კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაიწყო თბილისელი ლეილა სოფოევასა და ინდური კინოს მეგავარსკვლავის – ამიტაბჰ ბაჩანის მეგობრობა და თანამშრომლობა ბოლივუდში

უკვე მეთერთმეტე წელია, რაც ჩვენი თანამემამულე, თბილისელი ლეილა სოფოევა ბოლივუდში ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ინდური კინოს უამრავ ვარსკვლავთან.  ლეილა ისხენებს, რომ წლების წინ, ბავშვობაში, ამ სამყაროში მოხვედრაზე მხოლოდ თუ იოცნებებდა. რა გზა განვლო ჩვენმა რესპონდენტმა ოცნებიდან რეალობამდე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ

ლეილა სოფოევა: დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 160-ე სკოლა დავამთავრე. საერთოდ, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ინდური ფილმები და უკვე მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ინდური ენა შემესწავლა. გამოვიწერე მოსკოვიდან ინდური ენის „თვითმასწავლებელი“ და შევუდექი მეცადინეობას. სკოლა 1989 წელს დავამთავრე და იმ წელსვე ჩავაბარე მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტში. ჩემი სტუდენტობის პერიოდში საბჭოთა კავშირში ინდოეთის კულტურის დღეები ჩატარდა, რომელზეც მთელი ჯგუფი პრაქტიკაზე გაგვიშვეს. ასე რომ, თან ვმუშაობდი, თან პრაქტიკას გავდიოდი, თან ვსწავლობდი.

მოგვიანებით ისე მოხდა, რომ გორკის და რაჯ კაპურის კინოსტუდიებმა გადაიღეს ერთობლივი ფილმი. რომელშიც ჩვენი, ქართველი მსახიობებიც იყვნენ დაკავებულნი: ზურა ქაფიანიძე, აბესალომ ლორია, არიადნა შენგელაია... ინდოეთიდანაც ბევრი ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას. მახსოვს, გადაღებების შემდეგ, იალტის ერთ-ერთ რესტორანში ჩვენი, ქართული შემადგენლობიდან მე და ზურა ქაფიანიძე ინდოელებს ქართულ ცეკვას „შალახოს“ ვასწავლიდით. როცა უნდა გვენახა რა შეითვისეს, „შალახოს“ მაგივრად, შედარებით ნელი, „სულიკოს“ მელოდია დაუკრეს და ინდოელები განცვიფრებულები დარჩნენ, ამ რიტმს ეს მოძრაობა არ უხდება და როგორ ვიცეკვოთო?! (იცინის) ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი ურთიერთობა კინოსამყაროს ინდოელ წარმომადგენლებთან.

– ამის შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

– ამის შემდეგ რამდენჯერმე მომიწია კინოფესტივალებზე თარჯიმნობა, სადაც დავუახლოვდი უამრავ ინდოელ მსახიობსა და რეჟისორს და სწორედ მათ მიმიწვიეს ბოლივუდში პროდიუსერად.

– რომელ წელს მოხვდით თქვენი ოცნების ქალაქში?

– ბოლივუდში ვარ 1998 წლიდან. 28 წლის ასაკში ავისრულე ნატვრა და მოვხვდი იმ სამყაროში, რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი.

– გაგვიზიარეთ პირველი შთაბეჭდილებები.

– რასაც ველოდი, იმაზე გაცილებით ბევრი და საინტერესო შთაბეჭდილება მივიღე. ჩემთვის ისიც დიდი ბედნიერება იყო, რომ ხუთი წუთით მაინც დამენახა ინდური კინოს ვარსკვლავები, ახლა კი მათთან ერთად მიწევდა მუშაობა.

ჩემი საყვარელი მსახიობი იყო ამიტაბჰ ბაჩანი. ეს მთელმა სკოლამ იცოდა და ზედმეტ სახელად „ბაჩანს“ მეძახდნენ. რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ მისი პროდიუსერი გავხდებოდი. გარდა ამისა, დღეს ჩვენ მეგობრები ვართ და მის ოჯახშიც ხშირად დავდივარ სტუმრად.

– დღესდღეობით როგორ მიმდინარეობს თქვენი ცხოვრება?

– დღესდღეობით ჩემი ცხოვრება გადაჯაჭვულია ამ ხალხთან და ძალიან მინდა, რომ საქართველო და ინდოეთი დავაკავშირო ფილმებით. ამას წინათ ქართველი მსახიობები გადაღებებზე მყავდა წაყვანილი გოაში. ფილმს ჰქვია „ყველაფერი კარგად იქნება“, რომლის ლაინ-პროდიუსერი მე ვიყავი. იმ ჯუფიდან ერთ-ერთი მსახიობი, შორენა ბეგაშვილი, ძალიან ჰგავს ადგილობრივ სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს და ქუჩაში რომ გამოდიოდა, ყველა უცინოდა.

ახლახან კიდევ ერთი ქართველი მოდელი გოგონა ჩამოვიყვანე ინდოეთში – მარი პაპიაშვილი. ძალიან მოსწონთ და ბევრ რეკლამაში გადაიღეს უკვე. ახლა იწყება მარის კარიერა. შარშანწინ თბილისში მყავდა რეჟისორი და პროდიუსერები, მათ ქართველი გოგონა აარჩიეს ფილმში გადასაღებად, მაგრამ აგვისტოს მოვლენებმა ყველაფერი უვადოდ გადადო. ინდოელებს მოსწონთ ქართველები და მეც ვუხსნი, რომ საქართველოში ყველა გოგო ლამაზია-მეთქი. ამ ეტაპზე ინდოელებს ძალიან ბევრი გოგონა ჩამოჰყავთ ბრაზილიიდან და ბოლივუდში ასაქმებენ. შეიძლება ითქვას, ახლა ეს აქ მოდური ტენდენციაა. მე კი მინდა, რომ ქართველების სილამაზით აღფრთოვანდნენ და ქართველ გოგოებზე იყვნენ გაგიჟებულები. (იცინის).

– რომ დავკონკრეტდეთ, თქვენი საქმიანობა ბოლივუდში რით შემოიფარგლება?

– როგორც ხუმრობით ამბობენ, საქართველოს ელჩი ვარ ბოლივუდში (იცინის). რაც კი პროგრამები მზადდება ინდოეთის „ენტევეზე“, რაც საყიდელია მაუწყებლობისთვის – ფილმები იქნება, კონცერტები, თუ სხვა რამ, ყველა კონტრაქტს მე ვაგვარებ. ვმუშაობ ძალიან კარგი და თბილი ხალხის გვერდით. სხვათა შორის, აქაური მსახიობები არ არიან ამაყები და ქედმაღლები. თუ რამე პრობლემა მექმნება, ყოველთვის მოდიან ხოლმე დასახმარებლად. გიჟდებიან, ისე სიამოვნებთ და უხარიათ, ინდურ ენაზე რომ ვმეტყველებ. წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩამოსული უცხოელი რომ ქართულად გაგესაუბროთ, როგორ გაგიხარდებოდათ. ასე არიან ესენიც.

– რა იციან თქვენმა თანამშრომელმა ინდოელებმა საქართველოს შესახებ?

– ბოლივუდში გიჟდებიან საქართველოზე, ჩვენ მათ ყოველთვის ვუყვებით ჩვენს სამშობლოზე. შარშან, ომი რომ იყო, ყველანი მირეკავდნენ და თანამიგრძნობდნენ – ყველაფერი კარგად იქნებაო. ძალიან უყვართ ქართული ღვინო, განსაკუთრებით – წითელი. როცა ჩამომაქვს, სულ დამდევენ – ჩვენც გაგვასინჯე, ყველა რომ აქებსო (იცინის) რაჯ კაპურის ძმას, შაში კაპურს ძალიან უყვარს არაყი. ერთხელ მას საქართველოდან ჭაჭის არაყი ჩამოვუტანე საჩუქრად. ეჭვით მკითხა – ტეკილაზე მაგარი იქნებაო? მე ვუთხარი, გასინჯე და გაიგებ-მეთქი. ჰოდა, რომ გასინჯა, იმის შემდეგ ორი დღე მთვრალი დადიოდა. მთელი მსახიობები აშაყირებდნენ – ეგეც შენი ტეკილაზე მაგარი სასმელიო. (იცინის). მერე რომ მხვდებოდა ხოლმე, მეუბნებოდა, არაყი კი არა ბომბი იყოო.

ნოემბერში გოაში ტარდება კინოფეტივალი. გადაწყვეტილი მაქვს, ამ ფესტივალზე მოვიწვიო ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და მათი მეშვეობით გავაცნო ინდოელებს ჩვენი კულტურა.

– სხვა ქართველები მოღვაწეობენ მანდ, ბოლივუდში?

– აქ ჩემი დაქალები არიან, ტყუპი დები, მულტიპლიკატორები თინა და ირინა წიქარაძეები, ისინიც ბოლივუდში მოღვაწეობენ. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ.

– რომელ ცნობილ მსახიობებთან გაქვთ ურთიერთობა?

– ბევრთან. კარგად ვიცნობ რიტიკ როშანს, აიშვარია რაის.

– აიშვარია რაის საქართველოშიც კარგად იცნობენ.

– აიშვარია რაი ძალიან კარგი ადამიანია. ისეთი თავმდაბალია, რომ ვეუბნები, ლამაზი ხარ-მეთქი, სულ მეუბნება, ჩემზე ლამაზი არავინ გინახავს? მე რა ლამაზი ვარო... უცნაურია (იცინის).

– გადასაღებ მოედანზე, ალბათ, ყოველთვის მხიარულობთ.

– გადაღებებზე სიარულს მუდამ თან სდევს კურიოზები. ამას წინათ, თეთრი ცხენი გვჭირდებოდა ფილმისთვის და ახლომახლო ვერსად ვიპოვეთ. ავდექით და ყავისფერი ბედაური შევღებეთ, ჭერს რომ ღებავენ თეთრად, ზუსტად ისე, ცარცით (იცინის). როგორც კი რეჟისორმა „მატორ“ დაიძახა, წვიმაც წამოვიდა და, სანამ მთავარმა გმირმა მოედნამდე მოირბინა, ჩვენი თეთრი რაში უკვე ალაგ-ალაგ ჩამორეცხილიყო და ზებრას ჰგავდა.

ეკა სალაღაია


скачать dle 11.3