კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყის
იხ. „თბილისელები“ ¹28-11(481)

არაფერი ისე არ ღლის და თრგუნავს ადამიანს, როგორც გაურკვევლობა. ტყუილად კი არ უთქვამთ, გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო. „გაჟეჟილი“ – სწორედ რომ გაურკვევლობაა. „გატეხილი“ ცუდია, მაგრამ, მაინც გარკვეული მდგომარეობა. ვარიანტების ალბათობამ და რაოდენობამ, შეიძლება, ჭკუაზე შეგშალოს. ყველაზე ცუდი სიმართლეც კი უკეთესია ყველაზე ლამაზ ტყუილზე. მაგრამ, აქ უკვე არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. ანუ, ამ შემთხვევაში, შეიძლება, დიდხანს და საფუძვლიანად ვიდავოთ, იმიტომ რომ, ზუსტად იმდენი ჭეშმარიტება არსებობს, რამდენი ადამიანიც დადის დედამიწაზე. ბევრი გეტყვით, რომ მისთვის ლამაზი ტყუილი უფრო მისაღებია, ვიდრე სიმართლე, რომელიც ზოგჯერ ყველაფერს აფუჭებს, მაგრამ, სიმართლეს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს – არ იმალება!.. ადრე თუ გვიან, ის მაინც წამოყოფს თავს და, ყველაფერი დავიწყებული რომ გგონია, სწორედ მაშინ ჩაგიკაკუნებს...

***

ჟანმა ხელსახოცი აიღო და მუხლებზე გადაიფარა. სახე ისევ მოღუშული და დაღვრემილი ჰქონდა, გამოხედვა – ფიქრიანი. ნიკუშამ თავი ვალდებულად ჩათვალა, რაღაც ეთქვა:

– ჩემი აზრით, ტყუილუბრალოდ ნერვიულობთ. მან ის თქვა, რაც უნდა ეთქვა, მეტი არაფერი.

– მე ასე არ ვფიქრობ, – ჟანმა ჩანგლის წვერით ცოტა სალათა აიღო, ცოტა ხანს უყურა და პირში ჩაიდო. ლუკმა გადაყლაპა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო სათქმელი, – დიახ, მას ბოლომდე არ უთქვამს ის, რისი თქმაც უნდოდა. მე ნამდვილად დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება.

– ის გამომძიებელია, ჟან, თავის მოვალეობას ასრულებდა. პროფესია აქვს ისეთი, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით უნდა უყუროს. პირადად მე არ გავუღიზიანებივარ მის შეკითხვებს.

– არა, არა, აქ მთავარი შეკითხვების შინაარსი არ არის. მე მისმა ტონმა გამაღიზიანა და საგონებელში ჩამაგდო. შენ, შეიძლება, ყურადღება არ მიაქციე, მაგრამ მე ასეთი რაღაცეები არასდროს გამომპარვია.

– ის, უბრალოდ, ბოღმიანი ადამიანია და ამ ბოღმას ვერ ფარავს, მეტი არაფერი. მე ხშირად შემხვედრია ასეთები და ყოველთვის შემცოდებია ისინი, – გაეღიმა ნიკუშას.

– იცი, პრობლემა რაშია? ის, მხოლოდ დაბოღმილი ადამიანი არ არის, კანონის დამცველია და, თუკი ემოციას, ან, კიდევ უარესი – საკუთარ ბოღმას აჰყვება, მეც დამაზარალებს. პასუხისმგებლობის გრძნობა – აი, რა არის პროფესიონალისთვის უმთავრესი და მას ემოციასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. პირადად მე საკუთარი თავი ავტორიტეტად არ მიმაჩნია – ღმერთმა დამიფაროს! ჩემი საყვარელი საქმე რომ მქონდეს, იქ, ალბათ, ავტორიტეტიც ვიქნებოდი და ღმერთიც, მაგრამ ჯერ ღირებული არაფერი შემიქმნია. ცოტ-ცოტა ყველაფერი ვიცი, მაგრამ ამას ავტორიტეტთან არაფერი აქვს საერთო. თანაც პროფესიონალიზმი იმის აღიარებასაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვერაფერი ისწავლე. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმ გამომძიებლისთვის არ შემიმჩნევია, – ჟანმა ყველი გადაიღო, –ელენეს უნდა დავურეკო, ჩამოვიდეს.

– ჰო, აჯობებს, აქ იყოს. ფიქრობ, რომ კიდევ გვესტუმრება?

– ვინ? ჩვენი „პროფესიონალი“? – დაუფარავი ზიზღით ჩაილაპარაკა ჟანმა, – აუცილებლად. დღევანდელი დღე „მოთელვა“ იყო. საჩვენებელი გამოსვლა წინ გველის.

– დედაჩემს ადანაშაულებს?

– ჯერ ასე დანამდვილებით ძნელია თქმა, მაგრამ, ვვარაუდობ, რომ არც ჩემ მიმართ უნდა იყოს ნდობით განმსჭვალული.

– ტყუილად ნერვიულობთ, მას არაფერი აქვს ამის დასადასტურებლად.

– ცრუ ბრალდებაც ძალიან ცუდია. მით უმეტეს, როცა საქმე ჩემნაირ ადამიანს ეხება. სნობი არ ვარ, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩემი წარმოშობის წყალობით, სხვაზე ცოტათი მაინც მაღლა ვდგავარ.

– ეგ რას ნიშნავს?

– ტიტული რაღაც პრივილეგიებს მაინც მანიჭებს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

– გენიალურია, – გაიცინა ნიკუშამ.

ჟანმა არ გაიზიარა მისი აღფრთოვანება.

– გენიალური კი არა, ბუნებრივია. ეს ტრადიციებისადმი პატივისცემაა. მან იცის, რომ შეიძლება, დამნაშავე ვიყო, მაგრამ, მასთან შედარებით უპირატესობა მაინც მექნება.

– არასოდეს მინახავხართ ასეთი აღელვებული და მკაცრი. არც მეგონა, საერთოდ თუ შეგეძლოთ გაბრაზება.

– ჰო, არ მიყვარს ჩემი ემოციების საჯაროდ გამომზეურება. მე ფრანგი ვარ და, ზოგჯერ, შეიძლება შევიგინო კიდეც. არც ის მაღელვებს, რას ფიქრობენ ან იტყვიან ჩემზე სხვა ადამიანები. მაგრამ, მაქვს პრინციპები, რომლებსაც არასოდეს ვუღალატებ. ვერ ვიტყვი, რომ ამაყი არ ვარ, მაგრამ ვცხოვრობ დღევანდელი და ხვალინდელი დღით და... არავითარ შემთხვევაში – გუშინდელით. დრო ყველაზე დიდი ფუფუნებაა. უფლება არ გვაქვს, ეს ფუფუნება ქარს გავატანოთ.

– ესე იგი, დედაჩემი ჩამოვა – თითქოს თავის ფიქრებს უპასუხა ნიკუშამ. ჟანი მიხვდა, რომ ის, ფაქტობრივად, არ უსმენდა.

– ისევ არ ხარ მზად მასთან შესახვედრად?

– არ ვიცი. ვერაფრით მოვუძებნე მაგ კითხვას პასუხი. ძალიან მიჭირს. ამდენი წელი ტყუილში მაცხოვრა. ვერ შევძლებ, ვერასოდეს შევძლებ ამის დავიწყებას.

– ძალიან აზვიადებ. მოვლენებსა და ფაქტებს გამადიდებელი შუშით აკვირდები – ეს არის შენი მთავარი პრობლემა. დაუტოვე წარსული წარსულს. დღეს სხვა რეალობა გაქვს და ამ რეალობით იცხოვრე. მოინდომე და შეძლებ ამას. დრო ძალიან სწრაფად გადის. ის შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო.

ნიკუშამ ჩანგლით მაგიდაზე დააკაკუნა.

– მეც სულ ამას ვუმტკიცებ საკუთარ თავს. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ ახალი რეალობა მიიღოს, მაგრამ, არაფერი გამომდის. ლამის გავგიჟდე... რომ შემეძლოს, ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა.

– იცი, სხვა, უფრო სერიოზულ პრობლემაზე უნდა იფიქრო – ეს ძალიან შველის. მაგალითად, მე ახლა მარტო ნახატის ქურდობასა და ამ უზრდელი გამომძიებლის ვერსიებზე ვფიქრობ.

– სამწუხაროდ, ეს ამბავი ჩემთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ გონება მთლიანად მაგაზე გადავრთო, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ, – ალბათ, ეგოისტი გგონივართ, მაგრამ, მერჩივნა, გარდა ნახატის დაკარგვისა, ჩემს ცხოვრებაში სხვა პრობლემა არ ყოფილიყო. იმავეს ვუსურვებდი დედაჩემს.

– ჰო, მაგრამ ნახატი ორ მილიონ დოლარზე მეტი ღირს. იმის თქმა, რომ ამ ფულის ბედი საერთოდ არ გაღელვებს, სიგიჟეა...

– შეიძლება, მაგრამ მეც მაქვს ცხოვრებაში ჩემი პრინციპები. ჩემი ძმაკაცის სიმამრის გამო დაიღუპა ადამიანი, რომელიც ყველაფერი იყო ჩემთვის და, ესეც არ არის ყველაფერი. ის და დედაჩემი... – ნიკუშას ხმა ჩაუწყდა.

ჟანი პირქუშად ჩააშტერდა დანის წვერს.

– ვიცი, არ უნდა ვამბობდე ამას. თქვენთვის განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია საკუთარი ცოლის წარსული, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

– სულაც არა, – ჟანმა თავი ასწია. მისი ხმა მშვიდად და დამაჯერებლად ჟღერდა, – მართლა არ არის მძიმე მოსასმენი. ელენეს ცოლობა ისე ვთხოვე, მისი წარსულის შესახებ არაფერი მიკითხავს და არც არასდროს ვკითხავდი, თვითონ რომ არ მოეყოლა. არ შეიძლება, იმაზე იეჭვიანო, რაც შენ საერთოდ არ გეხება.

ნიკუშა გაწითლდა:

– მე არ ვეჭვიანობ, მე გამწარებული ვარ, გაცოფებული და თავმოყვარეობაშელახული. ჩემი ღირსება ფეხქვეშ გათელეს.

– აი, ისევ აზვიადებ, არ გინდა, დამიჯერე. იფიქრე შენს მომავალ შვილზე.

ნიკუშას სახეზე განცვიფრება გამოესახა. ჟანმა დაასწრო და სანამ რამეს ჰკითხავდა, თვითონვე განუმარტა:

– ელენემ მითხრა, რომ რაღაც ხდება.

– „რაღაც“, ოღონდ, ჯერ მეც არ ვიცი – რა. არაფერია გარკვეული.

– მერე, გაარკვიე, ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებ. მეც მაქვს საქმე – ნახატთან დაკავშირებულ ამბავში უფრო აქტიურად უნდა ჩავერთო. ვერ მოვისვენებ, სანამ იმ ტუტუცს ბოდიშს არ მოვახდევინებ. ვერც კი ხვდება, რა მაკადრა.

– რაღაც მომენტში, მომეჩვენა, რომ მისი ზოგიერთი მოსაზრება ლოგიკასთან ახლოს იყო.

