როგორ გახდა „ვარსკვლავების აკადემიის“ აუტსაიდერი გოგა მესხი ევროპული „ემტივის“ რჩეული
8 და 9 მარტს, კიშინიოვში მუსიკალური კონკურსი „ოქროს ხმა“ გაიმართა. მონაწილეობას 18 ქვეყანა იღებდა, მათ შორის საქართველოც. საქართველოს სახელი ჯგუფ „ვივოს“ მეოთხე ხმამ, და „ვარსკვლავების აკადემიის“ მონაწილემ, გოგა მესხმა წარადგინა. მისთვის „ოქროს ხმა“ მონაწილეთა შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გოგამ ყველა კონკურსანტის სასურველი პრიზი – „ემტივის სიმპათია“ მოიპოვა.
გოგა მესხი: საკმაოდ მაღალი დონის კონკურსი იყო. 8-10 ისეთი ძლიერი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, რომ ბოლოს ჟიურისაც გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, გრანპრი საერთოდ არ გაიცა. პირველი, მეორე და მესამე ადგილები, სამ-სამ მომღერალზე გადაანაწილეს. 18 ქვეყნიდან 21 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. გვერდით ლევან ჯიბლაძე მყავდა, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია.
– ევროპული „ემტივის სიმპათია“ გახდი. ალბათ, ამას სერიოზული გეგმებიც მოჰყვება.
– ძალიან მიხარია, რომ პირველი ქართველი მომღერალი ვარ, ვისითაც „ემტივი“ დაინტერესდა. მართლაც, ძალიან საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი. საშუალება მეძლევა სრულიად უსასყიდლოდ გავიდეს ჩემი კლიპი ევროპულ „ემტივიზე.“
– ჟიური რამდენი წევრისგან შედგებოდა და ვინ იყვნენ ისინი?
– ჟიური 12 ძალიან სერიოზული შემფასებლით იყო დაკომპლექტებული. ჟიურის წევრი იყო ინგრიდი, რომელმაც საკმაოდ სერიოზული 40- წუთიანი კონცერტიც წარმოგვიდგინა. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი და უშუალო ადამიანია. მისი პროფესიონალიზმით მართლა ძალიან მოვიხიბლე. ჟიურის ერთ-ერთი წევრი „ბი-ბი-სის“ მთავარი პროდიუსერი, იური გალიგორსკი იყო. ასევე, მაკედონიელი მარიამ კატაროვსკი, რომელიც მსოფლიო ფესტივალებისა და კონკურსების ასოციაციის პრეზიდენტია. ჟიურის წევრი გახლდათ, ამ კონკურსის დამაარსებელი, ლეონიდ ვალნიანსკი, რომელიც მოლდოვაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიროვნებაა. სან-რემოს ფესტივალის ერთ-ერთი პროდიუსერი და დამფუძნებელიც ჟიურის წევრებს შორის იყო და ასევე, ევროპული „ემტივის“ პროდიუსერიც. კონკურსის სულისჩამდგმელი კი ეკა ჩიტაშვილი გახლდათ.
– ელოდი წარმატებას?
– მომზადებული მართლა ვიყავი, მინიმუმ, მესამე, მაქსიმუმ, მესამე ადგილს ველოდი. „ოქროს ხმიდან“ პრიზის გარეშე რომ არ წამოვიდოდი, დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ „ემტივის“ რჩეული თუ გავხდებოდი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. რომ გამოაცხადეს „ემტივის“ რჩეული, გოგა მესხი, ჯორჯიაო, სცენაზე ისე გავედი, მხოლოდ ჩემი სახელი გავიგე. რა პრიზის მფლობელი გავხდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი. ალბათ, მონაწილეებს გაუკვირდათ ჩემი სერიოზული სახით სცენაზე გასვლა. ეს ხომ ყველას სასურველი პრიზი იყო. „ემტივის“ წარმომადგენელმა პრიზი რომ გადმომცა, ვერც მაშინ მივხვდი, რა ხდებოდა, რადგან საერთოდ არ ვიცოდი, ის ტიპი ვინ იყო. გვერდით, რუმინული „ფაბრიკის“ გამარჯვებული მედგა. რომ ვკითხე, რა პრიზი მომცეს-მეთქი, გადაიხარხარა, – ნორმალური ხარო? აი, რომ გავიგე, მერე უკვე სულ სხვა რეაქცია მქონდა, შოკში ჩავვარდი. ეს ყველაზე მაგარი გრძნობა იყო ჩემს ცხოვრებაში. გრანპრი რომ ამეღო, არც არაფერი მოხდებოდა. ჩამოვიდოდი საქართველოში, შეიძლება ვინმეს გაეშუქებინა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში კი, რადგან „ემტივის“ რჩეული გავხდი, პროდიუსინგს თვითონ გამიწევენ. ეს კი ყველა მომღერლისთვის ძალიან სასიამოვნო მომენტია. დიდი სტიმული მაქვს. უახლოეს მომავალში კლიპის გადაღებას პოლონეთში ან რუმინეთში ვგეგმავთ, რომელიც მერე „ემტივიზე“ გავა.
