კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა 19 წლის ქართველმა ყმაწვილმა მძარცველთა მოუხელთებელი ბანდა, რომელსაც მთელი რუსეთი ეძებდა


ამ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაიწყო და, შეიძლება ითქვას, რომ დღემდე გრძელდება, რადგან, მისი რამდენიმე მონაწილე, დღემდე რუსეთის ფედერალურ ძებნაშია და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. პუბლიკაციაში ნახსენები ზოგიერთი ადამიანის ვინაობა შეცვლილია, ვინმესთან მათი მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...

თავანი

19 წლის კოტე სიმონია თბილისის ერთ-ერთი რაიონის რაიკომის მდივნის – ავთო გიორგაძის ღვიძლი შვილი იყო. კოტე დედის გვარზე იყო და ეს მან შეგნებულად გააკეთა, რადგან 10 წლის იყო, როდესაც ის მამამ მიატოვა, დედამისს გაშორდა და სხვა ქალი შეირთო ცოლად. მართალია, ავთო გიორგაძე ცდილობდა შვილზე ზრუნვას და ცოლთან განშორებიდან პირველი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე აკითხავდა მას სკოლაში, დედამისს კი ფულს უგზავნიდა, მაგრამ, კოტეს დედა, ამაყი ნატო სიმონია, უარს აცხადებდა ყოფილი მეუღლის ძღვენზე და ფულს უკან ატანდა. თუმცა ნატოს არასოდეს ჩაუნერგავს შვილისთვის მამისადმი სიძულვილი, პირიქით, მასზე ყოველთვის კარგს უყვებოდა. შესრულდა თუ არა კოტე 16 წლის, იგი თავისი სურვილით გადავიდა დედის გვარზე, მიუხედავად იმისა, რომ ნატო კატეგორიული წინააღმდეგი იყო. შემდეგ კი დედა-შვილისთვის ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა: ჯერ იყო და, კოტეს უსამართლოდ დააკლეს ნახევარი ქულა მისაღებ გამოცდებზე და უნივერსიტეტში ვერ მოეწყო, შემდეგ კი ბიჭს გზა გაუმრუდდა და, საეჭვო მეგობრების წყალობით, ქურდობა დაიწყო, ეგრეთ წოდებული „ქურდული იდეოლოგიის“ გავლენის ქვეშ მოექცა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მაძიებელი გახდა. ამის გამო, 18 წლის კოტე რადიკალურად შეიცვალა და ზოგჯერ დედასაც კი ეუხეშებოდა, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარდა. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 18 წლის კოტე სიმონია მილიციამ დააპატიმრა და მოპარული საქონლის შენახვა დასდო ბრალად. მაშინდელი კანონმდებლობით, შეეძლოთ, უმნიშვნელოდ დაეჯარიმებინათ და გამოეშვათ, მაგრამ, ერთი მხრივ, კოტეს უტიფარმა საქციელმა გამომძიებელთან, მეორე მხრივ კი მისმა სწრაფვამ კანონიერი ქურდობისაკენ, ძალოვანებს მისი ციხეში ჩასმის საბაბი მისცა და კოტე სიმონიას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს... ამის შედეგად, 36 წლის ამაყი, ლამაზი ნატო ერთბაშად მოტყდა, შვილის გამო სიამაყე დაივიწყა, ყოფილ მეუღლეს კაბინეტში ეწვია და შვილის გადარჩენა სთხოვა. ავთო გიორგაძემ კი ცინიკურად უთხრა ნატოს: „ახლა გაგახსენდით, ხომ, დედა-შვილს?! მას ჩემი გვარიც კი არ აქვს. არა, მე ვერაფერს გიშველით. ავაზაკი უნდა დაისაჯოს და, მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩემი ბიოლოგიური შვილია თუ არა...“

გასამართლებული კოტე რუსთავის კოლონიაში გაამწესეს, სადაც მან ერთ-ერთ პატიმართან, ვინმე „კვახთან“, 15 ათასი მანეთი წააგო „ყომარში“. თანხა ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩაბარებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოტე სიმონია ყოველგვარ ავტორიტეტს დაკარგავდა. მისი ოცნებები კანონიერ ქურდობაზე კი კარტის სახლივით დაინგრეოდა. ეს კარგად იცოდა 19 წლის ყმაწვილმა, რომელმაც უკვე 9 თვე გაატარა ციხეში. მან ისიც იცოდა, რომ ამხელა თანხას ვერავინ შეუგროვებდა. ამიტომ, 1971 წლის მაისში, თავანის ჩაბარებამდე სამი კვირით ადრე, კოტე სიმონია რუსთავის კოლონიიდან გაიქცა – იგი სატვირთო მატარებელში შეიპარა და კოლონიიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო. კოტეზე, რა თქმა უნდა, ძებნა გამოაცხადეს, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაგნო, „კვახმა“ კი მოგებული 15 ათასი მანეთი კოტეს გაქცევიდან ორ კვირაში ჩაიბარა. თავანი მას ერთ-ერთმა ზედამხედველმა მიუტანა წერილთან ერთად, რომელშიც ეწერა: „ჩაიბარე, „კვახო“, თავანი და ყველას გააგებინე ეს ამბავი. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. კეხო“.