– საქმეც ეგაა. მეც დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ, ასეთი ვარაუდები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს. მე კი ის კაცი არ ვარ, საკუთარი ცოლი ნახატის მოპარვაში დავადანაშაულო.

– მეც გეთანხმებით, რომ ეს აბსურდია, სასაცილომდე აბსურდი. დედაჩემი და – ქურდებთან შეკრული?! არა, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. ყველაფერი შემიძლია, წარმოვიდგინო, დედაჩემმა გული ძალიან მატკინა, მომატყუა და, შეიძლება ითქვას, იმედიც გამიცრუა, მაგრამ ქურდობას ვერ დავაბრალებ, ეს უსამართლობა იქნება.

ჟანმა მუხლებზე გადაფარებული ხელსახოცი მაგიდაზე დააგდო და წამოიძახა:

– როგორ გაბედა! მოვიდა აქ, ჩემს მამულში და შეურაცხყოფა მომაყენა! ამას ასე არ დავტოვებ!

– ჯერჯერობით, ვაცადოთ, ვნახოთ, რას გამოიძიებს.

– მე ელენეს დავურეკავ, – ჟანი ადგა, – შენ რას იზამ?

– პარკში გავისეირნებ. რომელიმე ცხენს მათხოვებთ?

– რა თქმა უნდა, რომელიც გინდა, წაიყვანე, ელენეს ცხენის გარდა. ჯერ ერთი, რომ ჩემი არ არის, მეორეც – ძალიან საშიშია.

– ვიღაც ხომ უნდა დაჯდეს?

– ვიღაც დაჯდება, მაგრამ ჯერ ამისთვის არ გვცალია... კარგი, მოგვიანებით შემოგიერთდები. პარკიდან შორს ხომ არ წახვალ?

– არა. მინდა დავათვალიერო. ძალიანაც არ გავაჭენებ. ტბამდე მივალ და იქ დაგელოდებით.

***

ლევანმა მანქანა ჭიშკართან გააჩერა.

– გადადი და მალე გამოდი, აქ დაგელოდები.

– შენც რომ გადმოხვიდე? – თიკამ უხალისოდ მოჰკიდა კარის სახელურს ხელი.

– არა, მამაშენთან შეხვედრის სურვილი არ მაქვს. დაელაპარაკე დედაშენს, ოღონდ, დიდხანს არ გააბა, კარგი?

– დედაჩემს შენთან უნდოდა ლაპარაკი.

– მაშინ, თუ იმდენად მნიშვნელოვანი რაღაც აქვს სათქმელი, რომ შენ ვერ მოიტან ჩემამდე, წამოიყვანე და სახლში ვილაპარაკოთ.

– და... მერე, ისევ უკან ამოვიყვანოთ?

– ჰო, რა მოხდა? შეუძლია, დარჩეს კიდეც ჩვენთან, რა პრობლემაა...

– ხომ იცი, რომ სხვაგან არასდროს რჩება.

– რა სხვაგან, თინი, რა – სხვაგან?! – გაღიზიანდა ლევანი, – შვილთან უნდა დარჩეს, მით უმეტეს, რომ საქმე აქვს.

– რომ არ გამომყვეს?

– აუ, უკვე თხუთმეტი წუთია, მეკამათები და დროს მაკარგვინებ. შედი, რა!

თინიკო უკმაყოფილო სახით გადავიდა მანქანიდან. ლევანმა ჩუმად შეიგინა. გინება ცოლს არ ეკუთვნოდა. ისე იყო გაცოფებული ყველაფერზე, საკუთარ უსუსურობას უფრო აგინებდა, ვიდრე ვინმე კონკრეტულს. არ აპირებდა ფიქრს იმაზე, რა საქმე ჰქონდა მის სიდედრს. თინიკო ოციოდე წუთის შემდეგ დაბრუნდა.

– აბა, რა ჰქენი?

– მოდის. მანქანაში გეტყვის თავის სათქმელს.

– რა არასერიოზული ხალხი ხართ! მანქანაში უნდა გაარჩიოთ საქმეები? წავიდეთ სახლში და იქ ვილაპარაკოთ. ვინმემ რომ დაგვინახოს, რას იფიქრებს?

– რა უნდა იფიქროს. ვისი რა საქმეა, ჩვენ მანქანაში რას გავაკეთებთ? – გაღიზიანდა თინიკო.

– შენ, იცი, რა არ გესმის? მე ჩვეულებრივი ადამიანი არ ვარ. ძალიანაც რომ მინდოდეს, შეუმჩნეველი ვერ დავრჩები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ, როგორმე უნდა შეეგუო ამას. ორივე უნდა შევეგუოთ. ამიტომ, ახლა დედაშენი გამოვა, სამივე სახლში წავალთ და იქ მეტყვის, რა საქმე აქვს ჩემთან.

– კარგი. თუმცა, როცა დედაჩემი გეტყვის, რაც ხდება, ალბათ, თავადვე შეცვლი შენს გადაწყვეტილებას, – წყენით ჩაილაპარაკა თიკამ.

ლევანს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ცოლისთვის, მაგრამ ჭიშკრიდან დიანა გამოვიდა, მანქანისკენ წამოვიდა და გადაიფიქრა.

დიანამ მანქანის კარი გამოაღო და დაჯდა. ლევანი ყოველთვის რაღაცნაირ მოწიწებას გრძნობდა ამ ჩუმი, მშვიდი ქალის მიმართ. დარწმუნებული იყო, რომ ქალი ოსტატურად მალავდა თავის ჭკუას. ყოველთვის, როგორც კი მის მზერას ხედავდა, უხერხულობა იპყრობდა. ახლაც უნებლიედ მოექცა ამ ქალის გავლენის ქვეშ და გაიღიმა კიდეც.

– ეტყობა, რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა, ქალბატონო დიანა.

– არ ვიცი, რამდენად სერიოზულია, მაგრამ, ვიფიქრე, რომ თქვენ ეს უნდა იცოდეთ.

– გისმენთ. მაგრამ, ხომ არ აჯობებდა, ჩვენთან წავსულიყავით, ასე, მანქანაში ძალიან უხერხული მეჩვენება საუბარი.

დიანამ შვილს შეხედა. მერე სიძეს ჩააშტერდა. ლევანი შეიშმუშნა:

– ქალბატონო დიანა, კარგად ხართ?

– დიახ. მაგრამ, ჯერ ხომ არ ამეხსნა სიტუაცია და მერე გადაწყვეტდით, რა აჯობებს – ჩემი სახლში დარჩენა თუ თქვენთან წამოსვლა.

ლევანს არ მოეწონა სიდედრის ტონი და უნებლიედ დაიძაბა.

***

გამომძიებელმა კიდევ ერთხელ გადაათვალიერა საქმის მასალები. საქაღალდე დახურა და კომისარს დაუდო მაგიდაზე.

– შეგიძლიათ, ჩამომაშოროთ ამ საქმეს, მაგრამ მაინც გეტყვით: მეეჭვება ნახატის დაკარგვის ამბავი, ძალიან მეეჭვება.

კომისარმა თითები გაატკაცუნა:

– მდა!.. მაინც, რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული? რა სიჯიუტეა, რომ სხვა ვერსიებზე მუშაობა არ გინდათ?

– სიჯიუტე არაფერ შუაშია. მე გუშინ არ დამიწყია საგამოძიებო უწყებაში მუშაობა. საკმაოდ ბევრი ისეთი გარემოებაა, რომ ვივარაუდო: ნახატი ოჯახის წევრებს შორის დაიკარგა.

გამომძიებელმა საფერფლიდან სიგარეტი აიღო და მოუკიდა. კომისარი მოუსვენრად აწრიალდა:

– მაგ ოჯახთან პრობლემები არ გვჭირდება. შეიძლება, არ იცი, რომ გრაფი ძალიან გავლენიანი ადამიანია. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს ამ ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ვარაუდებით ვერაფერს დავაბრალებთ. სკანდალი თუ ატყდება, ჩვენ ნამდვილად არაფერში წაგვადგება.

– მე არ ვამბობ, რომ გრაფს ბრალი უნდა წავუყენოთ, მაგრამ, მინდა, გამოძიების შეკითხვებს უპასუხონ. სხვანაირად ეჭვი მათზე გადადის. ან მომეცით საშუალება, ის გავაკეთო, რასაც საჭიროდ მივიჩნევ, ან სხვას მიეცით ეს საქმე, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

– არა, არა, ასე არ გამოვა! შენ დაიწყე საქმე და, მირჩევნია, შენვე დაასრულო. თანაც, ასეთ სპეციფიკურ საქმეზე მომუშავე გამომძიებლები ცოტა მყავს და ყველა დაკავებულია. წვრილფეხა ბაცაცებზე მომუშავეს ხომ არ ვანდობ ორ მილიონად შეფასებული ნახატის მოძებნას?!

– მესმის თქვენი, მაგრამ, ჩემიც გაიგეთ: ასე მუშაობა არ შემიძლია, არაფრით! ჩემთვის ყველა ადამიანი თანასწორია, მით უმეტეს კანონის წინაშე. ძალიან დიდ პატივს ვცემ გრაფის ტიტულებსა და წარმომავლობას, მაგრამ, მაგ ოჯახში ყველაფერი წესრიგში არ არის.

– აი, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება, – წარბი შეიკრა კომისარმა.

– გვეხება იმდენად, რამდენადაც ეხება თავად საქმეს, – გააპროტესტა გამომძიებელმა, – მაგრამ, თქვენც არ გინდათ, მომისმინოთ. ნახატის დაზღვევაზე არც უფიქრიათ. არ გეჩვენებათ ეს საეჭვოდ?

– შეიძლება, არ დააზღვიეს. ამ კოლექციონერებისას რას გაიგებ. ყველა ერთნაირი გიჟია.

– საქმეც ეგაა, – ნიშნისმოგებით გაიცინა გამომძიებელმა.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ მაგ ოჯახში არავინ არის ძვირად ღირებული ნახატების შეგროვებით გატაცებული, არავინ! გესმით, რაშია პრობლემა?

კომისარმა მხრები აიჩეჩა:

– ვერანაირ პრობლემას მაგაში ვერ ვხედავ. მომისმინე, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ისინი არ არიან აგრესიულები და კატეგორიულად არ მოითხოვენ ჩვენგან ნახატის სასწრაფოდ პოვნას.

– მე ეგეც მაეჭვებს, – სიტყვა ჩაურთო გამომძიებელმა.

– დამაცადე. ეჭვების დონეზე ვერ ვიმუშავებთ. გრაფს ვერ გადავიკიდებთ. უფრო სერიოზული არგუმენტებია საჭირო, რომ გულგრილობაში დავდოთ ბრალი, რაც, შეიძლება, ნახატის დაკარგვის მიზეზი გახდა.

– ნახატი დაიკარგა და მისი პოვნით არავინაა დაინტერესებული.

– ეს ჩვენი პრობლემა არ არის, ჩვენი საქმეა დანაკარგის პოვნა.

– როგორ ვიპოვო, თუკი მოქმედების თავისუფლებას არ მანიჭებთ?

– იმოქმედე, მაგრამ – ზომიერად. გრაფთან მიხვალ და დაელაპარაკები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არგუმენტები გექნება.

გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა:

– პირდაპირ მითხარით, რომ არ გინდათ, ეს საქმე გამოვიძიო.

კომისარი ჭარხალივით გაწითლდა, წამოხტა და ხელების ქნევით კაბინეტში წინ და უკან სირბილს მოჰყვა:

– გადამრევ მე შენ, გადამრევ! ის გითხარი, არ გამოიძიო-მეთქი?! რატომ ცდილობ, პრობლემა შექმნა? პროფესიონალი ხარ და მშვენივრად გესმის, რას მოითხოვენ შენგან. პირდაპირ გეტყვი: გრაფი არ უნდა გავანაწყენოთ.

– მაშინაც კი, თუკი ის დამნაშავეა? – დამცინავად ჰკითხა გამომძიებელმა.

კომისარს ისევ შეეცვალა ფერი:

– ფაქტები, ფაქტები მჭირდება! ფაქტების გარეშე არაფრის მოსმენა არ მინდა. წადი და იმუშავე!

გამომძიებელი ადგა:

– მირჩევნია, სხვას გადავცე ეს საქმე. სიმართლე გითხრათ, სწორედ ამის სათქმელად მოვედი. ვგრძნობ, მართალი ვარ, მეტსაც გეტყვით – დარწმუნებული ვარ ჩემი ვარაუდების სისწორეში. ამიტომაც გამიჭირდება თქვენი მითითებების გათვალისწინება.

– ეს ულტიმატუმია?

– არა, თხოვნაა. სერიზულად გთხოვთ, სხვას მიეცით ეს საქმე.

კომისარმა კეფა მოიქექა:

– მე შემიძლია, სხვას მივცე ეს საქმე, გამოვძებნი ვიღაცას, მაგრამ, შენ პროფესიონალი ხარ, პროფესიონალები კი ასე არ იქცევიან.

– პროფესიონალმა იცის, ალღოთი გრძნობს, სად არის სუსტი რგოლი ყველაზე რთულ საქმეშიც კი. ინტუიცია ამ სფეროში ყველაზე უტყუარია, მაგრამ თქვენ არ გინდათ, ჩემს ინტუიციას ვენდო.

– მე მინდა, სერიოზულად მოჰკიდო ხელი ამ საქმეს და გააკეთო ის, რაც საჭიროა. – არავითარი გადაუმოწმებელი ინფორმაცია! შემითანხმე საქმის ყველა დეტალი. რა დროც უნდა იყოს, დამირეკე!

გამომძიებელმა სიგარეტი საფერფლეზე დასრისა:

– მინდა, საქართველოს სპეცსამსახურებს დავუკავშირდე. რაღაც დეტალების გარკვევა მსურს, მაგრამ, თქვენი დახმარების გარეშე ვერ შევძლებ.

– კარგი, – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ თქვა კომისარმა, – მოგცემ მაგის საშუალებას, ოღონდ, ძალიან ფრთხილად იყავი. ყველა ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონე. ესე იგი, შენი ვერსია როგორია? – რომ ნახატი თავად გრაფმა ან მისმა ცოლმა მოიპარა?!

– არა, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ ნახატის გაუჩინარებაში ოჯახის რომელიმე წევრის ხელი ერიოს.

– მდა!.. ჯერ მაინც სხვასთან ნუ გამოთქვამ ამ ვარაუდს. ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული.

მე ბევრი ასეთი შედევრის მოპარვის საქმე გამომიძიებია და, ძირითადად, ერთნაირად ხდება ყველაფერი. შედევრების ქურდობები მეტ-ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს – მას აუცილებლად ვიღაც ყიდულობს. როცა მძარცველი მას ვერ ყიდის, მაშინ ჩვენ ვპოულობთ. ხვდებით, რას ვგულისხმობ?

– ვხვდები. მაგრამ, ჩემი ნათქვამიც გაითვალისწინე...

***

ელენემ ჩვეულებას გადაუხვია და მამულში მანქანით არ ჩავიდა. როცა ნერვიულობდა, საჭესთან დაჯდომა უჭირდა. შიშიც ჰქონდა და, რადგან მძღოლის გამოძახების სურვილიც არ გასჩენია, სადგურში წავიდა, ჩქაროსნული საგარეუბნო მატარებლის ბილეთი აიღო, მამულამდე კი ტაქსით წავიდა. ჟანი ნიკუშას გოლფის თამაშს ასწავლიდა. ცოლის დანახვამ ძალიან გააკვირვა:

– საყვარელო, რატომ არ დამირეკე? დაგხვდებოდი. შენს მანქანას რა დაემართა? გაფუჭდა?

– არა, უბრალოდ, ძალიან მომინდა, ჩვეულებრივად, მატარებლით მემგზავრა.

ჟანი სახეში ჩააშტერდა ცოლს.

– ელენე, ყველაფერი კარგად არის? რატომ არ წამოხვედი მანქანით?

– რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არის. საგანგაშო არაფერი მომხდარა. იმდენი ხანია, მატარებელში არ ვმჯდარვარ... ძალიან კარგად გავერთე.

ჟანმა ეჭვით გადააქნია თავი, მაგრამ არაფერი უთქვამს. ცოლს აცალა, სანამ თავის ოთახში ავიდოდა, ტანსაცმელს გამოიცვლიდა და დაისვენებდა. მერე მოსამსახურის პირით შეუთვალა, ბაღში, სპეციალურად მოწყობილ ფანჩატურში ჩამოსულიყო ჩაისთვის. დედას ნიკუშა მხოლოდ მიესალმა. არც ელენეს გამოუდვია თავი, მხოლოდ გაუღიმა პასუხად. ჩაიზე ჩასვლაც ნახევარი საათით დააგვიანა. ჟანი მოუთმენლად სცემდა ბოლთას და ხარბად ეწეოდა ყალიონს. ელენემ ნაზად აკოცა ქმარს და მოწნულ სავარძელში ჩაჯდა.

– ჩემი შვილი ჩვენთან ერთად არ ივახშმებს?

– ნიკუშა ბიბლიოთეკაშია, როცა დავუძახებთ, მოვა, მაგრამ, მინდა, ჯერ ჩვენ ვილაპარაკოთ.

– ნიკუშაზე?

– არა. ნიკუშა თვითონ დაგელაპარაკება და თქვენი ურთიერთობა მარტო თქვენი ურთიერთობაა. გადავწყვიტე, მე აღარ ჩავერიო.

ელენემ გაოცებით ასწია წარბები:

– ილაპარაკეთ?

ქმარმა თავი დაუქნია.

– მერე?

– რაღაც-რაღაცეებში ვეთანხმები. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ძალიან ემოციურად აღიქვამს მოვლენებს და მისი მთავარი პრობლემაც ეს არის, მაგრამ, ახლა სხვა საქმე მაქვს შენთან. ჩაი დალიე, გაგიცივდება...

– ჟან, რატომ გაქვს ასეთი ტონი, თითქოს... – ქალი გაჩუმდა.

– თითქოს რა, მითხარი, რაც გაიფიქრე, – ჩაეძია ჟანი.

– თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდე, – ელენეს ხმა აუთრთოლდა. ჟანი ცუდად ხდებოდა ცოლის ცრემლებზე. ყველაფერს აიტანდა და გაუძლებდა, ოღონდ ელენეს თვალებზე ცრემლი არ დაენახა.

– თუ იტირებ, ვერაფრის თქმას ვერ შევძლებ. საქმე კი, ჩემი აზრით, სერიოზულია.

– არ ვიტირებ. მგონი, ცრემლი საერთოდ აღარ მაქვს. მითხარი, რა ხდება.

– გამომძიებელი იყო ჩემთან.

– მივხვდი, რომ მოვიდოდა. მე ისე მელაპარაკა, რომ მისი მხრიდან ეს მოსალოდნელი იყო.

– შეიძლება, გავიგო, რა აინტერესებდა?

– ძირითადად, რატომ არ ვნერვიულობ იმაზე, რომ ნახატი დაიკარგა.

ჟანს გაეღიმა:

– ჰოო? პირდაპირ გკითხა, რატომ არ ნერვიულობო?

– შეიძლება, ასეც ითქვას. სიმართლეს გეტყვი: მომეჩვენა, რომ ვერ მიტანდა. ან კიდევ უარესი – მე მადანაშაულებს იმაში, რომ სურათი მოიპარეს.

– მეც ასეთი შეგრძნება გამიჩნდა.

– რომ შენ გდებს ბრალს?

– ჰო. ეჭვი აქვს, რომ დამნაშავე ჩვენი ოჯახის წევრია.

ელენე ოდნავ გაფითრდა. ჟანს მხედველობიდან არ გამოჰპარვია მასში მომხდარი ცვლილება.

– ინერვიულე? შეგაშფოთა გამომძიებლის ვარაუდმა?

– რა თქმა უნდა. ამას არც ვმალავ. ვინერვიულე და ძალიან გავბრაზდი კიდეც. საშინლად ვღიზიანდები ასეთ ტიპებზე.

– როგორ ტიპებზე?

– ყველგან რომ ყოფენ ცხვირს, იქაც კი, სადაც არაფერი ესაქმებათ. რადგან ჩვენ სკანდალი არ ავტეხეთ და კატეგორიულად არ მოვითხოვეთ, უფრო აქტიური ძებნა ეწარმოებინათ, იმიტომ გაუჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება, ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ გარეული ამ საქმეში.

– ბუნებრივია, როცა ორ მილიონად შეფასებული ნივთი იკარგება და მისი მფლობელი ამას მშვიდად ხვდება, ეჭვი თავისთავად ჩნდება.

ელენეს სახე დაუსევდიანდა:

– ანუ, შენც იმას ფიქრობ, რასაც ის გამხმარი „სკილეტი“?

ჟანს თვალწინ გამომძიებლის ზომაზე მეტად გამხდარი ფიგურა დაუდგა და უნებლიედ გაეღიმა, მაგრამ, ელენეს სახეს რომ შეხედა, თვითონაც მაშინვე დასერიოზულდა:

– საყვარელო, მე მხოლოდ მინდოდა, გაგეგო, რა საფუძველი აქვს გამომძიებელს, რომ ასე ივარაუდოს.

– მაინც, როგორ უნდა ვიქცეოდე? მე არ ვარ ადამიანი, რომელიც თავის გრძნობებსა და ემოციებს საჯაროდ გამოჰფენს. რა ვქნა, ასეთი ვარ და როგორ გავაგებინო ეს იმ იდიოტს?

ჟანი შეიჭმუხნა.

– ელენ, მომისმინე! ლოგიკის მარცვლები ნამდვილად არის გამომძიებლის ვერსიებში და მე მინდა, დავრწმუნდე, რომ შენ არაფერს მიმალავ.

– ჟან, რა ხდება, აღარ მენდობი?

– არა, საქმე ამაში არ არის. რა თქმა უნდა, გენდობი და ისევ მინდა, რომ გენდობოდე. ამიტომაც გეკითხები: მიმალავ რამეს?

ელენემ პასუხი დააყოვნა. მისი დუმილი ჟანმა თანხმობად მიიჩნია და ნერვიულად მოსრისა სიგარეტი.

– ესე იგი, არ ვცდებოდი. ძალიან ცუდია, ელენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად ვერ გაგაცანი თავი. ვერ დაგანახვე, რომ ჩემი ნდობა ყველაფერში შეგიძლია. არაფერს გეკითხები. მართლა არ მაინტერესებს, რას მიმალავ – ის ნახატი ჩუმად გაყიდე და განაცხადე, რომ მოიპარეს, თუ, დამალე სადმე, ამას ჩემთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.

– რას ამბობ, ჟან! – ელენეს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. ხელები კი მუდარით დაიწყო მკერდზე, – როგორ იფიქრე, რომ ნახატის ჩუმად გაყიდვას და მერე მისი მოპარვის ვერსიის შეთხზვას შევძლებდი? ან, რისთვის მჭირდებოდა ეს, ნახატი ხომ ისედაც ჩემია და შენ ვერ დამიშლიდი მის გაყიდვას.

– არ დაგიშლიდი, ელენე, არ დაგიშლიდი. მაგრამ, იქნებ შენ იფიქრე, რომ, რადგან ჩვენს ცხოვრებაში შენი შვილი გამოჩნდა, ეს ჩვენს ფინანსურ ურთიერთობაზეც აისახებოდა.

– არა, ჟან! ღმერთო ჩემო, ამას როგორ ამბობ? შენი დამსახურებაა, დღეს ნიკუშა ჩემ გვერდით, რომ არის. ამდენი წლის უნახავი შვილი შენი წყალობით ვნახე და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები ამისთვის...

– მე არ მჭირდება მადლიერება. შენი სიყვარული გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომელიც ნდობის გარეშე არ არსებობს. რატომ არ მენდობი, ელენე?

ქალმა სახე ხელისგულებში ჩამალა და ამოიოხრა. კაცმა შეკითხვა გაუმეორა, მაგრამ პასუხი ისევ ვერ მიიღო.

– გასაგებია... არა, შენ არაფერში გადანაშაულებ. სამწუხარო ის არის, რომ მთელი ეს წლები, ვატყუებდით ერთმანეთს.

– ვატყუებდით? ჟან, რას ამბობ? ჩემს სიყვარულში გეპარება ეჭვი? ამას ვეღარ გავუძლებ. ყველაფერი შეიძლება, დამაბრალო, მაგრამ ის, რომ მე გატყუებდი, მეტისმეტია. რომ არ მყვარებოდი, ცოლადაც არ გამოგყვებოდი.

– მეც ძალიან მინდა მაგისი მჯეროდეს, – სევდიანად ჩაილაპარაკა ჟანმა. ელენემ უცნაურად შეხედა. წამით მის მზერაში უცნაური სხივი გაკრთა და თითქმის მაშინვე ჩაქრა. ერთბაშად აფორიაქებული კაციც დამშვიდდა. სხვა სიტუაციაში მეტ ყურადღებას მიაქცევდა ცოლში მომხდარ ამ წამიერ ცვლილებას.

– კარგი, ნიკუშა გელოდება, – ჟანმა ფინჯანი მაგიდის სიღრმისკენ მიაჩოჩა, – ვახშამზე შევხვდებით.

– მე, ალბათ, არ ვივახშმებ, – ელენე სადღაც, კაცის მიღმა უყურებდა სივრცეს, – ჩემს ოთახში ავალ და წამოვწვები. თუ არ შეწუხდები, ნიკუშას უთხარი, რომ მოგვიანებით ვილაპარაკებთ და, კიდევ: აუცილებლად დაურეკოს თბილისში ნატას.

– შენ რატომ არ გინდა თავად უთხრა?

– ხომ გითხარი, დასვენება მჭირდება. ბევრ რამეზე უნდა ვიფიქრო, ძალიან ბევრ რამეზე.

ჟანს არ მოეწონა ცოლის სახეზე აღბეჭდილი უჩვეულო, თითქოს რაღაცის მანიშნებელი ღიმილი. გულიც უსიამოვნოდ მოეწურა. ინანა, რომ ყველაფერი უთხრა, რასაც ფიქრობდა. არ უნდა ავჩქარებულიყავიო, – ჩაილაპარაკა თავისთვის

– ელენე, მაპატიე. მგონი, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ, მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შეიძლება ეს ჩემი ნაკლია, მაგრამ, ძალიან გვიანია, რომ შევიცვალო.

ელენემ ოდნავ დააქნია თავი. ძნელი მისახვედრი იყო, ეთანხმებოდა თუ უკმაყოფილებას გამოხატავდა... მის გამოხედვაში იყო რაღაც ისეთი, რამაც ჟანს ისევ ატკინა გული, მაგრამ, ისევ ყურადღების მიღმა დატოვა. ფანჩატურიდან ცოლზე ადრე გავიდა და ბიბლიოთეკისკენ გაემართა.

ნიკუშა დარწმუნებული იყო, რომ დედამისი იჩქარებდა მასთან შეხვედრას. ამიტომ, კარის ხმა მოესმა თუ არა, ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ზღურბლზე სწორედ ელენეს დაინახავდა და ძალიან გაუკვირდა, ოთახში ჟანი რომ შემოვიდა.

– ხომ არ იჩხუბეთ? – ჰკითხა მაშინვე.

– არა, რა სისულელეა. უბრალოდ, ძალიან დაღლილია და, მთხოვა, გამეფრთხილებინე, რომ თქვენი საუბარი ცოტა მოგვიანებით შედგება, მაგალითად, ვახშმის შემდეგ.

– არც კი ვიცი, რა ვთქვა. – ხელები გაშალა ნიკუშამ.

– ის უნდა თქვა, რასაც ფიქრობ.

