როგორ სცემა ცნობილი იაპონელი ჩემპიონები თბილისელმა მილიციის კაპიტანმა მოსკოვის ძიუდოს კომპლექსში
ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ მილიციის კაპიტანი ონისე გასვიანი, რომელიც განსაკუთრებული სიმამაცით იყო გამორჩეული. ჩვეულებრივი აღნაგობის მიუხედავად, 180 სანტიმეტრი და 80 კილოგრამი, ონისე არაადამიანური ძალის პატრონი იყო და იფიქრებდით, რკინა-ბეტონისგანაა ჩამოსხმულიო.
1976 წლის თებერვალში მე და ონისე მოსკოვში გაგვაგზავნეს ორთვიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ჩვენ „მურის“ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და მეცადინეობებზე „ემვედეს“ სპორტდარბაზში დავდიოდით, სადაც ძიუდოისტთა ბაზაც იყო და საბჭოთა ნაკრები ვარჯიშობდა.
ერთ მშვენიერ დღეს სასროლეთიდან ამოსულებს გზა აგვერია და გასასვლელის ნაცვლად, საჭიდაო კომპლექსში ამოვყავით თავი.
დავბორიალობთ, გასასვლელს ვეძებთ და ამ დროს ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსულ, შუა ხნის იაპონელ მამაკაცს ონისე შემთხვევით დაეჯახა და წააქცია. ძალიან შეწუხდა, მოუბოდიშა და ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად. ის გამხდარი იაპონელი კი მარდად წამოხტა ფეხზე, ონისეს სილა გააწნა და მედიდური გამომეტყველებით დააპირა იქიდან წასვლა. მაშინ ონისემ ქეჩოში ჩაავლო ხელი, პანღური ამოარტყა და ქართულადაც შეუკურთხა... იაპონელი არ წაქცეულა, რადგან ონისემ მისი ასაკი და აღნაგობა გაითვალისწინა. უბრალოდ ამოარტყა პანღური, თორემ ძალა რომ ეხმარა, იმ გამხდარ იაპონელს კედელზე ტყლაპივით ააკრავდა...
ეს ეპიზოდი იმ პანღურამორტყმული იაპონელის თანმხლებმა პირებმა იხილეს, რომლებიც კიმონოებსა და სუმოისტების უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილი. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ეს ექვსი გოლიათი, პანღურამორტყმულის ბრძანებით ონისე გასვიანისკენ დაიძრა... პირველად ონისესთან თეთრკიმონოიანი გოლიათი ძიუდოისტი მივიდა და საყელოში სცადა მისთვის ხელის ჩავლება. ონისემ დაასწრო, კიმონოში სწვდა, კისრულზე წამოიღო და ძირს დაანარცხა... შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მძაფრსიუჟეტიან ბოევიკში. ონისემ კიდევ სამი ძიუდოისტი აფრინა აქეთ-იქით და მათ ერთი გოლიათი სუმოისტიც მიაყოლა. მეორე სუმოისტს კი „ბოინგივით“ დაეჯახა, კედელს შეახეთქა და გონმიხდილი ძირს დააგდო...
პანღურამორტყმული იაპონელი, მათი ცოცხალი ლეგენდა, ვინმე ასახი აღმოჩნდა. მას ძიუდოისტები და სუმოისტები მამას უწოდებდნენ და თითქმის ყველა იაპონელი ჩემპიონი მისი აღზრდილი ყოფილა. ამიტომაც გააოცა (რბილად რომ ვთქვათ) თავისი აღზრდილების ასეთმა „გაფარჩაკებამ“. მისი აღსაზრდელები კი, რომლებიც ონისემ აქეთ-იქით მიყარ-მოყარა, აღმოჩნდნენ ცნობილი სუმოისტი, დაუმარცხებელი ჩემპიონი კასატუმუ და ასევე დაუმარცხებელი ძიუდოისტი ჩემპიონი, იამასიტა (სხვებზე არაფერს ვამბობ). იამასიტა იმ პერიოდში ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსს ატარებდა, ორი თვის მერე მეორედ მოიგო ეს ტიტული, შემდეგ მესამედაც და ისე დატოვა ტატამი, არ წაუგია.
ერთი სიტყვით, სკანდალი სახეზე იყო და დაქოქილი ონისე უკვე შეტევაზე გადასვლას აპირებდა იაპონელების „მეორე წრეზე“ გასაშვებად, რომ ძიუდოს დარბაზიდან საბჭოთა მოჭიდავეები და მათი მწვრთნელებიც გამოვიდნენ. მათ შორის ცხონებული შოთა ჩოჩიშვილიც იმყოფებოდა. ისინი იაპონელ ათლეტებს ელოდნენ, რომ ერთობლივი წვრთნა ჩაეტარებინათ. მიყრილ-მოყრილი იაპონელების მამა დემონსტრაციულად შეტრიალდა და შერცხვენილმა დატოვა იქაურობა. ჩოჩიშვილმა და მისმა მეგობრებმა იქვე შეგვარიგეს იაპონელ ათლეტებთან და ჩვენი გზით წამოვედით... საღამოს კი ჩვენს საერთო საცხოვრებელში თავად იაპონელი ათლეტების მამა ასახი გვეწვია თარჯიმანთან ერთად. ონისეს ეხვეწებოდა, მასთან დაეწყო ვარჯიში და ჰპირდებოდა, ჩემპიონს გაგხდი და მილიონერი იქნებიო... ონისემ ასახი უარით გაისტუმრა. მისგან კი ერთი თვის მერე, სამურაის ხმალი მიიღო საჩუქრად, რომელიც ტოკიოდან თბილისში ჩამოუვიდა...
პოლკოვნიკ ბორის მესხის ნაამბობის მიხედვით