კეხოს ანუ კოტე სიმონიას ამბავი, უმალვე მოედო მთელი საქართველოს ციხე-კოლონიებს და ამ ისტორიამ ქურდების დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რაც კოტეს წისქვილზე ასხამდა წყალს. ამგვარად, ახალგაზრდა ბოროტმოქმედის პოპულარობა ორმაგად გაიზარდა და კოტე სიმონიას არა მარტო რუსთავის კოლონიიდან გაქცევისთვის ეძებდნენ, არამედ ებრაელი ვაჭრის – ისაკ მანაშეროვის დაყაჩაღებისთვისაც. სწორედ მანაშეროვს წაართვა კეხომ 20 ათასი მანეთი. მიუხედავად იმისა, რომ მანაშეროვს უფრო დიდი თანხა ედო სახლში, კოტემ მხოლოდ 20 ათასი წაიღო: 15 ათასი თავანში გაუშვა, 4 ათასი ზედამხედველს გადაუხადა, ათასი კი თვითონ დაიტოვა არალეგალური ცხოვრებისთვის...

გაქცევა

19 წლის კეხო იმდენად პოპულარული და მოუხელთებელი გახდა, რომ ორი წლის განმავლობაში მილიცია მასზე ვერანაირი ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებდა. თუმცა, ეჭვი ჰქონდათ, რომ რამდენიმე მსხვილი ყაჩაღობის ორგანიზატორი სწორედ ის იყო. ერთ-ერთი ასეთი ყაჩაღობა 1973 წლის მაისში თბილისში განხორციელდა: ექვსი გრიმიანი და პარიკიანი ახალგაზრდა, რომლებიც პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები, ვაკის ერთ-ერთი ფეშენებელური სახლის ხუთოთახიან ბინაში შეიჭრნენ. ბინა ვინმე ინგა კორძაიას ეკუთვნოდა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში მბეჭდავ-მემანქანედ მუშაობდა და ერთ-ერთი განყოფილების გამგის – სიმონ ხაჭაპურიძის პირადი მდივანი და საყვარელი იყო. სწორედ საყვარელმა უყიდა ინგას ეს ბინა და ყაჩაღებმა ის ხაჭაპურიძესთან ერთად მოიხელთეს ბინაში, სადაც ცეკას მაღალჩინოსანი კორუპციით ნაგროვებ ქონებასა და ფულს ინახავდა. ყაჩაღებმა იქიდან უამრავი ძვირფასეულობა და 75 ათასი მანეთი წაიღეს და მიიმალნენ. სიმონს ამ ამბის გახმაურება არ უნდოდა, მაგრამ ინგამ მაინც განაცხადა მილიციაში და ეს ყველაფერი ედუარდ შევარდნაძის ყურამდეც მივიდა, რომელიც ახალი დანიშნული იყო პირველი მდივნის პოსტზე. მან სიმონ ხაჭაპურიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და ერთ-ერთი არაპრესტიჟული რაიონის რაიკომის მეორე მდივნად გადაიყვანა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსტანტინე კეთილაძე, თავის კაბინეტში დაიბარა და უთხრა:

– თქვენ ცხვირწინ ორგანიზებული ბანდა მოქმედებს, რომელიც დღისით, მზისით, ნომენკლატურის თანამშრომლების საყვარლების ბინებს ძარცვავენ, თქვენ კი უმოქმედოდ ხართ.

კეთილაძეს გაეღიმა:

– ედუარდ ამბროსოვიჩ, ინფორმაცია გვაქვს, რომ ბანდის უფროსი კეხოა, იგივე კოტე სიმონია.

– ავთო გიორგაძის ვაჟი? – გაუკვირდა შევარდნაძეს.

– დიახ.

– ეს კარგი გამახსენე, დროა, ავთო მთიანეთში მივავლინოთ იქაურობის ფეხზე დასაყენებლად. მართალია, ყაჩაღი შვილი ჰყავს, მაგრამ, კარგი მუშაკია. შენ კი, კოტე, რაც შეიძლება მალე უნდა აიყვანო ეს ბანდა და, თანაც უსისხლოდ. ეს ავაზაკები სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ.

შევარდნაძესთან საუბრის მერე შვიდი თვე იყო გასული, როდესაც კეხო და მისი ხუთი მეგობარი ბანდიტი, რომელთა შორის ერთი ქალი იყო, 20 წლის ანა ტაბიძე, თბილისში, მშენებარე გლდანის მასივში მდებარე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში აიყვანეს.

