რატომ დააგვიანდა შვილს მამის პოვნა და როგორ დააშორა ქართულ-აფხაზურმა ომმა ოჯახის წევრები ერთმანეთს
29 წლის დავით გურამის ძე შარია ეძებდა 55 წლის გურამ კაპიტონის ძე შარიას.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია „თბილისელების“ მკითხველს 15 მარტის ნომერში გავაცანით. გამოხმაურება ამ ისტორიას მალევე მოჰყვა, მაგრამ, არასასიკეთო შედეგით – სამწუხაროდ, დავითის მამა გარდაცვლილი აღმოჩნდა. გურამ შარია ტრაგიკულად გარდაიცვალა 2005 წელს. დავითის ისტორიას გამოეხმაურნენ მისი მამის მეგობრები. ჩვენი რუბრიკის რესპონდენტები არიან დავით შარია და გურამის მეგობარი – თენგიზ გერსამია.
ისტორია: „ვეძებ მამაჩემს, 1955 წლის 1 იანვარს დაბადებულ გურამ კაპიტონის ძე შარიას. მამაჩემი თავის სამშობლოში მშვიდობიანობის დროს გაემგზავრა. ბოლო წერილი მისგან მივიღეთ 1997 წელს, რომლითაც მამამ თავისი ადგილსამყოფელი შეგვატყობინა. შემდგომში გაირკვა, რომ ეს იყო საერთო საცხოვრებლის მისამართი. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მამის პოვნაში“.
ინფორმაცია დაკარგულის შესახებ: დაიბადა აფხაზეთში; სიმაღლე – 170 სანტიმეტრი, თმა – ტალღოვანი, მუქი ფერის; მუქი ფერის თვალები, ატარებდა ულვაშებს. ცნობილი ბოლო მისამართი: თბილისი, ხუდადოვის ¹173 (1997 წლის მონაცემებით იქ მდებარეობდა საერთო საცხოვრებელი).
ინტერვიუ თენგიზ გერსამიასთან:
– ბატონო თენგიზ, თქვენ გამოეხმაურეთ ამ ისტორიას და სწორედ თქვენგან შევიტყვეთ გურამ შარიას გარდაცვალების ამბავი. მოგვიყევით, ეძებდა თუ არა გურამი თავის შვილს და რამ დააშორა ისინი ერთმანეთს?
– გურამ შარია მე 1994 წელს გავიცანი, ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ის არაჩვეულებრივი ხასიათის ადამიანი იყო. თქვენ მიერ დაწერილ სტატიაში წავიკითხე კიდეც, რომ მისმა შვილმა, დავითმა, იცოდა, რომ მამამისი მუსიკოსი იყო. გურამი არაჩვეულებრივად უკრავდა გიტარაზე და შესანიშნავად მღეროდა. სამსახურში ჩვენ თბილი და მეგობრული კოლექტივი გვქონდა და ყველა მეგობარმა ვიცოდით, რომ გურამს მოსკოვში მეუღლე და ვაჟიშვილი ჰყავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი კოლექტივი ვეძებდით მისი ოჯახის წევრებს. ეს ის დრო იყო, როდესაც ქართულ-აფხაზურმა ომმა უამრავი ადამიანის პირადი ცხოვრება დაანგრია და მათ შორის აღმოჩნდა გურამიც. 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ ის ვერანაირად ვერ უკავშირდებოდა თავის ოჯახს, ამას სულ დარდობდა და ნაღვლობდა. გვინდოდა მისი დახმარება, რუსეთში სად აღარ ვრეკავდით, მაგრამ, ვერ დავეხმარეთ. სწორედ თქვენი რუბრიკიდან შევიტყვე, რომ, თურმე, მას შვილი ეძებდა.
– ანუ, გამოდის, გურამიც, თავის მხრივ ეძებდა თავის შვილს და უშედეგოდ. როდის გარდაიცვალა იგი და, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნებოდა მას, რომ გაეგო, შვილი ეძებდა?