– პრობლემაც ეგაა, რომ ათას რამეზე ვფიქრობ. ჯერ ვერ გადავწყვიტე, რა უნდა გავაკეთო – აქ დავრჩე, თუ თბილისში დავბრუნდე.

– ჰო, მართლა! ელენემ მითხრა, რომ თბილისში ვინმე ნატას უნდა დაურეკო.

ნიკუშა შეიჭმუხნა:

– ნატუკა! მართალია, სულ დამავიწყდა ეგ გოგო. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც მალე უნდა მოგვარდეს.

– თუ არ ვცდები, ეგ ის გოგოა, რომელიც შენგან შვილს ელოდება.

– ჰო, ასე ამბობს თვითონ.

– შენ ფიქრობ, რომ ცრუობს?

– არ ვიცი. ასე ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. უნდა ვნახო და ველაპარაკო. გამორიცხული არ არის, რომ მართლა ჩემგან იყოს ფეხმძიმედ. მაშინ ბევრი რამე შეიცვლება.

– თუ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ორი ვარიანტი რჩება, ან ის უნდა ჩამოვიყვანოთ აქ, ან შენ მოგიწევს წასვლა.

– ხედავ, როგორ რთულად არის ყველაფერი?

– არც ისე რთულად, – ჟანმა გამამხნევებლად დაჰკრა მხარზე ხელი გერს, – მით უმეტეს, თუ ბავშვი მართლა შენია. შვილი ყველაფერს ცვლის, ოღონდ – უკეთესობისკენ.

ნიკუშამ მამინაცვალს გამომცდელი მზერა მიაპყრო:

– რამე მოხდა? ძალიან სევდიანი სახე გაქვთ.

– მეც მაქვს პრობლემები, – სევდიანად გაიღიმა ჟანმა.

– რომლებიც თქვენი და დედაჩემის ურთიერთობას უკავშირდება. თუ, იმას ნანობთ, შვილი რომ არ იყოლიეთ?

– როგორ გითხრა, ცოტ-ცოტა ყველაფერი საბოლოოდ იმ რეალობას ქმნის, რომელშიც გიწევს ცხოვრება, მაგრამ მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, როგორც ყველა ჭეშმარიტი ფრანგი და ვიცი, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება და... – ჟანმა სათქმელი ვეღარ დაასრულა. კაბინეტში აქოშინებული მსახური შემოვარდა ხელების ქნევით და აჭარხლებული სახით.

– მესიე ჟან! მადამი... იქ...

– რა მოხდა, ფილიპ, რა გაყვირებს, სად არის ელენი?

– საჯინიბოში! ვერაფრით ვარ გადავაფიქრებინეთ! თავისი ცხენი შეგვაკაზმვინა და მასზე აპირებს დაჯდომას. მესიე, ვშიშობ, რომ ვერ დაიმორჩილებს. აუცილებლად გადმოაგდებს, მესიე, აუცილებლად!

ჟანს სახე მოექცა და ცარცივით გათეთრდა:

– ჩქარა, უნდა მივუსწროთ, სანამ გვიან არ არის! რამე რომ დაემართოს, ამას ვერასდროს ვაპატიებ თავს... – ჟანი გარეთ გავარდა, ნიკუშამ დაგვიანებით გააცნობიერა და შეაფასა სიტუაციის სიმძიმე და მამინაცვალს უკან გამოეკიდა.

***

ლევანმა სიჩქარეს მოუმატა. მანქანა უკვე მთელი სისწრაფით მიჰქროდა.

– ცოტა ნელა, არ მინდა სიკვდილი. მით უმეტეს, ახლა! – შეშინებულმა თინიკომ ქმარს საჭეზე უტაცა ხელი.

– ხელი აიღე, თორემ, მართლა გადავცვივდებით! – მთელი ხმით უყვირა ქმარმა, – ვცოფდები, როცა ვფიქრობ, რომ შენ ეს ყველაფერი იცოდი.

– შენზე ერთი საათით ადრე გავიგე, ისიც, მხოლოდ ნაწილი. დედაჩემს ყველაფერი არ უთქვამს.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის, რომ მთელი გზა ხმა არ ამოგიღია. გასუსული იჯექი და გაოცებული სახეც კი გქონდა, როცა შეგეკითხე, რაზე უნდა დამელაპარაკოს დედაშენი-მეთქი.

– მე ვერ გეტყოდი, არ მქონდა ამის უფლება, ეს არ ყოფილა ჩემი საიდუმლო.

– ჰმ, გესმის მაინც, რას ლაპარაკობ? ხვდები, რა მოხდა?! ეს ამბავი ყველაფერს ცვლის, ყველაფერს ცვლის, თიკა...

– ვიცი და გულახდილად რომ გითხრა, ძალიან მიხარია, – თიკამ გაიღიმა.

– მგონი, გაგიჟდი! – ლევანმა ბრაზით გააღრჭიალა კბილები, – გაგიჟდი, თორემ, სრულ ჭკუაზე რომ იყო, მიხვდებოდი, რა უსიამოვნებაში გავყავით თავი, თუკი ამას უსიამოვნება შეიძლება ეწოდოს.

– მე ბედნიერი ვარ, მოგწონს ეს შენ თუ არა, – გაიმეორა თიკამ.

– არანორმალური ხარ! თუმცა, რა მიკვირს, ამისთანა მშობლების შვილი, სხვანაირი როგორ იქნებოდი! ერთი დედაშენი მეგონა ნორმალური და იმანაც ისეთი „პენალტი“ დაარტყა... არა, არა, არ შემძლებია ადამიანების ცნობა. დედაშენზე ამას როგორ ვიფიქრებდი, მაგრამ, ქალები ყველანი ერთნაირები ხართ, ერთ ნაბიჯზეც არ შეიძლება თქვენი ნდობა...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3