ინფორმაცია ბანდის ადგილსამყოფლის შესახებ მილიციას ანას შეყვარებულმა მიაწოდა, რომელმაც ეს ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. აყვანის ოპერაციაში თავად მინისტრი კეთილაძეც მონაწილეობდა. ყაჩაღები ალყაში იყვნენ მოქცეულები, გაქცევის არანაირი შანსი არ ჰქონდათ და დანებდნენ... ისინი, როგორც შევარდნაძემ დაიმუქრა, სამაგალითოდ გაასამართლეს და ხანგრძლივი პატიმრობები მიუსაჯეს. ანას, რომელიც კეხოსგან იყო ფეხმძიმედ, – მხოლოდ პირობითი, 2 წელი, თავად კეხოს კი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯერ თბილისის დახურულ ციხეში გამოამწყვდიეს, რვა თვის მერე კი ეტაპით რუსეთში გაგზავნეს და ქალაქ ზლატოუსტის მკაცრი რეჟიმის ციხეში გამოამწყვდიეს, რომელიც სისასტიკით იყო განთქმული. იქ, კანონიერ ქურდებთან ერთად, თავზეხელაღებული და საქვეყნოდ ცნობილი ბოროტმოქმედები იხდიდნენ სასჯელს. ამგვარად, 22 წლის კეხო კაციჭამიების გარემოცვაში მოხვდა და, უკიდურესი სირთულეების მიუხედავად, მათ შორის ავტორიტეტი მოიხვეჭა. 1976 წლის 9 იანვარს კი კეხო და ცნობილი რუსი ბანდიტი, ივანე კოზლოვი, მეტსახელად „კულაკი“, ზლატოუსტის ციხიდან გაიქცნენ... მათ ციხის სახურავზე მოახერხეს ასვლა, 30-გრადუსიან ყინვასა და ქარბუქში ციხის მავთულხლართს გადაახტნენ და გაუჩინარდნენ... კეხო მაშინ 24 წლის იყო...

სისხლიანი ძარცვა

როგორც კეხოსთვის, ასევე კულაკისთვის ეს გაქცევა მეორე იყო თავიანთ ცხოვრებაში. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ზლატოუსტის საპყრობილე გაუვალად ითვლებოდა და პატიმრების ასეთმა თავზეხელაღებულობამ განცვიფრებაში მოიყვანა მილიცია. მაგრამ, მათი ძალისხმევის მიუხედავად, გაქცეულების შეპყრობა ვერ მოხერხდა. 38 წლის კულაკმა თავისი ახალგაზრდა კოლეგა მოსკოვში ჩაიყვანა და კონსპირაციულ ბინაში დაასახლა. კულაკი ძირძველი მოსკოველი იყო, მშვენივრად იცნობდა ქალაქს და კეხოსთან ერთად ახალი დანაშაულის მომზადებას შეუდგა.

კრიმინალური პროფესიით, კულაკი ეგრეთ წოდებული „ნალიოტჩიკი“ იყო და ინკასატორებისა და შემნახველი სალაროების ძარცვაში იყო დახელოვნებული. ამიტომ მან ყოფილი „პაძელნიკები“ შეკრიბა, ექვსკაციანი ბანდა შეკრა და ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. ამის შედეგად, 1976-1977 წლებში, კულაკის შეიარაღებულმა ბანდამ მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და რიგაში 11 ძარცვა განახორციელა და ჯამში მათ 950 ათასი მანეთი გაიტაცეს. ამის გამო მთელი საბჭოთა მილიცია ფეხზე იდგა და მძარცველებს ეძებდნენ. მით უმეტეს, რომ ზუსტად იცოდნენ ბანდის შემადგენლობა და მათ დასაკავებლად ღონეს არ იშურებდნენ.

1977 წლის 30 დეკემბერს კულაკი და მისი მეგობრები მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღიდან („გუმი“) გამოსულ საინკასაციო მანქანას დაესხნენ თავს, რომელსაც 3 მილიონ 460 ათასი მანეთი გადაჰქონდა სახელმწიფო ბანკში. მძარცველები ჩვეული სქემით მოქმედებდნენ: წინასწარ შესწავლილი მარშრუტის მიხედვით მათ ფულით სავსე მანქანა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე გააჩერეს და, მას მერე რაც მას ფურგონიანი მოსკვიჩი დააჯახეს, ინკასატორები „შეაყენეს“, მაგრამ, ერთ-ერთმა ინკასატორმა კულაკს ესროლა და ადგილზევე მოკლა. საპასუხო ცეცხლი გახსნეს მძარცველებმაც, კულაკის მკვლელი ადგილზევე დაცხრილეს, ხოლო მძღოლი და ოთხი ინკასატორი ფეხებში დაჭრეს, ქუჩაში დატოვეს და ფულით სავსე მანქანა გაიტაცეს. მოგვიანებით მილიციამ, გაძარცვული ფურგონი მდინარე იაუზას ნაპირას აღმოაჩინა. მათ მიმალული ბანდიტების ძებნა გააასმაგეს და თითოეული მათგანის ადგილზევე ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა...

გაუჩინარებულნი

ბანდიტების ძებნა ინტენსიურად მიმდინარეობდა და კულაკის ბანდიდან კიდევ ოთხი ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინეს, ხოლო გატაცებული 3 მილიონ 460 ათასი მანეთიდან მხოლოდ 790 ათასი მანეთის დაბრუნება მოხერხდა. მილიციას ეჭვი ჰქონდა, რომ დანარჩენი 2 მილიონ 670 ათასი მანეთი კეხოს ჰქონდა, რომლის ძებნასაც არა მარტო მილიცია აწარმოებდა, არამედ „კაგებეც“. კეხო კი მთელი 1978 წლის განმავლობაში არსად გამოჩენილა და ძალოვნებმა არ იცოდნენ, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ.

1979 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპერატიული ინფორმაცია შევიდა, რომ ძებნილი კოტე სიმონია, იგივე კეხო, სავარაუდოდ, დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა. ინფორმატორი ამტკიცებდა, რომ ვინმე თედო ბუჩუკურის ეზოში ნახა ძებნილი კეხო, რომელიც გლეხურად იყო ჩაცმული. ამიტომ, აგენტის ინფორმაციის შემდეგ, დუშეთის რაიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩავიდა და თედო ბუჩუკურის სახლს ალყა შემოარტყა, მაგრამ, კეხო იქ არ აღმოჩნდა. მართალია, ბუჩუკური თბილისში ჩამოიყვანეს დასაკითხად, მაგრამ სამ დღეში გაუშვეს. თედომ აღიარა, რომ მასთან მართლაც ცხოვრობდა სამი დღე ვიღაც ახალგაზრდა გლეხი, რომელიც ვლადიკავკაზიდან იყო და კოსტა ბაგაევის სახელით გაეცნო.

„აბა, მე რა ვიცი, უფროსო, ბანდიტი იყო თუ პატიოსანი? – უთხრა გამომძიებელს თედო ბუჩუკურმა, – კაცი ჩემთან მოვიდა, თავშესაფარი მთხოვა და მითხრა, რომ თბილისში აპირებდა გამგზავრებას. ის ორი დღე წვიმა იყო და, რომ გამოიდარა, უთენია წავიდა თავის გზაზე“. თედო ბუჩუკური გამომძიებელს ატყუებდა, რადგან მშვენივრად იცოდა, ვინც შეიფარა, თანაც კეხო მასთან სამი დღე კი არა, რვა თვის განმავლობაში იმალებოდა... მას მერე მილიციამ კიდევ ორჯერ მიიღო ინფორმაცია კეხოს შესახებ, მაგრამ კოტე სიმონიამ ორჯერვე მოახერხა თავის დაძვრენა.

მილიციელები ინგა კორძაიას სახლთან ჩასაფრებულები იყვნენ, რადგან ინგას კოტესგან 5 წლის ვაჟი, გიორგი ჰყავდა და, იმედოვნებდნენ, რომ თავზეხელაღებული ბოროტმოქმედი ადრე თუ გვიან ინგასთან მივიდოდა შვილის სანახავად...

1979 წლის 20 თებერვალს ინგა კორძაიას სახლის წინ მოწყობილ ჩასაფრებაში, რომელიც ჩვეულებრივ ბინაში იყო მოთავსებული და იქ მუდმივად მორიგეობდა ორი ოპერმუშაკი, ზარის ხმა გაისმა. ხანში შესულმა მამაკაცმა მილიციელებს უთხრა, რომ „თბილგაზიდან“ იყო და ბინაში შესვლის ნებართვა სთხოვა. მაგრამ, როგორც კი ზღურბლს გადააბიჯა, მილიციელებს იარაღი მიუშვირა, განაიარაღა, გაკოჭა და გაუჩინარდა. ხნიერი მამაკაცი შენიღბული კეხო იყო, და ეს წარმოდგენა მან თავისი ცოლ-შვილის წასაყვანად მოაწყო...

P. S. იმ დღიდან კეხო და მისი ცოლ-შვილი უკვალოდ გაქრნენ. მილიცია ვარაუდობდა, რომ მან თითქმის 3 მილიონი მანეთი გადაიტანა საზღვარზე და უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში დასახლდა. მასზე და მის მეუღლეზე რუსეთში დღემდე ძებნაა გამოცხადებული, ხოლო მისი დედა ნატო და მამა ავთო გიორგაძე ცოცხლები არიან...


скачать dle 11.3