– გურამს ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი. ამის დამადასტურებელი ფაქტი ისიცაა, რომ, მთელი იმ წლების განმავლობაში სხვა ოჯახი არ შეუქმნია. როგორც ვთქვი, მას ძალიან უნდოდა შვილის პოვნა. გურამთან ერთად გარდაიცვალა მისი ძმაც, ანუ დავითის ბიძა. ამჟამად დათოს ჰყავს მხოლოდ ბიძაშვილი, და, რა თქმა უნდა, ვყავართ ჩვენ – მამამისის მეგობრები. ყველას ძალიან დაგვწყდა გული, როდესაც გავიგეთ, რომ დათოს მამის პოვნა დააგვიანდა. პირადად მე არც კი ვიცოდი, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმეს პოვნა იმ გზით, როგორც ამას თქვენ აკეთებთ, ანუ, არ მეგონა, თუ „ჟდი მენიას“ გადაცემას აქაც ჰყავს თავისი ნებაყოფლობითი დამხმარე, თორემ, შეიძლება, გურამს თქვენთვის მოემართა და ისინი ერთმანეთს დაუგვიანებლად იპოვიდნენ. როდესაც პირველად წავიკითხე თქვენი სტატია, რა თქმა უნდა, ძალიან მეწყინა, ეს ისტორია რომ ასე დამთავრდა. თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ვკითხულობდი. შემდგომ თანამშრომლებმაც დამირეკეს და ყველა იმას ამბობდა, გურამს შვილი ეძებსო. გამახსენდა მისი სიტყვები – ის სულ ამბობდა, აი, ნახავთ, ჩემი შვილი მე მიპოვისო.
– დავითმა მამის ოფიციალურად მოძებნა ახლახან გადაწყვიტა, მანამდე ისიც უშედეგოდ ეძებდა მშობელს. რაც მთავარია, ამჟამად მას ჰყავს საქართველოში მამის მეგობრები და ბიძაშვილი. როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება ეს ისტორია და ექნება თუ არა დათოს თქვენთან, ყველასთან, კავშირი?
– გურამის ყველა მეგობრის სახელით შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ ყველა მოხარული ვიქნებით მასთან ურთიერთობით, მართალია, მამა ცოცხალი აღარ ჰყავს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მამამისს ძალიან უნდოდა მისი პოვნა და სჯეროდა, რომ თუ თვითონ ვერ მოახერხებდა ამას, მას დათო იპოვიდა.
ინტერვიუ დავით შარიასთან:
– დავით, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დასასრული აქვს თქვენ ისტორიას, და მაინც, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ ეს ამბავი?
– სიმართლე გითხრათ, უკვე, წლებია, რაც მამას ვეძებ. ის ბოლო წერილი, რომელიც ჩვენ მისგან მივიღეთ 1997 წელს, იყო ბოლო გამოხმაურება მისგან. ჩვენ მას ხუდადოვის ქუჩაზე ვეძებდით საერთო საცხოვრებელში. მამის მოძებნაში მეხმარებოდა მონაზონი დედა ელენე, მაგრამ, ისიც უშედეგოდ. თქვენ რომ არა, დღემდე გაურკვევლობაში ვიქნებოდი. როდესაც გავიგე, რომ ჩემს ისტორიას გამოხმაურება ჰქონდა, ვერც კი დავიჯერე, რადგან, სიმართლე გითხრათ, მეგონა, „ჟდი მენიას“ საიტზე განთავსებული განაცხადი თვეების განმავლობაში დარჩებოდა უპასუხოდ, რადგან მათ უამრავ ჩემნაირ ისტორიას სწერენ, მაგრამ, მე გამიმართლა, რომ თქვენ გამომეხმაურეთ. როდესაც გავიგე, რომ მამას თბილისში უამრავი მეგობარი ჰყოლია, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ, გული მეტკინა, რომ ის უშედეგოდ მეძებდა. არც ვიცი, რა გითხრათ. დიდი მადლობა, რომ დახმარება გამიწიეთ და, დიდი იმედი მაქვს, აუცილებლად მექნება ურთიერთობა მამის მეგობრებთან და ჩემს ბიძაშვილთან. მათგან მე შევძლებ, გავიგო, თუ როგორ ცხოვრობდა მთელი ეს წლები მამა ჩვენ გარეშე და, საერთოდ, როგორი პიროვნება იყო. ის სიცარიელე, რაც მშობლის დაკარგვამ მომიტანა, შევეცდები, ამ ნაპოვნ ხალხთან ურთიერთობით შევავსო. დიდი მადლობა თქვენ, თქვენს რუბრიკას და ყველას, ვინც პატარა მონაწილეობა მაინც მიიღო ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით.