რის გამო ლანძღავდა ნოდიკო ტატიშვილს ორი ქალი ერთდროულად და რატომ მიაკერა მან გოგონები ლეიბზე
„ჯეოსტარი 2009-ის“ გამარჯვებული ნოდიკო ტატიშვილი ძალიან თბილი, კომუნიკაბელური, გულღია და საყვარელი ადამიანია. მაგრამ, პატარაობისას ისეთი ცუდი ბავშვი ყოფილა, რომ მშობლებსაც სისხლს უშრობდა და არც თავისი დის მეგობრებს ინდობდა. ამიტომ, მასთან ერთად დასასვენებლად წასვლას ყველა თავს არიდებდა. ნოდიკო ახლაც ხშირად ხვდება გამოუვალ და კურიოზულ სიტუაციებში, მაგრამ არც ერთხელ არ „გაჭედილა“. ამ დროს, მისი თქმით, გონებას „ჩართავს“ და, მორჩა – პრობლემა მოგვარებულია.
ნოდიკო ტატიშვილი: გაუგებრობის გამო ხშირად ჩავვარდნილვარ გამოუვალ სიტუაციაში, მაგრამ, ამ დროს გონებას „ჩავრთავ“ ხოლმე და პრობლემა აღარ მექმნება – ხან იუმორით ვიძვრენ თავს, ხანაც – კომუნიკაბელურობით. ამ ბოლო დროს, ადამიანები ხშირად მესალმებიან ქუჩაში. ხანდახან ისე თბილად მომიკითხავენ, გაოგნებული ვდგავარ, ვუყურებ და ვფიქრობ – რა მჭირს, აშკარად ახლობელია, მაგრამ, რატომ ვერ ვცნობ, სკლეროზი ხომ არ დამემართა-მეთქი (იცინის).
– ამბობენ, ნოდიკო ისეთი ბავშვი იყო, მტრისასო. სიცელქის გამო ხშირად ისჯებოდი?
– მართალია, ძალიან აუტანელი, საშინლად ცელქი ბავშვი ვიყავი და ამის გამო ხშირადაც ვისჯებოდი. ერთხელ, ახალი ავეჯი იყიდეს ოჯახში. გააწყვეს მისაღები ოთახი. ავიღე ჩაქუჩი, შევიპარე ოთახში და პატარა ჟურნალების მაგიდას კუთხეები ჩამოვამტვრიე. გადაირივნენ ოჯახის წევრები, იმდენი მომხვდა, რუსულ „ბარაბანს“ რომ არ მოხვედრია (იცინის). დამალვა მიყვარდა ხოლმე – შევძვრებოდი საწოლის ან კარადის ქვეშ და საათობით ვაძებნინებდი დედ-მამას თავს. ამის გამოც მხვდებოდა, მაგრამ მაინც არ ვეპუებოდი. მე მეცხრე სართულზე ვცხოვრობდი, მეხუთე სართულზე კი ცხოვრობდა ხათუნა, რომელიც მაგარ ტორტებს აცხობდა. ჩავიპარებოდი მასთან და ტორტის კრემს მაჭმევდა – გამოვუყოფდი ენას, ის კი სპეციალური მოსართავით კრემით ენაზე ვარდს დამასვამდა და ამაზე ვგიჟდებოდი. ამასობაში მთელი ოჯახი მეძებდა 3-4 წლის ბავშვს. ბოლოს გამიგეს, მაგრამ რაღას იზამდნენ, ხომ არ მომკლავდნენ ამ განებივრებულ ბავშვს?! ზუსტად ვიცი, ჩემი შვილი ორჯერ მეტად ცელქი იქნება და ახლავე ვემზადები გამწარებული სიბერისთვის (იცინის).
– დასასვენებლად წასული, რატომ უწამლავ გოგონებს ნერვებს? გავიგე, შენთან ერთად ზღვაზე წასვლა სასჯელის ტოლფასიაო. ასეთს რას სჩადიხარ?
– (იცინის) რაც მე ზღვაზე ჩემს დასა და მის მეგობრებს ვამწარებდი, ნუ იტყვით. ჩემი და ჩემზე ექვსი წლით უფროსია. ერთხელ, ბათუმში წავედით დასასვენებლად, იქ თავისი დაქალები დახვდნენ და, ხომ წარმოგიდგენიათ, გოგონები ზღვაზე და ერთი მოზარდი ნოდიკო მათ გვერდით?! სადმე რომ მიდიოდნენ, მეუბნებოდნენ, შენ ნერვებს მოგვიშლიო და სახლში მტოვებდნენ. ერთ დღესაც, გავბრაზდი, ვიფიქრე, გიჩვენებთ სეირს-მეთქი. ავდექი, ამოვუქექე მთელი პარფიუმერია, მეორე სართულიდან გადავღვარე შამპუნები, ტონალურები, კრემები, საშინელებები ჩავიდინე. გვიან მოვიდნენ და დაწვნენ. მე კი ღამით ავდექი და ჩემი და და მისი დაქალი ლეიბზე მივაკერე. ისე ეძინათ, ვერ გაიგეს. დილით ადრე ავდექი და მათ რეაქციას დაველოდე. რომ გაიღვიძეს, სულ გაგიჟდნენ (იცინის), ვერ მიხვდნენ, რა მოუვიდათ, რატომ ვეღარ დგებოდნენ. ძლივს აიწიწკნეს თავი, მერე, პარფიუმერია რომ ნახეს, ატყდა რეკვა თბილისში – ეს ვინ გამოგვაყოლეთ, ამის გვერდით ას მეტრშიც კი არ გავივლით, გადაგვრიაო (იცინის). ორი ქალი, ერთად მლანძღავდა, მე კი სიცილით ვბჟირდებოდი.
– საქმის გარჩევებში თუ მიგიღია მონაწილეობა და ამის გამო გაუგებრობაში თუ მოხვედრილხარ?
– ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ამის გამო ხშირად მივყვებოდი ხოლმე სკოლის ბიჭებს „გარჩევებზე“. მაგრამ, ერთხელ მე დამემართა ისეთი... მოკლედ, ძმაკაცებთან, მათ ცოლებთან და შვილებთან ერთად დაბადების დღეზე ვიყავი და იქიდან გვიან ვბრუნდებოდით სახლში ფურგონი „ოპელით“. ბევრნი ვიყავით, ამიტომ, ზოგი ფურგონის უკანა მხარეს ჩაჯდა, ანუ, გავნაწილდით, როგორც შეგვეძლო. გაგვაჩერა პატრულმა. საჭესთან მეგობრის მეუღლე იჯდა. ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. პატრულმა „გაჭედა“ – გინდა თუ არა, უნდა დაგაჯარიმოთ. მართალია, საბუთები წესრიგში გაქვთ, მაგრამ, მგზავრთა არასწორი გადაყვანის გამო ჯარიმა უნდა გამოგიწეროთო. ჩვენ აქედან ვუთხარით, საქეიფოდ ვიყავით, ვერ ჩავეტიეთ და, აბა რა გვექნაო, ის კი იქიდან „გვაწვება“ – არ შეიძლება, ეს დარღვევააო და ასე შემდეგ. მოკლედ, ვერ შევთანხმდით. ვიფიქრეთ, გადმოვალთ მანქანიდან და ასე ავუხსნით საქმესო, მაგრამ, იქ ჩხუბი ატყდა?! – დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ჩვენ ოთხნი ვიყავით, პატრულები კი ორნი იყვნენ. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. არ გავიდა რამდენიმე წუთი, მოვარდა ექვსი საპატრულო მანქანა და ახლა ისინი ჩაერივნენ ბრძოლაში. ისეთი, ამბავი ატყდა, ბოევიკური ფილმი მიმიქარავს, მიდიოდა „ბოი ბეზ პრავილ“. ვინ ვის ურტყამდა, ვინ ვის აშველებდა, კაცი ვერ გაიგებდა. არადა, ჩემი ძმაკაცი ცარიელი ძვალი და ტყავია, ისეა გამხდარი, იმის მორევას რა უნდა? რომ დავინახე, ის საწყალი ძირს დააგდეს და ხელბორკილები დაადეს, მეორე – მანქანაზე გადააწვინეს და იმასაც ბორკილები დაადეს, მესამეს თავზე მოჰკიდეს ხელი და მანქანაში ჩატენეს, ამიტყდა ისტერიკული სიცილი – ჩავიკუზე და ვიხევი სიცილით. ჩემი ძმაკაცის ცოლ-შვილი კი შორიახლოს დგას და თავს იკლავენ ტირილით. მომიახლოვდა ერთ-ერთი პატრული და გაოცებული მეკითხება – შენ „დაბოლილი“ ხომ ხარ, ძმაოო? გამიკვირდა, როგორ გეკადრებათ, საერთოდ არ მომიწევია, რა „დაბოლილი“, რის „დაბოლილი“, „გავიქაჩე“ – ეს როგორ მაკადრე-მეთქი, ისინი კი მეცნენ, დამადეს ხელბორკილები და მეც მანქანაში ჩამაბრძანეს. მიგვიყვანეს განყოფილებაში. მოკლედ, დამაპატიმრეს. დილამდე „კაპეზეში“ ვიჯექი ჩემს ძმაკაცებთან. იქ რომ შეგვიყვანეს, ოთახში ამაღლებული ადგილი იყო, სადაც უნდა დაწვე, დაჯდე და ასე შემდეგ. მე კი, სცენა მეგონა და კონცერტი გავმართე (იცინის). მერე ბიჭები შაყირობდნენ, რა გამღერებდა, შე საწყალო, დაჭერილი იყავი და „კაპეზეში“ იჯექიო. კიდევ კარგი, ოჯახის წევრები წინასწარ გავაფრთხილე, მეგობრებთან ვრჩები-მეთქი, თორემ, ნერვიულობით დაიხოცებოდნენ. დილის 9 საათზე მიგვიყვანეს სასამართლოში, გამოგვიწერეს 400-400-ლარიანი ჯარიმები. სახლში რომ მივედი, დავსვი ოჯახის წევრები და ვუთხარი, სანამ თქვენ გაიგებთ, მე გეტყვით – მთელი ღამე დაჭერილი ვიყავი-მეთქი. ჯერ გაჩუმდნენ, შემდეგ კი მამაჩემმა ისეთი გინება მომაყოლა და დედაჩემმა – ისეთი სართულებიანი წყევლა, მტრისას! (იცინის) მეგობრებს რომ ვუყვებოდი ამ ამბებს, არ მიჯერებდნენ – შენ და დაჭერა ვერ წარმოგვიდგენიაო. მერე კი ხალისობდნენ – ნოდიკო, პატრული და „კაპეზეო“.
– შეყვარებულისთვის ორიგინალური სიურპრიზების გაკეთება გიყვარს?
– პირველი ორიგინალური საქციელი, როგორც შეყვარებულმა ბაღის ასაკში გავაკეთე: სახლში სუვენირი მოვიპარე და მზიკოს წავუღე. ამის გამო დასჯას ავცდი, მაგრამ, დედამ გამაფრთხილა, აწი არ დაგავიწყდეს, რომ დაუკითხავად არ უნდა გაიტანო სახლიდან რამე, თუნდაც შეყვარებულის გამოო. ერთხელ, ძმაკაცმა გვთხოვა მეგობრებს, მინდა, შეყვარებულს ვუმღერო ფანჯრებთანო. ჩვენც ავყევით და ისეთი კონცერტი გავუმართეთ იმ გოგოს, მთელი უბანი ტაშს გვიკრავდა. ის გოგო გვეხვეწებოდა მერე, კიდევ მოდით, თორემ სამეზობლომ შემაწუხა, კიდევ გვინდა ცოცხალი კონცერტი უბანშიო (იცინის). პირადად მე არასდროს მიმღერია შეყვარებულის ფანჯრებთან, თუმცა, მიყვარს, როცა ისეთ რამეს ჩავიდენ, რომ მის თვალებში გაოცებას ვკითხულობ.