– წარმატება მოგიტანა, ჯემალ სეფიაშვილის სიმღერამ „ქარი ქრის“. ისე, ერთგვარი რისკი ხომ არ იყო, მსგავს კონკურსზე ამ სიმღერით გასვლა? ვგულისხმობ იმას, რომ ეს სიმღერა ძალიან ქართული სულისაა და შეიძლება, იქ ვერ გაეგოთ.
– სიმართლე გითხრა, მგონი, ვერც გაიგეს. „ქარი ქრის“ ძალიან რთული სამღერია, რაც ალბათ, დააფასეს კიდეც. დარბაზიდან ძალიან დიდი ემოცია მოდიოდა.
– გამოდის, რომ ოცნება აისრულე?
– პრინციპში კი. ღამის 4 საათზე, აეროპორტში წასვლამდე, მამა ვიტალის საფლავზე გავიარე, რომელიც ვიცი, რომ რასაც შესთხოვ, ასრულებს. ჩავიფიქრე, ისეთი პრიზი ამეღო კონკურსში, საქართველოში შერცხვენილი რომ არ დავბრუნებულიყავი. ამის მერე სულიერად ამაღლებული წავედი. შავნაბადაზე დავდივარ ეკლესიაში, მამა შიო არის ჩემი მოძღვარი, რომელმაც დამლოცა. „აკადემიაში“ შესვლამდეც ვიყავი მასთან, მაშინაც დამლოცა და სანთლები გამომატანა. სხვათა შორის, როცა ჩვენი საცხოვრებელი შენობა დაინგრა, მხოლოდ ის სანთელი ანათებდა.
– მართალია „ემტივის“ რჩეული გახდი, მაგრამ ძალიან დაიჩაგრე „ვარსკვლავების აკადემიაში“. რა დაინახა „ემტივიმ“ შენში ისეთი, რაც შენმა ხალხმა ვერ დაინახა?
– ეს ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ „ვარსკვლავების აკადემიაში“ დავიჩაგრე. აკადემიაში მართლა გავიზარდე, მაქსიმუმი გავაკეთე და მანაც მაქსიმუმი მომცა, მომღერლად ჩამოვყალიბებულიყავი. ახლა აქ რომ ვზივარ და გესაუბრებით, ესეც ხომ „რუსთავი 2-ის“ დამსახურებაა? „ვარსკვლავების აკადემიის“ დაწყებისთანავე აუტსაიდერი ვიყავი. ამ კონკურსზე კი პირველ ტურში ყველაზე მაღალი ქულა მე მქონდა. ალბათ, იქ ამოხეთქა დაგროვილმა მონდომებამ.
– კარიერის გაგრძელებას ხომ არ გეგმავ სხვა ქვეყანაში?
– კი, ალბათ წავალ, მაგრამ ჯერ სხვადასხვა კონკურსებიდან მაქვს მიწვევა. 27 მარტს ეგვიპტეში მივდივარ კონკურსზე და დარწმუნებული ვარ, იქიდანაც რაიმე პრიზს ჩამოვიტან. ზაფხულში ბოსნიაში მივემგზავრები, ასევე კონკურსზე. შუალედში კი ლატვიაში მომიწევს წასვლა, მიწვევა მაქვს ბაქოდანაც, დაახლოებით, ერთი თვით. ასე რომ, „დაქოქილი“ ვარ, წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს.