მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ორი შეყვარებული მყავდა და ორივე ქერა იყო... ძალიან მაღალი ბიჭებიც არ მომწონს.
– ის ორი ქერა მამაკაცი წარსულს რატომ ჩაბარდა?
– პირველ შემთხვევაში ძალიან პატარები ვიყავით ორივე და ძალიან აგვერ-დაგვერია ურთიერთობა. მეორე კიდევ... სიმართლე რომ გითხრა, არც უნდა ყოფილიყო ჩემი შეყვარებული. მეგობრები ვიყავით და გაურკვევლობა მოხდა, მაგრამ, საბედნიეროდ, დღემდე მეგობრები ვართ...
– ესე იგი, დღესდღეობით შეყვარებული არ ხარ. შენი ფლირტის ობიექტიც ბათუმშია ამჟამად?
– ჩემი ფლირტის ობიექტები ამჟამად თბილისში ბრძანდებიან ერთიც, მეორეც, მესამეც და მეოთხეც...
ეკა სალაღაია