ბაფეტი ყველაზე მოკრძალებული მილიარდერია
ცნობილი მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომელიც ჟურნალ „ფორბსის“ მიერ შედგენილ უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მესამე ადგილზეა, მსოფლიოში მოკრძალებითაც გამორჩეულია. 79 წლის მულტიმილიონერი დღემდე იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს 31,5 ათას დოლარად შეიძინა ნებრასკის შტატის ქალაქ ომანაშია. მისი ფართობი 557 კვადრატული მეტრია და მასში 5 ოთახია განთავსებული. უბრალოება ბაფეტის საინვესტიციო ფილოსოფიის ნაწილია. „თუ ვერ გრძნობ, რომ შენ წარმატებით ფლობ მომავალი 10 წლის განმავლობაში რაიმეს, მას 10 წუთიც არ უნდა ფლობდე“, – აცხადებს ბაფეტი. მისგან განსხვავებით, სხვა უმდიდრესი ადამიანები მოკრძალებით სულაც არ გამოირჩევიან. „ფორბსს“ ფუფუნების მოყვარულის ერთ-ერთ მაგალითად კომპიუტერული მაგნატი მაიკლ დელი მოჰყავს. ის ხშირად საუბრობს უბრალოდ ცხოვრების სიკეთეზე, მაგრამ ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მდებარე მისი რეზიდენციის ფართობი 3 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. გამოცემის ინფორმაციით, მეზობლები დელის კუთვნილ სახლს „ციხესიმაგრეს“ უწოდებენ მის გარშემო აშენებული მაღალი ღობისა და სპეციალური, უსაფრთხოების სათვალთვალო სისტემის გამო, რომელიც 8 ჰექტარ ფართობზეა დამონტაჟებული.
ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი 27-სართულიან სახლს იშენებს, რომლის ყველა სართულიც ერთმანეთისგან განსხვავებული მასალით იქნება მოპირკეთებული. „ფოლადის მეფემ“ – ლაქშმი მიტალმა ლონდონის პრესტიჟულ, კენინგსტონის რაიონში მდებარე სახლში 120 მილიონი დოლარი გადაიხადა.